მთავარი,სიახლეები

მასწავლებლების ონლაინტრენინგებისთვის ტრენერების მომზადება დაიწყო

31.08.2018 •
მასწავლებლების ონლაინტრენინგებისთვის ტრენერების მომზადება დაიწყო

ბათუმში მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების გადამზადების ონლაინკურისისთვის ონლაინფასილიტატორების [ტრენერების] გადამზადება დაიწყო. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს კონკრეტულ საგნებში ონლაინკურსებს შესთავაზებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრენერებად ცენტრის თანამშრომლებსა და პროექტის მონაწილეებს ამზადებენ. ტრენინგები ამ ეტაპზე ბათუმში ტარდება.

„ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის მონაწილეები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები იქნებიან. ისინი არიან მოდულების ავტორები, შემდეგ კი, როდესაც ტრენინგები მასობრივად დაიწყება, შესაძლოა ცენტრმა შეარჩიოს საგნების სპეციალისტები. ეს ტრენინგები ამოქმედდება 2019 წლის მეორე ნახევრიდან. ჯერჯერობით, მხოლოდ მომზადების პროცესში ვართ, ამიტომ პროექტი ამ ეტაპზე არ საჭიროებს ბევრ ტრენერს“, – განმარტეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პრესსამსახურში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, პროექტის საშუალებით მასწავლებლებს საქართველოში ონლაინფორმატში გადამზადების კურსის გავლის საშუალება პირველად მიეცემათ. ონლაინტრენინგების კურსი ორი მიმართულებით შეიქმნება: მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში გადამზადების კურსი და საგნობრივი ტრენინგების კურსი. დაგეგმილია, რომ ონლაინტრენინგების ორივე კურსში მასწავლებლებმა კრედიტქულებიც აიღონ.

პროექტის მართვის ჯგუფისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის  ვორქშოფს ბათუმში პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის, IREX-ის ტექნოლოგიების ექსპერტი, მერი ბერნსი ატარებს.

ვორქშოფი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ონლაინპროფესიული განვითარების სპეციფიკის გაცნობასა და ონლაინპლატფორმაზე მუშაობის უნარების განვითარების ხელშეწყობას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ონლაინპროფესიული განვითარების კურსები პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე მზადდება, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტს აერთიანებს.

ონლაინკურსები პედაგოგებს მისცემს საშუალებას, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინრეჟიმში გაიარონ პროფესიული განვითარება. ონლაინტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარება.

პირისპირ კურსების ონლაინფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ზოგადპროფესიული უნარების და საგნობრივი მეთოდიკის ონლაინკურსებს [ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური] შესთავაზებენ. შესაბამისად, საგნობრივი ონლაინტრენინგების კურსის გავლა შეეძლებათ მხოლოდ  ამ საგნების მასწავლებლებს, პროფესიულ უნარებში კი – ყველა პედაგოგს.

კურსი გათვლილია მეშვიდედან მეთორმეტე კლასის მასწავლებლებისთვის.

ამავე თემაზე

5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები – ახალი პროექტი მასწავლებლებისთვის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: