დანაგვიანებული და დამტვრეული ბანერები გმირთა ხეივანში


ბათუმში გმირთა ხეივანში ბანერები დააზიანეს. გატეხილ ბანერებში კი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. გმირთა ხეივანი ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, დაახლოებით 1,5 კმ-ის სიგრძეზეა გაშენებული. აქვე დგას „ყინულის შადრევანიც“.

გმირთა ხეივანი. გატეხილ ბანერში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია.

ჩატეხილი ბანერის მეორე მხარეს სხვადასხვა წარწერა და ნახატებია.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ხეივანში განთავსებული მეორე ბანერიც ჩამტვრეულია.

გმირთა ხეივნის წინ დგას ყინულის შადრევანი, რომლის ქვემოთ განთავსებული დენის წყაროს ყუთი ღიაა, რაც საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის. დაზიანებულია ყინულის შადრევანიც. მონუმენტის მინის კონსტრუქციები ჩამოშლილია და განათება და აუზი დიდი ხანია აღარ მუშაობს.

ღია დენის წყარო შუშის შადრევანთან.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზიანებული ბანერები არ უნახავს და არც ინფორმაცია მიუწოდებიათ მისი სამსახურისთვის.

„ხვალ გავალთ და ვნახავთ. რაც შეეხება ღია დენის წყაროს, ეს არის „ენერგო პრო-ჯორჯიას“ პასუხისმგებლობის საკითხი და მან უნდა მოაგვაროს“, – გვეუბნება ის.

გმირთა ხეივანში არც სანაგვე ურნებია განთავსებული, რის გამოც ტერიტორია დანაგვიანებულია. ამის თაობაზე „ბათუმელები“ ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ წერდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com