მთავარი,სიახლეები

ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლოდ – შემსრულებლებს 76 500 ლარს გადაუხდიან

12.12.2018 • 4014
ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლოდ – შემსრულებლებს 76 500 ლარს გადაუხდიან

ბათუმის ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე უკვე ააწყვეს, საზეიმოდ ანთების ცერემონიალი ტრადიციულად 25 დეკემბერს იგეგმება. ამ დღეს ევროპის მოედანზე საახალწლო დღეებისთვის საგანგებოდ დამონატაჟებულ სცენაზე საზეიმო კონცერტი გაიმართება – ხოლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ფოიერვერკით დასრულდება.

ფოტო: ჯაბა ანანიძე

მერიის კულტურის ცენტრის ღონისძიებების მენეჯერის, ზურა ჩართოლანის ინფორმაციით, მოლაპარაკებები საზეიმო ღონისძიებებზე გამომსვლელებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება,  ამიტომაც ინფორმაცია წინასწარი და დასაზუსტებელია. ღონისძიებებისა და გამომსვლელების ზუსტი განრიგი, ჯერჯერობით, მერიას არ აქვს.

კულტურის ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყება და ორი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„დილიდან იქნება საზეიმო ღონისძიებები ბავშვებისთვის, მათ შორის გამოფენები, დიჯეები და ასე შემდეგ… გასართობი ღონისძიებები საღამომდე გაგრძელდება, საღამოს რვა საათიდან კი ბენდები დაუკრავენ “, – გვითხრეს უწყებაში.

ზურა ჩართოლანის ინფორმაციით, 30 დეკემბერს საახალწლო სცენაზე გიორგი სუხიტაშვილის ბენდის დაუკრავს, ხოლო 2 იანვარს ნინო ქათამაძის კონცერტი იგეგმება.

31 დეკემბერს სცენაზე ბათუმელი ვოკალისტები – ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, სალომე კალანდაძე, გიორგი ბერიძე,  ნანუკა მიქაძე, სანდრო კურცხალიძე, ავთო აბესლამიძე, სულხან დევაძე, გიორგი ნაკაშიძე, მორის მელაძე, ანრი გუჩმანიძე და სხვები გამოვლენ.

საახალწლო დღეებში ბათუმში დაუკრავენ ბენდები – „SOUND LAB“, „ასეა სულ“, „სალიო“ , „Bsu jazz band“ , გიორგი ფუტკარაძე ბენდით , „Goofyland “,„ ოთხი მუშკეტერი“, ირაკლი ფაღავა ბენდით , „El Fluids “, „Chary band“ , „Four season“, „Melomaniakk“ , „Road radio“, „Elrow“  , „4up“ , „Pitter J“ , „NinTendo“ .

ჩამოთვლილ შემსრულებლებს „კულტურის ცენტრი“ უკვე შეუთანხმდა, თუმცა მათთან ინდივიუდუალურ ხელშეკრულებები ჯერ არ გაუფორმებია – შემსრულებლებისთვის მთლიანობაში 76 500 ლარია გათვალისწინებული. კულტურის ცენტრის განმარტებით, ამ შემსრულებელთაგან ვის რამდენს გადაუხდიან ჰონორარის სახით, ჯერ ზუსტად არ იციან.

მომღერლების ანაზღაურების გარდა, მერიის კულტურის ცენტრს ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის 273 500 ლარის ტენდერი აქვს გამოცხადებული [ტენდერი ჯერ არ დასრულებულა]. ამ თანხით ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოაწყობს საბავშვო გასართობ კუთხეებს, გამართვას მთავარი სცენის დეკორაციებს, მის განათებასა და გათბობას, თოჯინების, მარიონეტებისა და თითების თეატრების წარმოდგენას, მოწყობს სხვადასხვა ქუჩაზე ინსტალაციებს, დაამონტაჟებს ლედ ეკრანებს, მოამზადებს სარეკლამო ვიდეორგოლს, ფოიერვერკსა და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხების მოგვარებას უზრუნველყოს.

ამ ყველაფრის შესყიდვაზე კულტურის ცენტრმა ტენდერი 19 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა კი 3 დეკემბერს დასრულდა.

იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ტენდერს ახლავს [შეიძლება ეს იყოს ტენდერის ჩაშლა, ან რომელიმე კომპანიის მხრიდან დავის წამოწყება, რაც პროცესს დროში გაახანგრძლიბებს], რატომ დააგვიანეს ტენდერის გამოცხადება?  – ამ კითხვაზე კულტურის ცენტრის შესყიდვების სამსახურში გვიპასუხეს, რომ  განიხილებოდა თანხის დამატების და უფრო გრანდიოზული ღონისძიების მოწყობა, მაგრამ თანხის დამატებას არჩევნებმა შეუშალა ხელი [კანონმდებლობა წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებებს კრძალავს]. გარდა ამისა, დიდხანს გაგრძელდა კონკრეტული ღონისძიებებისთვის ადგილების შერჩევისა და სხვა საკითხების დაზუსტების პროცესი.

კულტურის ცენტრის შესყიდვების სამსახურში მიიჩნევენ, რომ პრობლემა ტენდერის ჩაშლის შემთხვევაშიც არ შეიქმნება, რადგან გამარტივებული შესყიდვის უფლებას გამოიყენებენ.

საერთო ჯამში, 2018 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრი 350 000 ლარს დახარჯავს. ქალაქის გაფორმებისთვის კი, ბათუმის მერიამ 428 423 ლარი გამოყო. მთლიანობაში, ბათუმში საახალწლო განწყობის შესაქმნელად წელს 778 423 ლარი დაიხარჯება.

 ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმებისთვის 700 000 ლარი გამოყო

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: