მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულო ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებს

31.08.2018
ბათუმის საკრებულო ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებს

„ყველას გვახსოვს მისი სიტყვები აგვისტოს ომის დროს: ჩვენც ქართველები ვართ. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჯონ მაკკეინის ხსოვნას,”- ამ ფრაზით გახსნა საკრებულოს დღევანდელი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებაზე განცხადება გააკეთა.

“სიმბოლური იქნება ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭება. შეგახსენებთ, რომ ის ჩვენი დიდი მოკავშირე იყო და გამოცხადებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გმირად. მე ოფიციალური განცხადება არ შემომიტანია, რადგან არ მინდა, ეს ერთი პარტიის საკითხი იყოს. ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ და კონსენსუსის გზით მივიღოთ გადაწყვეტილება,”- თქვა მირდატ ქამადაძემ.

„ოფიციალურად მოამზადეთ საკითხი, შემოიტანეთ და განვიხილოთ,”- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

„მრავალპარტიული მინდა იყოს ეს საკითხი… „ბათუმელებს” ჰქონდა გამოკითხვა ამ საკითხზე და გამოკითხულთა 55 პროცენტი მომხრეა ლერმონტოვის ქუჩას მაკკეინის სახელი ეწოდოს,”- დაამატა მირდატ ქამადაძემ.

“წარმოადგინეთ და კი ბატონო,”- მოკლედ უპასუხა დეპუტატს სულიკო თებიძემ. სხვა განცხადება ქუჩისთვის მაკკეინის სახელის დარქმევაზე დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებს არ გაუკეთებიათ.

საკრებულო ამჯერად დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს.

ამავე თემაზე: 

უნდა იყოს თუ არა სენატორ მაკკეინის ქუჩა ბათუმში? [გამოკითხვა]

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: