ბათუმში კაცი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში ქუჩაში კაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ვ.მ. დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დაკავებული 27 წლისაა.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 15 სექტემბერს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ ა.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლების მიხედვით მიმდინარეობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალზე დღეს [18 სექტემბრის აფიშა]

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

კინოთეატრი „აპოლო“
  • 12 საათზე: „მშიერი აჩრდილების კუნძული“ [დოკუმენტური] რეჟისორი: გაბრიელ ბრადი

გერმანელი რეჟისორის, გაბრიელ ბრადის დოკუმენტური ფილმი ავსტრალიაში, შობის კუნძულზეა გადაღებული. წელს ფილმმა რამდენიმე კინოფესტივალზე მოიპოვა ჯილდო, მათ შორის ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ რეჟისორს სპეციალური პრიზი გადასცა „ახალი, რადიკალური ხედვისთვის დევნილების კრიზისზე“.

  • 14 საათზე: „ალავერდობა“ [მხატვრული] რეჟისორი: გიორგი შენგელაია

გიორგი შენგელაიას 1962 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული.

“ალავერდობა”. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  • 15 საათზე: „მარილი სვანეთს“. რეჟისორი: მიხეილ კალატოზიშვილი 

მიხეილ კალატოზიშვილის 1930 წელს გადაღებული ფილმი, რომლის დამდგმელი მხატვარი დავით კაკაბაძეა კინოფესტივალზე სექცია „ქართული პანორამას“ ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

„მარილი სვანეთს!”
  • 16 საათზე: „შორეული თანავარსკვლავედი“ [დოკუმენტური] რეჟისორი: შევაუნ მიზრაჰი

აშშ-ში დაბადებული, წარმოშობით თურქი რეჟისორის, შევაუნ მიზრაჰის დოკუმენტური ფილმი არამხოლოდ სტამბულის მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებზეა, არამედ დროზეც, რომელიც ამ შენობაში თითქოს არ იძვრის. გასულ წელს ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალის სპეციალური ჯილდო მიიღო.

[checklist]

  • 18 საათზე: „რეი და ლიზი“ [მხატვრული] რეჟისორი: რიჩარდ ბილინგჰემი

[/checklist]

ბრიტანელი რეჟისორის, რიჩარდ ბილინგემის ფილმი თავად რეჟისორის მოგონებებს ეფუძნება. ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე წელს ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო და მთავარ ჯილდოზე – „ოქროს ლეოპარდზეც“ იყო წარდგენილი.

[checklist]

  • 20 საათზე: „მარცვალი“ [მხატვრული] რეჟისორი: სემიჰ კაპლანოღლუ[/checklist]

თურქი რეჟისორისა და მწერლის, სემირ კაპნალოღლუს შავ-თეთრი ფილმი პოსტაპოკალიფსური ამბავია სამყაროზე, სადაც ემიგრანტებისაგან ქალაქებს მაგნიტური კედლები იცავს და სადაც სამყაროს კორპორაციები და ელიტები მართავენ. ფილმი 2017 წელს ტოკიოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

[checklist]

  • 22:30 საათზე: „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“ [მხატვრული] რეჟისორი: კიმ კი-დუკი

[/checklist]

სამხრეთ კორეელი რეჟისორის 2018 წელს გადაღებული სურათი სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც სამხედრო გემით მგზავრობენ.

___________________

კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი.

ბათუმში კინოფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

____________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“

მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას ეკომართვის ბილეთები ემატება [ტესტები და პასუხები]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 30 სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებს [ბილეთებს] ეკომართვის საგამოცდო ტესტები [ბილეთები] დაემატება.

თეორიული გამოცდის ტესტებს ეკომართვის 50 ბილეთი [№1742-№1792] დაემატა.

ეკომართვის საგამოცდო ტესტები და სწორი პასუხები შეგიძლიათ იხილეთ ბმულზე.

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის ბრძანება და ამ ბრძანებაში შესული ყველა ცვლილება ნახეთ ბმულზე.

 

ბანკთაშორისი გადარიცხვები 1 საათით ხანგრძლივდება

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] განცხადებით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის სამუშაო გრაფიკი 1 სთ-ით გახანგრძლივდება, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მომხმარებლების გადარიცხვები სამუშაო დღის 18:00 საათამდე შეასრულონ.

„ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ახალი სამუშაო გრაფიკი დადგინდა ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის [RTGS სისტემის] წესებით, რომლის მიხედვით, კლიენტის გადარიცხვების შესრულების ზღვრულ დროდ განისაზღვრა 18:00 სთ. დღემდე ასეთ გადახდებს RTGS სისტემა მხოლოდ 17:00 საათამდე ამუშავებდა. აღნიშნული ცვლილება ზრდის ბანკების შესაძლებლობას, კლიენტებისგან მიღებული საგადახდო დავალებები შეასრულონ იმავე დღესვე,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

RTGS სისტემის მართვას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. აღნიშნული სისტემის მონაწილეები საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურია, რაც, სების განცხადებით, გულისხმობს, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც ბანკიდან ბანკში გადარიცხვებს, ასევე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმართულ გადახდებს.

„RTGS სისტემა ბანკთაშორისი ეფექტიანი საგადახდო სისტემაა, რომლის დანერგვითაც მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო რისკები, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული სისტემაში გადარიცხვების დამუშავების პროცესი, საოპერაციო საათების განმავლობაში ბანკთაშორისი გადარიცხვები იწარმოება დავალებათა დამუშავების უწყვეტ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილია წვდომის უსაფრთხოება და სისტემაში გამავალი ინფორმაციის დაცულობა.“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარა ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლებით შეხვდა

შუახევის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა, სადაც მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა
თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა

მაწყვალთის საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

პროექტის მიხედვით აშენდა 100 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა სპორტული დარბაზით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას. მოეწყო საკლასო და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილები. სასკოლო კაბინეტები და სპორტული დარბაზი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

შუახევის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა
შუახევში, სოფელ მაწყვალთაში, ახალი სკოლა გაიხსნა

ამჟამად სკოლაში სწავლობს 41 მოსწავლე, რომელთა შორის მხოლოდ 3 პირველკლასელია, სკოლაში დასაქმებულია 23 პედაგოგი.

სკოლას აქვს საკუთარი მდიდარი ბიბლიოთეკა, 8000-ზე მეტი სასკოლო და მხატვრული ლიტერატურით.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის 734 444 ლარის სამუშაოები განხორციელდა.

2018 წელს სკოლას 400-მდე დასახელების მხატვრული ლიტერატურა გადაეცა აჭარის არ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით.

აჭარაში კიდევ ერთი ახალი სკოლა ქედაში გაიხსნა

ახალი სასწავლო წელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა. თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანს ეწვია, სადაც სწავლას ადგილობრივი ბავშვები სრულად რეაბილიტირებულ სკოლის შენობაში შეუდგნენ.

აჭარაში კიდევ ერთი ახალი სკოლა ქედაში გაიხსნა
აჭარაში კიდევ ერთი ახალი სკოლა ქედაში გაიხსნა

სკოლის გახსნას ძენწმანელებს რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში პროექტის განსახორციელებლად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ 440,000 აშშ დოლარი გამოყო. სარემონტო სამუშაოები აშშ-ის ინჟინერთა კორპუსის მიერ შიდა ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ (LCON-მა) განახორციელა. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით და დამონტაჟდა გათბობის თანამედროვე სისტემა.

პროექტის განსახორციელებლად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ 440,000 აშშ დოლარი გამოყო.
პროექტის განსახორციელებლად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ 440,000 აშშ დოლარი გამოყო.

„დღეს გავხსენით ძენწმანის რეაბილიტირებული სკოლა, რომელშიც ჩართული იყო ამერიკის სამხედრო კორპუსი. მინდა ჩვენს მეგობრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათი ასეთი მხარდაჭერისთვის. სკოლა თანამედროვე სტანდარტებს აკმყოფილებს. ის მოემსახურება როგორც ძენწმანის, ასევე კორომხეთის მოსახლეობას. ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს და მასწავლებლებს წარმატებულ აკადემიურ წელს. ასეთი პროექტები გაგრძელდება როგორც შიდა რესურსით, ასევე ჩვენი პარტნიორების დახმარებით და ძალისხმევით. მოხდება იმ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მაწყვალთას ახალი სკოლა
მაწყვალთას ახალი სკოლა

ძენწმანის საჯარო სკოლაში დასაქმებული 22 პედაგოგი 48 მოსწავლესთან მუშაობს, რომელთაგანაც 4 პირველკლასელია.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა გულისხმობს აჭარის მაღალმთიან სოფლებში საჯარო სკოლებისა და ამბულატორიების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, რისთვისაც შენობებში ეწყობა ადაპტირებული შიდა სველი წერტილები.

„გზებს გადავკეტავ“ – ავტობანთან ახლოს მცხოვრები მოქალაქე კომპენსაციას ითხოვს

ბათუმში, მახვილაურის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგ სურმანიძე სახელმწიფოს კომპენსაციას სთხოვს. ის აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობის გამო, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს, საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა.

„სახლის კედლები არის დაზიანებულია, იქ აღარ იცხოვრება. განცხადება დავწერე, მივმართე კომპენსაციის მოთხოვნით სახელმწიფოს, მითხრეს, რომ განიხილავდნენ და დღემდე არ არის გადაწყვეტილება მიღებული.

თუ დროულად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და არ მომცემენ კომპენსაცია, გზებს გადავკეტავ. სხვანაირად ამ სახლში ცხოვრებას ვერ შევძლებთ,“ – ამბობს ვახტანგ სურმანიძე.

სურმანიძე სახელმწიფოსგან კომპენსაციას დადგენილი ნორმის ფარგლებში ითხოვს. „როგორც სხვებს მისცეს, იმას ვითხოვ მეც. როგორც ვიცი, საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში კვადრატზე 1200 ლარი გადაუხადეს სხვებს, მიწაზეც აქვთ დადგენილი სტანდარტი“.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამავე თემაზე: 

სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან

 

 

ქურდობისთვის ბრალდებული გამომძიებელს: მე გაგიღეთ კარი?

“მე გაგიღეთ თქვენ კარი? მე მეძინა…” – მიმართა გამომძიებელს ბრალდებულმა ზურაბ ხ.-მ. მას პროკურატურა მობილური ტელეფონების, ასევე კომპიუტერის აქსესუარების ქურდობას ედავება, რაც 9 ათასი ლარი ღირდა.

კარი ღია იყო თუ დაკეტილი, ამას ბრალდებულის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შემთხვევა 6 თებერვალს, ღამით ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, სამმა პირმა ჩაკეტილ ჩაიხანაში შეაღწია, სადაც მობილური ტელეფონების მაღაზიაცაა განთავსებული. ქურდობიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, 26 მარტს სამართალდამცველებმა მოპარული 9 ტელეფონიდან ორი – ზურა ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.

“ქურდობის საქმე ვერ გახსნეს და ზურას ჩაუდეს, რადგან ის უკვე ნასამართლევია მობილურის ქურდობისთვის, როცა არასრულწლოვანი იყო. ახლა ზურა 21 წლისაა, ცოლი მოიყვანა და ოქტომბერში შვილს ელოდება,” – ამბობს ბრალდებულის და.

ადვოკატი მიხეილ მიქანაძე მოპარული მობილური ტელეფონების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“დაზარალებული ანუ მაღაზიის მფლობელი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან გადაამოწმა მაღაზია დილით, როცა ის ღია დახვდა და შუადღისკენ დაურეკა პოლიციას. ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, დაკარგული იყო შვიდი მობილური ტელეფონი. ეს კონკრეტული მობილურები გამოძიებამ ვერ იპოვა…” – გვიყვება ადვოკატი.

დათვალიერების ოქმის შედგენის შემდეგ, მაღაზიის მფლობელი პოლიციელებს განყოფილებაში გაჰყვა, სადაც განაცხადა, რომ 9 მობილურია წაღებული და კიდევ კომპიუტერის აქსესუარები.

“ეს ორი მობილური და კომპიუტერის აქსესუარები იპოვა ჩხრეკის ოქმის მიხედვით გამოძიებამ ბრალდებულის ბინაში,” – ამბობს მიხეილ მიქანაძე.

ადვოკატის ვერსიით, ორი მობილური და აქსესუარები გამოძიებამ წამოიღო მაღაზიიდან და შემდეგ გამოიყენა – ბრალდებულის ბინაში ჩასადებად, რადგან გამოძიება შედეგზე ვერ გავიდა.

“ჩვენ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა გენეტიკური პროფილის დასადგენად. პროკურატურამ ამ ექსპერტიზაზე უარი თქვა და ჩვენ ვატარებთ. ასე დადგინდება, ჰქონდა თუ არა რაიმე ფიზიკური კავშირი, შემხებლობა ბრალდებულს ამ ორ მობილურთან, რაც მისი ბინიდან ამოიღეს,” – აღნიშნავს ადვოკატი.

გამოძიებას არც ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე ჩაუტარებია ექსპერტიზა, რითაც დადგინდებოდა, არის თუ არა კადრებზე ასახული პირი ნამდვილად ზურაბ ხ.

“არ ჩაგვითვლია ამის ჩატარება საჭიროდ,” – უპასუხა ადვოკატს საქმის გამომძიებელმა, კახაბერ კახაბერიძემ.

ადვოკატის მტკიცებით, ვიდეოჩანაწერებში ბუნდოვნად ჩანს იმ პირების გამოსახულება, რომლებიც ღამით მაღაზიაში შედიან.

გამომძიებელს კიდევ ერთ უხერხულ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა – ჩხრეკის დროს გამომძიებლების მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით, ზურა ხ.ს საცხოვრებელ ბინაში, ქალის ჩანთიდან “ნოკიას” მარკის ტელეფონი ამოიღეს, საქმის მასალებში კი დაფიქსირებულია, რომ “ჰუავეი” ამოიღეს.

“როგორც ჩანს, მექანიკური შეცდომაა,” – დასძინა გამომძიებელმა, როცა მას მანდატურმა ფოტო ტრიბუნასთან ახლოს მიუტანა.

ჩხრეკის დროს მეორე მობილური სამართალდამცველებმა ზურაბის საწოლი ლეიბის ქვეშ იპოვეს.

ბრალდებულის ახლობლების თქმით, ბინის კარი არ იკეტებოდა, იგი თოკით ჰქონდათ დამაგრებული და იქ ნებისმიერ პირს იოლად შეეძლო შესვლა.

“მძინარეს დაადგნენ ჩემს ძმას პოლიციელები, კარის გაღება არც მათ გასჭირვებიათ… სახლში ზურაბი მარტო იყო,” – ამბობს ბრალდებულის და.

ზურაბ ხ.-მ დღევანდელ პროცესზე გამომძიებელს ასევე ჰკითხა:

“მე ჩემი ნებით წამოგყევით თქვენ?”

“კი. თავდაპირველად თქვით, რომ არ იცოდით, საიდან გაჩნდა ეს მობილურები თქვენს ბინაში. შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში აღიარეთ, რომ ეს ნივთები თქვენი ნაქურდალი იყო,” – თქვა გამომძიებელმა კახაბერ კახაბერიძემ.

“მოვლენ აქ მოწმეები და იტყვიან, მე თუ ჩემი ნებით მოგყვებოდით…” – დაასრულა ზურაბ ხ-მ და ისევ ბრალდებულის სკამზე დაჯდა.

ბრალდებულის ახლობლების თქმით, ზურაბს პოლიციელებმა აიძულეს დანაშაულის აღიარება. მოსამართლეს ბრალდებულმა უთხრა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.

გამოძიებას ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს კიდევ ორი პირი, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ამ საქმეში ფიგურირებენ.

ზურაბ ხ. წინასწარ პატიმრობაში რჩება.

საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

საინფორმაციო შეხვედრა „მწვანე ბარათით“ დაინტერესებულ პირებთან

21 სექტემბერს, 16:00 საათზე, ბათუმის „ამერიკულ კუთხეში“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა „მწვანე ბარათის“ გათამაშებასთან დაკავშირებით.

დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლებთან. „ამერიკული კუთხის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შეხვედრის თემა მხოლოდ „მწვანე ბარათთან“ დაკავშირებული საკითხებია.

დასწრება თავისუფალია.

პირველი დღე სკოლაში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელების გამოცნობა რთული არ არის – ხელში ყვავილების თაიგული, ბუშტები და დედას ან მამას ჩაჭიდებული ხელი. ყველა ამბობს, რომ უხარია სკოლაში წასვლა და მოუთმენლად ელის, როდის მიიღებს სასკოლო კომპიუტერს.

ზოგიერთი უკვე დამოუკიდებლობისთვისაც მზად არის

6 წლის ანასტასია კვაჭაძე პირველკლასელებს შორის გამორჩეულად აქტიურია:

„მიხარია, სკოლაში ყველაფერს გაძლევენ, ნოუთბუქს, კიდევ რაღაცაებს. კმაყოფილი ვიქნები. დედიკომ უნდა მიყიდოს ლეკვი და აიფონიც!“

ანასტასია კვაჭაძე

სკოლაში მისვლა ლუნა ნინიძესაც უხარია. ამბობს, რომ ზღაპრების მოსმენას მულტფილმების ყურება ურჩევნია, განსაკუთრებით „ტომი და ჯერი“ უყვარს.

თაკო აბესლამიძეს უკვე მომავალ პროფესიაზეც უფიქრია, მასწავლებელი მინდა გამოვიდეო, – ამბობს. პირველი დღისთვის ლექსიც ისწავლა და ამბობს, რომ ანბანიც იცის.

ლუნა, თაკო და ანასტასია პირველკლასელები არიან
პირველი დღე სკოლაში – სამახსოვრო ფოტო კლასში შესვლამდე

ბაჩი ჯაიანი ამბობს, რომ სკოლაში კარგია, მიხარიაო, ცალ ხელში თაიგული უჭირავს და მეორე ხელით დედას ეჭიდება.

6 წლის საბა ამბობს, რომ იცის სკოლაში რა უნდა ქნას – „უნდა ისწავლოს ყველაფერი“.

ნიკა გოგიშვილიც პირველკასელია. ამბობს, რომ ამ დღეს დიდხანს ელოდა, იცის, რომ „გაკვეთილები უნდა ისწავლოს“ და კითხვაზე, ვინ უნდა რომ გამოვიდეს, დიდხანს არ ფიქრობს – „მოცეკვავე!“

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

სწავლისთვის მზად არის, თუმცა ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
დედასთან კარგია – რამდენიმე წუთიც და მერხს პირველად მიუჯდება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
ეს ვარდი მასწავლებლისთვისაა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
ეს ვარდებიც
ზარი უკვე დაირეკა, მაგრამ დედისთვის ხელის გაშვება არ უნდა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

სანდრო დიასამიძე მამასთან ერთად დგას და კლასში შესვლას ელის. ზუსტად არ იცის, სკოლაში რა უნდა ქნას, მაგრამ ამბობს, რომ ამ დღეს ელოდა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
სანდრო დიასამიძე კლასში შესვლის შემდეგ   ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ზარის შემდეგ პირველკასელები საკლასო ოთახებში შედიან და მერხებს უსხდებიან.

წინ პირველკლასელთათვის განკუთვნილი კომპიუტერები ულაგიათ და ერთი სული აქვთ, როდის გახსნიან.

ვიღაც უკვე დაფასთან გასასვლელადაც მზადაა
ვიღაც ჩაფიქრდა

ზოგიერთი პირველკლასელი ცრემლს ვერ იკავებს და მშობელს ეძებს თვალებით.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ღელავენ მშობლებიც. თანდათან ტოვებენ საკლასო ოთახს, თუმცა იქვე, კართან დგებიან და ბავშვების გამხნევებას გარედან ცდილობენ.

მშობლების გასვლის დროა      ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

აჭარაში  დღეს, 17 სექტემბერს, 4 852 პირველკასელი წავიდა პირველად სკოლაში, მათგან 2 587 ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებში ისწავლის.

სწავლა დაიწყო!

 

 

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17-18 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა ამჟამად 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [17 სექტემბრის აფიშა]

დღეს, 17 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

კინოთეატრი „აპოლო“

[checklist]

  • 12 საათზე: „ორსონ უელსის თვალები“. დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ.

[/checklist]

ირლანდიელი რეჟისორის მარკ კუსინსის ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი – „ოქროს თვალი“ მიიღო.

[checklist]

  • 14 საათზე: „ჯარა“. დოკუმენტური ფილმი. ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ.

[/checklist]

ფილმი გადაღებულია აჭარაში, მერისში, დანდალოში, ჩირუხისა და დღვანის ხეობებში, დიდაჭარასა და ხულოში. ფილმი წელს დოვილის საერთაშორისო ფესტივალის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა.

[checklist]

  • 15 საათზე: „მტვრით მოწამლულები“. დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ.

[/checklist]

სოფლის ყოველდღიურ ყოფაში თეატრი პროვინციაში მსახიობებისთვის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რადგან ისინი დიდი ხანია სცენის მტვრით არიან მოწამლულები.
კადრი ფილმიდან

[checklist]

  • 16 საათზე: „შეხტომა“. მხატვრული ფილმი. რეჟისორი: ივან ტვერდოვსკი. რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ.

[/checklist]

ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმია იშვიათი დაავადების მქონე ბიჭზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ინტერნატში გაატარა. იგი დედას მიჰყავს სახლში და მთავარი გმირი სულ სხვა ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდება. ფილმმა წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მიიღო.

ივან ტვერდოვსკი 2016 წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა ფილმით – „ზოოლოგია“.

[checklist]

  • 18 საათზე: „თარჯიმანი“. რეჟისორი: მარტინ სულიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ.

[/checklist]

ფილმის მიმოხილვის თანახმად, 80 წლის ალი „ესესის“ ყოფილი ოფიცრის წიგნს კითხულობს და ხვდება, რომ მისი მშობლების სიკვდილში წიგნის ავტორია დამნაშავე. იგი შურისძიებას გეგმავს, მაგრამ შემთხვევით იპოვის თავის ხანდაზმულ  შვილს, ყოფილ მასწავლებელს.

 

[checklist]

  • 20 საათზე: „ფიროსმანი“, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969; 85 წთ.

[/checklist]

„ფიროსმანი“ 1969 წელსაა გადაღებული. სცენარის ავტორები გიორგი შენგელაია და ერლომ ახვლედიანი არიან. ნიკო ფიროსმანაშვილის როლს ფილმში ავთო ვარაზი ასრულებს. ფილმს 70-იან წლებში რამდენიმე პრიზი აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე.

კადრი ფილმიდან

[checklist]

  • 22.30 საათზე: „ველური მსხლის ხე“. მხატვრული ფილმი. რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი, თურქეთი/მაკედონიის რესპუბლიკა/ საფრანგეთი/ გერმანია/ბოსნია-ჰერცოგოვინა/ბულგარეთი/შვედეთი, 2018; 188 წთ.

[/checklist]

ცნობილი თურქი რეჟისორის ფილმის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმი ძირითად საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

____________________

კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი.

ბათუმში კინოფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

____________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ველური მსხლის ხე“. ფოტო: imdb.com

ბათუმში 248 აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ამ  წუთებში ბათუმში ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გამორთულია 248 აბონენტი.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუმარტეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი კაბელების დაზიანებაა.

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მე-10 სართულზე დაკვამლიანების გამო კობალაძის ქუჩაზე სახანძრო გამოიძახეს

რამდენიმე წუთის წინ, დაახლოებით 02 საათზე, ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მდებარე მაღლივ კორპუსებთან სახანძრო სამსახურისა და პოლიციის რამდენიმე მანქანა იყო მობილიზებული.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მიიღეს შეტყობინება, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი გამოდიოდა: „ადგილზე, ხანძარი როგორც ასეთი, არ დაგვხვდა, იყო დაკვამლიანება შენობის მეათე სართულის ერთ-ერთ აივანზე, რომლის ლოკალიზებაც მოხდა.“

მეხანძრეების თქმით, აივანზე მდებარე ბალიშს, სავარაუდოდ, სიგარეტის  ნამწვი დაეცა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.

კობალაძის ქუჩა, ბათუმი / 17.09.2018
კობალაძის ქუჩა, ბათუმი / 17.09.2018

ბათუმში საავტორო კინოს XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმი – “ჩემი ბებია”. 

დღეს კინოფესტივალმა ცნობილ ქართველ ოპერატორს, ლომერ ახვლედიანს გადასცა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრში, 17 სექტემბერს, დილიდან შეგეძლებათ.

კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოს“ გარდა სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

წელს კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

კინოფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, „ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი.

როგორ მართავს GGM-ი კრიზისებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქ. ბათუმში, ტაბიძის N7-9-ის მიმდებარედ 2015 წლის მაისში დაიწყო ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლებშიც 208 ბინა განკუთვნილია ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში: წაბლანასა და წაბლიანში მცხოვრები ოჯახებისთვის. მშენებლობა ეკომიგრანტების მიერ დაფუძნებულმა ამხანაგობამ დაიწყო, თუმცა 8 სართულის აშენების შემდეგ ფინანსები ამოიწურა, მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სასამართლო დავა. შეჩერებული მშენებლობა შპს „გ2 ბილდინგმა“ (GGM-ის შვილობილი კომპანია) გადაიბარა.

[red_box]რა ხდებოდა სამშენებლო ობიექტზე:[/red_box]

[crosslist]

  • მშენებლობა 2015 წელს ამხანაგობა „წაბლანა 2015“-მა დაიწყო, რომელსაც აჭარის მთავრობამ 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1550000 ლარი გადასცა, ხოლო შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ – 1775960 ლარი (ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული  ამხანაგობის 208 წევრისთვის ბინის გადაცემის ვალდებულებით);
  •  ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტებითვე განისაზღვრა, რომ ამხანაგობის წევრებისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართობები უნდა ყოფილიყო შემდეგი მდგომარეობით: გარე ფასადი დასრულებული, მეტალო-პლასტმასის ფანჯრები და ბინაში შესასვლელი რკინის კარები ჩასმული, ცენტრალური ელექტრო და სველი წერტილების სისტემა მოწყობილი;
  • ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ს მშენებლობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ ამოეწურა დაფინანსება და წარმოეშვა ფინანსური დავალიანებები ბეტონისა და არმატურის მიმწოდებელ კომპანიებთან, მშენებლობაზე დასაქმებულ პირებთან;
  •  დაფინანსების ამოწურვისთანავე სამშენებლო სამუშაოები გაჩერდა (32-ის ნაცვლად აშენდა 8 სართული);
  •  ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის დამფუძნებელ 208 პირს, ბუნებრივია, არანაირი შენატანი არ განუხორციელებია. 208 ბინის გარდა, სხვა ფართობების გაყიდვის პროცესი შეწყდა, ხოლო უკვე გაყიდული ფართობებიდან შემოსავალი იყო ძალიან მცირე;
  • ფინანსური დავალიანებების გამო ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო დავა, რის საფუძველზეც მშენებარე ობიექტს დაედო ყადაღა;
  • ამხანაგობა „წაბლანა 2015“-მა ბევრ სამშენებლო კომპანიას შესთავაზა ობიექტის მართვაში აღება, საფინანსო ინსტიტუტებს სთხოვა დაფინანსება, თუმცა შეჩერებული მშენებარე ობიექტით არავინ დაინტერესდა;
  • ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ს მოუწესრიგებელი ჰქონდა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტები. ობიექტი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ბინები არ იყო განშლილი. სამშენებლო პროექტი იყო მშენებარე ობიექტთან (უკვე აშენებულ კონსტრუქციებთან) შესაბამისობაში მოსაყვანი;
  • შეჩერებული მშენებლობის მხარდაჭერას სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ ახერხებდნენ, რადგან მსგავსი სახის ობიექტის დაფინანსება (შეჩერებული მშენებლობის დასრულება) არც ერთი სახელმწიფო დაწესებულების კომპეტენციას არ წარმოადგენდა.

[/crosslist]

სამშენებლო ობიექტი შპს „გ2 ბილდინგის“ (კომპანია) მმართველობის პერიოდში:

[checklist]

  • მოგვარდა ყველა სახის ფინანსური დავალიანება, დასრულდა სასამართლო დავა და მშენებარე ობიექტს მოეხსნა ყადაღა;
  •  კომპანიამ აიღო მშენებარე ობიექტების დასრულების ვალდებულება, ხოლო სანაცვლოდ გადაეცა ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის კუთვნილი (208) ბინების გარდა დარჩენილი ფართობები და ობიექტზე არსებული მოწყობილობა-დანადგარები;
  • მშენებარე ობიექტის მართვაში აღებისთანავე განახლდა მშენებლობის პროცესი;
  • ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 208 ბინა;
  • რადგანაც ფართობების საცალო გაყიდვებით შეუძლებელი იყო მშენებლობის დასრულება, ამხანაგობა ’’წაბლანა 2015’’-თან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, კომპანიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიჰყიდა 164 ბინა, რისთვისაც საჭირო გახდა მშენებარე ობიექტის პროექტში ცვლილებების განხორციელება. კერძოდ: 1. სართულის გეგმარების ხელახალი პროექტირება ამხანაგობის მიერ უკვე აშენებული პარამეტრების გათვალისწინებით: აშენებული ფართობების აზომვა და ბინების დაზუსტება; 2. პროექტის იმგვარად დაგეგმარება, რომ ორივე კორპუსში შესაძლებელი ყოფილიყო ამხანაგობის 208 წევრისთვის ერთნაირი კვ.მ. (62+/-2 კვმ) ბინების გათვალისწინება და ამავდროულად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის ერთ, ორ, სამ და ოთხოთახიანი ბინების პროექტირება (პროექტის ცვლილებებზე, მათ შორის ფართობების დაზუსტებაზე, ბინების მდებარეობის ცვლილებაზე, სამინისტროსთვის ბინების მიყიდვაზე – შეთანხმდა ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის გამგეობა, საერთო კრება და კომპანია);
  • შედეგად, მშენებარე ობიექტში ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 208 ბინა, 164 ბინა გადაეცა სამინისტროს, ხოლო დარჩენილი ფართობი დარჩა კომპანიის საკუთრებაში;
  • ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის უფლებამოსილებაა, რომ ამხანაგობის წევრებზე გაანაწილოს 208 ბინა, რისთვისაც საჭიროა ბინების რეგისტრაციის შესახებ ამხანაგობის გამგეობის კრების ოქმის წარდგენა საჯარო რეესტრში;
  • მშენებლობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია სს „ტერა ბანკთან“, რომელმაც 100%-ით დააფინანსა მშენებლობა, რისთვისაც იპოთეკით დაიტვირთა კომპანიის ქონება (როგორც მშენებარე ობიექტში არსებული, ასევე სხვა ქონება). სასესხო ვალდებულებით ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის კუთვნილი 208 ბინა არ დატვირთულა;
  • მშენებლობის პროცესში კომპანიას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად დაუჭირა მხარი როგორც აჭარის მთავრობამ, ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიამ (კომუნალური სერვისების მიმწოდებლები, მშენებლები);
  • მშენებლობის პროცესს აქტიურად ამოწმებენ/აფასებენ შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებები და ლიცენზირებული კომპანიები. მშენებლობის ყველა ეტაპი მაღალი ხარისხით ფასდება.
  • მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

[/checklist]

 

შენიშვნა:  ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და დაინტერესების შემთხვევაში, მისი გადამოწმება მარტივად შესაძლებელია.

 

ობიექტზე კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი მოქალაქე კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ჭორის გავრცელება, ცრუ დაპირება, ფორმალური შეხვედრები სხვადასხვა პირთან, ელექტრონული მიმოწერა და ა.შ.) ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სოფელ წაბლანასა და წაბლიანში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლები და ზოგადად, საზოგადოება.

საკითხები, რომლებზეც ცდილობენ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას:
  • ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ფართობების ოდენობა: ამხანაგობის წევრების ფართობის ოდენობა განისაზღვრა ამხანაგობის საერთო კრებაზე. ამ პროცესში მთავრობა და კომპანია არ ჩართულა. ამხანაგობის დაფუძნების დროისთვის ხელშეკრულებაში (მუხლი 11.1) დაფიქსირდა, რომ ამხანაგობის თითოეული წევრი მიიღებს 65 კვმ (+/-5 კვმ) ფართობს. კომპანიის (შპს გ2 ბილდინგი) მიერ მშენებლობის გადმობარების პროცესში აიზომა უკვე აშენებული ფართობები (კოლონებსა და დიაფრაგმებს შორის მდებარე ბინები, რომლის ფართობის შეცვლაც უკვე შეუძლებელი იყო, რადგანაც ორივე კორპუსზე ჯამში 8 სართული აშენებული დაგვხვდა), სადაც გაირკვა, რომ ამხანაგობისთვის „მიკუთვნებული“, უკვე აშენებული ბინების ფართობი იყო 60 – 63 კვმ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ამხანაგობის საერთო კრებამ 2017 წლის 25 მარტს (ანუ 18 თვის წინ) საერთო კრების გადაწყვეტილებით დაადგინა შემდეგი (მუხლი 11.2.): ამხანაგობის თითოეული წევრის კუთვნილი ფართობი შეადგენს 62 კვმ-ს (+/-2 კვმ). სწორედ ამავე საერთო კრების გადაწყვეტილებით შევიდა შპს „გ2 ბილდინგი“ მშენებარე ობიექტის მართვაში. ანუ კომპანიისა და ამხანაგობის თანამშრომლობის დაწყებამდე, ამხანაგობის კუთვნილი ბინების ოდენობის საკითხზე თავად ამხანაგობის საერთო კრებას უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული და სწორიც იყო, რადგან ეს აშენებული ფართობის დაზუსტებული, რეალური ზომებიდან გამომდინარეობდა;
  • ამხანაგობის წევრების ფართობების მდებარეობა: ამხანაგობის წევრების ფართობების მდებარეობასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, მშენებლობის დაწყებისთანავე, მაშინ როცა ობიექტი საჯარო რეესტრში მშენებარედაც კი არ იყო რეგისტრირებული, ამხანაგობამ წევრებზე „გაანაწილა“ ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის სტადიაზე მყოფ ობიექტში მდებარე ბინები. ეს განაწილება ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა. შპს „გ2 ბილდინგის“ მიერ მშენებარე ობიექტის მართვაში აღებამდე, შეფასდა ობიექტის რეალური შესაძლებლობები. რადგანაც ფართობების საცალო გაყიდვებით შეუძლებელი იყო მშენებლობის დასრულება, ამხანაგობა „წაბლანა 2015“-თან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, კომპანიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიჰყიდა 164 ბინა, რისთვისაც საჭირო გახდა მშენებარე ობიექტის პროექტში ცვლილებების განხორციელება, რამაც თავისთავად გამოიწვია ამხანაგობის მიერ არაოფიციალურად განაწილებული ბინების მდებარეობის ცვლილება. შემდგომი გაუგებრობების პრევენციის მიზნით, ბინების მდებარეობის ცვლილება შეთანხმდა ამხანაგობის საერთო კრებასთან და უფრო მეტიც, 2017 წლის 25 მარტის ამხანაგობის საერთო კრების ოქმით (მუხლი 4.1.) განისაზღვრა შემდეგი: ამხანაგობის თითოეული წევრის ზუსტი წილი, მდებარეობა და ოდენობა განისაზღვრება ამხანაგობის გამგეობის მიერ, სამშენებლო დოკუმენტაციის (პროექტის) საფუძველზე. ამხანაგობასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლის ’’ბ’’ პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობა ვალდებულია ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში უზრუნველყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა წევრის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება. შესაბამისად, ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ამხანაგობის გამგეობა გაანაწილებს ბინებს ამხანაგობის წევრებზე;
  • ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ბინების რემონტი: ბინების რემონტთან დაკავშირებით შპს „გ2 ბილდინგს“ არანაირი ვალდებულება არ აქვს აღებული. შპს „გ2 ბილდინგის“ ვალდებულების შესაბამისად, ამხანაგობას ახალაშენებულ სახლში ჩაბარდება ბინები კარკასის ფორმით: გარე ფასადი დასრულებული, მეტალო-პლასტმასის ფანჯრები და ბინაში შესასვლელი რკინის კარები დამონტაჟებული, ცენტრალური ელექტრო და სველი წერტილების სისტემები მოწყობილი;
  • ობიექტში მდებარე სხვა ფართობები: მშენებარე ობიექტში ამხანაგობის კუთვნილი 208 ბინის გარდა მდებარე სხვა ფართობები (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი) ოფიციალური შეთანხმების შესაბამისად წარმოადგენს შპს „გ2 ბილდინგის“ საკუთრებას, რომელთა ნაწილი მშენებლობის მიზნებიდან გამომდინარე გაცვლილია სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაში (მაგალითად, ლიფტებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების შესყიდვა განხორციელდა არაკომერციულ ფართობებში ნაწილობრივი გაცვლით/ბარტერით);
  • ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომავალი მესაკუთრე და მიზნობრიობა: ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციის შემდეგ იქნება ამავე სახლში მცხოვრებთა საერთო საკუთრება და მასზე განთავსებული იქნება მხოლოდ საერთო სარგებლობის ღია ტიპის ავტოსადგომები და ეზო. ამ მიწის ნაკვეთზე არასდროს ყოფილა დაგეგმილი ფასიანი ავტოსადგომისა და ავტოსამრეცხაოს მშენებლობა. შემდგომში უკვე საბინაო ამხანაგობა განსაზღვრავს მიწის ნაკვეთისთვის დამატებითი ფუნქციის შეძენის შესაძლებლობას (ეს საკითხი მხოლოდ საბინაო ამხანაგობის კომპეტენციაა);
  • საცხოვრებელი სახლების საერთო საკუთრება და კომუნალური სერვისები: როგორც ყველა სხვა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, აქაც საერთო სარგებლობაში იქნება ლიფტები, წყლის ტუმბოები, სადარბაზო, სადარბაზოს განათება, სახურავი, ფასადი, ეზო. შესაბამისად, შემდგომი ექსპლუატაციის საკითხი დარეგულირდება ისე, როგორც ხდება ყველგან: საერთო სარგებლობის ექსპლუატაციას, მოვლას, შენახვას, გაფრთხილებას, დაცვას უზრუნველყოფენ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახები (მართვის ფორმა შეიძლება იყოს საბინაო ამხანაგობა ან სხვა მოდელი, რაზეც აქ მცხოვრები ოჯახები მოილაპარაკებენ);
  • სოფლებში – წაბლანასა და წაბლიანში მცხოვრები/რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც არ არიან ამხანაგობის წევრები: შპს „გ2 ბილდინგის ინფორმაციით“, 30-მდე ოჯახი, რომელიც არ არის ამხანაგობა „წაბლანა 2015“-ის წევრი, აპროტესტებს ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის განსაზღვრას და ითხოვს ამხანაგობის წევრთა ვინაობის განსაზღვრის პროცესის ხელახლა ჩატარებას. კომპანიის კომპეტენცია არ არის ამხანაგობის წევრთა ვინაობის განსაზღვრა და იმის შეფასება, თავის დროზე სწორად განისაზღვრა თუ არა ამხანაგობა იმ შემადგენლობით, როგორც დღეს არის. ამხანაგობას საჯარო რეესტრში უკვე დაურეგისტრირდა 208 ბინა. სხვა უფლებრივი საკითხები კომპანიის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება;

 

შპს „გ2 ბილდინგი“ აქტიურად თანამშომლობს ერთობლივი საქმიანობის – ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“-თან (საერთო კრება, გამგეობა). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამხანაგობა „წაბლანა 2015“ კმაყოფილია პროექტის განხორციელების პროცესით და ობიექტის მშენებლობასთან, ბინების რეგისტრაციასთან, ან სხვა რაიმე საკითხთან დაკავშირებით შპს „გ2 ბილდინგის“ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია (ამხანაგობის გამგეობას და საერთო კრებას არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ფორმით რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია).

ძეგლის მცირე რეაბილიტაცია – 135 ათასი ლარი სააგენტოსგან დაცვის სამსახურის ოფისის რემონტისთვის

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მცირე რეაბილიტაციის პროექტი – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა და რომლის მიხედვითაც ბათუმში, ე.წ. „საბაევის სახლი“ უნდა გაარემონტონ. შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფისია განთავსებული.

„საბაევის სახლის“ ფასადის რეაბილიტაციაში წინა წლებში სააგენტომ 415 200 ლარი გადაიხადა. რაც შეეხება შენობის შიდა რემონტს, 2017 წელს გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში, სადაც თანხა 96 500 ლარი იყო, სამი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა სააგენტოს სატენდერო კომისიამ სამივეს დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

ამჯერად, „საბაევის სახლის“ „მცირე რეაბილიტაციისთვის“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 135 ათას 500 ლარი ლარი აქვს გამოყოფილი. წინა ტენდერიდან განსხვავებით თანხა 39 ათასი ლარითაა გაზრდილი. შესასრულებელი სამუშაოები ორივე ტენდერში, ფაქტობრივად, ანალოგიურია, თუმცა ბოლო ტენდერის ხარჯთაღრიცხვაში მათი ჩამონათვალი ოდნავ არის გაზრდილი.

შენობის შიგნით არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შენობის გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. შენობა 2018 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გარემონტდეს. საგარანტიო ვადა 3 წელია.

რატომ ატარებს ამ შემთხვევაში სამუშაოებს სააგენტო  და არა სახელმწიფო დაცვის სამსახური? – ამ კითხვის პასუხად სააგენტოში გასულ წელს გვითხრეს, რომ „რადგან საქმე ეხება ძეგლს, გასულ წელს შესრულდა გარე ფასადზე სამუშაოები; გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელია შენობის შიგნითაც. ვინაიდან სააგენტოც და დაცვის სამსახურიც ორივე სახელმწიფო სსიპ-ებია, ამ შიდა სამუშაოებისთვის თანხა გათვალისწინებული იქნა ჩვენს ბიუჯეტში და არა დაცვის სამსახურის ბიუჯეტში. ამაზე წინასწარი შეთანხმება სამსახურებს შორის იყო.“

ამავე თემაზე:

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაარემონტებს

პოლიციელებისთვის ბათუმში შსს ორ 11-სართულიან კორპუსს ააშენებს

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, პოლიციელებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორი 11-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია თანხით – 6 911 380 ლარი.

კორპუსები ადლიის ქუჩა N112-ში აშენდება, სადაც შსს-ს საკუთრებაში 19012 კვ/მ ტერიტორია აქვს. მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთს სამი მხრიდან კერძო საკუთრების ნაკვეთები, ხოლო მეოთხე მხრიდან გზა ესაზღვრება. რელიეფი კი გზის მხრიდან შემაღლებულია 3-6 მეტრით.

„წარმოდგენილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტით გათვალისწინებულია ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც გაერთიანებულია საერთო მიწისქვეშა ავტოსადგომით. თითოეულ კორპუსს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი ორი კიბის უჯრედით და ერთი ლიფტით. რელიეფიდან გამომდინარე ავტოსადგომში და ერთ კიბის უჯრედში [ლიფტით] შესვლა ხდება არსებული გზის დონიდან [ნიშნული -4.16], ხოლო მეორე კიბის უჯრედში შესვლა ხორციელდება პირველი სართულის დონიდან [ნიშნული 0,00]. შშმ პირებისთვის შენობაში შესვლა მოსახერხებელია როგორც ერთი, ასევე მეორე შესასვლელიდან. მათთვის მოწყობილია შესაბამისი ბილიკები.
საცხოვრებელი სართულები ტიპიურია. თითოეულ სართულზე განთავსებულია ოთხი ერთნაირი ბინა. თითოეული ბინის ფართობია 77,43 კვ/მ, ჭერის სიმაღლე -2,95 მ. ბინების საერთო რაოდენობა ორივე კორპუსში შეადგენს 88 ბინას. სართულებზე გადაადგილების ძირითადი საშუალებაა ლიფტი, რომელიც ნიავდება მექანიკურად და გააჩნია დაწნევის სისტემა. მექანიკურად ნიავდება ასევე საერთო დერეფანი და ტამბურები. შესასვლელების ორივე მხარეს მდებარე კიბის უჯრედები, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად, ნიავდება ბუნებრივად,“ – აღნიშნულია პროექტში.

ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდება, სადაც წინადადებების მიღება 2018 წლის 3 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბერს დასრულდება. კორპუსები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში უნდა აშენდეს.

„სახელშეკრულებო ღირებულების 1/3-ის გადახდა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო 2/3-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაიხდიან“, – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის პროგრამა ბათუმის გარდა მოიცავს თბილისს, ქუთაისს, ზუგდიდსა და რუსთავს.

კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნული მშენებლობისთვის საჭირო თანხის 2/3-ს გადაიხდიან [და, შესაბამისად, მიიღებენ საცხოვრებელ ბინებს]? – ამ კითხვის პასუხად ერთი თვის წინ სამინისტროში გვითხრეს, რომ მონახაზი არის და კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.

ამავე თემაზე:

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

მთავარი ფოტო: ადლიაში ასაშენებელი კორპუსები – ვიზუალიზაცია.

ასე გამოიყურება სამშენებლო ტერიტორია დღეს ადლიაში [ფოტოები სატენდერო დოკუმენტებიდან]:

 

„სან რემოს“ მესაკუთრე ბათუმის მერიისგან ნებართვას ელოდება – რა კეთდება რესტორნის ადგილზე

რესტორანი „სან რემო“, რომელიც ბათუმის ბულვარში მდებარეობს, მუშაობას ამავე სახელით გააგრძელებს. რაც შეეხება რესტორნის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რესტორნის მესაკუთრეზე 49-წლიანი იჯარითაა გაცემული, დაგეგმილია მისი რეკონსტრუქცია.

„ბათუმელებმა“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ მიმართა მერიას იმის გასარკვევად, თუ რა იგეგმება „სან რემოს“ ტერიტორიაზე, თუმცა ორივე ჯერზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან ამ ადგილას რაიმე ტიპის მშენებლობა არ იგეგმება და მათთან პროექტი არ შესულა, „სან რემოს“ მესაკუთრე კომპანიაში კი ამბობენ, რომ პროექტი უკვე მერიაშია და ნებართვას ელოდებიან:

„ბათუმის მერიაში შევიტანეთ პროექტი და ამ თვის ბოლოს ველოდებით ნებართვას. პროექტთან დაკავშირებული თითქმის ყველა პროცედურა გავლილი გვაქვს და საბოლოო ვერსია არის ჩვენ მიერ დამუშავებული და შეტანილი. გვქონდა წინასწარი კონსულტაციები მერიის არქიტექტურის სამსახურთან და თუ კი რაიმე ხარვეზი იყო, ერთობლივად გავდიოდით,“ – განაცხადა „ბათუმელენთან“ ჯუმბერ ჭყონიამ, კომპანია „ხიდი 2006“-ის დირექტორმა.

მისივე თქმით, პროექტი თურქეთში, სტამბულში მომზადდა, ვინაიდან „რისი გაკეთებაც გვინდოდა, საქართველოში ვერ გავაკეთეთ. რასაც ვაკეთებთ, რევოლუციური პროექტი იქნება სარესტორნო ქსელში, რომელიც ევროპის მასშტაბით ათეულში შევა“.

ჯუმბერ ჯყონია ამბობს, რომ რესტორანთან ერთად გაკეთდება ლაუნჯბარები, იქნება სპეციალური საბავშვო გასართობი დარბაზი, სადაც ბავშვებს ადგილზე ცალკე პერსონალი მოემსახურება: „ამასთან, პროექტის მიხედვით, ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ცალკე საპირფარეშოები გაკეთდება ასევე მოზარდებისთვის… საერთოდ, ყველა სტანდარტი, რასაც სახელმწიფო ითხოვს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების ჩათვლით, პროექტში გათვალისწინებულია“.

სან რემო / პროექტი

„სან რემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, და ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. ამ კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა. ამ კომპანიის მესაკუთრე კვლავ ედნარ პაპუნაიშვილია.

ბათუმის მუნიციპალიტეტმა კომპანიას ქონება 49-წლიანი იჯარით 2018 წლის მაისში გადასცა.

„სან რემოს პროექტის განხორციელებას, წინასწარი გათვლებით, ჯამში დაახლოებით 10-12 მილიონი დოლარი დასჭირდება. გვინდა ყველაფერი 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის მოვასწროთ,“ – ამბობს ჯუმბერ ჭყონია.

ედნარ პაპუნაიშვილს, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარია, აჭარაში სხვა პროექტებიც აქვს – კურორტ გოდერძიზე საბაგიროსთან აკეთებს ლაუნჯბარს და ასევე უნდა ააშენოს 13 სასტუმრო.

ედნარ პაპუნაიშვილმა იყიდა სახლი მახინჯაურში, რომელიც ადრე ასლან აბაშიძეს, შემდეგ კი „ბათუმის ნავთობტერმინალს“ ეკუთვნოდა. ამ სახლის მიმდებარედ პაპუნაიშვილი კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს – ჯამში 3265 კვ/მეტრ მიწას და მათზე განლაგებულ შენობებს.

როგორი იქნება „სან რემო“ პროექტის მიხედვით:

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა

რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

 

შსს: ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ბათუმში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.“-აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბათუმში კაცი დაჭრეს – მას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი 

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, დაახლოებით ერთი საათის წინ, 50-წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებული არ არის.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს 4 ტყვია ესროლეს  – ხელსა და ფეხში. ის ამ დროისთვის რეფერალურ საავადმყოფოშია.

ინგლისური ინტერნეტით ვისწავლე – ბიჭი ხულოდან, რომელმაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა

გოგიტა გობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში – დიდაჭარაში ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. გოგიტას ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს და ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. როგორ მოახერხა გოგიტამ ინგლისური ენა ისე შეესწავლა, რომ „სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს“ სტუდენტი გახდა, სადაც კონსტრუქციული ინჟინერია არა ქართულად, არამედ ინგლისურ ენაზე უნდა ისწავლოს.

„სკოლაში ინტერნეტით ვერ ვსარგებლობდით, ამიტომ მე ტელეფონით ვყიდულობდი ინტერნეტს და ასე ვსწავლობდი ინგლისურს. ყველაზე მაღალი – 88 ქულა ინგლისურში ავიღე. ვიდეოგაკვეთილებს ვუყურებდი და წიგნებითაც ვმეცადინეობდი. თუმცა, ბოლო ერთი წელი მაინც დამჭირდა რეპეტიტორთან მომზადება. ჩვენს სოფელთან ახლოს ცხოვრობდნენ რეპეტიტორები და იქ დავდიოდი დამატებით გაკვეთილებზე.

ადრე ჰესების მშენებელი კომპანია – „აჭარის წყალი ჯორჯია“ აფინანსებდა სკოლებს და დამატებით გაკვეთილებში ფულის გადახდა არ გვიწევდა მოსწავლეებს, მაგრამ წელს დაფინანსება შეგვიწყვიტეს და ჩვენი ხარჯებით მოგვიხდა მომზადება,“ – გვიყვება გოგიტა.

გოგიტა ამბობს, რომ მაღალმთიან სოფლებში მოსწავლისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსების მოძიება რთულია. მისი აზრით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მაღალმთიანი სოფლის სკოლებში მოტივაციის გაზრდას, რადგან კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობაა.

ამის მიუხედავად, გოგიტა გობაძემ შეძლო და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ახლა კი იმ უნივერსიტეტში ისწავლის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია საქართველოში.

„აპლიკაცია იანვარში შევავსე, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა ძალიან ძვირია და იქ ჩაბარება გადავიფიქრე. გადავწყვიტე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მებარებინა, სადაც დაფინანსების მოპოვებას უფრო ადვილად შევძლებდი. თუმცა ცოტა ხნის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩავირიცხე, რადგან პირველი მქონდა მითითებული და ცვლილება აღარ მქონდა შეტანილი,“ – გვეუბნება გოგიტა.

„სან დიეგოს უნივერსიტეტ საქართველოში“ ერთი წლის სწავლის გადასახადი 7500 ამერიკული დოლარია. მაგრამ ეს უნივერსიტეტი აფინანსებს წარმატებულ სტუდენტებს. შესაბამისად, მიღებული ქულების საფუძველზე, სასწავლო გრანტი – 6 500 დოლარი გოგიტას თავად უნივერსიტეტმა გამოუყო, დარჩენილი თანხა კი სახელმწიფოსგან მიღებული გრანტით დაუფინანსდება. „მე, ფაქტობრივად, აღარ მიწევს სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა სან დიეგოში გავაგრძელო“.

გოგიტა გობაძე უნივერსიტეტში კონსტრუქციულ ინჟინერიას შეისწავლის. მისი აზრით, საქართველოში პროფესიონალი მშენებლების დეფიციტია და პროფესიაც ამ ნიშნით აირჩია. „ხშირად უცხოეთიდან ჩამოჰყავთ მშენებლები, ამიტომ მინდა, რომ ეს საქმე გამოვასწორო,“ – გვეუბნება ის.

გოგიტა დარწმუნებულია, რომ სასწავლო პროგრამას კარგად აითვისებს და სან დიეგოს მხარდაჭერით ამერიკაშიც წავა სასწავლებლად.

მანამდე კი გოგიტა გობაძე თბილისში უნდა გაემგზავროს. როგორც გვითხრა, ბინა ოთხ თანასოფლელთან ერთად იქირავა და ცხოვრებას იქ აპირებს. გოგიტას კლასში სულ 6 მოსწავლე სწავლობდა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ხუთმა გააგრძელა.

„კარგი იქნება, უნივერსიტეტებს საერთო საცხოვრებელი რომ ჰქონდეს, ასე ფინანსებსაც დავზოგავდით, ან სახელმწიფოს მხრიდან რომ იყოს ხელშეწყობა“, – ამბობს სტუდენტი.

გოგიტა აპირებს აჭარის განათლების მინისტრსაც შეხვდეს. „დაველაპარაკები, შეიძლება მქონდეს რაიმე ხელშეწყობაო“.

 

გამოიცანი რომელი ქვეყანა რა დევიზს ატარებს [ტესტი]

ყველა ქვეყანას საკუთარი დევიზი აქვს, შეავსე ტესტი და  შეეცადე გამოიცნო, რომელი დევიზი რომელ ქვეყანას ეკუთვნის.

უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორ ფაქტზე  ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ  ერთ შემთხვევაში, შიდა ქართლის რეგიონში,  ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით  27 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდა.

ხოლო მეორე შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, სარეალიზაციოდ გამზადებული 1 988 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაჰქონდა“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  75 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ლიტერატურული ოდისეა – კონკურსი სტუდენტებისთვის

„ლიტოდისეა“ სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა გააგზავნოთ თქვენი დაწერილი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც არ იქნება ექვს გვერდზე მეტი. ნაწარმოების თემასა და ჟანრში კონკურსანტი შეზღუდული არ არის.

ჟიური რვა მონაწილეს შეარჩევს, რომლებიც გაემგზავრებიან შემდეგ ქალაქებში: ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, თელავში, ახალციხეში, ზუგდიდსა და თბილისში.

„მონაწილეები თითოეულ ქალაქში გაატარებენ ათ დღეს, თან ექნებათ დღიური, რომელშიც მხატვრულად აღწერენ თავიანთი პერსპექტივით დანახულ ქალაქს. მონაწილის მთავარი მოვალეობა ქალაქის დათვალიერება, შთაბეჭდილებებსა თუ პრობლემებზე საუბარია. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ, ადგილობრივ უნივერსიტეტებში დაესწრონ ლექციებს, რაც გაუადვილებთ ადგილობრივ ახალგაზრებთან ურთიერთობას,“-ნათქვამია საკონკურსო პირობებში.

რეგიონიდან თბილისში კი გაემგზავრება ერთი მონაწილე, რომელსაც აქამდე არასდროს უცხოვრია დედაქალაქში.

კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილის დღიური გაერთიანდება და გამოიცემა წიგნად.
გამგზავრებამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ მწერლისა დ მთარგმნელის, ანა კორძაია-სამადაშვილის ტრენინგი მხატვრული ტექსტისა და შემოქმედებითი წერის სპეციფიკაში.

კონკურსის პარალელურად ანა კორძაია-სამადაშვილი ესტუმრება პროექტით „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ გათვალისწინებულ ყველა რეგიონს და ადგილობრივ უნივერსიტეტებში გამართავს საჯარო ლექციებს გერმანელი მწერლებისა და გერმანული ლიტერატურის შესახებ. მოდერატორები თავად კონკურსის მონაწილე სტუდენტები იქნებიან.

პროექტის მხარდამჭერია „გოეთეს ინსტიტუტი“.

?რეგისტრაცია 20 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. სარეგისტრაციო ლინკის შესავსებად გადადით ბმულზე.

ჟიურის მიერ შერჩეული 8 მონაწილე სხვადასხვა ქალაქში (ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, გორი, თელავი, ახალციხე, ზუგდიდი, თბილისი) საცხოვრებლად გაემგზავრება ნოემბერში.

?პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტი „მსოფლიო დასუფთავების დღის“ აქციაში ჩაერთო და შეუერთდა  მოძრაობა „მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის-Let,s Do it! World“ კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთავოთ საქართველო“ -„Clean Up the World – Clean Up the Georgia”

მასშტაბურ დასუფთავების აქციაში ქედის მერია, საკრებულო, მუნიციპალური ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, #ქედალიდერი-ს ახალგაზრდები და მოხალისეები მონაწილეობდნენ.

ლევან გორგილაძემ, შპს კომუნალურსერვისის პირველი მეეზოვე ქალბატონს ყვავილები და ფასიანი საჩუქრები გადასცა
ლევან გორგილაძემ, შპს კომუნალურსერვისის პირველი მეეზოვე ქალბატონს ყვავილები და ფასიანი საჩუქრები გადასცა

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის მიმდებარე ტირეტორიები და დაბა ქედაში, ცენტრალური პარკი.

აქციის ფარგლებში, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, შპს კომუნალურსერვისის პირველი მეეზოვე ქალბატონი ყვავილებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის მიმდებარე ტირეტორია და ცენტრალური პარკი
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის მიმდებარე ტირეტორია და ცენტრალური პარკი

,,ასეთი ძლიერი, გაბედული და შრომისმოყვარე ქალები, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ქედა ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური ქალბატონებით, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გარკვეულ ამინდს ქმნიდნენ. სწორედ ასეთია ქალბატონი ლამარა!” – აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

აქცია მიმართულია მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლის გააქტიურებისკენ.

როგორ უხდიან ახალსოფლის სკოლაში ხელისუფლებას მადლობას

ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში საჯარო სკოლის ფასადზე გამოკრულია პლაკატი წარწერით: „ხელისუფლების ზრუნვას წარჩინებული სწავლით ვუპასუხებთ!“.

როგორც სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე, „ბათუმელებს“ ეუბნება, ამ პლაკატს სკოლა უკვე წლებია, რაც სკოლის ფასადზე აკრავს, ყოველი სასწავლო წლის დაწყების წინ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ვისი გადაწყვეტილება იყო მსგავსი შინაარსის ბანერის გამოფენა სკოლაში, დირექტორი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სკოლის პედაგოგიური კოლექტივის და „ერთიანი შეთანხმებით გაკეთდა“.

„ხელისუფლება რადგანაც ბავშვებს უდგას გვერდში სახელმძღვანელოებით, ნოუთბუქებით, ამხელა რაღაცას აკეთებს, ამიტომ გავაკეთე. ჯერ არავის არ გასჩენია კითხვა, რატომო, 5-6 წელია ასე ვაკეთებთ ყოველი სასწავლო წლის დაწყების დროს“, – გვეუბნება დირექტორი.

მისი თქმით, მსგავსი რამ, სკოლის დამოუკიდებლობის ხარისხს ეჭვის ქვეშ არ აყენებს, მათ შორის, არც საარჩევნო პერიოდში. „აქ არანაირი პოლიტიკა არ არის. სკოლა არის აპოლიტიკური, ყოველთვის დისტანციას ვიცავთ და არასოდეს არ გვქონია ეგ ინტერესი. როგორც მშობლების, მასწავლებლების თანხმობით გავაკეთე ეს ყველაფერი“.

დირექტორის თქმით, საჯარო სკოლის შენობა პირველად 2008 წელს გარემონტდა, 2013 წელს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

 

 

 

სამაშველო სამსახური: შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს 15 სექტემბერს, შავ ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია.

ტალღების სიმაღლე ზღვის სანაპიროზე 3 მეტრს აღწევს, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთილებას რომ ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს. „გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“.

აკრძალვა 16 სექტემბერის 10:00 საათამდე მოქმედებს.

რას შეცვლის ბათუმისთვის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. გადაწყვეტილება ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ – ACES Europe აგვისტოში მიიღო. ბათუმი ამ სტატუსის მქონე 2019 წელს იქნება. რას შეცვლის სპორტის ქალაქის სტატუსი ბათუმისთვის?

„2019 წლიდან სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს…“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ამ ამბის შესახებ აქვს გამოქვეყნებული. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში, ასევე მერიაში ვერ გვითხრეს: კონკრეტულად რას შეცვლის ბათუმის სპორტულ ცხოვრებაში ევროპული სტატუსი.

„მთავარი მათთვის არის მასობრივი სპორტის ხელშეწყობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სპორტული აქტივობით დაკავებული. ისინი პროფესიული სპორტის ხელშეწყობით ნაკლებად არიან დაინტერესებული… ყველაზე მეტად რაც მათ მოეწონათ, იყო ველობილიკები ბათუმის ქუჩებში, ასევე სატრენაჟორო სივრცეები და მინი სპორტული სტადიონები საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში. ეს მათ საკმარისად ჩათვალეს ამ სტატუსის მოსანიჭებლად,“ – ამბობს ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოადგილე.

ლელა სურმანიძე გვიყვება, რომ ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მისაღებად ბათუმის მერიამ მიმართა ACES Europe-ს. მიმართვის შემდეგ ივლისში ფედერაციის ხუთკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა და სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ასევე შესაძლებლობა – რამდენად აქვთ ადამიანებს ბათუმში სპორტით დაკავების საშუალება.

„რეკომენდაცია ჰქონდათ ხანდაზმულებთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ მათი დაკვირვებით ხანდაზმულები ნაკლებად ჩანან ველობილიკებზე, ან სატრენაჟორო ადგილებზე. ვუთხარით, რომ ამის ნაკლები ტრადიციაა ქალაქში. მათ მოგვცეს რეკომენდაცია, რომ მუნიციპალიტეტმა აქტიურად იმუშაოს ამ შესაძლებლობების გაფართოვებაზე,“ – გვითხრა ლელა სურმანიძემ.

ბათუმის მერის მოადგილის თქმით, მერიას კონკრეტული დავალებები ACES Europe-გან არ მიუღია. ლელა სურმანიძე დავალებებს დეკემბრისთვის ელოდება, როცა ბათუმს სპორტის ქალაქის სტატუსს ოფიციალურად მიანიჭებენ. ბათუმისთვის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მინიჭების ცერემონია ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში 4 დეკემბერს გაიმართება. შესაძლოა, ანალოგიური ქალაქები კიდევ რამდენიმე იყოს, თუმცა ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომლესაც ეს სტატუსი მიანიჭეს. ACES Europe-ის ინტერნეტგვერდის მონაცემებით, 2018 წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი სულ 19 ქალაქს აქვს.

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაცია – ACES Europe ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს ქალაქებს, ასევე პატარა ქალაქებს და თემს ანიჭებს. ფედერაცია წლის სპორტის დედაქალაქსაც ასახელებს. ეს სტატუსი 2019 წელს მხოლოდ ბუდაპეშტს ექნება.

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის – ACES Europe ინტერნეტგვერდზე აღნიშნულია, რომ ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობასთან ერთად, ამ სტატუსის მინიჭების მიზანი სპორტული ინფრასტრუქტურის გაზრდაა, ასევე ფედერაცია სტატუსის მქონე ქალაქებს სხვადასხვა გრანტის მოპოვებაში ეხმარება.

„სტატუსის მინიჭებამდე ჩვენ საწევრო გადასახადი გადავიხადეთ, ეს 2500 ევრო იყო,“ – ამბობს ლელა სურმანიძე. მერის მოადგილის განმარტებით, თვითმმართველობა სპორტის შესახებ კანონის შეცვლას ელოდება, რის შემდეგაც შესაძლოა კომპეტენციები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის გაიმიჯნოს.

„მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, სპორტული კლუბები ცენტრალურ დონეზე დაფინანსდეს… ამის შესაბამისად აისახება ცვლილებები ბიუჯეტში. ჩვენ ამ ეტაპზე მოვითხოვეთ მონაცემები მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსგან. გვინდა, დავაზუსტოთ, რამდენ მინი სტადიონს, ან ტრენაჟორს სჭირდება შეკეთება. ჩვენ ვაპირებთ, ამ კუთხით მეტი პროექტი დაფინანსდეს. ასევე მომავალ წელს უფრო მეტი რაოდენობით გვექნება ისეთი ღონისძიება, სადაც მხოლოდ პროფესიონალები არ მონაწილეობენ, მაგალითად, ველოგარბენები, ან ჩვეულებრივი გარბენები. წელს სამი გარბენის ორგანიზატორი ჩვენ ვიყავით,“ – აღნიშნავს ლელა სურმანიძე.

როდის აპირებს მერია კონკრეტულად „ბათუმიველოს“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და განახლებას – „ბათუმელები“ არაერთხელ წერდა გაფუჭებულ ველოსპიედებზე და ტურისტებზე, რომლებიც სისტემის გაუმართაობის გამო წუხილს გამოთქვამდნენ.

„ვიფიქრებთ ველობათუმის სისტემის განხლებასა და გაფართოვებაზე. ჯერ მაგაზე საუბარი არ გვქონია,“ – გვითხრა ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ.

2019 წლის პროგრამები აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში 13 სექტემბერს განიხილეს. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სპორტული აქტივობის შესახებ მხოლოდ ეს წერია:

„სპორტის მიმართულებით დადებით ტენდეციად შეიძლება ჩაითვალოს დაფინანსების პროგრამული ზრდის დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. 2019 წელს დაფინანსდება სპორტის 23 ოლიმპიური და 13 არაოლიმპიური სახეობა. რეგიონში გაიმართება საერთაშორისო დონის ასპარეზობები. ერთჯერადი ფულადი ჯილდოებით წახალისდება წარმატებული სპორტსმენები.“

„კონკრეტული სიახლე, პროგრამა ბათუმის ევროპის სპორტის ქალაქის გამო არ გვაქვს. ეს ბათუმის მერიამ უნდა გააკეთოს, რადგან ბათუმი აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტია,“ – ამბობს მინდია ქათამაძე, აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მინდია ქათამაძე მიიჩნევს, რომ სტატუსი სპორტული ღონისძიებების რაოდენობის და ხარისხის გაზრდას გამოიწვევს. თუმცა მან ვერ გვითხრა, კონკრეტულად რა გზით იქნება ეს შესაძლებელი. ბათუმის მერიის მსგავსად, სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს წლის ბოლოსკენ განიხილავენ. ამ ეტაპზე აჭარის განათლების სამინისტრო მომავალი წლისთვის იგივე მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას გეგმავს, რაც წელს ფინანსდება.

 

 

 

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 3 პირია დაკავებული. მათ მიმართ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული რ.ს. ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ს.-მ შვილს – 1974 წელს დაბადებულ მ.ს.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ბათუმის კინოფესტივალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით გაიხსნება

16 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოფესტივალს გახსნის ქართული ფილმი, რომელსაც ათწლეულების მანძილზე არ აჩვენებდნენ საბჭოთა კავშირში. რეჟისორ კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმი, „ჩემი ბებია“, 1929 წელსაა გადაღებული.

„ჩემი ბებია“ სატირული კომედიაა. ფილმი საბჭოთა საქართველოში აიკრძალა, რადგან რეჟისორს ბრალი დასდეს ფორმალიზმსა და ანტისაბჭოთა განწყობაში. ფილმი 1976 წელს აღადგინეს.

ფილმის მუსიკალურ აკომპანიმენტს გააკეთებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.

2017 წელს გამოვიდა პირველი მონოგრაფია კოტე მიქაბერიძის შესახებ, რომლის ავტორები არიან ნინო ძანძავა და სოსო დუმბაძე.

“ქაჯეთის ციხე” გადაღებისას.
მარჯვნიდან: კოკი დადიანი, კოტე მიქაბერიძე, კოხტა ყარალაშვილი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ცნობილი ქართველი ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, რომელსაც გადაეცემა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება კვირას, 16 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დასწრება ხდება მოსაწვევებით, თუმცა წელს კინოფესტივალის მენეჯმენტმა გადაწყვიტა გამოყოს 50 მოსაწვევი მათთვის, ვისაც სურს გახსნის ცერემონიაზე დასწრება. მოსაწვევების გაცემა მოხდება 15 სექტემბერს, 16:00-დან 19:00 საათამდე, კინოთეატრ „აპოლოში“.

BIAFF კინოფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 30 ქვეყნიდან. გახსნის და დახურვის ცერემონიალის გარდა, ყველა კინოჩვენებაზე დასწრება უფასოა.

_____________

მთავარ ფოტოზე: კადრი კოტე მიქაბერიძის ფილმიდან „ჩემი ბებია“

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

კომპანია „ბათუმი რივიერამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობა.

კომპანიაში და სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი კონცეფცია, სამუშაო ვერსია და პროექტის საბოლოო ვარიანტი სამინისტროსთან შეთანხმდება.

ბათუმის იახტკლუბი / ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების პროექტიდან

აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „რივიერას“ 1 ლარად  20-წლიანი იჯარით და გარკვეული პირობებით გადასცა. მათ შორის, კომპანია ვალდებულია 2021 წლამდე ეტაპობრივად განახორციელოს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

პირობების შესრულებას, ანუ იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას „სილქ როუდი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით გეგმავს:

შპს „რივიერამ“ იახტკლუბი განსაკარგავად სხვას – ახალდაფუძნებულ შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა:

შპს „ბათუმი რივიერას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ დამფუძნებელი „იუ ჯი თი ჯგუფი“ ფლობს იახტმშენებელ ქარხანას თურქეთში [ქარხანა კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა], ამიტომ იახტებთან დაკავშირებული ნაწილი მათ გადასცეს ქვეიჯარით. ამ კომპანიას იახტკლუბების სფეროში დაქირავებული ჰყავს ამერიკელი ექსპერტი. სწორედ ამ ექსპერტის, ინგლისური კომპანიისა და ასევე ქართველი არქიტექტორების თანამშრომლობით შეიქმნა კონცეფცია, ეს არ არის საბოლოო პროექტი“.

[red_box]მიწის ნაკვეთი, სადაც ტრამპ თაუერი უნდა აშენებულიყო [/red_box]

წლების წინ, ბათუმში, იახტკლუბის გერდით, „სლქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია – „რივიერა“ ტრამპ თაუერის მშენებლობას აპირებდა. მაგრამ 2018 წლის მაისში კომპანიას გეგმები შეეცვალა: შექმნა ახალი კომპანია – შპს „ბათუმი რივიერა“, სადაც წილების 99%-ს ისევ თავად ფლობს, ხოლო 1%-ი გადასცა კომპანიას, რომლის მესაკუთრე „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტია“, რომელმაც სახელწოდება 2018 წლის ივნისში შეიცვალა და დღეს „ბათუმი თაუერ ჰოლდინგი“ ჰქვია. თავის მხრივ ამ კომპანიის მფლობელი ლუქსემბურგში რეგისტრირებული შპს „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. უცნობია, ვინ არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები.

დოკუმენტებით არ ჩანს არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ამ უცხოური კომპანიის დამფუძნებლები, მაგრამ ჩანს ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი], ლევან ვასაძემ [ბიზნესმენი] და უჩა მამაცაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი] ერთად დააფუძნეს კომპანია – „ჯი სი ეფ პარტნიორები“, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი კომპანია – „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტი“ დააფუძნა. სწორედ ეს კომპანია მიყიდეს მფლობელებმა 500 დოლარად „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“ 2014 წელს.

მიწა, სადაც „ტრამპ თაუერი“ უნდა აშენებულიყო, დღეს „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მუშავდება ახალი გეგმა-პროექტი, რომელიც „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ აშენებას და მიმდებარე ტერიტორიების მოწყობასაც ითვალისწინებს.

[red_box]რა იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიაზე[/red_box]

იახტკლუბის განვითარების პროექტში აღნიშნულია, რომ ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე „აშენდება საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმ კლასის იახტკლუბი, რაც მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ტურიზმის და საწყლოსნო სპორტის განვითარებას რეგიონში. ამისათვის, მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის უზრუნველყოფა საჭირო ინფრასტრუქტურით, მომსახურებით და ტექნიკით“.

აქედან გამომდინარე, იახტკლუბის განვითარების დღეს არსებული გეგმა ითვალისწინებს ნავმისადგომის ტერიტორიის კეთილმოწყობას, დაზიანებული კედლის გამაგრებას და ახალი, ოთხსართულიანი შენობის აშენებას. ტერიტორია კი, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, მოიცავს უშუალოდ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიის ნაწილს – 1736 კვ/მ-ს, რომელიც საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 2017 წლის 5 ოქტომბერს გადასცა.

ახალი შენობა შედგება ორი ბლოკისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ერთგვარი ხიდი დააკავშირებს. ფასადი იქნება როგორც ბეტონის, ასევე გამჭვირვალე მინის. ბეტონის ფასადი გამოყენებული იქნება შენობის ჩრდილოეთით, საიდანაც „არსებობს ზღვის შტორმის საშიშროება“.

გეგმის მიხედვით იახტკლუბის ტერიტორია შემოიღობება და ირგვლივ დააყენებენ სათვალთვალო კამერებს. ნავსაყუდელის ფსკერი გაიწმინდება დაგროვილი ბალასტური მასებისგან, „რაც უზრუნველყოფს მაღალი კლასის 25 მეტრამდე იახტების უსაფრთხოდ გადაადგილებას“.

ახალ შენობაში განთავსდება მცურავი საშუალებების მოვლა-შეკეთებისთვის გამოყოფილი სივრცე, მშრალი დოკი [Dry Storage]), იახტკლუბის თანამშრომლების ოფისები, იახტების მეპატრონეებისთვის განკუთვნილი შეხვედრების ოთახი და ტერასა, იახტების და სხვა მცურავი საშუალებების აქსესუარების მაღაზია, შოურუმი, შოურუმის თანამშრომლების ოფისები, გამოსაცვლელი ოთახები, საპირფარეშოები, საშხაპეები; კლუბი [„ქლაბ ჰაუსი“], რესტორანი და აუზი.

იგეგმება ასევე: იახტკლუბის აუცილებელი ტექნიკით აღჭურვა, იახტებთან დაკავშირებული მომსახურებით უზრუნვლეყოფა და ბოუთ შოუს მასპინძლობა.

ბათუმის იახტკლუბი / ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების პროექტიდან

პროექტში აღნიშნულია, რომ „შოურუმში გასაყიდად განთავსებული იქნება რამდენიმე იახტა და მცირე ზომის მცურავი საშუალება. მომხმარებლებს ადგილზე შეეძლებათ შეისყიდონ და/ან შეუკვეთონ მსოფლიოში სხვადასხვა წამყვანი მწარმოებელი კომპანიების იახტები“.

კლუბი – „ქლაბ ჰაუსი“ კი იქნება „სივრცე, სადაც შეიკრიბებიან კლუბის დამფუძნებლები და წევრები, ასევე დაინტერესებული მსურველები, სხვადასხვა ღონისძიების [პრეზენტაციები, გამოფენები, შოუები, შეჯიბრებები] დასაგეგმად“.

რაც შეეხება რესტორანს და აუზს, დეტალები პროექტირების შემდგომ ეტაპზე დაზუსტდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. პროექტში აღნიშნულია, რომ ღია აუზი იქნება გაფილტრული ზღვის წყლით, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოხვედრა.

აუზთან და ზღვის სანაპიროსთან ახლოს კი, მოეწყობა როგორც საბავშვო, ასევე ზრდასრულთათვის გასართობი საშუალებები, უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მცურავი საშუალებების სპეციალურ ბენზინგასამართ სადგურს, პროექტში აღნიშნულია, რომ ის „უზრუნველყოფს ბენზინის ავზის შევსებას, ბუნებაზე მიყენებული ზიანის გარეშე. აგრეთვე, ამ სერვისის დახმარებით იახტების მფლობელები თავს აარიდებენ ბენზინის მოძიების და მოტანის რთულ პროცესს. ამისათვის, მიწაში განთავსდება საწვავის ავზი, ხოლო საწვავის შესავსები სპეციალური აპარატურა განთავსდება ნავსაყუდელის ტერიტორიაზე. ბენზინის ჩასასხმელი აპარატურა იქნება დამონტაჟებული საერთაშორისო სტანდარების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. შესაბამისად, აუცილებელია ადგილობრივი მთავრობის დახმარება, რომ უზრუნველყოს იქ მდგომი თევზსაჭერი გემების გაყვანა იახტკლუბის ტერიტორიიდან“.

ბათუმის იახტკლუბი / ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების პროექტიდან

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ინფრასტრუქტურის სწორი მოწყობით იახტკლუბს ერთდროულად შეეძლება მიიღოს 80-მდე მაღალი და საშუალო კლასის, როგორც იალქნიანი, ისე მოტორიანი მცურავი საშუალებები. მათ შორის 25 მეტრი სიგრძის – სამი, 15 მეტრი სიგრძის – შვიდი, 10 მეტრი სიგრძის – 40 და 10 მეტრზე ნაკლები სიგრძის 30 მცურავი საშუალება.

„ეს ტერიტორია პირველი შთაბეჭდილების შემქმნელი იქნება როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ისე იახტებით მოსარგებლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ტურიზმის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება განუვითარებელია საქართველოში. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, არამედ მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაც, რისთვისაც, იახტკლუბის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“, – აღნიშნულია პროექტში.

ბათუმის იახტკლუბი / ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების პროექტიდან

ძალადობის 24 წლის მსხვერპლი: შვიდი წელი მამამთილი მავიწროებდა, უშვილო ხარო

„მე შვიდი წელი მონა ვიყავი,“ – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა მაიამ [სტატიაში სახელი შეცვლილია]. ძალადობის მსხვერპლი რომ იყო, ამის შესახებ პოლიციელებს რამდენიმე თვის წინ მოუყვა. ამბობს, რომ შედეგი ჩივილს არ მოჰყოლია და ამას ელოდა კიდეც – ძალადობის თვითმხილველი სულ რამდენიმე ადამიანია და ისინი დუმილს ამჯობინებენ. მაიამ მხარდამჭერი ირგვლივ ვერც 8 წლის წინ დაინახა, როცა 16 წლისა გაათხოვეს.

„მიკვირს, ახლა ამდენი რომ ვილაპარაკე,“ – გვითხრა მან საუბრის ბოლოს და საკუთარი დასკვნაც გაგვიზიარა: „ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ყველაზე მეტად ისტორიის გაზიარება და მოსმენა სჭირდება. მე ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, რატომ ვითმენდი ამდენ ხანს? არაფერს ვითხოვ. მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“.

ქორწილის მეორე დღესვე მამამთილმა გინება დამიწყო 

ხულოს ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდით. მეათე კლასში ვიყავი, როცა დედამ მითხრა, უნდა გაგათხოვოთო. კარგად ვსწავლობდი, არ მინდოდა გათხოვება. მუსიკის გაკვეთლები მიყვარდა განსაკუთრებით. პიანინოს ვუკრავდი, გიტარას, ცეკვაზეც დავდიოდი… მამას უთხრეს, შენი გოგოს მოპარვას აპირებენო და ნერვიულობდა, სკოლაშიც აღარ მიშვებდა. მერე დამელაპარაკა, უნდა გათხოვდე, ასე დალაგდება ყველაფერი შენს ცხოვრებაშიო.

დათო, ჩემი ყოფილი მეუღლე, ნიშნობის ღამეს გავიცანი. ერთად დაგვსვეს, თუმცა ერთმანეთს არ გამოვლაპარაკებივართ. არ იყო ცუდი ბიჭი დათო, რაღაცნაირი ტკბილი იყო. მშობლებზე დამჯერი იყო და თავიდან მეგონა, ეს კარგია-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ძალიან საწყალი იყო, დაბნეული. საკუთარ თავში იყო სულ ჩაკეტილი, არ უყვარდა ლაპარაკი. მე ის მიყვარდა.

საქორწილო კაბაც არ იყო ჩვენი არჩევანი. ნათესავს ჰქონდა კაბების მაღაზია და იქ მიმიყვანეს, რაც იყო შერჩეული, ის ჩამაცვეს. ქორწილი სოფელში გადავიხადეთ ეზოში, ბევრი ხალხი იყო…

ქორწილის მეორე დღესვე მიყვირა მამამთილმა, ამდენი საქმეა და შენ კიდევ გძინავსო. რაღაც ვუპასუხე, არ მახსოვს და შემაგინა. მას შემდეგ შვიდი წელი მაგინებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, მავიწროებდა…

შევშინდი. იტყოდნენ, ვერ ქნა ქალობაო

თავიდან ვიფიქრე, მშობლებს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე, შემრცხვა. ვიცოდი, მეტყოდნენ, ოჯახია, უნდა გაუძლოო. მერე სხვები იტყოდნენ, რომ ვერ ქნა მაგან ქალობაო. ვიფიქრე, ცოტას ავიტან და გამოსწორდებიან-მეთქი. ამაში შევცდი – პირიქით, დღითიდღე მატულობდა აგრესია და ვერ ვხდებოდი, რატომ.

დედამთილი ავადმყოფობდა და, ძირითადად, მაღაზიაში იჯდა, ეზოშივე გვქონდა და ნაწველს იქ ვყიდდით. ჩემი მოვალეობა იყო დილით 4 ძროხის საძოვარზე გაყვანა, ჩამოწველა, ყველის და ნადუღის ამოღება. მამამთილი რძეს კიდევ დამატებით ყიდულობდა და ყველი ამომყავდა. რძის ნაწარმს მაღაზიაში ვყიდდით, ნაწილი კი მამამთილს ბათუმში ჩაჰქონდა ბაზარში გასაყიდად. კიდევ კარტოფილის ბაღს ვუვლიდი… დიდ ტომრებს დავათრევდი, როცა დათო აქეთ არ იყო. ხშირად დაღლილობისგან გულიც წამსვლია ისე, რომ მერე ჩემით მოვფხიზლებულვარ.

არასდროს ვუცემივარ მამამთილს, მაგრამ ეს უარესი იყო… ერთხელ შემასხა მხოლოდ ცხელი ჩაი, ახლაც მაქვს ნაკვალევი მკლავზე. გაბრაზდა, როგორ არ იცი, შენი ქმარი სად არისო.

გათხოვების შემდეგ მეგობარი აღარ მყავდა და არავინ, გამოვიკეტე. მობილური და ტელევიზორიც კი ჩემთვის არ იყო… ერთხელ მამაჩემმა ტელეფონი მიყიდა. ორკარტიანი იყო. ჩემი და დათოს ნომრები ერთად ჩავდეთ და, ძირითადად, დათოს ჰქონდა. მერე დათოს გაუტყდა. არ დამწყვეტია დიდად გული… მაინც არ ვიყენებდი და რა აზრი ჰქონდა: ლაპარაკით აუცილებლად დედამთილის და მამამთილის თვალწინ უნდა მესაუბრა, აბა, რა გაქვს ჩვენთვის დასამალი, ცალკე ვის ელაპარაკებოდიო.

დათომ რამდენჯერმე სცადა ჩემი დაცვა, მეტი რა ქნას ამ ქალმაო. იმასაც უყვირა მამამთილმა, შვილი თქვენ არ გყავთ და საქმე ხომ უნდა ჰქონდესო. დათო პერიოდულად თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ. ბევრს მუშაობდა ისიც ძალიან.

ერთხელ ვუთხარი დათოს, იქნებ წავიდეთ და მარტო ვიცხოვროთ-მეთქი. მაშინვე გამაჩუმა, ეს როგორ, მარტო როგორ ვიცხოვრებთ, ამათ გარეშეო.

აგრესია გაორმაგდა, რადგან შვილი არ გაგვიჩნდა

ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ მამაჩემი მოვიდა და თქვა: თქვენ თუ არ მიიყვანეთ ესენი ექიმთან, მე მიმყავსო. ჩაგვსვა მანქანაში და წაგვიყავანა. ექიმებმა ანალიზები გაგვიკეთეს… დათოს სამი წელი წამლები უნდა მიეღო. 700 ლარის მედიკამანტი ვიყიდეთ და დათომ წამლების მიღება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მამამთილმა თქვა, რომ წამლები საჭირო არ იყო და მას ვეღარ ვიყიდდით. მისი აზრით, ექიმებმა არაფერი იცოდნენ და უშვილობა რეალურად ჩემი ბრალი იქნებოდა. ამბობდა, ვერ ხედავთ ჩემი შვილი რამხელაა, ტანკივითაა, ამას რა პრობლემა ექნებაო.

ახლა რომ ვაკვირდები, აგრესია ყოველდღიურად იმატებდა, მე კი ამ ყველაფერს შევეჩვიე. ხმას აღარაფერზე ვიღებდი. არც მაშინ ვეპასუხებოდი მამამთილს, როცა შინ მოსულს მისი ავტომანქანა უნდა გამერეცხა. ის კი მოვიდოდა და რაღაცას დაიწუნებდა, არაა კარგად გარეცხილიო.. ხანდახან იმაზეც ეშლებოდა ნერვები, რომ საერთოდ არ ვეპასუხებოდი, დებილი ხარ შენო.

იმ დილით თოვდა, როცა თავის მოკვლა ვცადე… დილა იყო, საქონელი ჩამოვწველე, ამოვედი და მამამთილმა ისევ დამიწყო ყვირილი. აღარ მახსოვს, რა უნდოდა… უჯრიდან საერთო წამლები ამოვიღე და ყველა ერთად დავლიე საძინებელში. მერე ლოგინს ჩავემხე…

როცა გამომეღვიძა, ხულოს საავადმყოფოში ვიყავი უკვე, გადასხმას მიკეთებდნენ. თურმე, ერთი დღე-ღამე მეძინა გათიშულს. დილით ჩემი ძმა მოსულა და საწოლში გათიშული რომ მნახა, საავადმყოფოში თვითონ წამიყვანა. მამამთილს უთქვამს, რომ თოვდა და სასწრაფო ვეღარ გამოიძახა, მოწამლული იქნება, რა ეჭირვებაო.

საავადმყოფოში თავთან მამამთილი მედგა. მითხრა, რა უნდა მეთქვა გამომძიებლებისთვის. პოლიციელს ვუთხარი, რომ ჩემით ავურიე რაღაც წამლები და შემეშალა. ასე იყო საჭირო ოჯახის გადასარჩენად, როგორც ეს მამამთილმა მითხრა.

აღარ ვიცოდი, რა მექნა. არც ის მახსოვდა, როგორ დავლიე წამლები… მამამთილი უარესად აყვირდა, თავის მოსაკლავი მაგას რა სჭირდა, რატომ დალია წამლებიო. ისევ ცუდად ვიყავი და ჩემმა ძმამ ბათუმში ჩამომიყვანა კლინიკაში გამოსაკვლევად. მაშინ გავბედე და ვუთხარი ძმას, რაც ხდებოდა. ვუთხარი და გაგიჟდა, ამას რატომ მალავდიო. მან არ იცოდა, რომ მე თვითმკვლელობა ვცადე.

მინდა, ვისწავლო და ბედნიერი ქალი გავხდე

ყველაზე მეტად ფსიქოლოგი დამეხმარა. რამდენჯერმე შევხდი და ბოლოს გამეცინა: არ გინდა, თავს რატომ იკლავ, წადი… ახლა ხშირად ვიღიმი, რისი უნარიც დაკარგული მქონდა. არც ის მეგონა, თუ ოდესმე გიტარაზე დაკვრას შევძლებდი.

ამას წინათ სახლში ძველი გიტარა მოვძებნე, ის ისევ თავის ადგილზე იდო… ჩამოვიღე და დავუკარი. ძმისშვილები მომვარდნენ, რა კარგი მუსიკა სცოდნია მამიდასო.

ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ უნდა მეჩივლა პოლიციაში, ან ქონებიდან წილი მომეთხოვა, მაგრამ არ მინდოდა… ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ შემოგვითვალეს, რომ ნამდურავი ავეჯი არ სჭირდებოდათ და უნდა წამოგვეღო. საუბარია ავეჯზე, რომელიც მშობლებმა მზითვად მომიტანეს. ამაზე გავბრაზდი და პირდაპირ პოლიციაში წავედი. გამომძიებელს ჩვენება მივეცი. ვუთხარი, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ.

დათოს აღარ მოუწერია. გავიგე, რომ მას სხვა ცოლი მოუყვანეს. სასამართლოსთვის მიმართვას ვაპირებ – მხოლოდ ძვირფასეულობის დაბრუნებას ვითხოვ.

მე მჯერა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას შევძლებ. მინდა, ვისწავლო. ბუღალტერიის კურსის გავლას ვაპირებ და კიდევ – ბედნიერებას.

ჯანმო: მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [ჯანმო] და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) კიბოს გავრცელების უახლესი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა მატულობს. მონაცემები 185 ქვეყანას მოიცავს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  2018 წლისთვის მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი 18.1 მილიონამდე გაიზრდება და 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება ამ დაავადებით.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  საქართველოში 2018 წელს კიბოთი დაავადების 9 321 ახალი შემთხვევა დაფიქსირდება:

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლისთვის, მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა კიბო გახდეს ყოველი მერვე კაცისა და ყოველი მეთერთმეტე ქალის სიკვდილის მიზეზი. ამავე მონაცემებით, ყოველ მეხუთე კაცს და ყოველ მეექვსე ქალს სიცოცხლის მანძილზე ესმება კიბოს დიაგნოზი. იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც ცოცხალი არიან კიბოს დიაგნოზიდან 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით 43.8 მილიონია.

2018 წლისთვის კიბოს ახალი შემთხვევების დაახლოებით ნახევარი და კიბოს დიაგნოზით გარდაცვალების ნახევარზე მეტი შემთხვევა აზიაზე მოდის, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აქ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 60% ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს, კიბოთი დაავადებების შემთხვევები აქ მაინც მაღალია და იგი საერთო შემთხვევების 23.4%-ს შეადგენს.  ევროპაში კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები კი, კიბოთი სიკვდილიანობის მთლიანი რიცხვის 20.3%-ია.
მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები აზიასა და აფრიკაში (57,3% და 7.3%) გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე კიბოთი დაავადებების შემთხვევები (48.4% და 5.8%).

ჯანმოს ინფორმაციით, ქვეყნებში, სადაც ადამიანის განვითარების ინდექსი დაბალია, მაღალია ზოგიერთი ტიპის კიბოს მაჩვენებელი, რისი მიზეზიც გარკვეულწილად ისიც არის, რომ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე.

კიბოს შემთვევების 30-50%-ის თავიდან აცილება პრევენციითაა შესაძლებელი – ჯანმო

ფილტვის კიბო, მკერდის კიბო და სწორნაწლავის კიბო – ამ დაავადების სამი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. კიბოთი დაავადებისა და კიბოთი სიკვდილიანობის შემთხვევების 1/3 კიბოს სწორედ ამ სახეობებზე მოდის.

ფილტვის კიბო არის ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი კიბოს სახეობა კაცებში (14.5% კიბოს შემთხვევებისა) და ასევე წამყვანი მიზეზია კაცების კიბოთი გარდაცვალებისა (22.0%). დაავადების მხრივ, კაცებში კიბოს შემდეგი ყველაზე გავრცელებული სახეობები პროსტატის (13.5%) და სწორნაწლავის კიბოა (10.9%). კიბოთი გარდაცვალების შემთხვევებში კი კაცებში ყველაზე ხშირი ღვიძლის (10.2%) და კუჭის კიბოა (9.5%).

მკერდის კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი კიბოს სახეობაა ქალებს შორის (24.2%, ანუ ყოველი მე-4 შემთხვევა კიბოთი დაავადებისა). მკერდის კიბო არის ასევე წამყვანი მიზეზი კიბოთი გარდაცვალებისა ქალებში (15.0%), მას მოჰყვება ფილტვის კიბო (13.8%) და სწორნაწლავის კიბო (9.5%). საშვილოსნოს ყელის კიბოს წილი კიბოთი ავადობის შემთხვევებში არის 6.6%, კიბოთი გარდაცვალების შემთხვევებში კი – 7.5%.

ჯანმო წერს, რომ ფილტვის კიბოს შემთვევები ქალებში გაზრდილია და მას „თამბაქოს ეპიდემიას” უკავშირებს. ფილტვის კიბო სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია ქალებსა და კაცებშიც. კიბოს ეს სახეობა ასევე წამყვანია კიბოთი გარდაცვალების შემთხვევებში 28 ქვეყანაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფილტვის კიბოთი დაავადებისა ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში (განსაკუთრებით დანიასა და ნიდერლანდებში), ჩინეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია, უნგრეთი კი ერთ-ერთი პირველია ამ სიაში.

„თამბაქოს კონტროლმა მნიშვნელოვნად შეამცირა აქტიური მოწევა და ხელი შეუშალა ადამიანებზე თამბაქოს კვამლის მავნე უნებლიე ზემოქმედებას ბევრ ქვეყანაში”, – ამბობს ექიმი ფრედი ბრეი, IARC-ის კიბოს დაავადებებზე ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, – “ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თამბაქოს ეპიდემია ქალებსა და კაცებში სხვადასხვა სტადიაზეა სხვადასხვა რეგიონში, აშკარაა, რომ საჭიროა გავაგრძელოთ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პოლიტიკა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში”.

„დაუყოვნებლივ უნდა დაინერგოს ეფექტური პროფილაქტიკის პოლიტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა, რათა გავაკონტროლოთ ეს გამანადგურებელი დაავადება მსოფლიოში“, – ამბობს IARC-ის დირექტორი, ექიმი ქრისტოფერ ვაილდი.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, კიბოს პრევენცია შესაძლებელია მისი რისკ ფაქტორების თავიდან აცილებით. ეს რისკ–ფაქტორებია:

  • თამბაქოს მოხმარება
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე
  • ხილისა და ბოსტნეულის ნაკლები ოდენობით მოხმარება
  • ფიზიკური ინერტულობა
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • სქესობრივი გზით გადამდები HPV – ინფექცია
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ქალაქებში
  • მყარი საწვავის გამოყენებით გამოწვეული  ჰაერის დაბინძურება შენობაში

ბიზნესფორუმის ფარგლებში აჭარას ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ

ფორუმი „საქართველო-ჩეხეთი“ დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. სტუმრებს ასევე მიესალმა აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა აჭარის რეგიონით დაინტერესებისთვის.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმაა ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად და ახალი ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

„სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, ისევე როგორც მოქნილი საგადასახადო სისტემა, ქმნის ძალიან მიმზიდველ ატმოსფეროს რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაც ჩვენს რეგიონში. ყოველწლიურად ვიზიტორთა რიცხვი 25%-ით იზრდება. ჩეხეთის რესპუბლიკიდან შემოსული ტურისტების რიცხვი კი წელს  50%-ით გაიზარდა. ენერგეტიკა, ტურიზმი და სამშენებლო სექტორი ინვესტირების თვალსაზრისით რეგიონის წამყვან სექტორებს წარმოადგენს,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მარტა ნოვაკოვა

„აჭარა საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონია, საქართველოს კარგი რეფორმები აქვს მეწარმეებისთვის. გრძელვადიანი თანამშრომლური ურთიერთობები ტურიზმის დარგში აუცილებლად გაძლიერდება. მე ვფიქრობ, რომ აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით ბათუმი მზადაა უფრო მეტი ჩეხი ტურისტის მისაღებად“ – აღნიშნა მარტა ნოვაკოვამ.

ბიზნესფორუმს ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ოფიციალური დელეგაციის წევრები, ასევე, აჭარასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნესფორუმი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია.

ფორუმის მონაწილეები, სპეციალური პრეზენტაციებით, აჭარისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საინვესტიციო და ტურისტული კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ბიზნესფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა.

ავარია ქობულეთში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

დღეს, 14 სექტემბერს, ავტოავარიის შედეგად ქობულეთში 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა, ორს კი – საშუალო სიმძიმის.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-2 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

თორნიკე რიჟვაძე მარტა ნოვაკოვას შეხვდა

დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კულტურა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა დინამიკურად ვითარდება.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა აქტიურად არის ჩართული „ვიშეგრადის ოთხეულის“ ფორმატში, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა. გარდა ამისა, თქვენი მხარდაჭერა ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში (ODA) ძალიან ძვირფასია ჩვენთვის,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩეხეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე დაესწრნენ ბიზნესფორუმს ”საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა”, რომელიც 14 სექტემბერს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.

 

 

Exit mobile version