მთავარი,სიახლეები

საქართველო „ოსკარზე“ ზაზა ხალვაშის ფილმს, „ნამეს“ წარადგენს

31.08.2018
საქართველო „ოსკარზე“ ზაზა ხალვაშის ფილმს, „ნამეს“ წარადგენს

საქართველოს კინოცენტრში შექმნილმა საგანგებო კომისიამ გადაწყვიტა, რომ „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატი ფილმი ზაზა ხალვაშის „ნამე“ იქნება.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე დღეს, 31 აგვისტოს, იქნა მიღებული.

„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

„ნამე“ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მუსლიმები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი – მეჩეთია.

ფილმის პრემიერა წელს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.


საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილი კომისიის წევრები იყვნენ: მერაბ კოკოჩაშვილი, დიმიტრი მამულია, გივი-ბესიკ ოდიშარია, ლომერ ახვლედიანი, ია შუღლიაშვილი, კახა კანდელაკი, ზურაბ მაღალაშვილი, გოგი მიქელაძე და ნინო მხეიძე.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი განიხილებოდა:
  • „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  • „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
  • „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  • „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  • „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  • „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: