მთავარი,სიახლეები

ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს

23.08.2018 • 3379
ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმის მერიის საკონკურსო კომისიამ იმ მიკროავტობუსების შემოწმება [ტექნიკური დათვალიერება] დაასრულა, რომლებმაც ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე უნდა იმოძრაონ. საკონკურსოდ 696 მიკროავტობუსი იყო წარდგენილი, შემოწმება 636-მა გაიარა. აქედან ის კრიტერიუმები, რომლებიც საკრებულოს მიერ არის დადგენილი, დააკმაყოფილა და მინიმალური ზღვარი გადალახა 564-მა მიკროავტობუსმა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ქალაქში ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს რაოდენობა პირველი სექტემბრიდან  250-მდე უნდა შემცირდეს.

იქნება თუ არა მიკროავტობუსების ეს რაოდენობა საკმარისი მგზავრების გადასაყვანად? – მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ „როცა დაიწყება მუშაობა, ყველაფერი გამოჩნდება – მიკროავტობუსის დამატება იქნება საჭირო ამა თუ იმ ხაზზე, ან პირიქით შემცირება, მაგის დარეგულირების უფლებაც გვაქვს და თუ საჭიროება მოითხოვს, დავარეგულირებთ“.

ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, კონკურსგავლილი მიკროავტობუსები სამარშრუტო ხაზებზე ქალაქში 2018 წლის პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ. მანამდე კი კომისიის საბოლოო შედეგები გადაეგზავნება ბათუმის საკრებულოს, რომელიც მგზავრთა გადაყვანის ნებართვის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში 6 კომპანია მონაწილეობს. აქედან ოთხს შესაბამისი ნებართვები აქვს და მათი მიკროავტობუსები მოძრაობენ ქალაქში. ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ ამ კომპანიებს „პარკინგი 70%-ით შეცვლილი აქვთ, წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და კონკურსგავლილი მიკროავტობუსების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ ხაზებზე არ მოძრაობენ“.

საკრებულოს შესაბამისი დადგენილების მიხედვით, პირველი სექტემბრიდან უნდა შეიცვალოს ქალაქში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემები, რამდენიმე ხაზი კი უნდა გაუქმდეს [მაგალითად: ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები  შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55]. ამასთან, დარეგულირდება ინტერვალები ხაზზე მოძრავ ავტობუსებს შორის.

ნებართვის მფლობელი, სხვა პირობებთან ერთად, ვალდებული იქნება მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსები აღჭურვოს GPS მონიტორინგის სისტემით. ამასთან, „უზრუნველყოს მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი  საშუალებების [მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება] დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და უნდა ახდენდეს მათ აღრიცხვას“.

ემზარ ქავჟარაძის თქმით, „როგორც კი ნებართვა გაიცემა ოფიციალურად, ნებართვის მფლობელებს მიეცემათ მაქსიმუმ ერთი თვის ვადა, რათა კონკურსგავლილი მიკროავტობუსები აღჭურვონ GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის გადახდა გადავიდეს ელექტრონულ სისტემაზე. გადახდა შესაძლებელი იქნება იმ სამგზავრო ბარათებით, რომლებითაც დღეს მუნიციპალურ ავტობუსებშია შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: