კვირაში ერთი გაყინული ქათამი, ლიტრი რძე და ვაშლი – ვითარება ციხის დედათა და შვილთა დაწესებულებაში


როცა ჩვილბავშვიანი ქალი ჩადის დანაშაულს, თუ ბავშვი სამ წლამდე ასაკისაა, მას დედასთან ერთად ათავსებენ საპატიმროში. ამისთვის დედათა და ბავშვთა დაწესებულება ცალკეა გამოყოფილი.

სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ასახავს საქართველოში, დედათა და შვილთა დაწესებულების აღწერას ცალკე თავი ეთმობა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დედებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებს კვების ერთი და იგივე რაციონი აქვთ. ბავშვებისთვის ქალ პატიმრებს კვირაში ერთხელ დამატებით მიეწოდებათ ერთი ლიტრი რძე და გაყინული ქათამი. ხილისგან მხოლოდ ვაშლი რიგდება ბავშვებისთვის – კვირაში ერთხელ.

ჩვილ ბავშვთა სპეციალური საკვებიდან საპატიმრო დაწესებულებაში დედებს ურიგდებათ მხოლოდ „ჰუმანას“ ფაფები. დედები ხშირად გამოთქვამენ ფაფების ხარისხთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას, საპატიმრო დაწესებულების ერთადერთ მაღაზიაში კი პროდუქტი ძალიან ძვირია და დედებს ხშირად არ აქვთ საშუალება იქ რამის ყიდვის. შეზღუდვებია დაწესებული ასევე ამანათით პროდუქტის მიღებაზე: დედებს არ აქვთ უფლება ამანათით მიიღონ თევზი, ხორცი და რძის პროდუქტები.

დედათა და ბავშვთა დაწესებულებაში სასმელი წყალიც უხარისხოა – სვამენ მხოლოდ გადადუღებულს. დედებს ადმინისტრაცია არ ურიგებს ჩვილი ბავშვისთვის აუცილებელ კანის მოვლის საშუალებებს.

პრობლემას წარმოადგენს ასევე ბავშვების სათანადო ტანსაცმლით უზრუნველყოფა. მონიტორინგის პროცესში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ მის შვილს არ აქვს სეზონის შესაფერისი, ბავშვის ზომის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, აქვს უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

2018 წელს N5 დაწესებულება 3 წლის ასაკის მიღწევის გამო არ დაუტოვებია არცერთ ბავშვს. 2017 წელს დაწესებულება დატოვა მხოლოდ ერთმა 3 წელს მიღწეულმა ბავშვმა.

საპატიმროში დედებს ემსახურებათ ძიძა, თუმცა მხოლოდ ერთი, რაც საკმარისი არ არის. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია ძიძების რაოდენობა დედათა და შვილთა დაწესებულებაში იყოს საკმარისი, ძიძების გრაფიკი კი იყოს შედგენილი ისე, რომ დედებმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა შეძლონ.

დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა. დედებსა და ბავშვებს საპატიმრო დაწესებულებაში მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის გამო აწუხებთ მძიმე სუნი, რაც დერეფნებსა და ოთახების ნაწილშიც აღწევს.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ აპირებენ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან