ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, წელს, დეკემბერში უნდა დასრულდეს, 2019 წლის იანვარში კი შენობა ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, ახალ შენობაში, პირველ სართულზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ინოვაციური ცენტრი გაიხსნება, დარჩენილ სამ სართულზე კი ძირითად ადგილს პროფესიული სასწავლებელი დაიკავებს:
„რეკომენდაცია გვქონდა, რომ პროფესიული სასწავლებელი გაბნეული არ იყოს უნივერსიტეტში და როგორც ეფექტური მართვისთვის, ასევე კონტროლისთვის, უმჯობესია ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი“.
უნივერსიტეტში ამ დროისთვის არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ დააფინანსებენ კაბინეტების აღჭურვას. ჯემალ ანანიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით თანხა აჭარის ბიუჯეტში გაითვალისწინონ.
ახალ შენობაში რამდენიმე დიდი სასწავლო აუდიტორიის მოწყობასაც გეგმავენ, რაც გაერთიანებული ლექციების ჩატარების საშუალებას იძლევა:
„აქ დიდ ჯგუფებს ჩაუტარდებათ ლექციები, იქნება ასევე საზაფხულო სკოლისთვის სივრცეები, საერთო საცხოვრებლის სიახლოვე საშუალებას იძლევა, რომ სხვა ქვეყნებიდან მოწვეულებიც განვათავსოთ და აქ მათ ჩაუტარდეთ საზაფხულო სკოლებთან დაკავშირებული სემინარები, ლექციები და ასე შემდეგ“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.
უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ ინოვაციურ ცენტრში ბიზნესიდეების დამუშავებას და დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევასაც გეგმავენ:
„დამუშავდება ბიზნესიდეები, გაიცემა რეკომენდაციები, თუ როგორ წამოიწყონ თავიანთი საქმეები, არა მხოლოდ სტუდენტებზე, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე. სტუდენტს და მოსწავლესაც ექნება ჩართულობის საშუალება“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.