ვის შეეძლება დედების თავშესაფრით სარგებლობა აჭარაში – პროგრამა ფართოვდება

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებას გეგმავს. პროგრამით სარგებლობას მომავალი წლიდან აჭარაში რეგისტრირებული ის დედებიც შეძლებენ, რომელთაც მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვთ, თუმცა რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან: არ აქვთ უსაფრთხო საცხოვრებელი და საჭირო თანადგომა.

„სამინისტროს მომართავდნენ ქალები არასრულწლოვანი შვილებით, რომლებიც არ იყვნენ მარტოხელა დედები, თუმცა იყვნენ მიუსაფრები, არ ჰყავდათ თანამდგომი და აუცილებელი იყო მათთვის რაღაც გარემოს შექმნა, რომ დაცული ყოფილიყო მათი უსაფრთხოება და ბავშვთა მიტოვების პრევენციის საკითხები. რადგან ეს პრობლემა გამოიკვეთა, გადავწყვიტეთ ასეთ დედებსაც გავუწიოთ დახმარება – ესენი იქნებიან მიუსაფარი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი დედები. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, მაგალითად, რომ ბავშვი არის მამის გვარზე, ანუ დედას მარტოხელა მშობლის სტატუსი არ აქვს, ამავე დროს ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობისაა, ქალს არ ჰყავს მხარდამჭერი ოჯახიდან, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ასეთ დროს იზრდება ბავშვის მიტოვების რისკი. გვინდა, რომ ბიოლოგიური ოჯახი გაძლიერდეს და ბავშვი იყოს დედასთან – ეს არის ჩვენი პირველი მიზანი, ამიტომ გადავწყვიტეთ პროგრამა იყოს არა მხოლოდ მარტოხელა დედებისთვის, არამედ სხვა, მიუსაფარი დედებისთვის, რომელთაც მცირეწლოვანი შვილი ან შვილები ჰყავთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ინდირა ნაკაიძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვა შეიძლება სოციალური სააგენტოს მონაწილეობით. ჯერ სააგენტო შეისწავლის პრობლემას და მისი დასკვნის საფუძველზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კომისია განიხილავს ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის აუცილებლობას.

პროგრამა უზრუნველყოფს დედა-შვილს უსაფრთხო საცხოვრებლით, კვებით, ჰიგიენური ნივთებით და სამედიცინო მომსახურებით, საჭიროების შემთხვევაში. ამავე პროგრამის ფარგლებში ხდება მშობელთა პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. ერთ ბენეფიციარზე დღეში 17 ლარია გათვალისწინებული.

მარტოხელა დედები მახინჯაურში, სამედიცინო ასოციაცია „თანას“ მიერ მოწყობილ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობენ. ინდირა ნაკაიძის თქმით, ამ დრომდე ეს ორგანიზაცია საუკეთესო პირობებს სთავაზობს მარტოხელა დედებს:

„ვფიქრობთ, დედები აქ დარჩებიან იმ დრომდე, სანამ ბავშვი არასრულწლოვანია. წესით, ათ წლამდე უნდა იყოს ერთი ბავშვი მაინც, რომ ბენეფიციარი პროგრამაში მოხვდეს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკის დასკვნას, მისი დასკვნის საფუძველზე შეიძლება გამონაკლისის დაშვება“.

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს. ამ დრომდე პროგრამა 20 ბენეფიციარზე იყო გათვლილი, 2019 წლიდან კი 40 ბენეფიციარს [დედები და შვილები] შეეძლება მისით სარგებლობა. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, პროგრამაში ცვლილებები შევიდეს.

პროგრამის წლიური ბიუჯეტი 248 200 ლარი იქნება. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

_______________

მთავარ ფოტოზე: სამედიცინო ასოციაცია „თანას“ შენობა, სადაც დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებს

მოსახლეობა მაღალი ძაბვის ქვეშ და საბჭოთა ნორმატივებით დადგენილი უსაფრთხოება

ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე-1“-ის რეაბილიტაციაზე შეთანხმება „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და იმ მოსახლეობას შორის, ვის საკუთრებაშიც ეს ხაზი გადის, მიღწეული არ არის. მეტიც, კონკრეტული მოლაპარაკებები პრობლემის გადასაჭრელად ამ დრომდე არ დაწყებულა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ საკუთრებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება აქვთ და კომპანიას სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. ისინი ითხოვენ ხაზის გადატანას მათი ნაკვეთებიდან, რომლებსაც, სრულყოფილად, როგორც თავად ამბობენ, ამ ხაზის გამო ვერ სარგებლობენ.

მოსახლეობასა და კერძო კომპანიას შორის შეუთანხმებლობის გამო ვერ ხერხდება ბათუმში ახალი ობიექტების ქსელზე დაერთება. რაც შეეხება ბათუმში მშენებარე მსხვილ ობიექტებს, „ენერგო-პროში“ აცხადებენ, რომ „მათ აქვთ აღებული დროებითი ტექნიკური პირობა მშენებლობისთვის“.

„ერგე-1“-ის გაძლიერების გარეშე კი, ენერგოკომპანიასა და სემეკში ამტკიცებენ, რომ შესაძლოა ბათუმი და მთლიანად აჭარა, შუქის გარეშეც კი დარჩეს.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ითხოვს „კომპანიას მიეცეს უფლება საკუთრებაში არსებულ ქონებასთან [ანძა, ხაზი] მისვლის, რათა განახორციელოს საჭირო სამუშაოები“.

გადამცემი ხაზი „ერგე-1“ საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში / განახლება /

110 კვ მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი [ერგე-1] კომპანიამ საკუთრებაში 2017 წლის 30 ოქტომბერს დაირეგისტრირა, „თუმცა, აღნიშნული ხაზი მანამდეც კომპანიის საკუთრებაში იყო. „ენერგო-პრო“-ს არ ჰქონდა ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაციის ვალდებულება“, – მოგვწერეს კომპანიიდან.

იურისტი მალხაზ აბულაძე კი აცხადებს, რომ ამ კუთხით ადგილი აქვს დარღვევას: „მოსახლეობას საკუთრება უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა, როცა ენერგოკომპანიამ ხაზოვანი ნაგებობა დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. ხაზოვანი ნაგებობა დარეგისტრირდა მოსახლეობის კერძო საკუთრებაზე, ზედდებას ჰქონდა ადგილი და საჯარო რეესტრმა ისე დაარეგისტრირა ეს ხაზი, რომ მესაკუთრეებისგან [მოსახლეობისგან] თანხმობა არ ჰქონია. ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი პრობლემა, რომელსაც ჩვენ გავასაჩივრებთ“.

იურისტი სხვა პრობლემაზეც საუბრობს.

„ეს არის სოციალური პრობლემაც. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხაზს თავისი დამცავი ზონა უნდა ჰქონდეს, რაც საქართველოში მოქმედი სტანდარტებით მითითებულია სადენიდან 20 მეტრი იქეთ და აქეთ. ამ ზონაში კომპანიის თანამშრომელსაც კი არ აქვს უფლება დამცავი საშუალებების გარეშე შევიდეს, რადგან სიცოცხლისთვის საშიშია, და წარმოიდგინეთ, ამ ზონაში მოსახლეობა წლებია ცხოვრობს. რატომ შიშობს მოსახლეობა? – იმიტომ, რომ ხაზი წარმოქმნის ელექტრულ და მაგნიტურ ველებს, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებას და ამ ზონაში გამოსაყენებლად უვარგისს ხდის ხილს და ბოსტნეულსაც კი, რომელთა მოყვანა-კულტივირება დაუშვებელია ამ ზონაში. ჩვენ რაც გამოვითხოვეთ კომპანიისგან დოკუმენტები, იქ მითითებულია, რომ გაორჯაჭვიანება უნდა მოხდეს, იქ არ არის დაზუსტებული, გაიზრდება თუ არა სიმძლავრე. ორი 110 კვ-იანი ხაზი თუ გავა,  გაიზრდება ამ ელექტრომაგნიტური ველის დასხივება და ესაა საზიანო“, – ამბობს მალხაზ აბულაძე.

„ენერგო-პროში“ აცხადებენ, რომ მათ აქვთ საექსპერტო დასკვნა, რომ ხაზის რეაბილიტაციის შემთხვევაში ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები ნორმები არ გაუარესდება.

გადამცემი ხაზი „ერგე-1“ საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში / განახლება /

მოსახლეობა, ვისაც „ბათუმელები“ შეხვდა, ამბობს, რომ საექსპერტო დასკვნა მათ არ უნახავთ. კომპანიაში კი გვითხრეს, რომ დასკვნა 18 ოჯახს გადაეგზავნა ფოსტით, 15 ოჯახს კი ხელზე გადაეცა.

დასკვნა, რომელიც კომპანიამ მოგვაწოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების პროცესების შესაბამისობის შეფასების სერტიფიკაციის ორგანოს მიერაა მომზადებული.

ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „კომპანიის მიერ მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ხაზის რეაბილიტაციის შემთხვევაში მაგნიტური და ელექტრული ველების დაძაბულობა ნორმაზე უკეთესი იქნება“.

საექსპერტო დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ზღვრული ნორმები დადგენილია ყოფილი საბჭოთა კავშირის სანიტარული და სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებზე დაყრდნობით:

ამონარიდი საექსპერტო დასკვნიდან

იურისტი მალხაზ აბულაძე, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ თუ დასკვნა არის, „ვნახავთ, გავეცნობით და შესაბამისად ვიმოქმედებთ – ეს იქნება ალტერნატიული ექსპერტიზა, განმეორებითი და ა.შ.“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზის რეაბილიტაციაზე ნებართვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან უკვე მიღებული აქვს.

მალხაზ აბულაძე ამბობს, რომ გაასაჩივრებენ ამ ნებართვასაც: „სამართლებრივი კითხვაა – როგორ გაიცა სხვის საკუთრებაში სამუშაოებზე ნებართვა, როცა მესაკუთრეს თანხმობა არ მიუცია? ასევე გავასაჩივრებთ საკუთრების უფლებასაც, მოსახლეობას აქვს უფლება, თავიანთ ნაკვეთში არავინ შეუშვას. ეს მესაკუთრის ელემენტარული უფლებაა“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ნებართვა გაცემულია: „კი, ჩვენი გაცემულია. მოგვმართა კომპანიამ და ჩვენ გავეცით საჭიროებიდან გამომდინარე. ხაზი კომპანიის საკუთრებაა და საჭიროა დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქ ბათუმისთვის, თორემ ქალაქი ჩაქრება და ახალი აბონენტების აღრიცხვიანობა არ მოხდება.  რეალობაა ეს ყველაფერი და დამტკიცებულია ტექნიკურად და ინჟინრულად. ჩვენ მივეცით კომპანიას უფლება და კომპანიის და კერძო მესაკუთრის ურთიერთობა, ეს უკვე მათი ურთიერთობაა“.

„მოსახლეობა იმის წინააღმდეგი კი არ არის, რომ კომპანიამ ინფრასტრუქტურა განავითაროს და ქალაქი დენით მომარაგდეს, მოსახლეობა წინააღმდეგია იმის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს მათი ჯანმრთელობის ხარჯზე. საკუთრების უფლების ხელყოფაც არის და აქ არის სიცოცხლის უფლებაც. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ მოქალაქეების სიცოცხლის უფლება იყოს დაცული. ანუ მათი ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და ისინი მავნე გარემოში არ უნადა ცხოვრობდნენ. ახლა ამბობენ, დიდი ხანია, კომუნისტების დროს გადიოდა ეს ხაზიო, მაგრამ თუ მოსახლეობის საკუთრების და სიცოცხლის უფლებები ირღვეოდა, გვაქვს დღეს უფლება იგივე გავაგრძელოთ?“ – ამბობს მალხაზ აბულაძე.

კითხვაზე, როგორც მერი, რას ფიქრობს, ვინ უნდა დაიცვას მოსახლეობის ინტერესები და ჩართულია თუ არა მერია ამ საკითხში? – ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ „დაცული უნდა იყოს აუცილებლად მოსახლეობის ინტერესები, კი ბატონო. ჩვენ ჩართული არ ვართ, ვინაიდან ჯერ არ მიდის მოლაპარაკებები. ეს პროცესი არ არის დაწყებული“.

საიას იურისტის პაატა დიასამიძის განცხადებით, თუ კანონის დაცვით ხდება ყველაფერი და არსებობს საექსპერტო დასკვნა, რომ რეაბილიტირებული ხაზი არ ვნებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და არ აუარესებს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა, რომლის საკუთრებაშიც გადის ხაზი, ვერაფერს გახდება და კომპანია უნდა დაუშვას მის საკუთრებასთან.

„თუმცა, მოსახლეობას შეუძლია გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიისგან და ამ დოკუმენტებით მიმართოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა კერძო ექსპერტს. თუ ალტერნატიული ექსპერტიზა დაწერს, რომ ხაზი ვნებს ჯანმრთელობას, ან/და ხაზის გამო საკუთრების უფლების რეალიზებას ვერ ახდენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ასეთ შემთხვევაში მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, დაიწყოს დავა და მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე კი ვერაფერს გახდება ვერც სასამართლო და ვერც მოქალაქე“, – ამბობს პაატა დიასამიძე.

მოსახლეობისთვის რაიმე კომპენსაციის გაცემას, ასევე ხაზების გადატანას კერძო საკუთრებიდან, ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი], სადაც აცხადებენ, კომპანიის დამატებითი ხარჯი დენის ტარიფზე აისახება.

„თუ მოქალაქეს ეკუთვნის კომპენსაცია, ანუ, თუ ის საკუთრების უფლების რეალიზებას ვერ ახდენს, თუ საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რაზედაც არსებობს ექსპერტის დასკვნა და კომპენსაციას არ აძლევ, ეს კანონთან აშკარა წინააღმდეგობაშია“, – აცხადებს პაატა დიასამიძე.

მოსახლეობის ინტერესების დამცველი მალხაზ აბულაძე კი ამბობს, რომ „ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უკუღმართად – საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს ნორმატიული აქტი, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზოვანი ნაგებობების დაცვის ზონების შესახებ, მაგრამ მკაფიოდ მიღებული ნორმატიული აქტი, ამ ხაზოვანი ნაგებობების მავნე გამოსხივებისგან მოსახლეობის დასაცავად, მიღებული არ აქვს. დღეს ისე გამოდის, რომ ხაზოვანი ნაგებობა უნდა დავიცვათ მოსახლეობისგან. ის, რომ გადამცემი ხაზი მავნე არის მოსახლეობისთვის, ამას არ ამბობენ.“

 

ყოფილი მინისტრი, დავით ბალაძე კომპანია „ალიანსი ჯგუფის“ დირექტორად დანიშნეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა – დავით ბალაძემ „ალიანსი ჯგუფში“ დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ყოფილი მინისტრი „ფეისბუქში“ წერს. ის სამედიცინო კომპანია „ევექსის“ თანამშრომლებს დაემშვიდობა, სადაც დავით ბალაძე მინისტრობის შემდეგ ბოლო წელიწად-ნახევარი მუშაობდა.

რა ტიპის ურთიერთობაში იყვნენ აქამდე კომპანია და ყოფილი მინისტრი? – დავით ბალაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ახლა იმ კომპანიაში იმუშავებს, ვის სასარგებლოდაც ორი წლის წინ უკვე იმუშავა, მინისტრობის დროს. 2016 წელს, მინისტრის სავარძლის დატოვებამდე, ბალაძის უწყებამ ბათუმის საკრებულოს ბათუმის ბულვართან ახლოს, რუსთაველის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის კონკრეტული კომპანიისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემა მოსთხოვა.

საკრებულო სამინისტროს მოთხოვნას დათანხმდა. ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 12 ივლისის განკარგულება, რომელსაც საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე – ირაკლი ჭეიშვილი აწერს ხელს, ამ სიტყვებით სრულდება:

„ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს (დ. ბალაძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება“.

რა მიმართულებით იქნება დირექტორი ყოფილი მინისტრი კომპანია „ალიანს ჯგუფში?“  – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ „ალიანსი ჯგუფს“ გუშინ, 19 სექტემბერს მიმართა, მაგრამ ორდღიანი ლოდინის მიუხედავად პასუხი ვერ მივიღეთ. კომპანიის კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირაკლი ფარულავამ, თავდაპირველად გვითხრა, რომ შეხვედრაზეა, შემდეგ კი ჩვენი სატელეფონო ზარები და შეტყობინება უპასუხოდ დატოვა. ტელეფონს არც კომპანიის ერთ-ერთმა მესაკუთრემ, გია ბიწაძემ, უპასუხა და არც ყოფილმა მინისტრმა, დავით ბალაძემ. „ალიანსი ჯგუფის“ საქალაქო ტელეფონის ნომერზე დღეს [20 სექტემბერი] ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ გვითხრეს, რომ ამ საკითხებზე კომენტარი ირაკლი ფარულავამ უნდა გააკეთოს, რომელიც ახლა შვებულებაშია. „როცა ვნახავთ, გადავცემ თქვენს კითხვას,“ – გვითხრა „ალიანსი ჯგუფის“ ოპერატორმა.

კომპანიას ჯერ არ დაუსრულებია პროექტი, რისთვისაც 2016 წელს აჭარის ფინანსთა სამინისტროსგან ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, მიიღო მიწის ნაკვეთი [სულ 3263 კვ.მეტრი]. ეს ნაკვეთი სამინისტრომ 978 900 აშშ დოლარად მიყიდა კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსის“ 100-ნომრიანი სასტუმროს აშენების პირობით. კომპანიას  თანხა ბიუჯეტში 6 თვის განმავლობაში უნდა ჩაერიცხა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად მიწის ნაკვეთი რუსთაველის 42-სა და ნინოშვილის 39-ში კომპანია „ალიანსი ფრივილიჯს“ ეკუთვნის. ზუსტად ამ ტერიტორიაზე უნდა აეშენებინა კომპანიას „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსის“ 100-ნომრიანი სასტუმრო. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო აკაკი სონგულია.

მოგვიანებით კომპანიის საფირმო სახელწოდება შეიცვალა  – „ალიანსი ფრივილიჯით“. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიაში აკაკი სონგულია უკვე წილის 13%-ს ფლობს. ის ამ კომპანიის გენერალური დირექტორიცაა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ: თემურ ბიწაძე, ავთანდილ გორგილაძე და ბესიკ ჟღენტი.

კომპანია „ალიანს ჯგუფის“ ინტერნეტგვერდის მიხედვით, „ალიანსი ფრივილიჯი“ ახალი და ექსკლუზიური პროექტია „ალიანს ჯგუფისგან“ და „ალიანს ფრივილიჯში“ კომპანიის პარტნიორი მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ბრენდი – მარიოტ ინტერნეიშენალია.

54-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა რუსთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის წინ, 2020 წელს უნდა დასრულდეს. აკაკი სონგულიას თქმით, 160-ნომრიანი სასტუმრო „მერიოტი“ 2021 წელს გაიხსნება. კომპანია პროექტში 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. 

ოპოზიცია ამ დრომდე ხშირად აპროტესტებდა იმას, რომ სასტუმროს მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო. „მშენებლობის ნებართვა გაცემულია,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ამ თემაზე:

ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსი აშენდება – კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ

 

 

„იდეალურად სწორი კინოს რეჟისორები მორწმუნეებს ემსგავსებიან“ – ვიტალი მასკის მასტერკლასი

19 სექტემბერს ბათუმში, საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, დოკუმენტური კინოს რეჟისორის, ვიტალი მანსკის მასტერკლასი გაიმართა. ვიტალი მანსკი წელს ბათუმის კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების ჟიურის თავმჯდომარეა. მასტერკლასზე  -„დოკუმენტური კინორეჟისურა“ -მან დოკუმენტური კინოს თავისებურებებსა და კინოდოკუმენტალისტიკის თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს მასტერკლასის ჩანაწერიდან.

ვიტალი მანსკი, რეჟისორი: 

„წელიწადში რამდენიმე ათას ფილმს ვნახულობ, ძალიან ძნელია, ფილმებს შორის, რომლებიც წლიდან წლამდე მსოფლიოში გამოდის, საუკეთესოები შეარჩიო, ამის კარგი საშუალებაა სწორედ ფესტივალები. ხალხი, ვინც ამ ფესტივალს ამზადებს, უამრავ ფილმს ნახულობს, რომ წლის ბოლოს თქვენ საუკეთესო ნაკრები შემოგთავაზოთ. მაყურებლისთვის ეს მზა სიამოვნება და ფუფუნებაა.

ჩემს დოკუმენტურ ფილმებზე შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს ვიცი დაწყებული ფილმი რით დამთავრდება. არ ვიცი, გამომივა თუ არა ფილმი, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ სადღაც, ლოგიკურ ადგილას უნდა შევწყვიტო გადაღება და კამერა გამოვრთო. დოკუმენტური ფილმის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება – თავად სიცოცხლე გრძელდება უსასრულოდ, მაგრამ უნდა იპოვო საუკეთესო მომენტი ბოლო კადრის დასასრულებლად.

უსასრულოდ გაფართოვდა ვიდეო და ფოტოკამერების ხარისხი, ხედვის დახვეწილობა და სიზუსტე. ტექნიკის მაღაზიებში, გასაყიდი ტელევიზორების ეკრანებზე თქვენ ხშირად ხედავთ იდეალური ჩანჩქერებისა და იტალიის ლამაზი ქალაქების უნაკლო კადრებს. ეს გამოსახულება სინამდვილეში არარეალურია. უბრალოდ კამერები უდახვეწილესი ლინზით უკვე „ხედავენ“, ისე, როგორც სინამდვილეში ვერ ხედავს ადამიანი, ასე ჩვენს თვალს დანახვა არ შეუძლია.

ჩვენს დროში კინოს ენაზე თვითგამოხატვის უფრო მეტი საშუალებაა, ვიდრე აქამდე ყოფილა. ტექნიკური საშუალებები ისე მრავალფეროვანია, რომ ზოგიერთი ამ უსაზღვრო შესაძლებლობებში იკარგება, თუმცა კომპიუტერულ, ტექნოლოგიურ პროგრესს კარგი ფილმების რაოდენობა არ შეუმცირებია, პირიქით, მეტი კარგი სურათი გამოდის ყოველწლიურად.

კამერა და კომპიუტერი თავისთავად არაფერს აკეთებს, ეს უბრალოდ საშუალებებია საკუთარი თავის გადმოსაცემად. ტექნიკური ინსტრუმენტები ავტორის აზროვნების, ინტელექტისა და გულის ერთობლიობას უნდა გადმოსცემდეს.

დოკუმენტური ფილმების დიდ, საერთაშორისო ფესტივალებზე მობილური ტელეფონით გადაღებული, ძალიან კარგი ფილმებიც კი მინახავს.

ბევრ ფილმს ვნახულობ წლიდან წლამდე: დამწყები რეჟისორების სადიპლომოებს, მოყვარულების ფილმებს და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები: იმ ხალხის ნამუშევრები, ვინც კინოდოკუმენტალისტიკით ინტერესდება და ამ საქმეს გაუთავებლად სწავლობს, ხშირად ხდება სწორხაზოვანი და სტანდარტული: ძალიან სწორად გადაღებული კადრები, ძალიან სწორი დრამატურგია, ზედმიწევნით სწორი ოპერატორული ხედვა, მაგრამ სინამდვილის ნაპერწკლის გარეშე, რაც გულწრფელად აღელვებს მაყურებელს.

ხშირად ამ „იდეალურად სწორი კინოს“ მიმდევარი რეჟისორები ემსგავსებიან მტკიცე მორწმუნეებს, რომლებიც არასდროს აყენებენ ეჭვქვეშ საკუთარ რელიგიურ გრძნობებს.

მე მირჩევნია მწამდეს რომელიმე ღმერთის, მაგრამ თან არც მწამდეს, ამინდის ცვალებადობის მიხედვით კი ბუდას არსებობისაც მჯეროდეს. ასე საკუთარ თავისუფლებას ვგრძნობ. თუ ისე ვარ მოწყობილი, რომ რაღაც ერთის მჯეროდეს, შეიძლება ძალიან კარ გზაზეც ვიდგე და მშვენიერ პროდუქტს ვქმნიდე, მაგრამ მაინც შემოფარგლულს და შეზღუდულს რაღაც წესებით, ეს ხელს შემიშლიდა დამენახა ფართო ჰორიზონტი და სამყაროს სრული სურათი“.

ლარს ფონ ტრიერის და პაველ პავლიკოვსკის ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

  • 12 საათზე: „ბათუმის ერთი დღე“, რეჟისორი: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელოვნებო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი. „ნიკო მარის კვალდაკვალ“ რეჟისორი: ვასო ჩავლეიშვილი. „დევნილობის ცხრა წელი“ რეჟისორი: თორნიკე კოპლატაძე

ქართველი რეჟისორებისა და სტუდენტების ფილმები  სექცია „ქართულ პანორამაში“ იქნება წარმოდგენილი. „ბათუმის ერთი დღე“ არასეზონური, ზამთრის ბათუმის შესახებ გვიამბობს; „ნიკო მარის კვალდაკვალ“ – შოტლანდიელი აგრონომის, იაკობ მარის გურიაში დამკვიდრებასა და ნიკო მარის ცხოვრების შესახებ; „დევნილობის ცხრა წელი“ კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს გვაჩვენებს.

  • 14 საათზე: „ჰამლეტი“, რეჟისორი: გიორგი მეგრელიშვილი 

შექსპირის ტრაგედიის თანამედროვე ევრსია Samsung Galaxy 6-ითაა გადაღებული. ტექსტი ივანე მაჩაბლის თარგმანს მიჰყვება, მოქმედება კი 21-ე საუკუნეში ხდება.

  • 16 საათზე: „სიმონ პეტლიურას საიდუმლო დღიური“, რეჟისორი: ოლეს იანჩუკი

ფილმი 1917-1921 წლებში უკრაინის დამოუკიდებლობისთვის გაჩაღებულ ბრძოლას შეეხება. სიმონ პეტლიურა, უკრაინის რესპუბლიკის მთავარსარდალი ცდილობს ბოლშევიკები აარიდოს ქვეყანას, ბრძოლაში დამარცხების შემდეგ კი იძულებული ხდება, ემიგრაციაში წავიდეს.

  • 18:30 საათზე: „რეზო“, რეჟისორი: ლეო გაბრიაძე 

ფილმი ქართველ მხატვარზე, მწერალსა და მარიონეტების დამაარსებელ რეზო გაბრიაძეზეა. ეს არის ანიმაციური, ავტობიოგრაფიული ფილმი, რომელიც რეზო გაბრიაძის შვილმა, ლეო გაბრიაძემ გადაიღო.

  • 20 საათზე: „ცივი ომი“, რეჟისორი: პაველ პავლიკოვსკი 

სიყვარულის ისტორია, რომელიც 50-იან წლებში, ცივი ომის ფონზე ვითარდება. ფილმი რეჟისორმა თავის მშობლებს მიუძღვნა. 2018 წელს, კანის კინოფესტივალზე, პავლიკოვსკი ამ ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

  • 22 საათზე: „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი

ფსიქოლოგიური თრილერი სერიული მკვლელის შესახებ, რომელშიც მთავარ როლებში მეტ დილონს, უმა თურმანსა და რაილი კიოს ნახავთ. Guardian-თან ლარს ფონ ტრიერმა აღნიშნა, რომ ფილმი დონალდ ტრამპითაა შთაგონებული და „ცხოვრება ბოროტებაა, რაც მტკიცდება ჰომო ტრამპუსის – ვირთხების მეფის აღზევებით.“

________________

კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი.

ბათუმში კინოფესტივალი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

_______

მთავარ ფოტოზე: გასპარ ნოეს ფილმის ჩვენება „აპოლოში“. კინოფესტივალზე, საღამოს კინოსეანსებზე განსაკუთრებული ხალმხმრავლობაა. ქეთი კორძაძის ფოტო 

როგორ მართავს GGM-ი კრიზისებს

GGM -ის გუნდი აერთიანებს მაღალი მოტივაციის მქონე, პროფესიონალ ადამიანებს, ვისაც აქვთ სხვადასხვა სფეროში მუშაობის მრავალწლიანი, წარმატებული გამოცდილება. GGM-ის გუნდის ძლიერი მხარე მიღწეული შედეგები და განვითარების სურვილია.

უმაღლესი განათლების გარეშე გამომძიებელი ვეღარ გახდებით

უმაღლესი განათლების გარეშე გამომძიებელი ვეღარ გახდებით. ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის ბრძანებაში შევიდა. ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე ისაუბრა. მან თქვა, რომ მოთხოვნების გამკაცრების მიუხედავად „არავის არსად გაუშვებს“.

მინისტრის ბრძანებაში „შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის შესახებ“ ჩაიწერა, რომ პირს, რომელიც გამოძიების პროცესშია ჩართული, უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს. აქამდე გამომძიებლებს უმაღლესი ან იურიდიული განათლება არ მოეთხოვებოდათ.

„ეს გულისხმობს იმას, რომ გამომძიებლებს, რომლებიც უკვე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი.

უმაღლესი განათლება ისევ არ მოეთხოვებათ უბნის ინსპექტორებს, საპატრულო პოლიციას, მესაზღვრე-კონტროლიორებს. უმაღლეს განათლებას კანონი არ სთხოვს ასევე ობიექტების დაცვის სამსახურის თანამშრომლებს უფროსის ჩათვლით. კანონი გამონაკლისს მხოლოდ შს სამინისტროს დაცვის პოლიციაზე უშვებს.

„იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას ან/და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას ან რიგითების, კაპრალების ან/და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება,“ – წერია მინისტრის ბრძანებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სამინისტრომ უკვე შეაფასა გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად, სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა და გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლის მიზანიც უწყებაში ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „სპეციალური კონკურსების“ შემოღებას გეგმავს.

„სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ 18 წლის ასაკს მიღწეულ ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს პოლიციაში სამსახურის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

სპეციალური კონკურსის ეტაპებია:
აპლიკაციის მიღება და გადარჩევა;
ტესტირება;
გასაუბრება;
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
სპეციალური შემოწმება.

სპეციალური კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას კანდიდატის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ, რომელსაც კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით სპეციალური საკონკურსო კომისია წარუდგენს მინისტრს ან პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე სხვა პირს,“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

„განათლების სფეროს უაზრო რეგულაციები“ 

„განათლების სფეროს უაზრო რეგულაციები,“ – ასე ჰქვია გამოკითხვას, რომელსაც განათლების რეფორმის ბლოგი ახორციელებს. ინიციატივა ეკუთვნის განათლების სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას, რომელიც ამავე დროს არის განათლების რეფორმის ბლოგის ავტორიც.

როგორც სიმონ ჯანაშია „ბათუმელებთან“ ამბობს, ბლოგის შექმნის მიზანია, შეგროვდეს კონკრეტული მაგალითები იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სისტემას განვითარებაში, შემდეგ კი ბლოგები გამოქვეყნდება და დაიწყება მისი საჯარო განხილვა.

„პირველივე დღეებში უკვე იყო გამოხმაურება, რამდენიმე ადამიანს გრძელი სია ჰქონდა ჩამოწერილი იმ რეგულაციების, რასაც ისინი ზედმეტ შეზღუდვად მიიჩნევენ სკოლებისთვის. იყო რამდენიმე მაგალითი უნივერსიტეტზე, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც სკოლაზე კეთდება,“ – გვეუბნება სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, ბლოგის მიზანია დაეხმაროს საზოგადოებას ქვემოდან წამოსული მოთხოვნების ფორმირებაში. „ჩვენთან განათლების პოლიტიკა, ძირითადად, ზემოდან წამოსული ინიციატივებია. ამიტომ, პირველ ეტაპზე, გვინდა შევაგროვოთ „უაზრო რეგულაციების“ მაგალითები, ვნახოთ რომელი რეგულაციაა ყველაზე პრობლემური, შემდეგ კი ამ ბლოგებს გამოვაქვეყნებთ და ვიმსჯელებთ იმაზე, რა უნდა შეიცვალოს ვითარების გასაუმჯობესებლად, როგორი უნდა იყოს ალტერნატივა. პოლიტიკის ფორმირებაზე კი ცალკე ნაბიჯები უნდა გადაიდგას“.

ჯანაშიას თქმით, ბლოგებში ადამიანები საუბრობენ იმ ტიპის უაზრო რეგულაციებზე, როგორიცაა, მაგალითად, სკოლებში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული შეზღუდვები, რადგან მხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელოების გამოყენების ვალდებულება არსებობს, შეხვედრების რეგლამენტირება, დამოკიდებულება – როცა სახელმწიფო არ ენდობა სკოლას და ფიქრობს, რომ „სუსტი სკოლა რეგულაციის გარეშე წინდაუხედავ ნაბიჯებს გადადგამს“…

სიმონ ჯანაშიას თქმით, ამ თემების საჯარო განხილვა და მსჯელობა ალტერნატივების შემოღებაზე სახელმწიფოსაც დააფიქრებს.

როგორც განათლების რეფორმის ბლოგზეა აღნიშნული, კონკურსის შემდეგ გამოვლინდება უაზრო რეგულაციების „საუკეთესო“ ხუთეული. „შესაძლოა ყველაზე უაზრო რეგულაციის პრიზიც კი დაწესდეს, რომელიც მის შემმუშავებელ ორგანოს გადაეცემა“.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ამ ბმულზე.

 

 

სტამბოლში ქართველთა სათვისტომო ოფიციალურად დაარსდება

30 სექტემბერს სტამბოლში,  ქართულ სახლ „გალაკტიონში”, ოფიციალურად დაარსდება სტამბოლის ქართველთა სათვისტომო.

სტამბოლში პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული „ქართველთა სავანე“ 1860-იანი წლიდან არსებობდა, თუმცა „სავანემ“ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არსებობა შეწყვიტა.

„ყველას გეპატიჟებით სტამბოლში ამ ისტორიულ დღეს. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ოკუპაციის შედეგად სტამბოლში არსებობა შეწყვიტა ქართულმა სავანემ, ოფიციალურად პირველად დაარსდება ქართველი ემიგრანტების ორგანიზაცია. ასეთი სათვისტომოს არსებობა კარგი და დიდი საქმეების საწინდარია!
P.S. თან “გალაკტიონის” ახალ სახლში!“ – ავრცელებს ფეისბუქპოსტს სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ირაკლი კაკაბაძე.

სათვისტომოს დაარსების საზეიმო გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სტამბოლი, ტაქსიმი, ბილურჯეს ქუჩა #18. ქართული სახლი „გალაკტიონი“, დასაწყისი 14:00 საათზე.

ერთი დღე ავტომობილის გარეშე – ბათუმში შაბათს ველომსვლელობა გაიმართება

22 სექტემბერს, შაბათს, 16:00 საათზე, ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში ველომსვლელობა გაიმართება.

ბათუმის მერიის ცნობით, მსვლელობა სტარტს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს და ბათუმის ზღვისპირა პარკის გავლით ახალ ბულვარში მდებარე ამფითეატრთან დასრულდება, სადაც ღონისძიების მონაწილეებს ელექტრონული მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ველომსვლელობაში ბათუმის მერიის თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ველომსვლელობას ნებისმიერი მსურველი შეიძლება შეურთდეს.

„საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ღონისძიება მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობის შედეგად გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ღონისძიება პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან: ბათუმის მერია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), პარტნიორები კი – შავი ზღვის ეკოაკადემია, სითი ინსტიტუტი საქართველო და Critical Mass Batumi. 

მძღოლებმა ორი დღეა „გეზი თბილისი“ ჩახერგეს – პროტესტი მანქანებით ხორბლის შემოტანის აკრძალვას

ხორბლის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მძღოლების აქციის გამო, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს,  შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – „გეზი თბილისი“, სამუშაო პროცესი ამ დრომდე შეწყვეტილია.

მძღოლები საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანებას აპროტესტებენ, რომლითაც საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა და გატანა იკრძალება.

„მძღოლებს საერთო გზების გამოსანახად ვთავაზობთ მოლაპარაკებას, რათა მივიდეთ რაიმე შეთანხმებამდე და გეზმა იმუშაოს. ისინი ჯერჯერობით ამ წინადადებას არ თანხმდებიან. ასეთი მოცემულობაა. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომ როგორმე გამოვიდეთ ამ რეჟიმიდან და ეს პროცესი გადავიდეს სამუშაო გარემოში. სხვა დამატებით ინფორმაციას, თუ რაიმე შეიცვალა, მოგაწვდით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოში ხორბლის, ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა, აგრეთვე საქართველოდან ამ საქონლის გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით იკრძალება. მინისტრის ბრძანება თავდაპირველად 2018 წლის 15 სექტემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში.

საქართველოში 3000 ადაპტირებული ავტომობილია, რომლებიც ხორბალმზიდად გადაკეთდა და სხვა დანიშნულებით ვერ გამოიყენებ.

[yellow_box]ამ თემაზე: საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მანქანებით შემოტანა იკრძალება[/yellow_box]

თუმცა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „სამინისტრომ გაითვალისწინა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნა და 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაავადა ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით“.

მიუხედავად ამისა, მძღოლების აქციის გამო, 17 სექტემბრიდან ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – „გეზი თბილისი“ შეწყვეტილია სამუშაო პროცესი.

სამინისტროს ინფორმაციით, გეზის ტერიტორიაზე აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ამ დრომდე კვლავ ხელოვნურად, ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი. მათ მხოლოდ საავტომობილო გზა გახსნეს.

„გეზ-ში შეწყვეტილია გაფორმების პროცედურების წარმოება სრულად, მათ შორის იმ იმპორტირებისთვისაც, რომლებსაც მალფუჭადი პროდუქტი [კვების პროდუქტი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საქონელი] შემოაქვთ ქვეყანაში და საჭიროებს პროცედურების დადგენილ ვადებში გავლას. შემოსავლების სამსახური აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, აღარ შეაფერხონ გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში,“ – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

[yellow_box]ამ თემაზე: რა ელის 3000 ხორბალმზიდი ავტომობილის მესაკუთრეს – ახალი აკრძალვა ხორბლის შემოტანაზე[/yellow_box]

მძღოლების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

 

მთავარი ფოტო: მძღოლების აქცია / ფოტო: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “აჭარის ტელევიზიის” მიმდინარე მაუწყებლობის ყოფილი უფროსის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბარამიძე სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური ხელფასი – თვეში 2300 ლარი გადაუხადონ სამსახურში აღდგენამდე. ირაკლი ბარამიძე “აჭარის ტელევიზიის” დირექტორმა – ნათია კაპანაძემ გასულ წელს გაათავისუფლა.

ირაკლი ბარამიძეს “აჭარის ტელევიზიამ” მას შემდეგ შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა გასული წლის 23 მარტს მოხდა. არასამუშაო დღეს ირაკლი ბარამიძემ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს – მინდია მალაყმაძეს, რომელიც იმ დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ქორწილს იღებდა, ტელევიზიის ვიდეოკამერა გაატანა და ბოტანიკურ ბაღში ე.წ. სატელევიზიო არტის გადაღება დაავალა.

“აჭარის ტელევიზია” სასამართლოში აცხადებდა, რომ ირაკლი ბარამიძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომელიმე თანამშრომლისთვის ვიდეოკამერა გაეტანებინა. ირაკლი ბარამიძე კი ამბობდა, რომ კამერა თანამშრომელს არტის გადასაღებად გაატანა.

“სასამართლოს ამ შემთხვევისთვის უხეში სამართალდარღვევის შეფასება არ მიუცია,” – განმარტა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.

მოსამართლემ ასევე თქვა, რომ სასამართლომ ტელევიზიის შინაგანაწესის დარღვევა დაინახა, მაგრამ დისციპლინირების ყველაზე მკაცრი ფორმა – სამსახურიდან გაშვება, შესაბამის ღონისძიებად არ მიიჩნია.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ბარამიძის სარჩელი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ნაწილში. საუბარია ნათია კაპანაძის ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე ირაკლი ბარამიძის სამსახურიდან გაშვების შემდეგ.

“ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში,” – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი მისი დაუყონებლივი აღსრულების ნაწილში. შესაბამისად, ირაკლი ბარამიძეს სამსახურში არ აღადგენენ, თუკი გადაწყვეტილებას “აჭარის ტელევიზია” გაასაჩივრებს. ასეთ შემთხვევაში საქმეზე სასამართლოს ზემდგომმა ინსტანციებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა რომელიმე მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

ამ თემაზე:

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – მხარეთა არგუმენტები სასამართლოში

უნიკალური აღმოჩენა გონიოში

მიმდინარე წელს პირველად, ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები გონიო-აფსაროსის ციხის კედლებს გარეთ
ჩატარდა. არქეოლოგების ვარაუდით, თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგი.

აღსანიშნავია, რომ ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი
რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო. ბოლოდროინდელი გათხრების შედეგები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ციხე ნერონის დროს დაარსდა. ამის შემდეგ რომაელები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ამ ადგილს. მომდევნო გარნიზონებმა აღადგინეს არა მარტო თავდაცვითი კედლები, არამედ ციხის შიგნით განლაგებული შენობები.

გონიოს რომაულ ციხე აფსაროსში ერთობლივი ქართულ-პოლონური ექსპედიცია 2014 წლიდან მუშაობს. ექსპედიციას ხელმძღვანელობენ პროფესორები  – შოთა მამულაძე (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი) და რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი).

ამ დრომდე ერთობლივი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი საგარნიზონო აბანოში დაფიქსირებული მოზაიკის იატაკი იყო.

ქედის ორ ბაღში წელს სასწავლო პროცესი ახალგარემონტებულ გარემოში განახლდება

ქედის თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და სააღმზრდელო პროცესის სტანდარტებთან შესაბამის პირობებში წარმართვაა. ამას 8 ახალი საბავშვო ბაღი და 2-ჯერ გაზრდილი მოსწავლეთა კონტინგენტი ადასტურებს.

ახალგარემონტებული ბაღი
ახალგარემონტებული ბაღი

საბავშო ბაღების მშენებლობა, რემონტი და ეზოების კეთილმოწყობა ქედის მერიისთვის წელსაც პრიორიტეტულია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 962 000 ლარი იხარჯება.

[checklist]

  • კაპიტალურად გარემონტდა მერისის საბავშო ბაღი, სადაც რეკომენდაციების შესაბამისად გამოსწორდა ბავშვთა საძინებელ ოთახებში არსებული ხარვეზები. პროექტის ღირებულება – 39 000 ლარი.
  • ასევე, წლების შემდგომ პირველად ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები ხარაულის საბავშო ბაღს. პროექტის ღირებულება – 51 000 ლარი.
  • კეთილმოეწყო წონიარისის საბავშვო ბაღის ეზო. პროექტის ღირებულება  – 37 000 ლარი.
  • ტენდერი გამოცხადებულია დაბა ქედის N1, დანდალოსა და ხარაულის საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოსაწყობად, რისთვისაც ჯამში 75 000 ლარი დაიხარჯება.
  • ზუნდაგის საბავშვო ბაღი, რომელიც შესაბამისი სტანდარტების დაცვით შენდება, სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 760 000 ლარი იხარჯება.

[/checklist]

ქედის ბაგა-ბაღების  ინფორმაციით, წელს მუნიციპალიტეტში 650 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას, მათ შორის 170 ახალდარეგისტრირებული მოსწავლე.

ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სომხურ ენასაც შეასწავლიან

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის პირველ კლასში ეროვნებით შვიდი სომეხი მოსწავლე მიიღეს. როგორც სკოლის დირექტორი მანანა თავართქილაძე გვეუბნება, პირველკლასელები ქართულ სექტორში ისწავლიან, თუმცა სკოლა აპირებს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებაც გაუწიოს – ასწავლოს სომხური ენა.

„25-ბავშვიანი კლასია, სადაც ეროვნებით 7 სომეხი მოსწავლე გვყავს. მშობლებმა დაწერეს განცხადება დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ და გვთხოვეს, რომ სომეხი ეროვნების ბავშვებისთვის მშობლიური ენაც გვესწავლებინა. სკოლას ამის რესურსი აქვს, შეუძლია აიყვანოს სომხური ენის პედაგოგი“, – გვეუბნება დირექტორი.

მისი თქმით, დამატებითი მომსახურების შესახებ გადაწყვეტილება განათლების სამინისტროსთან უნდა შეათანხმონ.

ბათუმში ბოლო ოთხი წელია არ არსებობს არც ერთი სკოლა, სადაც სომეხი ეროვნების ბავშვები შეძლებენ მშობლიური ენის შესწავლას. სომხური ენის შემსწავლელი კურსები არსებობს სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან. სომეხი ეროვნების ბავშვები  ძირითადად რუსულ სკოლებში სწავლობენ.

 

დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში

ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 6 587 866 ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივლისს დასრულდა.

სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კი, სატენდერო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოების დაწყება.

ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; სააკაძის შესახვევი; ჩოლოყაშვილის II შესახვევი.

ელექტრონულ ტენდერში ორი კომპანია [„დაგი“ და „ზიმო 7“] მონაწილეობდა, რომელთაგან სატენდერო კომისიამ ერთს – „დაგს“, დისკვალიფიკაცია მისცა.

კომპანიამ კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, საბჭომ კი მისი საჩივარი დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება და „დაგი“, რომელსაც ადრე დისკვალიფიკაცია მისცა, ხელახლა მოიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

თავის მხრივ, კომისიის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტმა. „ზიმო 7“ ტენდერიდან „დაგის“  დისკვალიფიკაციას კვლავ ითხოვს. ამასთან, მოითხოვს დაევალოს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას შეაფასოს მომდევნო, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი.

დავების საბჭოს „ზიმო 7“-ის საჩივარი გუშინ, 18 სექტემბერს, უნდა განეხილა. გადაწყვეტილება საბჭოს ვებგვერდზე ატვირთული ჯერ არ არის.

კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზაზა ღორჯომელაძის ინფორმაციით, მათ საბჭოს გადაწყვეტილება დღეიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეთ: „შესაბამისად, სატენდერო პროცედურები შეჩერებულია და საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახლდება. როგორც კი საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდება, შემდეგ მიიღებს ჩვენი კომისია თავის გადაწყვეტილებას“.

ზემოთ აღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობას ბათუმის მერიას „დაგი“ 6 294 702 ლარად სთავაზობს, ხოლო „ზიმო 7“ – 6 521 715 ლარად.

ა[ა]იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ხელმძღვანელის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობა ეტაპობრივადაა დაგეგმილი.

„ქუჩების კეთილმოწყობა, პუშკინის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში, დაგეგმილია, რომ დასრულდეს 2019 წელს. რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის იქეთა ტერიტორიას, დამოკიდებული ვართ მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოებზე. იქ, სადაც წყლისა და კანალიზაციის სამუშაოები უკვე დასრულებულია, ვაწესრიგებთ, ხოლო სადაც არ არის გაკეთებული, კანალიზაციის ქსელის დასრულების შემდეგ მივყვებით და კეთილმოვაწყობთ,“ – აცხადებს სულხან ევგენიძე.

 

მთავარი ფოტო: მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობში“/სატენდერო დოკუმენტებიდან

მშობელი პედაგოგს მეხუთეკლასელი ბიჭის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ, 18 სექტემბერს, გავრცელდა ერთ-ერთი მშობლის პოსტი, სადაც ის წერს, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მისი მეხუთეკლასელი შვილის მიმართ ვერბალური ბულინგი განახორციელა.

მშობელი წერს, რომ პედაგოგმა მისი ბიჭის მისამართით კლასს საჯაროდ დაუსვა კითხვა იმის გასარკვევად, ახალი მოსწავლე გოგო იყო თუ ბიჭი. და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიჭი მოგრძო თმას ატარებს. მშობლის აზრით, პედაგოგის საქციელი შეურაცხყოფს მოზარდის ღირსებას და მოსწავლეებში დისკრიმინაციას და ბულინგს ახალისებს.

„მასწავლებელი, რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან არის დამნაშავე!! მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე!!

არ ვიცნობ ამ მასწავლებელს პირადად, მაგრამ უკვე ვიცი, რომ მან შეძლო ჩემს შვილში ზიზღის გრძნობის გაღვიძება!!“ – წერს მშობელი.

„ბათუმელები“ ამ სკოლის დირექტორს დაუკავშირდა კომენტარისთვის. ის ამბობს, რომ სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია თვითონაც „ფეისბუქიდან“ მიიღო.

„დავიძახეთ მასწავლებელი, ვკითხეთ რა მოხდა. მან სულ სხვა ინფორმაცია გვითხრა. მშობელი ჯერ არ მოსულა ჩვენამდე, როცა მშობელიც მოვა, შემდეგ ამ საკითხს სკოლის დისციპლინურ კომიტეტს გადავცემთ გამოსაკვლევად“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ვერსიაზე საუბრობს პედაგოგი, დირექტორი ამბობს: „ლამაზი ბავშვი იყო და, უბრალოდ, ვკითხე, „შენ გოგონა ხარ?“ მასწავლებელმა უნდა გაარჩიოს, გოგონაა თუ ბიჭი. კითხვის დასმა არ უნდა იყოს საჭირო. ან სახელით, ან ქცევის, ან რამის მიხედვით, რის გამო ვერ გაარჩია, ვერ გეტყვით“, – გვეუბნება დირექტორი.

დირექტორის ინფორმაციით, პედაგოგმა ბიჭის მისამართით კითხვები სახელის ამოკითხვამდე დასვა. „მე ძალიან ვერ ჩავერევი ამ საქმეში, რადგან შეიძლება სხვაგვარად აღიქვან. როგორც ბავშვის ინტერესები უნდა დავიცვათ, ასევე უნდა დავიცვათ ნებისმიერის ინტერესები, ამიტომ ეს საქმე გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს და შეისწავლიან“.

რა ზომებს გაატარებს სკოლა პედაგოგთან მიმართებაში, თუკი დადგინდება მოზარდის მიმართ დისკრიმინაცია პედაგოგის მხრიდან? – ამ კითხვას დირექტორი პირდაპირ არ პასუხობს. „ყველაფერი წერია კანონში, განათლებისა და სკოლის შესახებ შინაგანაწესში, თუ რა გადაცდომაზე რა დისციპლინური სახდელი იქნება და ამის მიხედვით მოხდება ყველაფერი“.

განათლების სამინისტროში კი „ბათუმელებს“ შემდეგი განუმარტეს: „იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება“.

 

სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოში 1500 ბავშვს გამოიკვლევენ

ბავშვებში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა ხვალ, 20 სექტემბერს, დაიწყება. კვლევა თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდება, მათ შორის, აჭარაში. კვლევის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართა.

კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩაატარებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას ასევე აფინანსებენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.

ტყვიის შემცველობისა და სასმელი წყლის ხარისხის დადგენის გარდა, კვლევის ფარგლებში შეგროვდება ოჯახების შედარებითი მონაცემები, შეისწავლიან ბავშვებისა და ქალების უფლებრივ მდგომარეობასაც  – გენდერულ პრობლემებს, ადრეული ქორწინების, განათლების, ბავშვზე ზრუნვის, გარემოს დაცვის, შშმ ბავშვების საკითხებს.

20 დეკემბრამდე მკვლევრები 14 ათას ოჯახში აპირებენ მისვლას. ინტერვიუს და სისხლის აღების პროცესი დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოჯახებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩევს.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2-დან 7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს ქვეყნის მასშტაბით აუღებენ სისხლს ვენიდან. ნიმუშებს იტალიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში შეისწავლიან და ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ პასუხებს. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ოჯახებს უფასო კონსულტაციას გაუწევს.

კვლევის სრული შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. ორგანიზატორების თქმით, კვლევის შედეგების საფუძველზე მთავრობა მონაცემებზე დაფუძნებულ პოლიტიკას შეიმუშავებს.

 

ლოზნიცას და გასპარ ნოეს ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [აფიშა]

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები.

  • 12 საათზე: „მამებისა და შვილების შესახებ“ [დოკუმენტური] რეჟისორი: ტალალ დერკი

ტალალ დერკის 2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი რადიკალი ისლამისტების ოჯახის ცხოვრებაზე გვიამბობს. ფილმმა 2018 წელს სხვადასხვა კინოფესტივალის 6 ჯილდო მოიპოვა.

  • 14 საათზე: „ზღვარს მიღმა“ [დოკუმენტური] რეჟისორი: მარტა პრუსი

პოლონელი რეჟისორის, მარტა პრუსის ფილმი 20 წლის რიტაზეა, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. მისგან მწვრთნელები სულ უფრო და უფრო მეტს მოელიან.

  • 16 საათზე: „პანიკური შეტევა“ [მხატვრული] რეჟისორი: პაველ მასლონა

ეს არის შვიდი ტრაგიკომიკური ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინგრეს მთელი ჩვენი სამყარო ნებისმიერ მომენტში – მოკლედ ასეა აღწერილი პოლონელი რეჟისორის, პაველ მალსონას სურათი. „პანიკური შეტევა“ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია და როგორც შეფასებებიდან ჩანს, იგი განსაკუთრებით შავი კომედიის მოყვარულებს მოეწონებათ. ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და ექვსი ჯილდო აქვს მიღებული.

  • 18 საათზე: „დონბასი“ [მხატვრული] რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა 

მოქმედება უკრაინაში ხდება, დონბასში, რომლის ერთი ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშაა და საზოგადოება პროპაგანდის გავლენის ქვეშაა. სერგეი ლოზნიცას ამ ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო.

  • 20:30 საათზე: „ექსტაზი“ [მხატვრული] რეჟისორი: გასპარ ნოე 

ფილმი მოცეკვავეთა დასზე გვიამბობს. რეჟისორმა ფილმისთვის კანის წლევანდელ კინოფესტივალზე CICAE-ს [საავტორო კინოს საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანება] პრიზი მიიღო.

  • 22:30 საათზე: „ალმოდებული“ [მხატვრული] რეჟისორი: ლი ჩანგ-დონგი 

სამხრეთ კორეელი რეჟისორის სურათი ჰარუკი მურაკამის მოთხრობის თავისუფალი ეკრანიზაციაა. ფილმმა 2018 წელს კანის კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსების [FIPRESCI] პრიზი დაიმსახურა.

___________________

კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი.

ბათუმში კინოფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

____________

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19-20 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 24 გრადუსია. ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ (2-3 ბალი).

21-22 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების ცნობით, ამ დღეებში ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 22-27 გრადუსი იქნება.

რა შანსი აქვს მცირე საკრუიზო გემების ტურიზმს შავ ზღვაზე

„ბოლო სამი წლის განმავლობაში დიდი საკრუიზო გემები, რომლებიც  ხმელთაშუა და კარიბის ზღვას სერავენ და ევროპის გარშემო დაცურავენ, თითქმის გაქრნენ შავი ზღვიდან. ჩვენ ვფიქრობდით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებული მხარე შეგვეკრიბა და გვეფიქრა, როგორ გავაუმჯობესოთ შექმნილი სიტუაცია,“ – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ბათუმში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის) გენერალურმა მდივანმა, მიქაელ კრისტიდესმა.

ფორუმის ბოლო დღეს ერთ-ერთი სამუშაო სესია სწორედ შავ ზღვაზე მცირე საკრუიზო გემების შემოსვლის პერსპექტივის განხილვას დაეთმო.

კრისტიდესის თქმით, ტურისტული სააგენტოები, რომლებიც კარგად ერკვევიან საკრუიზო სფეროში და ამ მიმართულებით მუშაობენ, ეჭვის თვალით უყურებენ შავი ზღვის რეგიონში დიდი საკრუიზო გემების მოზიდვას.

მისივე თქმით, გემებს, რომლებსაც 4-5 ათას ვიზიტორს გადაჰყავთ და შეიძლება 2 ათასი ადამიანისგან შედგებოდეს მხოლოდ ეკიპაჟი, პატარა საპორტო ქალაქებისთვის დიდი ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს.

„დიდი საკრუიზო ლაინერის შემოსვლის დროს ნაპირზე ბევრი ადამიანი გადმოდის, რომლებიც ქმნიან ძალიან დიდ ქაოსს პატარა პორტებში. ისინი ქმნიან პრობლემებს ტრანსპორტისთვის და მცირე რაოდენობით სამუშაო ადგილებს შეზღუდული დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ ეს ადამიანები ცოტას ხარჯავენ იმ ადგილებში, სადაც მიდიან, რადგან ისინი მთელ ფულს მაინც გემზე ხარჯავენ, რომელიც მათი მცურავი სახლია,“ – თქვა მიქაელ კრისტიდესმა.

მისივე თქმით, მცირემასშტაბიანი ტურიზმი შავ ზღვაზე შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე დიდი საკრუიზო გემები.

საჯარო პოლიტიკის მკვლევარის, მატეო ბოკის აზრით, მცირე საკრუიზო გემების ტურიზმს შავ ზღვაზე მასობრივი ხასიათი უნდა მიეცეს, ტურისტებისთვის მარკეტინგული შეთავაზება დამუშავდეს და განსხვავებული სახით მიეწოდოს.

„თქვენ უნდა გაყიდოთ შავი ზღვა, როგორც საზოგადოებრივი, კულტურული, როგორც ბუნებრივი ეფექტი. მე იტალიელი ვარ, ჩემი მეგობრები ბერძნები არიან. აი, ჩავდივართ ბათუმში და დიდ რაღაცას უნდა მოველოდეთ მისგან. ადამიანებს უნდა ვუთხრათ, თუ რა სილამაზე დახვდებათ აქ. არის რიგი მომსახურებისა, რისი შეთავაზებაც შეიძლება. მათ შორის გასტრონომია და ადგილობრივი კულტურა,“ – ამბობს მატეო ბოკი.

„ბათუმი არის შავი ზღვის ყველაზე მოშორებული წერტილი და დამატებითი ხარჯები საჭირო იმისათვის, რომ მიაღწიო ბათუმს. საკრუიზო ხაზებისათვის ეს ერთ-ერთი გამაძვირებელი ასპექტია, ბათუმი რომ ჩართონ თავიანთ მარშრუტში.

ბათუმი ძალიან პროაქტიული უნდა იყოს, რომ გააერთიანოს ძალები შავი ზღვის პორტების გარშემო და მიიზიდოს საკრუიზო ხაზები. ზოგადად, საკრუიზო ტურიზმს ვაწარმოებთ, თუ მცირე კრუიზზე ვიქნებით ორიენტირებული, აუცილებლად უნდა ვიყოთ ინიციატორები ყველა ახალი პროცესისა შავ ზღვაზე არსებულ პორტებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვერდზე დაგვტოვებენ,“ – თქვა თავის გამოსვლაში ტურიზმის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა, რომელიც ვორქშოფზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი
ფოტო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ექსპერტთა აზრით, რომლებიც ლურჯი ეკონომიკის ხაზით მუშაობენ, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც შავ ზღვაზე მცირე საკრუიზო ტურიზმის განვითარებას დაეხმარება, ლურჯი დროშის ქონაა. შავი ზღვის ქვეყნებიდან ერთადერთი საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც არც ერთი ლურჯი დროშა არ აქვს. ყველაზე მეტი ლურჯი დროშის მფლობელი თურქეთია. ლურჯი დროშა ეს არის ერთგვარი სერტიფიკატი, რომელიც სანაპირო პლაჟებს ენიჭება. თუ ქვეყანას ლურჯი დროშა აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი სანაპირო ზოლი სუფთაა.

ჯამში 33 კრიტერიუმია, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ, რომელსაც სურს ლურჯი დროშის მიღება. ამ კრიტერიუმებს შორის მთავარი არის წყლის ხარისხი და სუფთა სანაპირო. ლურჯი დროშის მისაღებად იმ მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს სანაპირო.

„ლურჯი დროშა ეს არის ერთ-ერთი ნაწილი გარემოს ხარისხისა. კი არის სამარკეტინგო ინსტრუმენტი, მაგრამ ეს უფრო მეტია. ეს არის, ასე ვთქვათ, ISO სტანდარტი იმ პროცესების ამოქმედებისა, რომლებიც ზემოქმედებენ გარემოს ხარისხზე. ამავე დროს, ეს არის ადგილობრივი ინიციატივა. ქალაქის დონეზე უნდა გადაწყდეს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ ეს დროშა,“ – თქვა მატეო ბოკმა.

მსოფლიოს პლაჟებს ლურჯ დროშას ეკოლოგიური განათლების ფედერაცია (FEE) გადასცემს. ბათუმში გამართულ საზღვაო ფორუმზე FEE-ის წარმომადგენელი, ალმილა კინდან ჩებარი იყო ჩამოსული.

„იმისათვის, რომ ჩვენს ეკოლოგიურ მიზნებს მივაღწიოთ, ჯერ ძალაუფლების, ფულის მქონე ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს მათ გამოადგებათ. თქვენ შეგიძლიათ აქცენტი გააკეთოთ ეკონომიკურ სარგებელზე. ჩვენ ვიყენებთ ამას როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტს, გავყიდოთ ჯანსაღი გარემო. მე ყოველთვის ვეუბნები მუნიციპალიტეტებს, ნუ ფიქრობთ იმაზე, რომ ლურჯი დროშა თქვენი დაწინაურებისათვის მიიღოთ, ეს საზოგადოებისთვის ხდება – ლურჯი დროშა უპირველესად ადგილობრივებს ემსახურება. ტურისტები ჩამოდიან რამდენიმე დღით, ერთი კვირით, შემდეგ ისინი თავიანთ ნაგავს ტოვებენ, რომელიც თქვენ უნდა გადაყაროთ,“ – თქვა ალმილა კინდან ჩებარმა.

2015 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ჰქონდა მცდელობა, აჭარაში არსებულ პლაჟებს ლურჯი დროშა მიეღოთ. თუმცა იმ პერიოდისთვის ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლურჯი დროშის მისაღებად არც ამჟამად ტარდება რაიმე სამუშაო.

საკრუიზო ლაინერი ბათუმში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

დენის, გაზისა და წყლის მიმწოდებელ კომპანიებს მომხმარებელი იუსტიციის სახლიდანაც მიმართავს – სიახლე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, მომხმარებელს უფლება ექნება დენის, გაზისა და წყლის განაწილების ლიცენზიატებს „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებითაც მიმართოს. სემეკის დადგენილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს კომისია ცალკე განსაზღვრავს.

სემეკის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შევა.

სწორედ ამ დროიდან, ანუ ნოემბრიდან, მომხმარებლის მიერ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარების შემთხვევაში, იგი განაწილების ლიცენზიატისთვის  მიღებულად ჩაითვლება „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების ლიცენზიატისთვის გადაგზავნის მომენტიდან.

პარალელურად, მომხმარებელს უფლება ექნება განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში [სამუშაო საათებში], ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით [24 საათის განმავლობაში].

მოქმედი კანონმდებლობით, დენის, გაზისა თუ წყლის მიმწოდებელი კომპანიები [განაწილების ლიცენზიატები] ვალდებულები არიან, მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული და არგუმენტირებული წერილობითი პასუხი გასცენ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში.

 

მთავარი ფოტო: იუსტიციის სახლი ბათუმში

 

 

რას გააკეთებს პატრული, თუკი მძღოლი მარიხუანას ტესტირებაზე უარს იტყვის

პარლამენტმა უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც მარიხუანას მოხმარების კუთხით კონტროლს აწესებს. თუკი დეპუტატები შსს-ს ინიციატივას დაეთანხმებიან, მარიხუანას მოწევა მხოლოდ პირად სივრცეში გახდება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში მარიხუანას მოწევისთვის ადმინისტრაციული წესით დაგაჯარიმებენ.

ცვლილება ეხება შემთხვევასაც, თუკი მძღოლი ავტომანქანის საჭეს მარიხუანას მოწევის შემდეგ მიუჯდება. ამ შემთხვევაში მარიხუანას მოწევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – ჯარიმით [ჯარიმის ოდენობას მოსამართლე განსაზღვრავს, თუმცა მისი მინიმალური ოდენობა 2 ათასი ლარია], ან ერთ წლამდე პატიმრობით.

„ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, რას გააკეთებს პატრული, თუკი თქვენ, როგორც ავტომანქანის მძღოლი, მარიხუანას ტესტის გავლაზე უარს იტყვით.

„ავტომანქანის, ასევე ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრანსპორტის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში ჯარიმას გამოიწვევს, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით,“ – ვკითხულობთ კანონპროექტში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში შეიტანა. განმარტებით ბარათში შსს ცდილობს იმის დასაბუთებას, თუ რატომ ჩათვალა მარიხუანას მოწევა საჭესთან სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.

„ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დამახასიათებელია ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება, მათ შორის, ფსიქოსომატური აქტივობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, მანძილის და დაშორების აღქმის დარღვევა, რაც განსაკუთრებით სარისკოა სატრასნპორტო საშუალების მართვის დროს. ამიტომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოდის ადმინისტრაციული ქმედების ჩადენისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საგზაო მოძრაობის მონაწილე პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე,“ – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„არსად არაა დადასტურებული ის, რომ მარიხუანით თრობა უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ალკოჰოლით თრობა. შემოთავაზებული ვერსიით, თუკი საჭესთან ნასვამი დაჯდებით, ისევ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებით, მარიხუანას მოწევის დადგენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს არის ამ კანონპროექტის მიმართ მთავარი კითხვის ნიშანი, რადგან მიდგომა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს,“ -ამბობს ნიკა სიმონიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე, სადაც ხაზი გაესვა იმას, რომ მარიხუანას მოწევა არაა იმაზე უფრო მეტად, ან ნაკლებად მავნებელი, ვიდრე ალკოჰოლის მიღება. საია-ში ეჭვობენ, რომ თუკი პარლამენტი შსს-ს ხედვებს გაიზიარებს, ეს კანონიც დისკრიმინაციულობის კუთხით ხელახლა შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციელს შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანი გააჩეროს ქუჩაში და „საფუძვლიანი ეჭვის“ საფუძველზე ლაბორატორიაში გადაიყვანოს, თუმცა პირს უფლება აქვს არ ჩააბაროს ლაბორატორიას ბიოლოგიური მასალა. ასეთ შემთხვევაში, პოლიცია ვერ დაადგენს პირი ნარკოტიკის, მათ შორის, მარიხუანას მომხმარებელი არის თუ არა.

რა ხდება ავტომანქანის მართვის დროს, როცა პოლიციელს ასევე „საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება“, რომ მძღოლს მარიხუანა აქვს მოწეული? – შსს-ს კანონპროექტში ამ კითხვაზე პასუხს ვერ ნახავთ. საია-ში კი მიიჩნევენ, რომ ეს პროცედურა კანონპროექტში უნდა იყოს გაწერილი.

„სავარაუდოდ, ეს პროცედურა გაიწერება შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში, მაგრამ ასეთი საკითხის გადაწყვეტა კანონქვემდებარე აქტებზე, ანუ ამ შემთხვევაში – ბრძანებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, იგი პირდაპირ კანონში უნდა იყოს გაწერილი. ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, აპირებენ, რომ იგივე წესი ამოქმედდეს მარიხუანას ტესტზე, რაც ალკოტესტის შემთხვევაშია, ანუ თუკი პირი დღეს მოქმედი კანონმდებლობით ალკოტესტის გავლაზე უარს იტყვის, ეს მიიჩნევა სამართალდარღვევად და მას იმავე ჯარიმას უწერენ,“ – გვითხრა ნიკა სიმონიშვილმა.

საია-ს იურისტი განმარტავს, რომ ასეთი ანალოგია მიუღებელია, რადგან ალკოტესტის დადასტურების შემთხვევაში საქმე გვაქვს სამართალდარღვევასთან, მარიხუანას ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, პირი დამნაშავედ მიიჩნევა და მას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცემენ.

„სისხლის სამართლის საქმეში მეტი მტკიცება ევალება თავად სახელმწიფოს. ის, რომ პირი უარს აცხადებს ტესტზე, ვერ იტყვის პროკურატურა, რომ დამნაშავეა. პირის იძულება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე,“ – განმარტავს იურისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ისაუბრა მარიხუანას ტესტირებაზე. მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ტესტირება ალკოტესტის მსგავსი იქნება და კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მარიხუანას შესამოწმებელ აპარატებს მალევე შეიძენენ.

რა ინსტრუქცია ექნება პატრულს, თუკი მას მძღოლი მარიხუანას ტესტის გავლაზე უარს ეტყვის? – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ამ კითხვაზე საჯაროდ პასუხი არ გაუცია. უწყების პრესსამსახური განმარტებას დაგვპირდა, თუმცა იგი ამ დრომდე არ მიგვიღია.

კითხვები გაჩნდა მარიხუანას მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებითაც – შესაძლოა ტესტმა მარიხუანას მიღება დაადასტუროს მაშინაც, როცა მძღოლი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ  რამდენიმე დღის ან კვირის წინ იყო.

„დაისჯებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ანუ იმ მომენტში მართავენ სატრანსპორტო საშუალებას, როდესაც არიან ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ანალოგიური მდგომარეობაა სამსახურში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნასთან მიმართებითაც,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ შენიშვნები შსს-ს კანონპროექტზე კიდევ აქვს: მარიხუანას მოწევისთვის ვერ მიედავებიან, მაგალითად,  მოპედის მძღოლს [მოპედის მძღოლი ალკოჰოლის მიღებისთვის ჯარიმდება]. მარიხუანას მოწევისთვის ასევე ვერ მოსთხოვენ პასუხს თვითმფრინავის პილოტს, მატარებლის მემანქანეს ან გემის კაპიტანს. მათი პასუხისმგებლობა მხოლოდ ავარიის შემთხვევაში აქტიურდება.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შედის იმ მუხლშიც, რომელიც „ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსლუატაციის წესების დარღვევას“ გულისხმობს – თუკი დადგინდება, რომ ავარიის მიზეზი მძღოლის ნარკოტიკული თრობაა და ავარიამ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, მძღოლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება. „მძიმე დაზიანების“ შემთხვევაში მძღოლს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 6 წლამდე ელის. თუკი ავარიამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს, ხოლო 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში მძღოლს 8-დან 12 წლამდე ჩასვამენ ციხეში.

ამ შემთხვევაში სასჯელის ზომა ემთხვევა ალკოჰოლური სიმთვრალის დროს ჩადენილ დანაშაულს.

 

 

 

ბულვარის დირექტორი: „ბულვარში არ უნდა იყოს ბევრი ისეთი რამ, რაც დღეს არის“

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ახალ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს, ბულვარში ბევრი რამ არ მოსწონს. შედის თუ არა მის ჩამონათვალში თონე პლაჟზე და რესტორნიდან გამომავალი ხმამაღალი რუსული მუსიკა  ან როგორ აპირებს იმ ყველაფრის შეცვლას, რაც არ მოსწონს? – „ბათუმელების“ კითხვებს ირაკლი ჯინჭარაძე პასუხობს.

ბატონო ირაკლი, რას შეცვლის ბათუმის ბულვარში ახალი  დირექტორი?

კონკურსის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ უნდა წარგვედგინა ბულვარის განვითარების ჩვენეული ხედვა. ვინაიდან მე ერთ-ერთი მენეჯერი ვიყავი მანამდეც [2017 წლიდან ირაკლი ჯინჭარაძე ბულვარის ადმინისტრაციაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა] და ვკურირებდი ფინანსურ საკითხებს, ჩემთვის ბულვარის პრობლემები ნაცნობი იყო. მოკლე პრეზენტაციის სახით მოვამზადე ჩემი ხედვები – ეს, ალბათ, ჩემი დიდი პლუსი იყო. ბევრს ჰგონია, რომ ბულვარი მარტივი სამართავია, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი სტრუქტურა. ჩემთვის უპირველესია ბულვარის ლანდშაფტური სახე, ასევე, ინფრასტრუქტურა. პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს არის სტანდარტებსა და რეგულაციებზე მუშაობა, თუ ჩვენ არ გავიზიარებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ მიმართულებით, ვერ განვავითარებთ ბულვარს.

რა რეგულაციები გჭირდებათ?

ეს შეიძლება შეეხოს ადამიანის უსაფრთხოებასაც, როდესაც შემოდის ვიზიტორი, სკვერია ეს თუ ბაღი და შემოდის ბავშვთან ერთად, ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილდება სანდასუფთავების, ასევე დისტრიბუციის დიდი ავტომანქანები, ასევე ელექტრომობილები, ბულვარში შემოსული ვიზიტორები მანქანებმა და  გამონაბოლქვმა არ უნდა შეაწუხოს.

დასუფთავების მანქანას აღარ შეიყვანთ?

ვერ ვიტყვი, რომ ხვალიდან დასუფთავების მანქანა აღარ შემოვა ბათუმის ბულვარში, ჩვენ სანდასუფთავებასთან და ბათუმის მერთან, ბატონ ლაშასთან ერთად მოგვიწევს მუშაობა ამაზე, შემდეგ კი საკრებულოში წარვადგენთ პროექტს დასამტკიცებლად. მაგალითად, ნიუ იორკის ცენტრალური პარკი ათჯერ დიდია ბათუმის ბულვარზე, იქ მხოლოდ ელექტრომობილები შედიან, მოწყობილია ურნები პარკებით და ამ პარკებიდან გადადის ნარჩენები ელექტრომობილში. უნდა მოეწყოს ადგილები, სადაც იქნება შემნახველი ბუნკერი იმისთვის, რომ მანქანა ტერიტორიაზე არ გადაადგილდეს. ეს ალბათ ხვალ არ იქნება, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ვერასოდეს გავაკეთებთ. უმოკლეს დროში ჩვენ დავდებთ კონცეფციას, რომელიც დასუფთავებასაც მოიცავს. ბულვარის ტერიტორია უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული და უფრო პრაქტიკულად აწყობილი.

მე, როგორც მოქალაქეს, არ მსიამოვნებს, როდესაც სეირნობ პრომინადზე და ამ დროს მოდის დიდი სანდასუფთავების მანქანა, მაგრამ დღეს სხვა გზა არ მაქვს… რაც შეეხება დისტრიბუციას, რომლებიც აქ კვების ობიექტებს ამარაგებენ, მათთვის გვექნება უფრო მკაცრი რეგულაციები.

კიდევ რა მიმართულებით გჭირდებათ რეგულაციები?

თქვენ, ალბათ იცით, როგორი პრეტენზიები აქვს საზოგადოებას თუნდაც კვების ობიექტებთან დაკავშირებით. როგორ ვუთხრა მე რომელიმეს თქვენ არა და თქვენ კი –  როდესაც იქნება უკვე დამტკიცებული სტანდარტი, მაშინ შევძლებთ მოვთხოვოთ, თუ გინდათ ჩვენს ტერიტორიაზე ბიზნესი აწარმოოთ, ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეთ.

ასევე, ვფიქრობ, დაშვებული არ უნდა იყოს შემოღობვები და ბევრი ისეთი რამ, რაც დღეს არის. გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მე არ ვიყო ბულვარის დირექტორი და ეს არ უნდა იყოს ხელმძღვანელი პირების გემოვნებაზე აწყობილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემს პერიოდში შევქმნა ფუნდამენტური დოკუმენტები, ვიდრე ინფრასტრუქტურით პიარი გავიკეთო, ინფრასტრუქტურის პროექტებით გავაოცო მოქალაქეები ან ვიზიტორები. ვფიქრობ, დოკუმენტმა უნდა განუსაზღვროს მენეჯერს, როგორ განავითაროს ბულვარი.

 ამ ეტაპზე თქვენ თვითონ რა არ მოგწონთ ბულვარში?

ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე ვინც იყო ხელმძღვანელი, მისი ბრალია. არც მე გავურბივარ პასუხისმგებლობას. შემიძლია ვთქვა, რა არ მომწონს, მაგრამ ეს მიმანიშნებელი იქნება ბიზნესისთვის, ამიტომ არ ვიტყვი.

თქვენი წინამორბედი ღიად ამბობდა, რომ არ მოსწონდა, მაგალითად, „პიერ ბათუმის“ წინ არსებული მაღაზიები…

ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოვა ბულვარში და მოეწონება ის, რაც „პიერ ბათუმის“ გარშემო ხდება და არამარტო „პიერ ბათუმის“ გარშემო, არ უნდა იმუშაოს ბულვარის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

ფილებისა და სკამების დაზიანებაზეა მუდმივად საუბარი, რატომ ზიანდება ასე ხშირად, უხარისხოა?

ვერც ერთი ბათუმელი და სტუმარი ვერ იტყვის, რომ ბულვარი მოუვლელია. რაც შეეხება ფილებისა და სკამების დაზიანებას, ჩემი მოსაზრებაა, რომ პატარა ტერიტორია გავაკეთოთ და ხარისხიანად, – არის ხარისხის პრობლემა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია,  შემდგომ მოვლის ბრალია თუ რაიმე სხვა მიზეზი არ ვიცი, საგარანტიო  ვადა უკვე გასულია. მუნიციპალიტეტი ცალკე მუშაობს იმაზე, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. თუმცა, როცა გყავს ათიათასობით ვიზიტორი ერთ სეზონზე, იქ ურნაც გატყდება და სკამიც დაზიანდება. ბულვარი ცოცხალი ორგანიზმია, მაგისთვის არის ბულვარის ადმინისტრაცია, რომ ეს აღმოფხვრას.

მთავარი საკითხი მაინც არის კონსერვაცია, კონსერვაციის გარეშე შეუძლებელია მომავალ გეგმებზე საუბარი, უნდა შემუშავდეს არსებულ იერსახესა და ლანდშაფტზე მორგებული კონსერვაციის გეგმა, ამას სჭირდება კვლევები და სპეციალისტების ჩართვა. კვლევებს შევისყიდით.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ საპირფარეშოების დამატებას ბულვარში. გამოცხადებული გვქონდა პროექტირებაზე ტენდერი და ჩავარდა. ვაპირებთ ისევ გამოვაცხადოთ – მინიმუმ სამ ადაპტირებულ საპირფარეშოს დავამატებთ, რომლებსაც ასევე ექნება ბავშვთა გამოსაცვლელი ოთახი.

ასევე არის ინფორმირებულობის პრობლემა, მანიშნებლებზე მაქვს საუბარი, რომლებიც უმარტივებს ვიზიტორებს გადაადგილებას. მე  დავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში და  შეიძლება არ ვიცი ენა, თუმცა არ მიჭირს გადაადგილება. ჩვენთან შემოსული ვიზიტორი ვერ ხვდება რა მიმართულებით წავიდეს, რომ ნახოს „ალი და ნინო“. ამის დაპროექტებაზე ჩვენ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს.

ვიდრე შეგარჩევდნენ ამ თანამდებობაზე, მთავრობის თავმჯდომარე თუ შეგხვდათ? 

არა, მას არ შევხვედრივარ. კონკურსი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა, კომისიას მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე ხელმძღვანელობდა.

საკადრო ცვლილებები იქნება – ახალი მოადგილეები გყავთ უკვე?

მე ჩართული ვიყავი აქ რესტრუქტურიზაციის პროცესში და კადრებს ყველას ვიცნობ, ამიტომ არ ვაპირებ ამ პროცესის წამოწყებას, თუმცა რეორგანიზაცია იქნება. სტრუქტურა უნდა იყოს უფრო მოქნილი და პრაქტიკული. იმიტომ არ ვცვლი სტრუქტურას, რომ მაშინ არ ვეთანხმებოდი, იმ დროისთვის ისე იყო საჭირო. დაველოდებით მოადგილეების დანიშვნას. მე მოქნილი სტაფი მინდა.

რამდენია წელს ბულვარის ბიუჯეტი, რა სამუშაოებია უკვე შესრულებული და რა არის დასასრულებელი?

ათ მილიონზე მეტია წელს ბიუჯეტი, სამუშაოების 90 პროცენტია შესრულებული – ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც შეჩერებულია, ეს არის ბათუმის ბულვარის ველობილიკის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს მილიონ 700 000 ლარს. ამ პროექტის განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა და ჩავარდა. ვფიქრობთ, არის პროექტში რიგი პრობლემები, რაც უნდა დაიხვეწოს.

ბულვარის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით პლაჟის გასწვრივ სავაჭრო ობიექტები ბევრს არ მოსწონს. თქვენ მოგწონთ პლაჟზე თონე?

საზოგადოების უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მისაღები იყო. თუმცა ისინი კერძო მესაკუთრეები არიან და ბიზნესს ასე მარტივად ვერ შევეხებით, ვერ მივცემთ მითითებას, რომ ლუქსკლასის სამზარეულოები გააკეთონ. სწორედ იმისათვის გვესაჭიროება რეგულაციები, რომ იცით რა, მე არ მინდა ეს მუსიკა ამ კაფეში იყოს ან თონე, თუ როგორც შეერქვა შემდეგ ამ კვების ობიექტებს, ხაშლამის და სუპხარჩოს სუნის ტრიალი… მომწონს თუ არ მომწონს – როგორ გითხრათ? რა თქმა უნდა, არ მომწონს. ამიტომაც უნდა სტანდარტი.

ხმაურიც ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რესტორნებიდან გამომავალი მუსიკის ძალიან მაღალი ხმა სეზონზე…

მუსიკაც რეგულაციებმა უნდა დაარეგულიროს, ჩვენ ვერ მივუთითებთ როგორი მუსიკა უნდა ჩართოს. გადა ამისა, ვფიქრობ, ასეთი ობიექტებით არ უნდა იყოს ბულვარი გადატვირთული, პირიქით ძალიან ცოტა უნდა იყოს.

ბულვარში რუსული მუსიკა ისმოდა ხშირად. მესმის, რომ ამას ვერ დაარეგულირებთ, მაგრამ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია როგორია?

მე თვითონ არ ვუსმენ რუსულ მუსიკას, არც რუსულად ნათარგმნ ფილმს ვუყურებ, თანავუგრძნობ და გვერდში ვუდგავარ ომში დაღუპულების ყველა ოჯახს. ისინი ჩემთვის  გმირები არიან.

 

 

საზღვაო სასწავლებელი „ანრი“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა „ანრიმ“ ახალი სასწავლო წელი კონტინგენტის 100%-იანი ზრდით დაიწყო. სასწავლებელმა ნავიგაციის პირველ  კურსზე 40 სტუდენტი მიიღო, მექანიკის ფაკულტეტზე-8. მობილობით ინსტიტუტში 25 კადეტი ჩაირიცხა.

ბუსსს „ანრის“ პროფესიული სწავლების საფეხურზე კი ასამდე განაცხადია შესული.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლეს სასწავლებელთა ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასწავლებელმა  მიიღო მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების – საგემბანო და სამანქანო განყოფილებების ექსპლუატაციის განხორციელების უფლება.

ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

როგორ გაიზარდა ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობა – ჯანმოს ანგარიში 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ ევროპაში ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპის რეგიონის მოსახლეობაში გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირებულია ნაადრევი სიკვდილიანობა.

თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პროგრესს ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ვაქცინაციით არასათანადო მოცვა. უმოქმედობის შემთხვევაში ამ ფაქტორებს შეუძლიათ შეაფერხონ სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის ზრდა და ძველ მაჩვენებელზეც კი ჩამოიყვანონ ის.

ევროპელები ცხოვრობენ დაახლოებით ერთი წლით მეტს, ვიდრე 5 წლის წინ ცხოვრობდნენ. 2010-2015 წლებში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ევროპის რეგიონში, საშუალოდ, 1,2 წლით გაიზარდა; კაცებისთვის ზრდამ შეადგინა, საშუალოდ, 1,3 წელი, ქალებისთვის – 1 წელი. ამის გარდა, მცირდება სხვაობა სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ როგორც ქვეყნებს, ისე სქესებს შორისაც. თუმცა, ქალები კვლავ უფრო მეტ ხანს – 6.6 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები.

ტრავმებითა თუ მოწამვლით გამოწვეულმა გარდაცვალების შემთხვევებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 12%-ით იკლო. თუმცა ასეთი მაჩვენებელი კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.

სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი ევროპის რეგიონში [შვეიცარია] 83.1 წელია, ყველაზე დაბალი კი – 71.6 წელი [მოლდოვა]. საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 73.6 წელია.

ანგარიშში საუბარია, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ევროპის რეგიონში იზრდება – რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ცხოვრებით კმაყოფილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია ბევრ ძირითად მაჩვენებელში საგრძნობი განსხვავება ქვეყნებს შორის.

2020 წლამდე რეგიონში ქვეყნების უმეტესობა საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევს ძირითადი სამიზნე მაჩვენებლების გაუმჯობესების მხრივ, თუმცა ეს წარმატებები გადანაწილებულია არათანაბრად, როგორც ქვეყნების საზღვრებში, ისე ქვეყნებს შორის. მაჩვენებლებში შეიმჩნევა სხვაობები კაცებს, ქალებსა და თაობებს შორის.

ბოლო 5 წლის განმავლობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის რეგიონში ერთ წელზე მეტით გაიზარდა.

საკუთარი კეთილდღეობის აღქმის მაჩვენებელი ევროპის მცხოვრებლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, თუმცა ამ საკითხში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ქვეყანას შორის.

ბოლო 15 წლის მანძილზე დაახლოებით 25%-ით შემცირდა სიკვდილიანობა (ყველა მიზეზით) მსოფლიო მასშტაბით.

4 ძირითადი დაავადების გამო (გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, შაქრიანი დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) ნაადრევი სიკვდილიანობის  მაჩვენებელი 1,5%-ით არის შემცირებული. ეს მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 2%-ით კლებულობს. ამავდროულად სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ევროპის მოსახლეობამ ცხოვრების სტილი არ შეიცვალა, უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლოა შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და იკლოს კიდეც ამ მაჩვენებელმა.

– ევროპას პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების მხრივ. რეგიონში ეწევა ყოველი მესამე, 15 წლის ზემოთ მცხოვრები.

-ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი ევროპის რეგიონში კლებულობს, მაგრამ ზრდასრულებში ალკოჰოლის მოხმარების მხრივ, ევროპის მაჩვენებელი მსოფლიოში კვლავ ყველაზე მაღალია. ქვეყნებს შორის შეიმჩნევა მნიშვნელოვანი სხვაობა ალკოჰოლის მოხმარებას შორის – 1-დან 15 ლიტრამდე ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში.

ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჭარბი წონა აქვს, ევროპის უმეტეს ქვეყანაში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

ვაქცინაციის მაჩვენებელი ბავშვებში მთლიანობაში უმჯობესდება, მაგრამ ცოტა ხნის წინ წითელას აფეთქებამ საფრთხის წინაშე დააყენა რეგიონის ქვეყნებში ამ დაავადების წარმატებული ელიმინაცია.

 

რატომ დატოვა სამინისტრომ საჯარო სკოლის მასწავლებლები ბეჭდური სახელმძღვანელოების გარეშე

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ტრენერი, ქეთი პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები სკოლებში პედაგოგებისთვის დამხმარე ბეჭდური რესურსის გარეშე შევიდა. მისი თქმით, წინა გრიფირების დროს სახელმწიფომ გამომცემლობებს სატენდერო პირობებში ჩაუდო მოთხოვნა, რომ მასწავლებლისთვის დამხმარე ბეჭდური რესურსები მიეწოდებინათ, ახალი ტენდერი კი ამას არ ითვალისწინებდა.

„მე, როგორც პედაგოგს, გაკვეთილზე აუცილებლად მჭირდება მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი და რვეული, რომელსაც წინა წლებში გვაწვდიდნენ, წელს კი ეს რესურსი არ მოგვაწოდეს.

გარდა ამისა, წინა სახელმძღვანელოებს თან ახლდა აუდიოდისკები, ტესტური სამუშაოებისთვის რესურსი, რომელიც ახლა არ მოგვეწოდა. ახალი სახელმძღვანელოები ითხოვს თვალსაჩინოებას, რომელიც ასევე არ შემოსულა სკოლებში. თუ ჩვენ გვინდა ნორმალური სასწავლო პროცესი, ყველა ეს ბეჭდური რესურსი პედაგოგებს უნდა მოგვაწოდონ“.

ქეთი პაპავას თქმით, აღნიშნული რესურსების ნაწილი ელექტრონულად არსებობს, თუმცა ის ყველა პედაგოგისთვის ალბათ თანაბრად ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

„პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ვასწავლი უცხო ენას, წარმოიდგინეთ, ყველა ეს ბეჭდური რესურსი რაზეც ვისაუბრე, უნდა შევიძინო საკუთარი სახსრებით, რომელიც სულ ცოტა, 200 ლარი მაინც დამიჯდება“.

პედაგოგის თქმით, სკოლებს არ აქვთ იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ყველა მასწავლებელს ამოუბეჭდოს და მიაწოდოს ბეჭდური სასწავლო რესურსები. „ვფიქრობ, ეს სამინისტროს უნდა გაეთვალისწინებინა და უზრუნველეყო პედაგოგები მასწავლებლის, მოსწავლის წიგნითა და რვეულით, რომელიც არის მნიშვნელოვანი საგაკვეთილო პროცესში,, – ამბობს ქეთი პაპავა.

მე-16 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი, ტრენერი ია კუპრაძეც მიიჩნევს, რომ პედაგოგისთვის ბეჭდური სასწავლო რესურსი მნიშვნელოვანია.

„მე ნაკლებად ვიყენებ ბეჭდურ რესურს, რადგან ტრენერი ვარ მეთოდოლოგიაში და თვითონ ვმუშაობ ახალ მეთოდებზე, მაგრამ პედაგოგების საკმაოდ დიდ ნაწილს ნამდვილად სჭირდება ბეჭდური რესურსი“.

„ბათუმელები“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას დაუკავშირდა, რომლის სახელმძღვანელოებიც სკოლების დიდმა ნაწილმა აირჩია.

გამომცემლობის წარმომადგენელი თათა ჩხაიძე ამბობს, რომ მათ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ბეჭდური დამხმარე რესურსების უსასყიდლოდ მიწოდების უფლება არ აქვთ.

„განათლების სამინისტროს მოთხოვნა იყო ასეთი, რომ ყველა რესურსი ყოფილიყო ელექტრონულად და განთავსებულიყო ჩვენს ვებგერდზე“.

თათა ჩხაიძის თქმით, გამომცემლობა დამხმარე ბეჭდურ რესურს მხოლოდ იმ კერძო სკოლებს აწვდის, რომლებმაც მათი სახელმძღვანელოები აირჩიეს.

„ჩვენს სახელმძღვანელოებს მოჰყვება მასწავლებლის წიგნი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ყველა გაკვეთილის სცენარი, ასევე, მოსწავლის წიგნი და რვეული.

ეს ყველაფერი არსებობს ელექტრონული სახითაც, თუმცა ბეჭდური სახით მხოლოდ კერძო სკოლის პედაგოგებს ვაწვდით“.

თათას თქმით, ელექტრონულად არსებობს აუდიოფაილები, მასწავლებლის წიგნს პირველ კლასში მოჰყვება worksheet-ი (კითხვები და სავარჯიშოები), რომელიც შეუძლია მასწავლებელმა ამობეჭდოს და გამოიყენოს გაკვეთილზე.

„გარდა ამისა, არის „ფლეშ ქარდი“ (flash card) და დაახლოებით 13 პოსტერი ელექტრონულად, რომელიც ჯერ არ დაბეჭდილა, მაგრამ ვებგვერდზე იტვირთება და, სავარაუდოდ, დაიბეჭდება კიდეც“. როგორც თათა გვეუბნება, იგივე სიტუაციაა ბუნებაში, ხელოვნებაში და ა.შ.

თათა ჩხაიძის თქმით, მოსწავლის წიგნი და მოსწავლის სამუშაო რვეული, ზოგ შემთხვევაში, გაყოფილია ორ ნაწილად და თითოეული კომპონენტი 6-დან 9 ლარი ღირს.

„ვინაიდან საჯარო სკოლის მასწავლებლებს სამინისტრო არ ურიგებს ამ წიგნებს, ჩვენს ვებგვერდზე  ყველა ეს რესურსი ელექტრონულად გვიდევს. მაგრამ პედაგოგს მხოლოდ მასწავლებლის წიგნის ჩამოტვირთვა შეუძლია, სხვა რესურსებით კი ონლაინ უნდა ისარგებლოს“.

თათა ჩხაიძის თქმით, გამომცემლობა საჯარო სკოლებს ვერც თვალსაჩინოებებს მიაწვდის უსასყიდლოდ. „სამწუხაროდ, ეს იყო სამინისტროს გადაწყვეტილება, ამიტომ ვერ ვურიგებთ  ბეჭდურ ეგზემპლარებს“. მისი თქმით, სამინისტრომ იგივე პირობები ჩაუდო სხვა გამომცემლობებსაც სატენდერო პირობებში.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს, რომ მის სკოლაში არის იმის ფინანსური რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში პედაგოგს ელექტრონული რესურსი ამოუბეჭდონ. „მასწავლებელს ვერ დავავალდებულებ, რომ ყველა კლასში ბეჭდური რესურსი შეიძინოს. თუმცა ელექტრონულად ყველა საჭირო მასალა ხელმისაწვდომია და შეუძლიათ გამოიყენონ,“ – გვეუბნება ის.

მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი დათო ეცადეიშვილი ამბობს, რომ პედაგოგებისთვის სკოლაში არანაირი ბეჭდური რესურსი ამ დროისთვის არ არის შესული. „თუმცა, ვისაც დასჭირდება, ელექტრონული რესურსი უნდა გამოიყენოს“.

 

 

სამინისტრო: აჭარაში თხილის 20-მდე დაავადება დაფიქსირდა – როგორ მოვუაროთ თხილს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თხილს აჭარაში 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს.

მინისტრის მოადგილის, მამუკა თურმანიძის თქმით, „გასულ წლებში აჭარაში 2-2,5 ტონა თხილი მოდიოდა ჰექტარზე, მაგრამ ვინაიდან აგრარული ტექნოლოგიები არ განხორციელდა სრულფასოვნად, ამან გამოიწვია მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება. აჭარაში ადგილობრივმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა იმუშავა, ასევე მოწვეული გვყავდა სპეციალისტები თურქეთიდან, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ თხილის ბაღებში 16-დან 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება არის გავრცელებული“.

თხილის ძირითად მავნებლად დღეს აზიური ფაროსანა სახელდება, თუმცა მცენარეს, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში სჭირდება მოვლა, მათ შორის წამლობა არა მარტო ფაროსანასგან, არამედ სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად.

მამუკა თურმანიძის თქმით, აუცილებელია ზუსტად შეასრულდეს ყველა ინსტრუქცია აგროტექნიკურ ვადებში: „ხუთი დღე იქეთ ან აქეთ წამლობაში რომ შეგვცდეს, შესაბამისი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რითი ვწამლავთ, როდის ვწამლავთ და რის წინააღმდეგ ვწამლავთ. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ფერმერმა იცოდეს“.

წამლობის პერიოდები, ასევე შესაბამისი პრეპარატები და მათი დოზები, რათა ისინი სწორად გამოვიყენოთ, მოცემულია ფენოკალენდარულ სქემაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ არის მომზადებული:

 

შეიცვლება თუ არა ეს კალენდარი 2019 წლისთვის? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ სქემა, ძირითადად, უცვლელი დარჩება; ამასთან,სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს, გაცილებით ვრცელი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტების დარიგებას.

აღნიშნული სქემის მიხედვით, უშუალოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის შეწამლვა რეკომენდებულია წელიწადში სამჯერ:
პირველი შესხურება – ივნისის დასაწყისში;
მეორე შესხურება – ივნისის ბოლოს/ივლისის დასაწყისში;
მესამე შესხურება – [მოსავლის აღების შემდეგ] – აგვისტოს ბოლოს/სექტემბრისდასაწყისში.

ძირითადად გამოიყენება ბიფეტრინის შემცველი ქიმიკატები, რომელთა გამოყენების ინსტრუქცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბავშვს მხედველობის პრობლემები აქვს – ექიმის რჩევა 

მხედველობის პრობლემები სასკოლო ასაკში იჩენს თავს

ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობლემა და პატარა ასაკში არ მჟღავნდება, როგორც კი საჭირო გახდება დიდხანს კითხვა, დაფაზე დაწერილის წაკითხვა, ის უეცრად გამოუვლინდებათ. საერთოდ, ჯობია სკოლაში წასვლამდე ბავშვის მხედველობა შემოწმდეს და გაირკვეს, აქვს თუ არა მას ანატომიურად მხედველობის ნაკლი, სჭირდება თუ არა სათვალით კორექცია. მშობლებმა უნდა იცოდნენ და ჩაუტარონ მარტივი ტესტი შვილებს, მაგალითად, ჯერ ცალი თვალით წააკითხეთ კედელზე დაკიდებული კალენდრის რიცხვები, მერე მეორე – თვალით. თუ ბავშვი ვერ კითხულობს, აუცილებლად სჭირდება მას ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

ასეთივე ტესტი თამაშ-თამაშით შეიძლება ჩაუტაროთ ბავშვს, განსაკუთრებით ბიჭებს, დალტონიზმთან დაკავშირებით – ნახეთ, არჩევს თუ არა ის ფერებს ერთმანეთისგან…

როგორი უნდა იყოს ბავშვის მხედველობის რეჟიმი?

ბავშვმა უნდა იმეცადინოს კარგად განათებულ ოთახში. აუცილებელია მაგიდასთან ზურგგამართული ჯდომა, წიგნი და რვეული თვალს 30 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. სკოლამდელი ასაკის ბავშვი მშობლებმა საერთოდ უნდა მოარიდონ კომპიუტერს. დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვის ყოველი 20-30 წუთის აქტიურ მუშაობას (კითხვას, კომპიუტერთან  მუშაობას და სხვა) უნდა მოჰყვებოდეს ხუთწუთიანი დასვენება. ასევე, მნიშვნელოვანია სწორი კვება, ზოგადგამაჯანსაღებელი პროცედურები, სპორტი.

რომელი საკვები პროდუქტები უწყობენ ხელს მხედველობის განვითარებას?

მხედველობისთვის სასარგებლო პროდუქტებია: სტაფილო, პომიდორი, თევზი, ღვიძლი, წიწიბურა, მოცვი, მარწყვი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გარგარი. რეტინოლის (A ვიტამინის ) შემცველი პროდუქტები აუმჯობესებს ღამის მხედველობას, ზრდის მხედველობის სიმახვილეს და ველს.

რა მეთოდებით მკურნალობენ მხედველობის პრობლემებს?

ძირითად შემთხვევებში ხდება რეფრაქციის მანკის (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი) კორექცია სათვალით ან კონტაქტური ლინზებით, საჭიროა ფუნქციონალური მკურნალობა, ვარჯიშები თვალშიგა კუნთის ფუნქციის აღსადგენად, მედიკამენტური მკურნალობა, ზოგადგამაჯანსაღებელი მკურნალობა და ახლო მანძილზე მუშაობისას სწორი რეჟიმის დაცვა.

თუ ბავშვს არ აქვს მხედველობის პრობლემა, მაგრამ აქვს რომელიმე სხვა დაავადება, რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომელი მათგანია საშიში მხედველობისთვის?

თუ ბავშვს აქვს დიაბეტი, აუცილებლად წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს კონსულტაცია ოფთალმოლოგთან. ბავშვები, რომლებსაც აქვთ რევმატიზმი ან მომატებული რევმატიული სინჯები, ასევე საჭიროებენ ყურადღებას. სისტემური დაავადების შემთხვევაში, ან მაშინ, როცა ოჯახის რომელიმე წევრს, ან ახლო ნათესავებს, აქვთ მხედველობის პრობლემა, აუცილებელია  ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

ავტორი: ზარიმა ჩავლეიშვილი

ცხოვრებაში პირველად თოჯინების თეატრში

„არ მაქვს საშუალება ბავშვები თეატრში ვატარო. მე რა, დიდი ვარ და ჩემთვის რას ნიშნავს თოჯინების თეატრი, მაგრამ რითაც ჩემი შვილები ხარობენ, მეც ის მახარებს,” – გვეუბნება ნინო (სახელი შეცვლილია), სამი შვილის დედა. ნინოს მეუღლე პატიმარია. ბავშვებს მარტო ზრდის და შაბათს, 15 სექტემბერს, სამივე ცხოვრებაში პირველად წაიყვანა თოჯინების თეატრში. ერთი მეხუთე კლასშია, ერთიც – მესამეში, სულ პატარა ბიჭი წელს მეორე კლასში ისწავლის.

„იმ დღეს ძალიან ბედნიერები იყვნენ, სახლში რომ დაბრუნდნენ, დეიდას უყვებოდნენ, რა ლამაზი და გემრიელი ტორტი მოართვეს, როგორი ფერადი სპექტაკლი ნახეს,” – ამბობს ნინო.

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებისთვის „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნად ნამდვილი ზეიმი მოაწყო: პატარებს ჯერ სასკოლო ნივთები გადასცეს. შემდეგ ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრში ბავშვებმა ლელა ცუცქირიძის „ზანზარასა და ჩუს თავგადასავლის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი ნახეს.

წელს ამ სპექტაკლით გაიხსნა ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრის 82-ე თეატრალური სეზონი. თეატრმა ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებს უსასყიდლოდ უმასპინძლა. პატარებმა სასიამოვნოდ გაატარეს საღამო და სკოლის პირველი დღის დადგომამდე ზღაპრის სამყაროში იმოგზაურეს.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს  დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „ფონდ თანაზიართან“ ერთად ახორციელებს.

პროექტი ბევრ სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა.

როგორც ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე ამბობს, მსგავს ღონისძიებებს ორგანიზაცია გარკვეული პერიოდულობით ყოველთვის აწყობს. მომავალშიც არაერთი ღონისძიება იგეგმება პატარების საჭიროებების მიხედვით.

„ბავშვების მდგომარეობა ასახავს ყოფილი პატიმრების ოჯახების მდგომარეობას. სტიგმების, მატერიალური სიდუხჭირის გამო ეს ოჯახები მძიმე მდგომარეობაში არიან. პატიმართა შვილებისთვის ასეთი ღონისძიებები ბევრს ნიშნავს, ამ პატარებს ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ვერ წარმოიდგენთ, როგორია მათი ემოციები, როცა ვცდილობთ რამით გავახაროთ. იყო შემთხვევა, როცა ერთი ბენეფიციარის პატარა გველოდებოდა კიდეც: სასწავლო წლის დასაწყისში საჩუქრებს თუ გვიმზადებენ ნეტაო – მამას ეკითხებოდა თურმე”, – ამბობს ნინო ხაჩიძე.

ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გარდა პროექტი მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს, ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44;

იმერეთში – აფხაზინტერკონტს, ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61;

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს, ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26;

სამეგრელო – ზემო სვანეთში – თანაზიარს ,  ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88ტელ: (0415) 22 10 78.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

მთავარ ფოტოზე: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის ფოტო.

„გივა“ – ტესტირების ცენტრი, სადაც უნდა გაიაროს თქვენმა ავტომანქანამ ტექდათვალიერება

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო ხდება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის იმის მიხედვით, თუ რომელ რიცხვშია რეგისტრირებული ის მომსახურების სააგენტოში. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან კი დაიწყება იმ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, რომელთა ძრავის მოცულობა 3:0 და მეტია.

თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა ტექდათვალიერება თქვენივე მაქსიმალური ზედამხედველობით, უსაფრთხოდ და სწრაფად გაიაროს, მაშინ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) შესაფერის პუნქტს უნდა მიაკითხოთ ბათუმში, მარტივად მისადგომ ტერიტორიაზე. ცენტრი „გივა“ ქალაქში სპეციალურად ტექდათვალიერებისთვის აშენდა, კეთილმოეწყო და შშმ პირებისთვის ადაპტირდა.

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან კი დაიწყება იმ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, რომელთა ძრავის მოცულობა 3:0 და მეტია.
2018 წლის პირველი ოქტომბრიდან კი დაიწყება იმ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, რომელთა ძრავის მოცულობა 3:0 და მეტია.

აქ მოსულ ავტომობილის მეპატრონეს შეუძლია სპეციალური სათვალთვალო პუნქტებიდან დააკვირდეს ტექდათვალიერებას და პირდაპირ ან მონიტორის საშუალებით ადევნოს თვალი პროცესს. მსუბუქი ავტომობილის შემოწმებას სულ რაღაც 15, სატვირთოს კი – 20-25 წუთი სჭირდება. ყოველი ავტომობილის ტექდათვალიერების პროცესს ვიდეოთვალი აღბეჭდავს, ჩანაწერს კი 14 თვის განმავლობაში შეინახავენ.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ ერთდროულად სამი ავტომანქანის შემოწმებაა შესაძლებელი, რაც გამორიცხავს რიგებს. სადგომზე ეტევა სამი დიდი ტვირთამწეობის (ტრაილერი) და ათზე მეტი მსუბუქი ავტომობილი.

ავტომანქანის ტექდათვალიერებაზე დასარეგისტრირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისი ონლაინ დაჯავშნონ ურიგოდ ან დარეკონ ნომერზე: 571 15 15 31.

როგორი უნდა იყოს გამართული ავტომობილი

ავტომანქანას არ უნდა ჰქონდეს ვიზუალურად რაიმე შესამჩნევი დაზიანება, წინა საქარე მინაზე არ უნდა იყოს ბზარები, გამართულად უნდა მუშაობდეს ელექტრომოწყობილობები, განსაკუთრებით: მაშუქები, მოხვევისა და მუხრუჭის მაჩვენებელი. აუცილებელია მუშაობდეს შუშის საწმენდი. გამონაბოლქვის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმას. ავტომობილი სალონში არ უნდა უშვებდეს ხმასა და ჰაერს. გამართული უნდა იყოს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც სტენდზე მოწმდება.

ცენტრი „გივა“ ქალაქში სპეციალურად ტექდათვალიერებისთვის აშენდა, კეთილმოეწყო და შშმ პირებისთვის ადაპტირდა.
ცენტრი „გივა“ ქალაქში სპეციალურად ტექდათვალიერებისთვის აშენდა, კეთილმოეწყო და შშმ პირებისთვის ადაპტირდა.

თუ თქვენს ავტომობილს გავლილი არ აქვს ტექდათვალიერება

ტექდათვალიერებისთვის თავის არიდება ერთდროულად აზარალებს როგორც  გარემოს, ასევე ადამიანს. გამონაბოლქვი ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და ამავდროულად, ასეთი ავტომობილები ადამიანების სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს მოძრაობისას. მფლობელი, რომლის ავტომანქანასაც არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება, 50 ლარით ჯარიმდება.

ტექდათვალიერების გავლა სამგზავროსთვის ექვს თვეში ერთხელ, ყველა სხვა ტიპის ტრანსპორტისთვის კი წელიწადში ერთხელ სავალდებულოა.

თუ თქვენს ავტომობილს დათვალიერებისას დარღვევები აღმოაჩნდება

ტექდათვალიერებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხარვეზი ავტომობილის მფლობელმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოასწოროს. თუ ამ პერიოდში მიიყვანს მფლობელი ავტომობილს დათვალიერებისთვის განმეორებით, შემოწმდება მხოლოდ ის დარღვევა, რაც ავტომობილს ბოლოს აღმოაჩნდა – ტექდათვალიერება უფასოა. იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილს იგივე დარღვევა აქვს, რაც წინა დათვალიერებისას ჰქონდა, ავტომობილის მფლობელს უწევს თანხის გადახდა.

მარჯვენა და მარცხენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას ერთნაირად გაივლიან. გაზზე მომუშავე ავტომანქანების მფლობელებმა კი აუცილებლად უნდა წარმოადგინონ აირბალონის შემოწმების დოკუმენტი.

გაზზე მომუშავე ავტომანქანების მფლობელებმა კი აუცილებლად უნდა წარმოადგინონ აირბალონის შემოწმების დოკუმენტი.
გაზზე მომუშავე ავტომანქანების მფლობელებმა კი აუცილებლად უნდა წარმოადგინონ აირბალონის შემოწმების დოკუმენტი.

ტექდათვალიერების ფასები

მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარი ღირს, ავტომანქანები, რომელთა ტვირთამწეობაც სამტონანახევარზე მეტია – 100 ლარი;  დიდი სამგზავრო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – 100 ლარი; მისაბმელიანი მანქანები – 60 ლარი.

ავტომობილის ტესტირებისა და დათვალიერების ცენტრი „გივა“

მისამართი: .ბათუმი, გოროდოკი; ვოლსკის .N90 და სვიშევსკის . გადაკვეთა.

მობ.: 571 15 15 31

ფეისბუქგვერდი:პტი გივა

ვებგვერდი: www.giva.ge

Email.: ptigiva@gmail.com

დავა 112-ის წინააღმდეგ – უნდა იხდიდეს თუ არა ყველა „ცხელი ხაზის“ საფასურს

112-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქე დავობს. მათი აზრით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება წესი, რომლის მიხედვითაც აბონენტებს ყოველთვიურად უწევთ 20 თეთრის, კომპანიებს – 50 თეთრის გადახდა. 112-ის ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურების საფასურს თითოეული მოქალაქე იხდის. ეს წესი 2011 წლიდან მოქმედებს, როცა მთავრობამ შესაბამისი დადგენილება მიიღო.

მოსარჩელე მხარე [ლევან ალაფიშვილი „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“] მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას, ვინაიდან „112“-ის მომსახურების საფასურის დაკისრება ხდება აბონენტის ნების მიუხედავად ისე, რომ გაურკვეველია, თუ რა კონკრეტული მომსახურების გაწევას ემსახურება აღნიშნული საფასური. ამასთან, ზოგადი სერვისებით სარგებლობს თითოეული მოქალაქე და, შესაბამისად, ეს სერვისები უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

„საფასურის გადახდის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ აბონენტს, რომელიც თვის განმავლობაში 5-ზე მეტი ლარის მომსახურებას შეიძენს. ადგილი აქვს დაცულ სფეროში შეჭრას გონივრული, ლეგიტიმური და ვარგისი დასაბუთების გარეშე…

აბონენტი შესაძლოა სულაც არ სარგებლობდეს საკომუნიკაციო მომსახურებით, მაგრამ გასაჩივრებული ნორმებით მაინც ეკისრება 112-ის საფასურის გადახდა. მაგალითად, მხოლოდ „მხიარული ზუმერის“, „ნომრის დაფარვის“ ან „დაფარული ნომრის ამოცნობის“ სერვისით სარგებლობისას აბონენტს ეკისრება 112-ის საფასურის გადახდა,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

 

რა სჭირდებათ მეზღვაურებს გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმებისთვის – რეკომენდაციები

იმ მეზღვაურებს, რომლებსაც განათლება ქართულ საზღვაო სასწავლებლებში აქვთ მიღებული, 13 სექტემბრის შემდეგ საშუალება ეძლევათ გერმანულ და ხორვატიულ გემებზეც დასაქმდნენ.  ამიერიდან ქართული დიპლომით მსოფლიოს 47 ქვეყანაშია დასაქმება შესაძლებელი, აქედან 19 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში.

გერმანული და ხორვატიული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების  შესაძლებლობა მეზღვაურებს საზღვაო ფორუმზე ხელმოწერილი მემორანდუმით მიეცათ, რითაც ამ ორმა სახელმწიფომ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები  აღიარა.

„ახლა ყველაფერი კომპეტენტური მეზღვაურების და კომპეტენტური საკრუინგო კომპანიების ხელშია. მთავარი წინაღობა რომ არ გვაღიარებდნენ, მოხსნილია,“ –  ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე „ბათუმელებთან“. ის პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული, რომლის შედეგადაც ქვეყნებს შორის მემორანდუმის გაფორმება გახდა შესაძლებელი.

მისი თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციას მემორანდუმზე ხელმოწერის გადაწყვეტილება გერმანიის გემთმფლობელთა ასოციაციასთან კონსულტაციის გარეშე არ მიუღია. გერმანულმა მხარემ გერმანელ გემთმფლობელთა ასოციაციასთან აწარმოა მოლაპარაკებები და მოიკვლია რამდენად იყო გემთმფლობელთა მხრიდან ინტერესი ქართველი მეზღვაურების დასაქმებაზე მათ კომპანიებში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მემორანდუმი ხელმოწერილია, ქართველ მეზღვაურებს გერმანულ გემებზე დასაქმების რეალურ შანსს აძლევს.

ივანე აბაშიძე დეტალურად ხსნის, თუ რა უნდა გააკეთონ მეზღვაურებმა იმისათვის, რომ სასურველ გერმანულ ან ხორვატიულ გემზე მოხვდნენ.

ივანე აბაშიძე: „დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ქართველი მეზღვაური გადაწყვეტს დასაქმდეს გერმანიაში, არის ორი ვარიანტი: ან გემთმფლობელი თავად მოიძიოს, ან გემთმფლობელმა მოიძიოს საკრუინგო კომპანიის მეშვეობით.

ორი აქტორი შემოდის მოქმედებაში – უშუალოდ მეზღვაური, რომელსაც შეუძლია პირდაპირ დასაქმდეს გემთმფლობელზე გასვლით და საკრუინგო კომპანია, რომელმაც ხელშეკრულება უნდა გააფორმოს გემთმფლობელთან საშუამავლო დასაქმების შესახებ.

ახლა ბურთი არის ქართული საკრუინგო კომპანიების მოედანზე. ქართულმა საკრუინგო კომპანიებმა დროულად უნდა გააკეთონ ის, რომ გერმანელ გემთმფლობელებზე გავიდნენ. სამართლებრივი პრობლემა დასაქმებასთან დაკავშირებით, მოხსნილია.

მეზღვაურს საკრუინგო კომპანიის გარეშეც შეუძლია გერმანიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება. შეუძლია მოიძიოს გემთმფლობელი, გააგზავნოს მისი საბუთები, მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში უკვე გერმანიის საზღვაო ადმინისტრაცია მართვის დონის მეზღვაურზე გასცემს ე.წ. სერტიფიკატის აღიარების დადასტურებას.

საკრუინგო კომპანია ასრულებს შუამავლის როლს. ამ შუამავალმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყველანაირი დოკუმენტაციის ისე მომზადება და გაფორმება, რომ გემთმფლობელს ნაკლები ზრუნვა მოუწიოს. მაგალითად, მეზღვაურს ჩაუტაროს კომპეტენციის ტესტი, მოუწესრიგოს ყველა საბუთი, პასპორტი, ვიზა, მოუმზადოს ხელშეკრულება და ა.შ.  საკრუინგო კომპანია ამაში ანაზღაურებას გემთმფლობელისგან იღებს.

ამ მემორანდუმით ქართველ მეზღვაურებს ეძლევათ შეუზღუდავი დასაქმების საშუალება გერმანიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეს არის რამდენიმე ასეული, ძალიან მაღალი ხარისხის, ძალიან სანდო ორგანიზაციების და გემთმფლობელების საკუთრებაში არსებული გემები, ძალიან მაღალი ანაზღაურებით“.

გარდა დასაქმებისა, გერმანული მხარე ქართულ მხარეს საგანმანათლებლო პროცესშიც დაეხმარება.

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის მომზადებასა და სწავლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველო თავისი მეზღვაურებით და ნაოსნობაში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო ასპარეზზე,” – ეს განცხადება მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა,  რეინჰარდ კლინგელმა გააკეთა.

იგივე მოდელი ვრცელდება ხორვატიასთან მიმართებაშიც.

ამავე თემაზე:

ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატი გერმანიამ და ხორვატიამ აღიარეს

ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამის ბრძანებას ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 2018 წლის 7 სექტემბერს მოაწერა.

ამ ბრძანებით, რომელიც 11 სექტემბრიდან ამოქმედდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

ამავე თემაზე: 

ძეგლის სტატუსი სვანურ მარილს, ხორუმსა და ”ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნას

ფოტო: pexels.com

ბათუმში შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმში სამ მოქალაქეს საკუთრებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჩერქეზიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

„საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ვინაიდან ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი მიიჩნევა აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:

უძრავი ქონება, მდებარე ბათუმში, თბილისის ქუჩაზე,  N9, 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
შენობა/ნაგებობი:
N1 – საერთო ფართობი – 595,87 კვ.მ [მათ შორის I სართული, ფართობი – 187.3 კვ.მ, II სართული, ფართობი – 231.9 კვ.მ, სხვენი, ფართობი – 176.67 კვ.მ];
N2 – საერთო ფართობი – 18.39 კვ.მ;
N3 საერთო ფართობი – 3.42 კვ.მ];
ასევე, ამავე მისამართზე მდებარე 601 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 21.74 კვ.მ შენობა-ნაგებობა.

ამ ქონების მესაკუთრეები არიან: დავით ბერიძე, მავილე ველიაძე და ნინო ბერიძე.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ის შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ბრძანება მიმდინარე წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა.

 

აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა

დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოს ბიზნოსომბუდსმენის წარმომადგენლად აჭარაში ტარიელ გიორგაძე წარადგინეს.

აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და რეგიონში მოქმედი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ტარიელ გიორგაძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორში. ტარიელ გიორგაძე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი. 2014-2018 წწ იკავებდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას,“- აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ბიზნესის ინვესტიციების მიმართ გარანტიების შექმნას და ხელშეუვალობის პრინციპი იქნება ერთ-ერთი მთავარი. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენ შევქმნათ ინსტიტუციური გარემო. დღევანდელი დღე არის ამის მნიშვნელოვანი დადასტურება იმისთვის, რომ ერთი ბიუროკრატის ან ერთი ჩინოვნიკის ნებაზე არ იყოს ბიზნესი დამოკიდებული, მნიშვნელოვანია შეიქმნას ის ინსტიტუციები, ასევე ის თამაშის წესები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი როგორც კაპიტალზე ხელმისაწვდომობაზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე წვდომაზე. ამ კუთხით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავარი ფოტო: ირაკლი ლექვინაძე, თორნიკე რიჟვაძე, ტარიელ გიორგაძე /აჭარის  მთავრობის ფოტო
Exit mobile version