მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მეორე სამსახური

01.09.2018 • 4668
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მეორე სამსახური

„ეს თეორიული კითხვაა, ჩვენ პრაქტიკულად ვაშუქებთ კრიტიკულ ამბებს,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა, ირაკლი ფარულავამ გვითხრა, როცა მას „ინტერესთა კონფლიქტზე“ ვკითხეთ. ირაკლი სამედიცინო გადაცემის წამყვანია და პარალელურად სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ კონსულტანტი. იგი ერთ-ერთია ტელევიზიის იმ თანამშრომლებს შორის, ვისაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის პარალელურად მეორე სამსახური აქვს.

„აჭარის ტელევიზია“ თითოეულ თანამშრომელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ზღუდავს ნებისმიერ სხვა სამსახურში მუშაობას, „გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისა“.„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ქცევის კოდექსის მიხედვით: „ინტერესთა კონფლიქტის“ თავიდან ასაცილებლად მაუწყებელმა და თანამშრომელმა ყველა სათანადო ზომა უნდა მიიღონ.“

კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვის მიუხედავად, „აჭარის ტელევიზიის“ ექვსმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა ისეთ მეორე სამსახურში მუშაობა, რომელიც არ შეეხება პედაგოგიურ ან სამეცნიერო საქმიანობას.

საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ბექა რომანაძე კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ-მენეჯერია; ტელევიზიის სპორტული რედაქციის უფროსი ბესო ჩიბურდანიძე – ბათუმის მერიის კლუბ „დინამოს“ პიარ-მენეჯერი; სამედიცინო გადაცემა „იმპულსის“ წამყვანი ირაკლი ფარულავა სამშენებლო კომპანია „ალიანსი ჯგუფის“ კონსულტანტია; ტელევიზიის ბრენდირების სამსახურის უფროსი ბერდია კუტუბიძე  „დელფინარიუმში“ შოუს წამყვანია და პიარ მიმართულებითაც მუშაობს; ტელევიზიის განვითარების მენეჯერი ლალი ბერძენიშვილი საზღვაო უმაღლესი სასწავლებლის „ანრის“ პიარ-სამსახურის უფლებამოსილებას ასრულებს და ტარიელ ცეცხლაძე, რომელიც შვებულების დროს რესტორან „სანსეტში“ ადმინისტრატორად მუშაობდა.

„ჩემმა გადაცემამ თქვა თავისი სათქმელი. ჩვენ მხოლოდ სხვადასხვა დაავადებაზე აღარ ვსაუბრობთ, სოციალური პლატფორმა გვაქვს და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ, სამშენებლო მასალებზეც ვსაუბრობთ, არ ვერიდებით ამას,“ – ამბობს ირაკლი ფარულავა. მას ვკითხეთ, როგორ და რატომ უნდა დაუჯეროს მაყურებელმა ჟურნალისტს, რომელიც, პირობითად, სამშენებლო მასალების ზიანზე საუბრობს და ამ დროს კონკრეტული სამშენებლო კომპანიის პიარითაა დაკავებული.

ამ შეკითხვაზე ირაკლი ფარულავამ გვითხრა, რომ „თეორიული კითხვაა“. მან გვირჩია, ვნახოთ მისი გადაცემები და, ზოგადად, „აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტები, სადაც სამშენებლო მასალებზეა საუბარი, ასევე „ალიანსი ჯგუფზე“. იგი თვლის, რომ ინტერესთა კონფლიქტთან საქმე არ აქვს და არც ტელევიზიის ხელმძღვანელობისთვის უთქვამს რამე მეორე სამსახურის შესახებ.

„მე არ ვარ პიარ-მენეჯერი. კონსულტანტი ვარ პროექტის ფარგლებში. შესაძლოა, დღეს არის და ხვალ არ იყოს. ჩემი ფუნქციაა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, მარკეტინგული მიმართულებით… არასამუშაო საათებში ვმუშაობ ჩემი პირადი კომპიუტერით და ეს ჩემი უფლებაა. მე მგონია, რომ ეს არ მოდის წინააღმდეგობაში იმ პრინციპთან, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი,“ – გვითხრა ირაკლი ფარულავამ.

ირაკლი ფარულავას სატელევიზიო კარიერაში ჰქონია ისეთი პერიოდიც, როცა გადაცემის წამყვანობის პარალელურად ორი კერძო კომპანიის პიარს უძღვებოდა. მაგალითად, სამშენებლო კომპანიაში და ბათუმის მერიის კუთვნილ შპს „ბათუმის წყალში“.

„ერთხელ უკვე შევწირე ამ რაღაცებს ჩემი სამსახური, სადაც ვიყავი 2007 წლიდან და უარი ვთქვი. „ბათუმის წყალი“ არის მონოპოლისტი და წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანია, რომლის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობა ამა თუ იმ პრობლემაზე. აქ თეორიული ალბათობა შეიძლება კიდევ ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა,“ – გვითხრა ირაკლი ფარულავამ.

წლების განმავლობაში „დელფინარიუმის“ შოუს წამყვანად მუშაობს „აჭარის ტელევიზიის“ ბრენდირების სამსახურის ხელმძღვანელი. ისიც ვერ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს და ამბობს, რომ მასზე უკეთესად ორ სამსახურში ვერავინ იმუშავებს.

ბერდია კუტუბიძე: „დელფინარიუმში პიარ-მენეჯერის მოვალეობებიც მაქვს შეთავსებული. ვერანაირ ინტერესთა კონფლიქტს მე ვერ ვხედავ. ამასთან, ეს შოუც პედაგოგიური საქმიანობაა იგივე, პედაგოგიურ საქმიანობას კი კანონი არ გვიკრძალავს. დელფინების შოუ უფრო შემეცნებითი სანახაობაა, როგორც გვიწერია საიტზე… ვინმე ჩემზე უკეთესად თუ გააკეთებს პირველ, ან მეორე სამსახურს, სიამოვნებით დავუთმობ.“

ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობაზე ინტერესთა კონფლიქტს ხედავს ბესო ჩიბურდანიძე. ის „აჭარის ტელევიზიაში“ სპორტული რედაქციის ხელმძღვანელია და ამავდროულად ბათუმის „დინამოს“ პიარ-მენეჯერი.

„გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ინტერესთა კონფლიქტია თავისთავად. „დინამოსთან“ ჯერ ოფიციალურად გაფორმებული კონტრაქტი არ მაქვს, მაგრამ იქაც ვმუშაობ, ასეა. ტელევიზია განიხილავს ჩემს საკითხს, მეტყვიან, რა და როგორ. გააჩნია, რას შემომთავაზებენ,“ – გვითხრა ბესო ჩიბურდანიძემ.

„არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, ჩემთვის უცნობია“, – გვიპასუხა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ-მენეჯერმა, ბექა რომანაძემ. მას ვკითხეთ, ხედავს თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობს. მან გვითხრა, რომ ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობას არ არღვევს. „ჩვეულებრივად, ჩემი მორიგეობის დროს ვმუშაობ ტელევიზიაში“, – ამბობს ის.

„თუ ასეთი აუცილებელია, რომ ამაზე გაკეთდეს აქცენტი, მე ვაგებ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით,“ – გვითხრა ლალი ბერძენიშვილმა, „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების მენეჯერმა. ის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო  სასწავლებელ „ანრიში“ პედაგოგიური საქმიანობის გარდა, პიარ-მენეჯერის ფუნქციას ასრულებს.

„ისინი მეძახიან პიარ მენეჯერს, ჩემი ძირითადი დანიშნულება იქ არის მასწავლებლობა და პედაგოგობა… მე იქ ვკითხულობ აკადემიურ ტექსტთა მართლწერას და შეთავსებით ვეხმარები პიარით უზრუნველყოფაში, რადგან ამაზე ცალკე შტატი მათ გამოყოფილი არ აქვთ. ამ სასწავლებელთან დაკავშირებული თემები მე არც ერთხელ არ გამიშუქებია ზედმეტად, ან პრივილეგიით. რამდენიმეჯერ გაშუქდა აქცია სტუდენტების მონაწილეობით, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ გადაჭარბებულად იყოს რამე ვერც ერთ შემთხვევაში. ამ საკითხზე ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია. თუ ჩემი დირექციისგან მე მივიღებ მითითებას, გავითვალისწინებ,“ – აღნიშნა ლალი ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.

რესტორან „სანსეტის“ ბრენდირებაზე ტარიელ ცეცხლაძემ იმუშავა – „აჭარის ტელევიზიის“ მაუწყებლობის სამსახურის არაპირდაპირი ეთერის გადაცემების მიღება-ჩაბარების კოორდინატორმა. ტარიელ ცეცხლაძე განმარტავს, რომ ამ საქმეზე რამდენიმე დღე დასჭირდა და თან არასამუშაო საათებში შეასრულა. საზაფხულო შვებულების დროს ტარიელ ცეცხლაძე „სანსეტში“ ადმინისტრატორად მუშაობდა. მას მიაჩნია, რომ შვებულების დროს ამის უფლება ჰქონდა. ტარიელ ცეცხლაძის არ ეთანხმება ხელშეკრულების ნაწილს, სადაც წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი სხვაგან არ უნდა მუშაობდეს.

„თუ ეს სამსახური არ არის პიარი, პოლიტიკური საქმიანობა და ისეთი სფერო, რაც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ჟურნალისტის პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, ეს შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. თუ ჟურნალისტი არასამუშაო საათებში წავა და ხორცის გადაზიდვაზე იმუშავებს, რატომაა პრობლემა? მაშინ უნდა მისცე ისეთი ანაზღაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომ სხვა სამსახურის მოძებნა არ დასჭირდეს. მესმის, რომ ბევრზე მაღალი ხელფასი მაქვს, მაგრამ გვაქვს საბანკო და სხვა ვალდებულებები. მე, მაგალითად, არავის არ ვამადლი ჩემს თავს, მაგრამ ჩემი ანაზღაურება აღმოჩნდა, რომ არ იყოს საკმარისი. ამიტომაც ვიმუშავე რესტორანში.

არა მგონია, რომ ტელევიზიის მუშაობასთან მოდიოდეს ჩემი მეორე სამსახური წინააღმდეგობაში. მე ვმუშაობდი შვებულების დროს და შვებულებას, როგორც მინდა, ისე გამოვიყენებ… ამჟამად ტელევიზიას უნდა შევუთანხმდე, ვიმუშავებ თუ არა არასამუშაო საათებში“, – გვითხრა ტარიელ ცეცხლაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მხოლოდ ორი თანამშრომლის შესახებ აქვს ინფორმაცია, ვისაც ორი სამსახური აქვს.

„ინფორმაცია გვაქვს ბექა რომანაძის, ასევე ბესო ჩიბურდანიძის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები არის გამოკვეთილი და ეს საქმეები გადაეცა ადამიანური რესურსების სამსახურს შესასწავლად. სხვების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენ 2017 წლის დასაწყისში ვთხოვეთ თანამშრომლებს მოეწოდებინათ ინფორმაცია დამატებითი სამსახურის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტი რომელიმე სხვა შემთხვევაში არ გამოკვეთილა,“ – გვითხრა ნათია კაპანაძემ.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი თვლის, რომ პრობლემაა „ინტერესთა კონფლიქტი“. თუ თანამშრომელი არასამუშაო საათებში იმუშავებს და რომელიმე საჯარო, ან კერძო კომპანიის პიარით არ დაკავდება, ეს დასაშვებია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი არსად არ უნდა მუშაობდეს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა. მან შეიძლება მხოლოდ მომავალ ჟურნალისტებს ცოდნა და თავისი გამოცდილება მიაწოდოს,“ – მიიჩნევს მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე.

ის განმარტავს, რომ სხვა საჯარო უწყებაში, ან კომპანიაში მუშაობა, განსაკუთრებით კი პიარის მიმართულებით, ჟურნალისტის პროფესიულ დამოუკიდებლობაზე გავლენას ახდენს. ზვიად ქორიძე „ინტერესთა კონფლიქტს“ უხილავ პრობლემას უწოდეს, რომელიც ხშირად ხელშესახებად საგრძნობი არ არის.

„ეს იოლად ხელშესახები არ არის. შესაძლოა, ჟურნალისტმა მოამზადა სიუჟეტი იმ კომპანიაზე, ვის პიარზეც მუშაობს, მაგრამ ვერ გავიგებთ, იყო თუ არა იგი სათანადოდ კრიტიკული, მიუკერძოებელი. ვერც იმას გავიგებთ, კრიტიკა იყო თუ არა სრული სახით წარმოდგენილი. შესაძლოა, ჟურნალისტმა ამ დროს მიჩქმალა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი. როცა ჟურნალისტს აქვს სხვა, მეორე სამსახური, შეიძლება მასზე არსებობდეს სამთავრობო, ან ბიზნესგავლენები.

აქ არ დგას საკითხი ისე, რომ არ გვინდა, ან კანონში როცა ამ შეზღუდვაზე დათქმა გაჩნდა, არ უნდოდა ვინმეს, რომ ჟურნალისტს მაღალი შემოსავალი ჰქონოდა. თუმცა კანონმა ამ კუთხითაც იმუშავა, პარლამენტმა მისცა საშუალება საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამიდანაც მიიღოს შემოსავალი. გააკეთონ მაღალრეიტინგული გადაცემები და ექნებათ მაღალი შემოსავალი. საზოგადოებრივ მაუწყებელს იმიტომაც აქვს გარანტირებული შემოსავლები, რომ ის არ დაკავდეს სხვა შემოსავლების მოძიებით… მიმაჩნია, რომ შვებულების დროსაც, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი გიხდის ხელფასს, არ აქვს თანამშრომელს სხვა სამსახურით დაკავების უფლება“, – გვითხრა ზვიად ქორიძემ.

მედიის სპეციალისტი კიდევ ერთ რისკზე საუბრობს – სხვა ჟურნალისტების მოტივაციაზე, ვისაც „მეორე სამსახური“ არ აქვს.

ზვიად ქორიძე: „მსგავსი მიდგომა მუშაობს უარყოფითად სხვა თანამშრომლების მოტივაციაზე – თუ ვინმე მუშაობს „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ მენეჯერად, რატომ არ შეიძლება მე „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ-მენეჯერად ვიმუშაო, ან ის თუ მუშაობს ზოგადად, მეც რატომ არ შეიძლება დამატებით შემოსავალი მქონდეს?!

აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება ამაზე ტელევიზიის ხელმძღვანელობამ. შესაძლოა, კონკრეტული პირი ძალიან კარგი ჟურნალისტია, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ გააკეთებ მიუკერძოებელ რეპორტაჟს, მაგალითად, ენერგო მომარაგებაზე, როცა „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ მენეჯერი ხარ?“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: