სიახლეები

ერთი სტუდენტი ფიზიკის ფაკულტეტზე – ბათუმის უნივერსიტეტის მილევადი მიმართულებები

25.09.2015 • 1935
ერთი სტუდენტი ფიზიკის ფაკულტეტზე –  ბათუმის უნივერსიტეტის მილევადი მიმართულებები

 

სახელმწიფოს მხრიდან ცალკეული მიმართულებების პრიორიტეტად გამოცხადებამ და დაფინანსებამ, თითქმის მილევად პროფესიებზე მოთხოვნა კვლავ გააჩინა. მაგალითად, წლების წინ დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე სწავლის მსურველთა რიცხვი სარგძნობლად შემცირდა, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შემდეგ კი, მოთხოვნა ისევ გაიზარდა. წელს აღნიშნულ ფაკულტეტზე გამოცხადებულ 90 ადგილზე 1106 განაცხადი შევიდა.

 

ანალოგიური სიტუაციაა ქართული ფილოლოგიის მიმართულებითაც. გამოცხადებულ 80 ადგილზე 895-მა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი, აქედან 119-მა პირველ საგნად მიუთითა.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონკურენციის პირობებში დაკომპლექტდა ისტორიის მიმართულებაც, რომელზეც ასევე სტუდენტების ნაკლებობა იყო. „ყველაზე მეტი ოცი სტუდენტი შეიძლება მიგვეღო, წელს კი ორმოცდაათი სტუდენტი მივიღეთ და სრულად დავაკომპლექტეთ“, – თქვა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. ამ მიმართულებაზე სულ 801-მა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი.

 

თუმცა არის სპეციალობები, რომლებზეც, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის და დაფინანსებაც არის გამოყოფილი, მოთხოვნა მაინც არ გაიზარდა, ასეთია ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის მიმართულებები.

 

გასულ წელს ფიზიკის სპეციალობაზე უნივერსიტეტს 15 ადგილი ჰქონდა, – მიიღო მხოლოდ ერთი სტუდენტი. პირველი მითითებით ფიზიკა ოთხ აბიტურიენტს ჰქონდა არჩეული, მთლიანობაში – 38 აბიტურიენტს. როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, ფიზიკის სპეციალობაზე სტუდენტთა ნაკლებობის პრობლემა თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს.

 

„ვერ ვიტყვი, რომ ეს უნივერსიტეტების პრობლემაა, რადგან ჩვენთან ფიზიკის კარგი სკოლა გვაქვს. წელს კიდევ ვაპირებთ განვაახლოთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები. ვფიქრობ, უფრო კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემა სკოლიდან იწყება“, – ამბობს ხალვაში.

 

მერაბ ხალვაშის აზრით, სამინისტრომ, სკოლამ და უნივერსიტეტებმა აუცილებლად უნდა შეიმუშაონ ერთობლივი კონცეფცია ამ პრობლემის დასაძლევად. „თუ ჩვენ გვინდა ამ დარგების შენარჩუნება და განვითარება, ეს სურათი უნდა შევცვალოთ“, –  ამბობს ის.

 

წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია მოთხოვნა ქიმიის სპეციალობაზეც, გამოცხადებულ 15 ადგილზე რვა სტუდენტი მიიღეს. გასულ წელს კი ამ სპეციალობაზე ექვსი სტუდენტი ჩაირიცხა.

 

სტუდენტთა რაოდენობა შემცირებულია მათემატიკის მიმართულებაზეც. ამ სპეციალობაზე სულ 30 ადგილზე იყო ვაკანსია გამოცხადებული, ჩაირიცხა – 19.

 

„ვერც ამ შემთხვევაში დავაბრალებ ამას უნივერსიტეტს, რადგან მათემატიკის კარგი სკოლა უნივერსიტეტს დაარსების დღიდან ჰქონდა. რატომ ხდება ასე, ამას სჭირდება კვლევები, რომ გამოიკვეთოს პრობლემის მიზეზები“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

 

რაც შეეხება ფასიან მიმართულებებს, მოთხოვნა შემცირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობაზეც, 35 ადგილზე 11 აბიტურიენტი ჩაირიცხა და 24 ადგილი დარჩა.

 

ერთ ადგილზე მოსული აბიტურიენტების რაოდენობის მიხედვით კვლავ მოთხოვნადია სამართალმცოდნეობა. გამოცხადებულ 70 ადგილზე 1482 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. შემდეგ მოდის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა, სადაც 30 ადგილზე 1279 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მესამე პოზიციას იკავებს ტურიზმის მიმართულება – 140 ადგილზე განაცხადი 2404-მა აბიტურიენტმა შეიტანა.

 

მერაბ ხალვაშის თქმით, შედარებით იკლო მოთხოვნამ ბიზნესის მიმართულებებზე, პრობლემა, როგორც რექტორი ამბობს, არის ის, რომ ბიზნესის ადმინისტრირებაზე გამოცდები ბლოკურად გამოცხადდა: ფინანსები, მენეჯმენტი, საბუღალტრო, საგადასახადო საქმე და მარკეტინგი გაერთიანდა. მთლიანობაში 180 ადგილი იყო, განაცხადი კი – 853. „წინა წლებში რამდენიმე ასეულით მაღალი ციფრი გვქონდა“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

 

ეკონომიკის სპეციალობა კვლავ მოთხოვნადია და ეს მიმართულებაც წელს კონკურსის წესით დაკომპლექტდა, – 40 ადგილზე 797 განაცხადი იყო შესული.

 

ბათუმის უნივერსიტეტში მილევად სპეციალობად წელს აგრონომიის ცალკეული მიმართულება გამოცხადდა – სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე და აგროინჟინერია. რექტორის თქმით, ვაკანსიების შევსება ორმოცდაათი პროცენტითაც კი ვერ ხერხდება. აქაც ბლოკურად 30 ადგილზე გამოცხადდა კონკურსი, ჩაირიცხა – ექვსი. „აშკარაა, რომ აღნიშნულ პროგრამებს უნდა გადავხედოთ. როგორც ჩანს, არსებობს ბაზრის, პროგრამებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პრობლემაც“.

 

მერაბ ხალვაშის თქმით, დღეს გაცილებით დიდი მოთხოვნაა მცენარეთა დამცველსა და ვეტერინარზე, ამიტომ პროგრამები ამ მიმართულებით უნდა შემუშავდეს.

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უნივერსიტეტში, ჯამურად, 258 ვაკანსია ვერ შეივსო. ამის მიუხედავად, მისთვის ბათუმის უნივერსიტეტის შედეგი მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია: „საერთო ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი შედეგი არ არის საგანგაშო, რადგან მთლიანობაში 44 ათას ადგილზე იყო გამოცხადებული მიღება და მხოლოდ 28 ათასი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ჩვენ 1380 ადგილიდან მხოლოდ 258 ვაკანსია დაგვრჩა“.

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ფასიან მიმართულებებზე სტუდენტთა შემცირება უნივერსიტეტისთვის წამგებიანია და ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. თუმცა, უფასო მიმართულებებზე ადგილების დარჩენის მიუხედავად, პროგრამებს სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს.


გადაბეჭდვის წესი