ბათუმში პატარა დელფინს „ბათუ“ დაარქვეს

ბათუმის დელფინარიუმის ახალ ბინადარს, პატარა დელფინს, რომელიც დელფინარიუმშია დაბადებული, სახელი კონკურსის საფუძველზე შეურჩიეს. ფეისბუქზე გამოცხადებულ კონკურსზე არაერთი სახელი იქნა დასახელებული, თუმცა ყველაზე მეტად ფეისბუქმომხმარებლებს ეს სახელი მოეწონათ.

„ბათუს“ სახელი ბათუმობას, პირველ სექტემბერს, ქალაქის სახალხო დღესასწაულზე დაარქვეს. „ბათუ” დელფინ „ციცის” შვილია.

დელფინარიუმის ცნობით, ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა.

მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდნილი გოგონა ქობულეთის სადგურის უფროსმა ამოიყვანა

ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსმა, ირაკლი კვირკველიამ, მატარებლის დაძვრამდე მცირე ხნით ადრე მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდნილი ბავშვი ამოიყვანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ რედაქტორმა, თამუნა ნეფარიძემ დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შემთხვევა ქობულეთის რკინიგზის სადგურში, გუშინ, პირველ სექტემბერს მოხდა.

„თითქმის ჩამოსული იყო ყველა მგზავრი და წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი ეს რომ მოხდა. ცოლ-ქმარი იყო სამი ბავშვით, რაღაც მომენტში ზურგით მდგომ ბავშვს ფეხი დაუცურდა როგორც ჩანს და ჩავარდა. ყვირილი რომ ატყდა, საიდანღაც გამოიქცა ეს ბიჭი და ამოიყვანა ბავშვი. მალევე დაიძრა მატარებელი, ისედაც ძალიან ცოტა ხანს ჩერდება მატარებელი ქობულეთში, შეიძლება მატარებლის მძღოლს ვერც გაეაზრებინა რა მოხდა და დაეძრა მატარებელი. არაფერზე არ უფიქრია იმ ადამიანს, დაიძვრებოდა თუ არა მატარებელი, იმ წამშივე ჩახტა და ბავშვი ამოიყვანა“ – გვითხრა თამუნა ნეფარიძემ.

________________

თამუნა ნეფარიძის ფოტო 

საგანგებო: ყანების დასუფთავებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ყანებიდან მარცვლეული კულტურის აღების შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„რეგიონებში მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, მოქალაქეები ყანების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს წვავენ. ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, ხდება ცეცხლის გავრცელება მასშტაბურ ტერიტორიებზე და მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ შეგნებულად დანთებული ცეცხლის შეკავებას.

ასევე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, დაგვიანებით ხდება სახანძრო ბრიგადების გამოძახება, რის გამოც საფრთხე ექმნება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.

მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და მეტი სიფრთხილე, რათა არ დააზიანოთ ბუნება და არ შეუქმნათ საფრთხე ახლომდებარე ტერიტორიაზე მოქალაქების ქონებას“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბსუ-ს ახალ კორპუსში პროფესიული სასწავლებელი და ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, წელს, დეკემბერში უნდა დასრულდეს, 2019 წლის იანვარში კი შენობა ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, ახალ შენობაში, პირველ სართულზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ინოვაციური ცენტრი გაიხსნება, დარჩენილ სამ სართულზე კი ძირითად ადგილს პროფესიული სასწავლებელი დაიკავებს:

„რეკომენდაცია გვქონდა, რომ პროფესიული სასწავლებელი გაბნეული არ იყოს უნივერსიტეტში და როგორც ეფექტური მართვისთვის, ასევე კონტროლისთვის, უმჯობესია ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი“.

უნივერსიტეტში ამ დროისთვის არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ დააფინანსებენ კაბინეტების აღჭურვას. ჯემალ ანანიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით თანხა აჭარის ბიუჯეტში გაითვალისწინონ.

ახალ შენობაში რამდენიმე დიდი სასწავლო აუდიტორიის მოწყობასაც გეგმავენ, რაც გაერთიანებული ლექციების ჩატარების საშუალებას იძლევა:

„აქ დიდ ჯგუფებს ჩაუტარდებათ ლექციები, იქნება ასევე საზაფხულო სკოლისთვის  სივრცეები, საერთო საცხოვრებლის სიახლოვე საშუალებას იძლევა, რომ სხვა ქვეყნებიდან მოწვეულებიც განვათავსოთ და აქ მათ ჩაუტარდეთ საზაფხულო სკოლებთან დაკავშირებული სემინარები,  ლექციები და ასე შემდეგ“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.

უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ ინოვაციურ ცენტრში ბიზნესიდეების დამუშავებას და დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევასაც გეგმავენ:

„დამუშავდება ბიზნესიდეები, გაიცემა  რეკომენდაციები, თუ როგორ წამოიწყონ თავიანთი საქმეები, არა მხოლოდ სტუდენტებზე, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე. სტუდენტს და მოსწავლესაც ექნება ჩართულობის საშუალება“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.

ახალი კორპუსის მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასამდე ლარია გათვალისწინებული. არსებული ინფორმაციით, კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი.
ბსუ ბათუმში, ლეონიძის 15-ში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელსაც აშენებს, რისთვისაც ხელშეკრულება შპს ვექტორთან 2 359 000 ლარზეა გაფორმებული.

8 სექტემბერს სარფის სანაპიროზე „კოლხობა“ გაიმართება

8 სექტემბერს, სარფში, ზღვის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული „კოლხობა“ გაიმართება.  ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დააანონსა. მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, ქეთევან დევაძის ინფორმაციით, წელს ხელვაჩაურის მერიამ ღონისძიებისთვის ახალი დეკორაცია შეისყიდა.

„კოლხობის“ ბიუჯეტი 7000 ლარია. „კოლხობასთან“  დაკავშირებული მომსახურება მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა.

სახალხო დღესასწაული პირველად  1978 წელს  ,,ქვაომხაზობის” სახელით გამართულა, 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე „კოლხობის“ სახელწოდებით იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები.

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია – სექტემბრის პირველი დღეების ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად– უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 20-25 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურამ აჭარის სანაპიროზე ერთი გრადუსით დაიწია და ამჟამად 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  5-10 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_________

ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

სარფში, საზღვარზე კაცს ქალი ჩემოდანში დამალული გადაჰყავდა (ვიდეო)

დღეს, პირველ სექტემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს. თურქული მხარის ცნობით, საქართველოს მოქალაქე 24 წლის გ.ფ. ცდილობდა საზღვარზე  ჩემოდანში დამალული ქალი – ფ.თ. (27) გადაეყვანა. როგორც თურქული მედია წერს, უზბეკეთის მოქალაქე ფ.თ. დეპორტირებული იყო და  თურქეთში შესვლა 5 წლით ჰქონდა აკრძალული.

ჩემოდნიანმა კაცმა  საბაჟო გამსვლელი პუნქტის ქართული მონაკვეთი შეფერხების გარეშე გაიარა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„დინამო ბათუმი” გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

„დინამო“ ბათუმი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ, ეს თანასწორი თამაშია”. წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად  #გურამშენთანვართ #EQUALGAME #37GK #არაძალადობას“, –  ეს განცხადება  „დინამო ბათუმმა“ დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო ფეისბუკის გვერდი გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

„დინამო“ ბათუმი ბათუმის მერიის კლუბია.

ბათუმობა-2018 [ფოტო]

„ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში დღეს ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მეცხრამეტე საუკუნის ბათუმის კადრები გააცოცხლეს. ღონისძიება დღის 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები

ქუჩებში  მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი სამოსით გამოჩნდნენ მედუქნეები, გაზეთების დამტარებლები, ფოტოგრაფები, მოსეირნე წყვილები და რამდენიმე სცენა გაითამაშეს, მეფაიტონეები კი სტუმრებს ქუჩებში ფაეტონით გასეირნებას სთავაზობდნენ… გარდა ამისა, ძველი ბათუმის ქუჩებში გამოფენილი იყო ძველი ნივთები, ქუჩების ძველი აბრები, ძველი ჭურჭელი, იარაღი და სხვა. მსურველებისთვის ქვიშაზე ყავას ხარშავდნენ, გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და სპორტული შეჯიბრებები.

 

ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები

მუსიკალური ნომრები ბათუმის მერიის ქალთა ვოკალურმა ჯგუფმა და ქალაქ რიგიდან მოწვეულმა სტუმრებმა შეასრულეს.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ბათუმობას“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. ძირითადი სცენები მსახიობებმა სწორედ მათი  გამოჩენის შემდეგ გაითამაშეს.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

დღეს ძველი ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდული იყო, სამაგიეროდ ბევრი ადამიანი სეირნობდა. ბათუმობა დღეს გალა კონცერტით დასრულდება.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

მაშველებმა ზღვაში შესული სამი ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს დაბა ურეკში, სასტუმრო კოლხიდას მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს

10 და 13 წლის მოზარდები, ასევე 21 წლის გოგო, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეულ მეტრში იყვნენ შესულები და ძლიერი ტალღის გამო ვეღარ ახერხებდნენ გამოსვლას.

მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

 

ვის მიანიჭეს „საპატიო ბათუმელის“ წოდება

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმობას, საპატიო ბათუმელისა და საპატიო მოქალაქის წოდებით სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ოთხი პირი დააჯილდოვეს.

საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა ალექსანდრა (დოდო) ჯვარშეიშვილს, რომელიც აჭარის დამსახურებული პედაგოგი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი, ღირსების ორდენის კავალერია.

ფოტო: ბათუმის მერია

საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა მხატვარ ჯიმსონ გურგენიძეს და პოეტ შოთა ზოიძეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია.

ფოტო: ბათუმის მერია

საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორს, ტექნიკისა და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენის კავალერ ელგუჯა მეძმარიაშვილს, რომელიც პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია.

ფოტო: ბათუმის მერია

 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მეორე სამსახური

„ეს თეორიული კითხვაა, ჩვენ პრაქტიკულად ვაშუქებთ კრიტიკულ ამბებს,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა, ირაკლი ფარულავამ გვითხრა, როცა მას „ინტერესთა კონფლიქტზე“ ვკითხეთ. ირაკლი სამედიცინო გადაცემის წამყვანია და პარალელურად სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ კონსულტანტი. იგი ერთ-ერთია ტელევიზიის იმ თანამშრომლებს შორის, ვისაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის პარალელურად მეორე სამსახური აქვს.

„აჭარის ტელევიზია“ თითოეულ თანამშრომელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ზღუდავს ნებისმიერ სხვა სამსახურში მუშაობას, „გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისა“.„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ქცევის კოდექსის მიხედვით: „ინტერესთა კონფლიქტის“ თავიდან ასაცილებლად მაუწყებელმა და თანამშრომელმა ყველა სათანადო ზომა უნდა მიიღონ.“

კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვის მიუხედავად, „აჭარის ტელევიზიის“ ექვსმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა ისეთ მეორე სამსახურში მუშაობა, რომელიც არ შეეხება პედაგოგიურ ან სამეცნიერო საქმიანობას.

საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ბექა რომანაძე კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ-მენეჯერია; ტელევიზიის სპორტული რედაქციის უფროსი ბესო ჩიბურდანიძე – ბათუმის მერიის კლუბ „დინამოს“ პიარ-მენეჯერი; სამედიცინო გადაცემა „იმპულსის“ წამყვანი ირაკლი ფარულავა სამშენებლო კომპანია „ალიანსი ჯგუფის“ კონსულტანტია; ტელევიზიის ბრენდირების სამსახურის უფროსი ბერდია კუტუბიძე  „დელფინარიუმში“ შოუს წამყვანია და პიარ მიმართულებითაც მუშაობს; ტელევიზიის განვითარების მენეჯერი ლალი ბერძენიშვილი საზღვაო უმაღლესი სასწავლებლის „ანრის“ პიარ-სამსახურის უფლებამოსილებას ასრულებს და ტარიელ ცეცხლაძე, რომელიც შვებულების დროს რესტორან „სანსეტში“ ადმინისტრატორად მუშაობდა.

„ჩემმა გადაცემამ თქვა თავისი სათქმელი. ჩვენ მხოლოდ სხვადასხვა დაავადებაზე აღარ ვსაუბრობთ, სოციალური პლატფორმა გვაქვს და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ, სამშენებლო მასალებზეც ვსაუბრობთ, არ ვერიდებით ამას,“ – ამბობს ირაკლი ფარულავა. მას ვკითხეთ, როგორ და რატომ უნდა დაუჯეროს მაყურებელმა ჟურნალისტს, რომელიც, პირობითად, სამშენებლო მასალების ზიანზე საუბრობს და ამ დროს კონკრეტული სამშენებლო კომპანიის პიარითაა დაკავებული.

ამ შეკითხვაზე ირაკლი ფარულავამ გვითხრა, რომ „თეორიული კითხვაა“. მან გვირჩია, ვნახოთ მისი გადაცემები და, ზოგადად, „აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტები, სადაც სამშენებლო მასალებზეა საუბარი, ასევე „ალიანსი ჯგუფზე“. იგი თვლის, რომ ინტერესთა კონფლიქტთან საქმე არ აქვს და არც ტელევიზიის ხელმძღვანელობისთვის უთქვამს რამე მეორე სამსახურის შესახებ.

„მე არ ვარ პიარ-მენეჯერი. კონსულტანტი ვარ პროექტის ფარგლებში. შესაძლოა, დღეს არის და ხვალ არ იყოს. ჩემი ფუნქციაა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, მარკეტინგული მიმართულებით… არასამუშაო საათებში ვმუშაობ ჩემი პირადი კომპიუტერით და ეს ჩემი უფლებაა. მე მგონია, რომ ეს არ მოდის წინააღმდეგობაში იმ პრინციპთან, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი,“ – გვითხრა ირაკლი ფარულავამ.

ირაკლი ფარულავას სატელევიზიო კარიერაში ჰქონია ისეთი პერიოდიც, როცა გადაცემის წამყვანობის პარალელურად ორი კერძო კომპანიის პიარს უძღვებოდა. მაგალითად, სამშენებლო კომპანიაში და ბათუმის მერიის კუთვნილ შპს „ბათუმის წყალში“.

„ერთხელ უკვე შევწირე ამ რაღაცებს ჩემი სამსახური, სადაც ვიყავი 2007 წლიდან და უარი ვთქვი. „ბათუმის წყალი“ არის მონოპოლისტი და წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანია, რომლის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობა ამა თუ იმ პრობლემაზე. აქ თეორიული ალბათობა შეიძლება კიდევ ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა,“ – გვითხრა ირაკლი ფარულავამ.

წლების განმავლობაში „დელფინარიუმის“ შოუს წამყვანად მუშაობს „აჭარის ტელევიზიის“ ბრენდირების სამსახურის ხელმძღვანელი. ისიც ვერ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს და ამბობს, რომ მასზე უკეთესად ორ სამსახურში ვერავინ იმუშავებს.

ბერდია კუტუბიძე: „დელფინარიუმში პიარ-მენეჯერის მოვალეობებიც მაქვს შეთავსებული. ვერანაირ ინტერესთა კონფლიქტს მე ვერ ვხედავ. ამასთან, ეს შოუც პედაგოგიური საქმიანობაა იგივე, პედაგოგიურ საქმიანობას კი კანონი არ გვიკრძალავს. დელფინების შოუ უფრო შემეცნებითი სანახაობაა, როგორც გვიწერია საიტზე… ვინმე ჩემზე უკეთესად თუ გააკეთებს პირველ, ან მეორე სამსახურს, სიამოვნებით დავუთმობ.“

ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობაზე ინტერესთა კონფლიქტს ხედავს ბესო ჩიბურდანიძე. ის „აჭარის ტელევიზიაში“ სპორტული რედაქციის ხელმძღვანელია და ამავდროულად ბათუმის „დინამოს“ პიარ-მენეჯერი.

„გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ინტერესთა კონფლიქტია თავისთავად. „დინამოსთან“ ჯერ ოფიციალურად გაფორმებული კონტრაქტი არ მაქვს, მაგრამ იქაც ვმუშაობ, ასეა. ტელევიზია განიხილავს ჩემს საკითხს, მეტყვიან, რა და როგორ. გააჩნია, რას შემომთავაზებენ,“ – გვითხრა ბესო ჩიბურდანიძემ.

„არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, ჩემთვის უცნობია“, – გვიპასუხა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ-მენეჯერმა, ბექა რომანაძემ. მას ვკითხეთ, ხედავს თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობს. მან გვითხრა, რომ ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობას არ არღვევს. „ჩვეულებრივად, ჩემი მორიგეობის დროს ვმუშაობ ტელევიზიაში“, – ამბობს ის.

„თუ ასეთი აუცილებელია, რომ ამაზე გაკეთდეს აქცენტი, მე ვაგებ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით,“ – გვითხრა ლალი ბერძენიშვილმა, „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების მენეჯერმა. ის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო  სასწავლებელ „ანრიში“ პედაგოგიური საქმიანობის გარდა, პიარ-მენეჯერის ფუნქციას ასრულებს.

„ისინი მეძახიან პიარ მენეჯერს, ჩემი ძირითადი დანიშნულება იქ არის მასწავლებლობა და პედაგოგობა… მე იქ ვკითხულობ აკადემიურ ტექსტთა მართლწერას და შეთავსებით ვეხმარები პიარით უზრუნველყოფაში, რადგან ამაზე ცალკე შტატი მათ გამოყოფილი არ აქვთ. ამ სასწავლებელთან დაკავშირებული თემები მე არც ერთხელ არ გამიშუქებია ზედმეტად, ან პრივილეგიით. რამდენიმეჯერ გაშუქდა აქცია სტუდენტების მონაწილეობით, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ გადაჭარბებულად იყოს რამე ვერც ერთ შემთხვევაში. ამ საკითხზე ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია. თუ ჩემი დირექციისგან მე მივიღებ მითითებას, გავითვალისწინებ,“ – აღნიშნა ლალი ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.

რესტორან „სანსეტის“ ბრენდირებაზე ტარიელ ცეცხლაძემ იმუშავა – „აჭარის ტელევიზიის“ მაუწყებლობის სამსახურის არაპირდაპირი ეთერის გადაცემების მიღება-ჩაბარების კოორდინატორმა. ტარიელ ცეცხლაძე განმარტავს, რომ ამ საქმეზე რამდენიმე დღე დასჭირდა და თან არასამუშაო საათებში შეასრულა. საზაფხულო შვებულების დროს ტარიელ ცეცხლაძე „სანსეტში“ ადმინისტრატორად მუშაობდა. მას მიაჩნია, რომ შვებულების დროს ამის უფლება ჰქონდა. ტარიელ ცეცხლაძის არ ეთანხმება ხელშეკრულების ნაწილს, სადაც წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი სხვაგან არ უნდა მუშაობდეს.

„თუ ეს სამსახური არ არის პიარი, პოლიტიკური საქმიანობა და ისეთი სფერო, რაც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ჟურნალისტის პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, ეს შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. თუ ჟურნალისტი არასამუშაო საათებში წავა და ხორცის გადაზიდვაზე იმუშავებს, რატომაა პრობლემა? მაშინ უნდა მისცე ისეთი ანაზღაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომ სხვა სამსახურის მოძებნა არ დასჭირდეს. მესმის, რომ ბევრზე მაღალი ხელფასი მაქვს, მაგრამ გვაქვს საბანკო და სხვა ვალდებულებები. მე, მაგალითად, არავის არ ვამადლი ჩემს თავს, მაგრამ ჩემი ანაზღაურება აღმოჩნდა, რომ არ იყოს საკმარისი. ამიტომაც ვიმუშავე რესტორანში.

არა მგონია, რომ ტელევიზიის მუშაობასთან მოდიოდეს ჩემი მეორე სამსახური წინააღმდეგობაში. მე ვმუშაობდი შვებულების დროს და შვებულებას, როგორც მინდა, ისე გამოვიყენებ… ამჟამად ტელევიზიას უნდა შევუთანხმდე, ვიმუშავებ თუ არა არასამუშაო საათებში“, – გვითხრა ტარიელ ცეცხლაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მხოლოდ ორი თანამშრომლის შესახებ აქვს ინფორმაცია, ვისაც ორი სამსახური აქვს.

„ინფორმაცია გვაქვს ბექა რომანაძის, ასევე ბესო ჩიბურდანიძის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები არის გამოკვეთილი და ეს საქმეები გადაეცა ადამიანური რესურსების სამსახურს შესასწავლად. სხვების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენ 2017 წლის დასაწყისში ვთხოვეთ თანამშრომლებს მოეწოდებინათ ინფორმაცია დამატებითი სამსახურის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტი რომელიმე სხვა შემთხვევაში არ გამოკვეთილა,“ – გვითხრა ნათია კაპანაძემ.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი თვლის, რომ პრობლემაა „ინტერესთა კონფლიქტი“. თუ თანამშრომელი არასამუშაო საათებში იმუშავებს და რომელიმე საჯარო, ან კერძო კომპანიის პიარით არ დაკავდება, ეს დასაშვებია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი არსად არ უნდა მუშაობდეს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა. მან შეიძლება მხოლოდ მომავალ ჟურნალისტებს ცოდნა და თავისი გამოცდილება მიაწოდოს,“ – მიიჩნევს მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე.

ის განმარტავს, რომ სხვა საჯარო უწყებაში, ან კომპანიაში მუშაობა, განსაკუთრებით კი პიარის მიმართულებით, ჟურნალისტის პროფესიულ დამოუკიდებლობაზე გავლენას ახდენს. ზვიად ქორიძე „ინტერესთა კონფლიქტს“ უხილავ პრობლემას უწოდეს, რომელიც ხშირად ხელშესახებად საგრძნობი არ არის.

„ეს იოლად ხელშესახები არ არის. შესაძლოა, ჟურნალისტმა მოამზადა სიუჟეტი იმ კომპანიაზე, ვის პიარზეც მუშაობს, მაგრამ ვერ გავიგებთ, იყო თუ არა იგი სათანადოდ კრიტიკული, მიუკერძოებელი. ვერც იმას გავიგებთ, კრიტიკა იყო თუ არა სრული სახით წარმოდგენილი. შესაძლოა, ჟურნალისტმა ამ დროს მიჩქმალა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი. როცა ჟურნალისტს აქვს სხვა, მეორე სამსახური, შეიძლება მასზე არსებობდეს სამთავრობო, ან ბიზნესგავლენები.

აქ არ დგას საკითხი ისე, რომ არ გვინდა, ან კანონში როცა ამ შეზღუდვაზე დათქმა გაჩნდა, არ უნდოდა ვინმეს, რომ ჟურნალისტს მაღალი შემოსავალი ჰქონოდა. თუმცა კანონმა ამ კუთხითაც იმუშავა, პარლამენტმა მისცა საშუალება საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამიდანაც მიიღოს შემოსავალი. გააკეთონ მაღალრეიტინგული გადაცემები და ექნებათ მაღალი შემოსავალი. საზოგადოებრივ მაუწყებელს იმიტომაც აქვს გარანტირებული შემოსავლები, რომ ის არ დაკავდეს სხვა შემოსავლების მოძიებით… მიმაჩნია, რომ შვებულების დროსაც, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი გიხდის ხელფასს, არ აქვს თანამშრომელს სხვა სამსახურით დაკავების უფლება“, – გვითხრა ზვიად ქორიძემ.

მედიის სპეციალისტი კიდევ ერთ რისკზე საუბრობს – სხვა ჟურნალისტების მოტივაციაზე, ვისაც „მეორე სამსახური“ არ აქვს.

ზვიად ქორიძე: „მსგავსი მიდგომა მუშაობს უარყოფითად სხვა თანამშრომლების მოტივაციაზე – თუ ვინმე მუშაობს „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ მენეჯერად, რატომ არ შეიძლება მე „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ-მენეჯერად ვიმუშაო, ან ის თუ მუშაობს ზოგადად, მეც რატომ არ შეიძლება დამატებით შემოსავალი მქონდეს?!

აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება ამაზე ტელევიზიის ხელმძღვანელობამ. შესაძლოა, კონკრეტული პირი ძალიან კარგი ჟურნალისტია, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ გააკეთებ მიუკერძოებელ რეპორტაჟს, მაგალითად, ენერგო მომარაგებაზე, როცა „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ მენეჯერი ხარ?“

ხუთი პოპულარული სიმღერა ბათუმზე – რომელი მოგწონთ? [გამოკითხვა]

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში

ყველა ეს სიმღერა ბათუმზეა. მათგან ყველაზე ძველი 1962 წელსაა ჩაწერილი, ყველაზე ახალი – 2017 წელს. რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? მოუსმინეთ და ხმა მიეცით თქვენს საყვარელ სიმღერას ბათუმზე.

„ბათუმს ქათქათას“ – ნანული აბესაძე, სულიკო კოროშინაძე 

ნანული აბესაძისა და სულიკო კოროშინაძის შესრულებით ეს სიმღერა ყველაზე კარგად უფროს თაობას ახსოვს, თუმცა „ბათუმს ქათქათას“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა ბათუმზე. სიმღერა 1962 წელს ჩაიწერა.

„ბათუმი“ – პოლონური სიმღერა 

კიდევ ერთი სიმღერა 60-იანი წლებიდან პოლონელი გოგონების ვოკალური ანსამბლის, „ფილიპინკის“ შესრულებით. სიმღერის პრემიერა 1965 წელს შედგა. 2012 წელს ამ სიმღერის ქავერი თანამედროვე პოლონელმა მომღერლმა, ნატალია ლესმა შეასრულა.

„რატომ წახვედი დღეს შენ ბათუმში“ – „ფლეში“

ჯგუფი „ფლეშის“ ეს სიმღერა 90-იანი წლების საქართველოში ჰიტი იყო.

„ახალი ბათუმი“ – „ნიკოლშოუ“

ჯგუფი „ნიკოლშოუს“ სიმღერა ბათუმზე სიმღერების კონკურსის გამარჯვებული გახდა 2010 წელს.

„ბათუმს“ – ნიაზ დიასამიძე და 33 ა 

ნიაზ დიასამიძის ეს სიმღერა 2017 წელსაა ჩაწერილი.

„ბათუმობა“ – დღეს რამდენიმე ქუჩაზე ძველი ბათუმი გაცოცხლდება [ფოტო]

ძველებური აბრები, ხის ნავი, კაკლის ძველი კარადა, ტორშერი და ტელეფონი, საბეჭდი მანქანა, თითქოს ჰაერში გამოკიდული, ყაისნაღით ნაქსოვი აბაჟურები… ამ ყველაფრის ნახვა დღეს შეგიძლიათ ძველი ბათუმის ქუჩებში. „ბათუმობა“ წელს ძველი ბათუმის „გაცოცხლებით“ აღინიშნება. ღონისძიებები ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე დღის ორ საათზე დაიწყება და საღამოს შვიდ საათამდე გასტანს, მანამდე კი ქალაქის დღესასწაულის სამზადისი „ბათუმელებმა“ დაათვალიერა.

შეგახსენებთ, დღეს ახალი, ლურჯი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. ასევე, ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, უფასო იქნება შესვლა ბოტანიკურ ბაღშიც.

თანამედროვე კომპანიას სახელწოდება ერთი დღით შეეცვალა
სპირიდონ ჭელიძის ბუკინისტური მაღაზია მართლაც არსებობდა ძველ ბათუმში. დილის ათ საათზე ამ აბრის წინ წიგნს კითხულობდნენ
ეს ძველი კარადა „ბათუმობის“ ორგანიზატორებს აქვე მცხოვრებმა ათხოვა ერთი დღით.
„ელვა-დეპეშა“ თანამედროვე ინტერნეტ-კაფე უნდა იყოს
ეს „აჭარის მუზეუმის“ ექსპონატებია. ნობელების და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებმა ერთი დღით ღია ცის ქვეშ გამოიტანეს ექსპონატების ნაწილი
ამ სადარბაზო კარს ძველი გრამაფონი ძალიან უხდება
ასეთი ნივთები ცოტას თუ შემორჩა სახლში.

თანამედროვე სილამაზის სალონი დღეს ასე გამოიყურება
შემთხვევით ჩავლილი ტურისტები
აქ მოგზაურობას დაგეგმავთ, ტურსააგენტოა
სუპერმარკეტი? არა, სურსათის მაღაზია

 

აქ დღეს ქვიშაზე მოგიხარშავენ ყავას
მასაჟის სალონი
ამ ნავთან, სავარაუდოდ, დღეს ყველაზე მეტ ფოტოს გადაიღებენ
აბაჟური დიდი ბებიების კოლექციიდან

გაიგეთ უფრო მეტი „ბათუმობაზე“

დღეს „ბათუმობაა“ – ქალაქის მერი და მუნიციპალური სამსახურები ევროპის მოედანზე

„ბათუმობა 2018“ დილის ათი საათიდან დაიწყო. ევროპის მოედანზე ქალაქის მერიის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები შეიკრიბნენ და მათ ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქალაქზე ზრუნვისთვის.

ბათუმის მერიას 23 მუნიციპალური ორგანიზაცია აქვს.

„ბათუმობა“ დღეს, პირველ სექტემბერს უკვე დღის ორი საათიდან გაგრძელდება ძველი ბათუმის ქუჩებში –  14:00-დან 19:00 საათამდე ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე გაიმართება სპექტაკლები. ამ რუკაზე აღნიშნულია ადგილები, სადაც კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
მერიის მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლები ევროპის მეოდანზე. ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

კვირაში ერთი გაყინული ქათამი, ლიტრი რძე და ვაშლი – ვითარება ციხის დედათა და შვილთა დაწესებულებაში

როცა ჩვილბავშვიანი ქალი ჩადის დანაშაულს, თუ ბავშვი სამ წლამდე ასაკისაა, მას დედასთან ერთად ათავსებენ საპატიმროში. ამისთვის დედათა და ბავშვთა დაწესებულება ცალკეა გამოყოფილი.

სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ასახავს საქართველოში, დედათა და შვილთა დაწესებულების აღწერას ცალკე თავი ეთმობა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დედებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებს კვების ერთი და იგივე რაციონი აქვთ. ბავშვებისთვის ქალ პატიმრებს კვირაში ერთხელ დამატებით მიეწოდებათ ერთი ლიტრი რძე და გაყინული ქათამი. ხილისგან მხოლოდ ვაშლი რიგდება ბავშვებისთვის – კვირაში ერთხელ.

ჩვილ ბავშვთა სპეციალური საკვებიდან საპატიმრო დაწესებულებაში დედებს ურიგდებათ მხოლოდ „ჰუმანას“ ფაფები. დედები ხშირად გამოთქვამენ ფაფების ხარისხთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას, საპატიმრო დაწესებულების ერთადერთ მაღაზიაში კი პროდუქტი ძალიან ძვირია და დედებს ხშირად არ აქვთ საშუალება იქ რამის ყიდვის. შეზღუდვებია დაწესებული ასევე ამანათით პროდუქტის მიღებაზე: დედებს არ აქვთ უფლება ამანათით მიიღონ თევზი, ხორცი და რძის პროდუქტები.

დედათა და ბავშვთა დაწესებულებაში სასმელი წყალიც უხარისხოა – სვამენ მხოლოდ გადადუღებულს. დედებს ადმინისტრაცია არ ურიგებს ჩვილი ბავშვისთვის აუცილებელ კანის მოვლის საშუალებებს.

პრობლემას წარმოადგენს ასევე ბავშვების სათანადო ტანსაცმლით უზრუნველყოფა. მონიტორინგის პროცესში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ მის შვილს არ აქვს სეზონის შესაფერისი, ბავშვის ზომის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, აქვს უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

2018 წელს N5 დაწესებულება 3 წლის ასაკის მიღწევის გამო არ დაუტოვებია არცერთ ბავშვს. 2017 წელს დაწესებულება დატოვა მხოლოდ ერთმა 3 წელს მიღწეულმა ბავშვმა.

საპატიმროში დედებს ემსახურებათ ძიძა, თუმცა მხოლოდ ერთი, რაც საკმარისი არ არის. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია ძიძების რაოდენობა დედათა და შვილთა დაწესებულებაში იყოს საკმარისი, ძიძების გრაფიკი კი იყოს შედგენილი ისე, რომ დედებმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა შეძლონ.

დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა. დედებსა და ბავშვებს საპატიმრო დაწესებულებაში მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის გამო აწუხებთ მძიმე სუნი, რაც დერეფნებსა და ოთახების ნაწილშიც აღწევს.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ აპირებენ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ბინები ბათუმში ბიტკოინითაც იყიდება – როგორ გადაიხდის კომპანია გადასახადებს

ბათუმში ერთ-ერთი კომპანია, რომლის დამფუძნებლებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ [რუსეთი-საქართველო], მსურველს სთავაზობს ბინის შეძენის საფასური გადაიხადოს ბიტკოინითაც. საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ არის გადახდის კანონიერი საშუალება.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როგორ დაიბეგრება კომპანია, თუ გამყიდველი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში ვირტუალურ ვალუტას, ბიტკოინს მიუთითებს.

ნებისმიერი კომპანია, რომელიც, ვთქვათ, საცხოვრებელ ბინებს ყიდის, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს [დღგ-ს], თუ გათავისუფლებული არ არის ამ გადასახადისგან; ამასთან, ბინის გაყიდვით მიღებული თანხა უნდა აისახოს კომპანიის შემოსავლებში და დივიდენდის გატანის დროს კომპანია იხდის მოგების გადასახადსაც – განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

როგორ დაბეგრავს სახელმწიფო კომპანიას, თუ ის ხელშეკრულებაში გაყიდვის დროს ბიტკოინს დააფიქსირებს და შემოსავლებშიც ამ ვირტუალურ ვალუტას ასახავს? – ეროვნულმა ბანკმა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართა. როგორც ბანკში აცხადებენ, „ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ, როცა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მითითებულია უცხოური ვალუტა, ვთქვათ აშშ დოლარი, მის ოდენობას ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ლარის ოფიციალური კურსით ადგენენ.

„რაც შეეხება ბიტკოინს, მას ეროვნული ბანკი არ აღიარებს გადახდის კანონიერ საშუალებად, ამიტომ ვერ გეტყვით, როგორ გამოითვლება ბიტკოინი ლარში, თუ ეს ელექტრონული ვალუტა იქნება დაფიქსირებული ხელშეკრულებაში გადახდის საშუალებად. ორ სუბიექტს შორის სავაჭრო ურთიერთობაში ვერ ჩავერევით, მაგრამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფოს მიერ დარეგულირებული არ არის“, – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში. ოფიციალურ, წერილობით პასუხს კი სამსახური ორშაბათისთვის [3 სექტემბერი] დაგვპირდა.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ელექტრონულ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას, თუმცა კანონით საქართველოში ყიდვა-გაყიდვისას შეთავაზება დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარში. შესაბამისად, კომპანია, რომელიც ბინის შეძენის მსურველებს, ამ შემთხვევაში, 1კვ/მ-ს 850 აშშ დოლარიდან სთავაზობს და, ამასთან, გადახდის საშუალებად ბიტკოინიც აქვს მითითებული – კანონდარღვევაა.

საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულოა 2017 წლის 1-ლი ივლისიდან.

[red_box]ამ წესის დარღვევის შემთხვევაში:[/red_box]
  • ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის [და არა რეკლამის გამავრცელებლის] გაფრთხილებას;
  • იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მეწარმე [დამკვეთი] დაჯარიმდება 1000 ლარით;
  • ყოველი მომდევნო დარღვევისას კი, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

კრიპტოვალუტის რეგულაციის მომხრეები მთელ მსოფლიოში გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ელექტრონულ ვალუტას თან ახლავს. ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ სპეკულაციები სახელდება ინვესტიციების კუთხითაც.

Bitcoin [ბიტკოინი] კრიპტოვალუტა იგივე ციფრული ვალუტაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ციფრული ვალუტა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის დეკემბერში გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით მხედველობაში მისაღებია შემდეგი გარემოებები:

[checklist]

  • დღეს არსებულ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, რაზეც, დიდი ალბათობით, გავლენას სპეკულაციური მოლოდინები ახდენს. ამდენად, ვირტუალური ვალუტების ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.
  • ვირტუალური ვალუტების შემთხვევაში, არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რის გამოც მომხმარებელთა პრობლემების/დავების გადაჭრის პროცესი მნიშვნელოვნად იქნება გართულებული.
  • ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვლითი პლატფორმების და ციფრული საფულეების საშუალებით ხდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი და მათი სამართლებრივი სტატუსი რიგ შემთხვევებში გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები, რომლებიც ასეთ პლატფორმებს იყენებენ სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად, შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსური რისკების წინაშე. ამასთანავე, ასეთი პლატფორმები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეა.
  • ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა/ფსევდო-ანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას არაკანონიერი საქმიანობისთვის, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის.

[/checklist]

ეროვნული ბანკის ამ განცხადებიდან ხუთ თვეში, ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ „ალბათ, გარკვეულ პერიოდში აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება, მაგრამ მთელი მსოფლიო და ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან თუ რა ფენომენია ეს“.

დღეს ეროვნულ ბანკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი პოზიცია ამ საკითხზე არ შეცვლილა და გასული წლის დეკემბერში მოქალაქეები, უბრალოდ, გააფრთხილეს, ვინაიდან „ბოლო პერიოდში მსოფლიოში ვირტუალური [კრიპტოგრაფიული] ვალუტები სულ უფრო პოპულარული ხდება.

Livecoinwatch-ის ინფორმაციით, თუ 1 ბიტკოინის ფასი 2018 წლის 19 იანვრისთვის 11 400 აშშ დოლარი იყო, მისი ფასი დღეს, 2018 წლის 31 აგვისტოს 6 950 აშშ დოლარია.

მთავარი ფოტო: იმ შენობის პროექტის რენდერი, რომელიც ბინებს ბიტკოინშიც ყიდის


გაიგე მეტი კრიპტოვალუტის შესახებ?

 

მოთხოვნადი პროფესიების ათეული ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2018-2019 სასწავლო წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] 1313 პირველკურსელი ჩაირიცხა, რაც ბსუ-ს ინფორმაციით, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, ექვსი პროცენტით მეტია. აბიტურიენტთა პირველი განაცხადებით, 2017 წელთან შედარებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა, ჯამური განაცხადით – 15%-ით.

ბსუ-ს სამართალმცოდნეობის პროგრამა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველაზე მოთხოვნადი პროგრამების ხუთეულშია, ხოლო სამართალმცოდნეობის პროგრამების მოთხოვნადობის მიხედვით – პირველ ადგილზე.

გარდა ამისა, ბსუ-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მოთხოვნის მიხედვით, საქართველოს არაპროფილური უმაღლეს საგანმათლებლო დაწესებულებების ხუთეულშია:

აბიტურიენტების საერთო განაცხადების მიხედვით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2222-მა აბიტურიენტმა პირველ პრიორიტეტად დაასახელა.

ბსუ-ს მოთხოვნადი პროგრამების ათეულშია:

?სამართალმცოდნეობა

?საერთაშორისო ურთიერთობები

?მედიცინა

?ფსიქოლოგია

?მენეჯმენტი

?ფინანასები

?ქართული ფილოლოგია

?ტურიზმი

?ისტორია

?ეკონომიკა

?ბიოლოგია

 

განაჩენი ლიფტში ქალის მკვლელობის მცდელობის საქმეზე

მოსამართლე ლევან გელოვანმა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 26 წლის გერმანე ჩერნიავსკის. ის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით.

შემთხვევა ბათუმში 27 მაისს მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მსჯავრდებული ქალს თავს დაესხა და მას 55 ჭრილობა დანით მიაყენა. დაზარალებულს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ამ თემაზე:

„არ ვიცი, რა მოხდა“ – ბრალდებული ლიფტში ქალისთვის 55 ჭრილობის მიყენებაზე

რით არის დაავადებული პირუტყვი აჭარაში – სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია უფასოა

აჭარაში გავრცელებულია ნოდულარული დერმატიტი, ვირუსული ინფექციური დაავადება, რომლითაც, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები [ბორცვები], თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით.  მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება.

„ეს დაავადება ბოლო სამი წელია რაც დაფიქსირდა საქართველოში. გვაქვს ვაქცინა, რომელიც არის 50-დოზიანი. მოსახლეობაში, სადაც ფიქსირდება პირუტყვის დაავადება, გარშემო ვცრით საქონელს. მაგრამ გვაქვს ასეთი პრობლემა, 2-3 პირუტყვისთვის ვერ გავხსნით პრეპარატს, იმიტომ, რომ აქვს გამოყენებისთვის მცირე ვადა გახსნიდან. გავდივართ ადგილზე, ვნახულობთ სოფლის თავკაცს, მუნიციპალიტეტები საქმის კურსშია, ვეუბნებით მოსახლეობას, რომ შეაგროვონ 50 სული პირუტყვი და გავალთ შეთანხმებულ დროს და ავცრით. ბევრ ადგილზე ავცერით, ბევრგან კი ეს ორგანიზება პრობლემაა. ვაქცინაციიდან  7-10 დღე რძის გამოყენება არ შეიძლება. მოსახლეობა, ზოგი ამბობს, რძეს ვაბარებთ, ჩვენს საქონელს არ სჭირდება და ა.შ. დავდივართ და ვეხვეწებით ხალხს, რომ შეგვიგროვონ პირუტყვი, განსაკუთრებით ეს პრობლემა ხელვაჩაურშია. როცა დაავადდება პირუტყვი, შემდეგ ტყდება განგაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ილია სირაბიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, დაავადება აჭარის ბევრ სოფელშია დაფიქსირებული, თუმცა ყველაზე უფრო პრობლემური ხელვაჩაურის სოფლებია. აღნიშნული დაავადება კი სამი წლის წინ პირველად შუახევში დაფიქსირებულა. სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინა ყველა მუნიციპალიტეტში განაწილებულია. მიმდინარე წელს 20 ათასამდე პირუტყვი უკვე აიცრა და ჩამოტანილია კიდევ 20 ათასი დოზა. გასულ, 2017 წელს კი, ამ დაავადებაზე 25 ათასი სული პირუტყვი აიცრა აჭარაში.

ილია სირაბიძის თქმით, ვაქცინაცია შველის მხოლოდ ჯანმრთელ პირუტყვს და არა დაავადებულს: „დაავადებულის აცრას აზრი არ აქვს. ის იზოლირებულად უნდა იყოლიონ, კარგია საპნით 2-3-ჯერ მაინც დაბანონ, ასევე სჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

100 დაავადებული პირუტყვიდან, თუ დროული მკურნალობა არ ჩატარდა, 8-10 პირუტყვი ეცემა. „ეს დაავადება ადამიანისთვის საშიში არ არის, მაგრამ ეკონომიკურ ზარალს იწვევს მოსახლეობისთვის. ნოდულარული დერმატიტით დაავადებული საქონლის რძისა და რძის პროდუქტების საკვებად გამოყენება არარეკომენდებულია. რაც შეეხება საქონლის ხორცს, ზოგადად, ნებისმიერი დაავადების გამო იძულებით დაკლული პირუტყვის ხორცის საკვებად მიღება კანონითაა აკრძალული. შეიძლება ჭამოს ადამიანმა და არაფერი მოუვიდეს, მაგრამ წესით და კანონით აკრძალულია,“ – ამბობს ილია სირაბიძე.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამმართველოს ორ-ორი ვეტერინარი ჰყავს. პირუტყვის დაავადების გამოვლენის ან იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ 50 სული პირუტყვი შეაგროვონ და აცრან, მათ შეუძლიათ ამ ვეტერინარებს დაეკონტაქტონ, ან დარეკონ მობილურ ტელეფონზე: 591 113404

რაც შეეხება ბრუცელოზს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც საშიში დაავადებაა, აჭარაში არ ფიქსირდება. ილია სირაბიძის თქმით, გასულ წელს თითქმის ყველა პირუტყვი აიცრა ბრუცელოზზე. ერთხელ აცრილ პირუტყვს კი ამ დაავადებაზე აცრა მთელი სიცოცხლის მანძილზე აღარ სჭირდება. რაც შეეხება ნამატს, სამმართველო ბრუცელოზზე აცრას შემოდგომაზე გეგმავს.

სამმართველოს ინფორმაციით აჭარაში ვაქცინაცია 2004-2005 წლებში 108 ათას სულ პირუტყვს უტარდებოდა, დღეს კი პირუტყვის რაოდენობა თითქმის განახევრებულია. „65-70 ათასი მსხვილფეხა პირუტყვი იქნება სულ დღეს აჭარაში. მარტო ხულოსა და შუახევში 20 ათასი კამეჩი იყო და დღეს არავის ჰყავს. წვრილფეხა ცხოველი [თხა, ცხვარი] ზემო რაიონებში საერთოდ აღარ არის, ქვემო რაიონებში კი 2000 სულამდე თუ იქნება,“ – ამბობს ილია სირაბიძე.

ნოდულარული დერმატიტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვაქცინის 300 000 დოზის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე შესყიდვების სააგენტომ თანხმობა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს მისცა.

„2018 წლის აპრილის თვეში შეძენილი 238 000 დოზა ვაქცინა სრულად იქნა ათვისებული, ხოლო ივლისის თვეში შეძენილი 200 000 დოზა ვაქცინით მიმდინარეობს საიმუნიზაციო სამუშაოები, მაგრამ ვაქცინის ეს რაოდენობა არ იყო გათვლილი მოულოდნელად გაჩენილი, დაავადებების ახალი კერებით გამოწვეულ საჭიროებებზე. აღნიშნულის გამო საჭირო გახდა დამატებით 300 000 დოზა შესაბამისი ვაქცინის შესყიდვა.“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, ნოდულარული დერმატიტი საქართველოში პირველად 2014 წელს დაფიქსირდა.

ნოდულარული დერმატიტის კლინიკური ნიშნების, მკურნალობისა და ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

აჭარაში, განსაკუთრებით ხელვაჩაურის სოფლებში, პირუტყვი ნოდულარული დერმატიტითაა დაავადებული

საკონდიტრო „თავადური“ ხელვაჩაურის პურპროდუქტების საწარმოსგან

ხელვაჩაურის პურპროდუქტების საწარმო ცნობილია თავისი  სურნელოვანი და გემრიელი პურით. თუმცა, გარდა პურპროდუქტებისა, ხელვაჩაურის საწარმოში ნატურალური პროდუქტით მზადდება უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი „თავადური“, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.

„ტრადიციული მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს ვაწვდით მომხმარებელს. ვხელმძღვანელობთ ბებიების რეცეპტით: მხოლოდ სოდა, შაქარი, ფქვილი, მარილი, ნატურალური კვერცხი და კარგი ხარისხის კარაქი – ეს ის ძირითადი ინგრედიენტებია, რომლებითაც „თავადურის“ საკონდიტრო ნაწარმი მზადდება,“ – ამბობს კონდიტერი სემიკო ბერიძე.

სემიკო ბოლქვაძე
სემიკო ბერიძე

ამჟამად ხელვაჩაურის საწარმოში 35 სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებენ. ქარხანასთან ახლოს ახალგამომცხვარი პურის მაღაზია და საკონდიტროა, რომლის დახლებზეც ყოველთვის იპოვით პროდუქტს, რომელსაც ეძებთ.

თუ სადღესასწაულო სუფრისთვის ან საჩუქრად გჭირდებათ მრავალფეროვანი, გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტი, შეგიძლიათ  დარეკოთ და შეუკვეთოთ სასურველი სახეობისა და რაოდენობის საკონდიტრო ნაწარმი.

მობ.: 593 35 22 73

 

 

უფასო სამედიცინო კონსულტაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბათუმში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

  • 1 სექტემბერი  – ბათუმი, თამარის დასახლება, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, დილის 10 საათიდან. მისამართი: ტბეთის ქ. N4.
  • 2 სექტემბერი – ქობულეთი, პირველადი ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრი „მედჰაუსი“. დილის 10 საათიდან. მისამართი: 26 მაისის ქ. N2. 

სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით: ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, დერმატოლოგი, ანგიოლოგი, ონკოლოგი, ექიმი-რადიოლოგი.

ჩატარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები: ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის),  ელექტროკარდიოგრაფია. ასევე, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებზე გაიცემა მედიკამენტები.

მასწავლებლების ონლაინტრენინგებისთვის ტრენერების მომზადება დაიწყო

ბათუმში მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების გადამზადების ონლაინკურისისთვის ონლაინფასილიტატორების [ტრენერების] გადამზადება დაიწყო. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს კონკრეტულ საგნებში ონლაინკურსებს შესთავაზებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრენერებად ცენტრის თანამშრომლებსა და პროექტის მონაწილეებს ამზადებენ. ტრენინგები ამ ეტაპზე ბათუმში ტარდება.

„ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის მონაწილეები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები იქნებიან. ისინი არიან მოდულების ავტორები, შემდეგ კი, როდესაც ტრენინგები მასობრივად დაიწყება, შესაძლოა ცენტრმა შეარჩიოს საგნების სპეციალისტები. ეს ტრენინგები ამოქმედდება 2019 წლის მეორე ნახევრიდან. ჯერჯერობით, მხოლოდ მომზადების პროცესში ვართ, ამიტომ პროექტი ამ ეტაპზე არ საჭიროებს ბევრ ტრენერს“, – განმარტეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პრესსამსახურში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, პროექტის საშუალებით მასწავლებლებს საქართველოში ონლაინფორმატში გადამზადების კურსის გავლის საშუალება პირველად მიეცემათ. ონლაინტრენინგების კურსი ორი მიმართულებით შეიქმნება: მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში გადამზადების კურსი და საგნობრივი ტრენინგების კურსი. დაგეგმილია, რომ ონლაინტრენინგების ორივე კურსში მასწავლებლებმა კრედიტქულებიც აიღონ.

პროექტის მართვის ჯგუფისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის  ვორქშოფს ბათუმში პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის, IREX-ის ტექნოლოგიების ექსპერტი, მერი ბერნსი ატარებს.

ვორქშოფი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ონლაინპროფესიული განვითარების სპეციფიკის გაცნობასა და ონლაინპლატფორმაზე მუშაობის უნარების განვითარების ხელშეწყობას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ონლაინპროფესიული განვითარების კურსები პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე მზადდება, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტს აერთიანებს.

ონლაინკურსები პედაგოგებს მისცემს საშუალებას, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინრეჟიმში გაიარონ პროფესიული განვითარება. ონლაინტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარება.

პირისპირ კურსების ონლაინფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ზოგადპროფესიული უნარების და საგნობრივი მეთოდიკის ონლაინკურსებს [ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური] შესთავაზებენ. შესაბამისად, საგნობრივი ონლაინტრენინგების კურსის გავლა შეეძლებათ მხოლოდ  ამ საგნების მასწავლებლებს, პროფესიულ უნარებში კი – ყველა პედაგოგს.

კურსი გათვლილია მეშვიდედან მეთორმეტე კლასის მასწავლებლებისთვის.

ამავე თემაზე

5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები – ახალი პროექტი მასწავლებლებისთვის

 

საქართველო „ოსკარზე“ ზაზა ხალვაშის ფილმს, „ნამეს“ წარადგენს

საქართველოს კინოცენტრში შექმნილმა საგანგებო კომისიამ გადაწყვიტა, რომ „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატი ფილმი ზაზა ხალვაშის „ნამე“ იქნება.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე დღეს, 31 აგვისტოს, იქნა მიღებული.

„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

„ნამე“ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მუსლიმები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი – მეჩეთია.

ფილმის პრემიერა წელს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.


საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილი კომისიის წევრები იყვნენ: მერაბ კოკოჩაშვილი, დიმიტრი მამულია, გივი-ბესიკ ოდიშარია, ლომერ ახვლედიანი, ია შუღლიაშვილი, კახა კანდელაკი, ზურაბ მაღალაშვილი, გოგი მიქელაძე და ნინო მხეიძე.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი განიხილებოდა:
  • „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  • „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
  • „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  • „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  • „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  • „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

ქედის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. სამუშაოები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

გზების მშენებლობის პროექტები აქტიურ ფაზაშია ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც გასული თვის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა.

დასრულებული გზა
ცხემნა-კორომხეთის დასრულებული გზა

დასრულებული სამუშაოები მიმდინარე კვირაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თავისი გუნდის წევრებთან ერთად პირადად მოინახულა და ანგარიშიც ჩაიბარა.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის აპარატის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, რაულ ბერიძესთან, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან გორგილაძესთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები საავტომობილო გზის „ცხემნა-კორომხეთის“ მონაკვეთზე დაათვალიერა.

დასრულებული მონაკვეთი თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა
დასრულებული პროექტი თორნიკე რიჟვაძემ თავისი გუნდის წევრებთან ერთად  მოინახულა

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო 8068 კვ/მ ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, 8 ერთეული 54 გრძივი მეტრი ბეტონის საყრდენი კედელი, 4 ერთეული 83 გრძივი მეტრი გაბიონი, 56 გრძივი მეტრი ლითონის მილი, 1024 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი, 295 გრძივი მეტრი პარაპეტი და აშენდა ერთი ახალი ხიდი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 750 515 ლარი შეადგინა.

ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ბზუბზუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები კი, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლაშა ჩიხლაძემ დაათვალიერა. ეს სამუშაოები  საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბეტონის საფარის დაგება
მახუნცეთი-ბზუბზუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება

მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში აშენდა  2 ახალი ხიდი. ცხმორისი-კოკოტაური-ძანაძეების საავტომობილო გზის  მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რაულ ბერიძემ დაათვალიერა.

ხიდის სიგრძე 18,20 მეტრია, ხოლო სიგანე – 4 მეტრი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 125 988 ლარია.

დასრულებული ხიდი
დასრულებული ხიდი

შესრულებული სამუშაოები ხელისუფლებამ დაათვალიერა  დანდალო-მოსიაშვილების საავტომობილო გზის მონაკვეთზეც. ქედის მუნიციპალიტეტში, ამ მონაკვეთზე, ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ჩიხლაძე გაეცნო.

ეს პროექტიც საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბეტონის საფარის მოწყობა
ბეტონის საფარის მოწყობა

ჯამში, ქედის მუნიციპალიტეტში, ბეტონის საფარის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 951 000 ლარი. ამ თანხით შეიძენენ 8 000 კუბურ მეტრ ბეტონს, რითაც 22,9 კმ სიგრძის ბეტონის საფარი მოეწყობა, 37 მიმართულების საავტომობილო გზაზე.

დაგეგმილ პროექტებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ასრულებს. სამუშაოები საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბათუმის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებები [31.08.2018]

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი, ასევე, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმებისა და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსის ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, სამარშრუტო ხაზების მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდა შემდეგი ნებართვის მაძიებლები:

[checklist]

  • შპს „ჯორჯიანტრანსი“ – ს/კ 445409932, სამარშრუტო ხაზი N24, სამარშრუტო ხაზი N25, სამარშრუტო ხაზი N44, სამარშრუტო ხაზი N45, სამარშრუტო ხაზი N46;
  • შპს „ავტო ტრანსი“ – ს/კ 445538133, სამარშრუტო ხაზი N32, სამარშრუტო ხაზი N52;
  • შპს „მწვანე შუქი“ – ს/კ 245525383, სამარშრუტო ხაზი N28, სამარშრუტო ხაზი N29;
  • შპს „ავტომობილისტი 42“ – ს/კ 445497677, სამარშრუტო ხაზი N42, სამარშრუტო ხაზი N47;
  • სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“ – ს/კ 248383912, სამარშრუტო ხაზი N30;
  • შპს „აჭარტრანსრეგულირება“ – ს/კ 248431889, სამარშრუტო ხაზი N20, სამარშრუტო ხაზი N21, სამარშრუტო ხაზი N31, სამარშრუტო ხაზი N33, სამარშრუტო ხაზი N34, სამარშრუტო ხაზი N36, სამარშრუტო ხაზი N39, სამარშრუტო ხაზი N40, სამარშრუტო ხაზი N49, სამარშრუტო ხაზი N56;

[/checklist]

რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებულებმა სანებართვო მოწმობების მიღების და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არა უგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის ტარიფის გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვა.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ცვლილების შეტანას, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ჟ.შარტავას ქუჩაზე მდებარე 4 337.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებას პირობიანი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების გზით.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ, საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე დაამტკიცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესი და პროცედურები.

ხანძარი ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში

ხანძარია ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მრავალბინიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა.

ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

______________

განახლება: ხანძარი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსის მე-6 სართულზე დაიწვა 70 კვ.მ სასხვენო გადახურვა და კორპუსის სხვენზე დაშენებული ოთახი – 40 კვ.მ.

______________

მთავარი ფოტო: კადრი აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირი ჩართვიდან 

როგორ შეიძლება ქუჩისთვის სახელის შეცვლა – საიას განმარტება

ბათუმის საკრებულო ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის და საქართველოს მხარდამჭერის – ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხის განხილვას აპირებს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა.

რამდენიმე თვის წინ, მარტში, საკრებულომ უარი თქვა გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში გატაცებული და შემდეგ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხის განხილვაზე. მაშინ იურიდიულმა კომისიამ მსჯელობის შემდეგ განმარტა, რომ საკრებულოს შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა, თუ სამთავრობო კომისიის თანხმობას არ მიიღებდა. სამთავრობო კომისიისთვის მაშინ ბათუმის საკრებულოს არ მიუმართავს.

რა პროცედურაა გასავლელი ქუჩისთვის სახელის შესაცვლელად და ვისი უფლებამოსილებაა ამის გაკეთება? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი, ანნა მდინარაძე განმარტავს, რომ ქუჩების სახელდების, მათ შორის, სახელის შეცვლის საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებაა, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამთავრობო კომისიის დასკვნა სჭირდება მიზანშეწონილობის შესახებ.

„საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის დადგენილებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თავდაპირველად, ინიციატივა უნდა წარედგინოს საკრებულოს. ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია მერი, გამგებელი, საკრებულოს წევრი, ამომრჩევლების ერთი პროცენტი და ასე შემდეგ. ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს მოტივაცია და დასაბუთება, ასევე გეოგრაფიული ობიექტის – ამ შემთხვევაში, ქუჩის აღწერა. შესაბამის კომისიას აქვს ვალდებულება 10 სამუშაო დღეში გამოაქვეყნოს საჯაროდ ინიციატივა და მოსახლეობასთან გაიაროს კონსულტაცია. ამის შემდეგ უნდა დაწეროს დასაბუთებული დასკვნა სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. დაკვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ეგზავნება.

საკრებულოს თავმჯდომარე მიმართავს საჯარო რეესტრს განცხადების დასარეგისტრირებლად, რომელსაც თან უნდა დაერთოს საკრებულოს კომისიის დასკვნა, თავად ინიციატივა, მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტი და საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი. საკრებულოს თავმჯდომარეს ასევე აქვს ვალდებულება, რომ ეს ინფორმაცია შესათანხმებლად გაუგზავნოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებათა დადგენის ნორმალიზების გამოყენების რეგისტრაციის აღრიცხვის და დაცვის მიზნით შექმნილ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას. ამ კომისიამ უნდა დაწეროს დასკვნა. თუ სამთავრობო კომისიიდან იქნება თანხმობა, საკრებულო ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას და მიიღებს განკარგულებას ქუჩის სახელდების შესახებ.

საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა გადაუგზავნოს საჯარო რეესტრს, ასევე აღმასრულებელ ორგანოს, ანუ მერიას და ცესკოს. ქუჩის სახელდების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, – გვითხრა ანნა მდინარაძემ.

რა ხდება სამთავრობო კომისიის უარის შემთხვევაში? – იურისტი განმარტავს, რომ სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე საკრებულო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ხვალ, პირველ სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება

ხვალ, პირველ სექტემბერს, ქალაქის 130 წლის  იუბილის აღნიშვნასა  და „ბათუმობასთან“ დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლებს უფასოდ შესვლა დილის ცხრა საათიდან საღამოს რვა საათამდე შეეძლებათ.

ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღეს ბათუმში ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ახალი მარშრუტი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზებზე პირველი სექტემბრიდან, იმოძრავებენ. „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ახალი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ასევე ყვითელი ავტობუსებიც, თუმცა  ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა უფასო არ იქნება.

დღეიდან ბათუმის ქუჩებში ახალი ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე: #10, 10-ა და # 6.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ბესო დათიაშვილის ინფორმაციით:

#10 ლურჯი ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს აეროპორტის დასახლებიდან, გაივლის ანწუხელიძის, კაჩინსკებისა და ხიმშიაშვილის ქუჩებს, ხოლო შემდეგ გადავა რუსთაველის ქუჩაზე,  რუსთაველიდან – ბაქოს ქუჩაზე და  თამარ მეფის გზადკეცილით ჩავა მახინჯაურში, საიდანაც მწვანე კონცხზე დაასრულებს მოძრაობას.

10ა მოძრაობას დაიწყებს ასევე აეროპორტის დასახლებიდან, გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, აბუსერიძის ქუჩას, შარატავას, ხიმშიაშვილის ქუჩებს, გადავა რუსთაველზე, აქედან კი – ბაქოს ქუჩაზე და მწვანე კონცხზე დაასრულებს მოძრაობას.

#6 მოძრაობას დაიწყებს ასათიანის ქუჩიდან [ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია], გაივლის ლერმონტოვის, გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს,  შემდეგ გადავა გორგილაძის ქუჩაზე, ამ ქუჩიდან კი ბარათაშვილზე და თბილისის მოედანზე დაასრულებს მოძრაობას.

ავტობუსები იმავე მარშრუტით დაბრუნდებიან უკან“.

მთავარი ფოტო: ბათუმის მერია

„ხალხს ვკითხავთ“ – საკრებულოს თავმჯდომარე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე

„ჩემს აზრს ვერ დავაფიქსირებ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითი მოქალაქე რომ ვიყო, დავაფიქსირებდი… არ მინდა ვინმე ზეგავლენის ქვეშ მოექცეს,“ – ამბობს სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მას ბათუმში ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის, მაკკეინის სახელის მინიჭების შესახებ ვკითხეთ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ, ინიციატივა ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე უკვე გააჟღერა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე თქვა, რომ საკითხის შემოსვლის შემდეგ, მის განხილვას დაიწყებენ.

რა ფორმით იმსჯელებს ბათუმის საკრებულო ამ თემაზე? – სულიკო თებიძემ გვითხრა, რომ პირველ რიგში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების აზრით დაინტერესდება.

„გადაწყვეტილებას მივიღებთ საზოგადოებასთან კონსულტაციის შემდეგ. ლერმონტოვის ქუჩაზე ხალხს გავესაუბრებით, მოვიწვევთ სპეციალისტებს და მათთან ერთად ვიმსჯელებთ. როცა საკითხი შემოვა, შემდეგ ვიფიქრებთ. სპეციალისტების და მოსახლეობის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ,“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ განიხილა რამდენიმე თვის წინ საკრებულომ გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხი? – სულიკო თებიძემ გვითხრა, რომ „ოფიციალურად წინადადება არ იყო შეტანილი საკრებულოში.“

სულიკო თებიძე ასევე ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხზე მოსახლეობის საპროტესტო კოლექტიური წერილი შევიდა საკრებულოში, თუმცა ვერ გვითხრა, ვინ წარადგინა კოლექტიური წერილი და როდის.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გრიბოედოვის ქუჩის კოლექტიური წერილიც იყო, რის გამოც ითქვა უარი… არ მახსოვს, ვინ წარმოადგინა, ზეპირად არ მახსოვს,“ – თქვა სულიკო თებიძემ.

„ასეთი წერილი არ ყოფილა,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მისი თქმით, საკრებულოში გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხი ოფიციალურად განიხილებოდა და იურიდიულმა კომისიამ მსჯელობის შემდეგ საკითხი სხდომაზე არ გაიტანა.

„არგუმენტი იყო ის, რომ სამთავრობო კომისიის დასკვნა იყო საჭირო… სამართლებრივად ადგილობრივი თვითმმართველობის – საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა ქუჩების სახელდების უფლებამოსილება. სამთავრობო კომისია საკრებულოზე ზემდგომი ვერ იქნება. მთავარია, საკრებულოს ჰქონდეს ნება, თორემ 6 მაისის პარკს როცა შეუცვალეს სახელი, მაშინ ხომ არ დასჭირდათ სამთავრობო კომისიის დასკვნა?“ – კითხულობს მირდატ ქამადაძე.

კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში ხვალიდან იმოძრავებენ

პირველი სექტემბრიდან ბათუმში კონკურსგავლილი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. 696 მიკროავტობუსიდან შემოწმება გაიარა და მინიმალური ზღვარი  გადალახა 564-მა. მიკროავტობუსების მუშაობა დღეს, 31 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე კამათის საგანი გახდა.

„შავი ფული ტრიალებს… ხაზები ისევ იყიდება 2 და 3 ათას დოლარად… ეს არის კორუფცია“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ. მან საკრებულოს სხდომაზე კონკრეტული სახელები გააჟღერა, ვინც მისი ინფორმაციით, მიკროავტობუსების სამარშრუტო ხაზებს ყიდიან და ფულს შოულობენ.

„კონკრეტულმა კომპანიებმა მოიპოვეს ნებართვა, მე ეს ვიცი. დანარჩენი რა ხდება, ჩემი საქმე არ არის,“ – უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ.

„ჩემი საქმე არ არისო, როგორ ამბობთ,“ – ჩაერთო დისკუსიაში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი – ლევან ანთაძე, – „თქვენ გაქვთ სისტემა, რომელიც „შავი ფულის“ დატრიალების შესაძლებლობას იძლევა. დავინტერესდებით და გავარკვევთო, ეს მაინც გეთქვათ“.

„იქნებ გარიგებული ხართ კიდეც,“ – დაამატა დუმბაძემ.

მერიის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე დამატებით ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ კი რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამ საკითხით სამართალდამცველები დაინტერესდებიან. „გთხოვთ, მიაწოდოთ ეს ფაქტები სამართალდამცავებს,“ – თქვა მან.

მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ მიკროავტუსების გასხვისების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და პირველი სექტემბრიდან კონკურსგავლილი მიკროავტობუსების ქალაქში გადაადგილება GPS მონიტორინგის სისტემით გაკონტროლდება.

„თითო მიკროავტობუსზე კომპანია იხდის თვეში 50 ლარს. ჩვენ გავაკონტროლებთ, დადის თუ არა კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე ის მიკროავტობუსი, რომელზეც ნებართვაა გაცემული. სხვა კონტროლის მექანიზმი არ არსებობს,“ – გვითხრა ემზარ ქავჟარაძემ.

მეთხილეებმა კომპენსაციის მოთხოვნით ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასთან ფერმერებმა, რომლებიც წელს თხილის მოუსავლიანობის გამო დაზარალდნენ, ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისვლას და კომპენსაციის დაპირებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფება ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დაშლას არ აპირებენ:

„ ჩვენ გვაქვს გზა გადაკეტილი, სანამ მთავრობის თავმჯდომარე არ მოვა, მოსახლეობას არ შეხვდება და კონკრეტულ დაპირებას არ მისცემს, მანამდე ვიდგებით აქ. ვითხოვთ კომპენსაციების გაცემას. ერთადერთი შემოსავალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის არის თხილი და ციტრუსი. თხილი განადგურებულია და ციტრუსი ნადგურდება, რადგან ციტრუსზე შესეულია ფაროსანა. სოფლებიდან ჩავიდა ხალხი ბათუმში მთავრობის თავმჯდომარესთან და არ შეხვდა. ახლა ვითხოვთ, რომ მთავრობის თავმჯდომარე მოვიდეს აქ.“

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

აქცია ქობულეთში. ბონდო თედორაძის ფოტო

ქობულეთში მცხოვრებმა ფერმერებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს 23 აგვისტოსაც.  ისინი ამბობენ, რომ მოსავლის 90 პროცენტი გაუფუჭდათ და კომპენსაციას ითხოვენ.

იმავე დღეს, 23 აგვისტოს,  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობა მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის საკითხს არ განიხილავს. 

აჭარის  მთავრობა ფერმერებს იმ ფინანსურ კომპანიებთან შუამდგომლობას სთავაზობს, რომლებთანაც ფერმერებს ვალდებულებები აქვთ აღებული:

„მთავრობამ იმუშავა ეფექტურად, უკვე მიღწეულია შეთანხმება კერძო საფინანსო ორგანიზაციებთან,  ჩვენს მოქალაქეებს გადაუვადდებათ მიმდინარე ვალდებულებები, რაც საფინანსო ორგანიზაციებთან აქვთ აღებული.“

ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 31 აგვისტოს და ხვალ, პირველ სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

  • დღეს, 31 აგვისტოს, პარკირება შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, ხულოს, მაზნიაშვილისა და კოსტავას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში (გორგასლის, ფარნავაზ მეფის და ჟორდანიას ქუჩებზე).
  • პირველ სექტემბერს ამავე მონაკვეთში შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა  08:00-დან 19:00 საათამდე.
  •  პირველ სექტემბერს, 09:00-დან 12:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველასა და ზ. გამსახურდიას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

პირველ სექტემბერს, 08:00-დან 19:00 საათამდე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ქუთაისის ქუჩაზე, კოსტავასა და ჟორდანიას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

უცხოეთიდან საქართველოში სასწავლებლად გადმოსვლისას სტუდენტი გამოცდას ჩააბარებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სოციალური ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას.

სამინისტროს განცხადებით, სისტემის მოწესრიგების მიზნით, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში. 

„უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინა პირობა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრში მობილობის უზრუნველსაყოფად. 

აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ვთხოვთ, ნუ ენდობით კერძო კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია და გთავაზობენ საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოეთის უნივერსიტეტებიდან სტუდენტების საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოსვლის შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით, რაც დადგენილია როგორც ბოლონიის პროცესის მობილობის წესებით, ასევე, სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის საკრებულო ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებს

„ყველას გვახსოვს მისი სიტყვები აგვისტოს ომის დროს: ჩვენც ქართველები ვართ. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჯონ მაკკეინის ხსოვნას,”- ამ ფრაზით გახსნა საკრებულოს დღევანდელი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებაზე განცხადება გააკეთა.

“სიმბოლური იქნება ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭება. შეგახსენებთ, რომ ის ჩვენი დიდი მოკავშირე იყო და გამოცხადებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გმირად. მე ოფიციალური განცხადება არ შემომიტანია, რადგან არ მინდა, ეს ერთი პარტიის საკითხი იყოს. ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ და კონსენსუსის გზით მივიღოთ გადაწყვეტილება,”- თქვა მირდატ ქამადაძემ.

„ოფიციალურად მოამზადეთ საკითხი, შემოიტანეთ და განვიხილოთ,”- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

„მრავალპარტიული მინდა იყოს ეს საკითხი… „ბათუმელებს” ჰქონდა გამოკითხვა ამ საკითხზე და გამოკითხულთა 55 პროცენტი მომხრეა ლერმონტოვის ქუჩას მაკკეინის სახელი ეწოდოს,”- დაამატა მირდატ ქამადაძემ.

“წარმოადგინეთ და კი ბატონო,”- მოკლედ უპასუხა დეპუტატს სულიკო თებიძემ. სხვა განცხადება ქუჩისთვის მაკკეინის სახელის დარქმევაზე დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებს არ გაუკეთებიათ.

საკრებულო ამჯერად დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს.

ამავე თემაზე: 

უნდა იყოს თუ არა სენატორ მაკკეინის ქუჩა ბათუმში? [გამოკითხვა]

 

Exit mobile version