მთავარი,სიახლეები

„ხალხს ვკითხავთ“ – საკრებულოს თავმჯდომარე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე

31.08.2018
„ხალხს ვკითხავთ“ – საკრებულოს თავმჯდომარე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე

„ჩემს აზრს ვერ დავაფიქსირებ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითი მოქალაქე რომ ვიყო, დავაფიქსირებდი… არ მინდა ვინმე ზეგავლენის ქვეშ მოექცეს,“ – ამბობს სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მას ბათუმში ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის, მაკკეინის სახელის მინიჭების შესახებ ვკითხეთ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ, ინიციატივა ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე უკვე გააჟღერა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე თქვა, რომ საკითხის შემოსვლის შემდეგ, მის განხილვას დაიწყებენ.

რა ფორმით იმსჯელებს ბათუმის საკრებულო ამ თემაზე? – სულიკო თებიძემ გვითხრა, რომ პირველ რიგში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების აზრით დაინტერესდება.

„გადაწყვეტილებას მივიღებთ საზოგადოებასთან კონსულტაციის შემდეგ. ლერმონტოვის ქუჩაზე ხალხს გავესაუბრებით, მოვიწვევთ სპეციალისტებს და მათთან ერთად ვიმსჯელებთ. როცა საკითხი შემოვა, შემდეგ ვიფიქრებთ. სპეციალისტების და მოსახლეობის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ,“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ განიხილა რამდენიმე თვის წინ საკრებულომ გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხი? – სულიკო თებიძემ გვითხრა, რომ „ოფიციალურად წინადადება არ იყო შეტანილი საკრებულოში.“

სულიკო თებიძე ასევე ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხზე მოსახლეობის საპროტესტო კოლექტიური წერილი შევიდა საკრებულოში, თუმცა ვერ გვითხრა, ვინ წარადგინა კოლექტიური წერილი და როდის.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გრიბოედოვის ქუჩის კოლექტიური წერილიც იყო, რის გამოც ითქვა უარი… არ მახსოვს, ვინ წარმოადგინა, ზეპირად არ მახსოვს,“ – თქვა სულიკო თებიძემ.

„ასეთი წერილი არ ყოფილა,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მისი თქმით, საკრებულოში გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხი ოფიციალურად განიხილებოდა და იურიდიულმა კომისიამ მსჯელობის შემდეგ საკითხი სხდომაზე არ გაიტანა.

„არგუმენტი იყო ის, რომ სამთავრობო კომისიის დასკვნა იყო საჭირო… სამართლებრივად ადგილობრივი თვითმმართველობის – საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა ქუჩების სახელდების უფლებამოსილება. სამთავრობო კომისია საკრებულოზე ზემდგომი ვერ იქნება. მთავარია, საკრებულოს ჰქონდეს ნება, თორემ 6 მაისის პარკს როცა შეუცვალეს სახელი, მაშინ ხომ არ დასჭირდათ სამთავრობო კომისიის დასკვნა?“ – კითხულობს მირდატ ქამადაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: