მთავარი,სიახლეები

ბინები ბათუმში ბიტკოინითაც იყიდება – როგორ გადაიხდის კომპანია გადასახადებს

31.08.2018 • 3081
ბინები ბათუმში ბიტკოინითაც იყიდება – როგორ გადაიხდის კომპანია გადასახადებს

ბათუმში ერთ-ერთი კომპანია, რომლის დამფუძნებლებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ [რუსეთი-საქართველო], მსურველს სთავაზობს ბინის შეძენის საფასური გადაიხადოს ბიტკოინითაც. საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ არის გადახდის კანონიერი საშუალება.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როგორ დაიბეგრება კომპანია, თუ გამყიდველი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში ვირტუალურ ვალუტას, ბიტკოინს მიუთითებს.

ნებისმიერი კომპანია, რომელიც, ვთქვათ, საცხოვრებელ ბინებს ყიდის, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს [დღგ-ს], თუ გათავისუფლებული არ არის ამ გადასახადისგან; ამასთან, ბინის გაყიდვით მიღებული თანხა უნდა აისახოს კომპანიის შემოსავლებში და დივიდენდის გატანის დროს კომპანია იხდის მოგების გადასახადსაც – განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

როგორ დაბეგრავს სახელმწიფო კომპანიას, თუ ის ხელშეკრულებაში გაყიდვის დროს ბიტკოინს დააფიქსირებს და შემოსავლებშიც ამ ვირტუალურ ვალუტას ასახავს? – ეროვნულმა ბანკმა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართა. როგორც ბანკში აცხადებენ, „ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ, როცა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მითითებულია უცხოური ვალუტა, ვთქვათ აშშ დოლარი, მის ოდენობას ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ლარის ოფიციალური კურსით ადგენენ.

„რაც შეეხება ბიტკოინს, მას ეროვნული ბანკი არ აღიარებს გადახდის კანონიერ საშუალებად, ამიტომ ვერ გეტყვით, როგორ გამოითვლება ბიტკოინი ლარში, თუ ეს ელექტრონული ვალუტა იქნება დაფიქსირებული ხელშეკრულებაში გადახდის საშუალებად. ორ სუბიექტს შორის სავაჭრო ურთიერთობაში ვერ ჩავერევით, მაგრამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფოს მიერ დარეგულირებული არ არის“, – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში. ოფიციალურ, წერილობით პასუხს კი სამსახური ორშაბათისთვის [3 სექტემბერი] დაგვპირდა.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ელექტრონულ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას, თუმცა კანონით საქართველოში ყიდვა-გაყიდვისას შეთავაზება დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარში. შესაბამისად, კომპანია, რომელიც ბინის შეძენის მსურველებს, ამ შემთხვევაში, 1კვ/მ-ს 850 აშშ დოლარიდან სთავაზობს და, ამასთან, გადახდის საშუალებად ბიტკოინიც აქვს მითითებული – კანონდარღვევაა.

საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულოა 2017 წლის 1-ლი ივლისიდან.

[red_box]ამ წესის დარღვევის შემთხვევაში:[/red_box]
  • ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის [და არა რეკლამის გამავრცელებლის] გაფრთხილებას;
  • იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მეწარმე [დამკვეთი] დაჯარიმდება 1000 ლარით;
  • ყოველი მომდევნო დარღვევისას კი, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

კრიპტოვალუტის რეგულაციის მომხრეები მთელ მსოფლიოში გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ელექტრონულ ვალუტას თან ახლავს. ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ სპეკულაციები სახელდება ინვესტიციების კუთხითაც.

Bitcoin [ბიტკოინი] კრიპტოვალუტა იგივე ციფრული ვალუტაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ციფრული ვალუტა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის დეკემბერში გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით მხედველობაში მისაღებია შემდეგი გარემოებები:

[checklist]

  • დღეს არსებულ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, რაზეც, დიდი ალბათობით, გავლენას სპეკულაციური მოლოდინები ახდენს. ამდენად, ვირტუალური ვალუტების ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.
  • ვირტუალური ვალუტების შემთხვევაში, არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რის გამოც მომხმარებელთა პრობლემების/დავების გადაჭრის პროცესი მნიშვნელოვნად იქნება გართულებული.
  • ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვლითი პლატფორმების და ციფრული საფულეების საშუალებით ხდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი და მათი სამართლებრივი სტატუსი რიგ შემთხვევებში გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები, რომლებიც ასეთ პლატფორმებს იყენებენ სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად, შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსური რისკების წინაშე. ამასთანავე, ასეთი პლატფორმები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეა.
  • ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა/ფსევდო-ანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას არაკანონიერი საქმიანობისთვის, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის.

[/checklist]

ეროვნული ბანკის ამ განცხადებიდან ხუთ თვეში, ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ „ალბათ, გარკვეულ პერიოდში აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება, მაგრამ მთელი მსოფლიო და ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან თუ რა ფენომენია ეს“.

დღეს ეროვნულ ბანკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი პოზიცია ამ საკითხზე არ შეცვლილა და გასული წლის დეკემბერში მოქალაქეები, უბრალოდ, გააფრთხილეს, ვინაიდან „ბოლო პერიოდში მსოფლიოში ვირტუალური [კრიპტოგრაფიული] ვალუტები სულ უფრო პოპულარული ხდება.

Livecoinwatch-ის ინფორმაციით, თუ 1 ბიტკოინის ფასი 2018 წლის 19 იანვრისთვის 11 400 აშშ დოლარი იყო, მისი ფასი დღეს, 2018 წლის 31 აგვისტოს 6 950 აშშ დოლარია.

მთავარი ფოტო: იმ შენობის პროექტის რენდერი, რომელიც ბინებს ბიტკოინშიც ყიდის


გაიგე მეტი კრიპტოვალუტის შესახებ?

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: