მთავარი,სიახლეები

რამდენი ლარით დაჯარიმდებით ცხიმების კანალიზაციაში ჩასხმისთვის – შემოწმება იწყება

11.12.2018 • 2866
რამდენი ლარით დაჯარიმდებით ცხიმების კანალიზაციაში ჩასხმისთვის – შემოწმება იწყება

ჩამდინარე წყლების კანალიზაციის სისტემაში ჩაშვებაზე ახალი კანონი ამოქმედდა. კანონში შესულ ცვლილებებზე დღეს, 11 დეკემბერს, „ბათუმის წყალმა“ საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, თუმცა შეხვედრაზე არ მივიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებსაც ეს კანონი ყველაზე მეტად ეხებათ, მაგალითად, რესტორნების მფლობელები – ცხიმების კანალიზაციის სისტემაში ჩაშვება იურიდიული პირების შემთხვევაში 1000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 2 000 ლარით დაჯარიმდება.

„ჩამდინარე წყალში იგულისხმება წყალი, რომელსაც მრეწველობა გამოიყენებს სამრეწველო ციკლის პროცესში. ამ დროისთვის საწარმოო წყალი ჩაედინება ღია საკანალიზაციო სისტემაში, საიდანაც მიედინება ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე და იქ იწმინდება ბიოლოგიურად. ეს საფრთხეებს შეიცავს იმ კუთხით, რომ საწარმოები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმებს წარმოქმნიან, აზიანებენ საკანალიზაციო სისტემას და შემდეგ საჭიროა მაღალი საექსპლუატაციო ხარჯები,“ – განმარტავს მარიკა გვიანიძე, შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი.

იმისთვის, რომ არ დაჯარიმდნენ, საწარმოებმა და მათ შორის რესტორნებმა სპეციალური აპარატურა უნდა შეიძინონ. მარიკა გვიანიძის თქმით, ამ ეტაპზე ცხიმის სეპარატორი მხოლოდ ბათუმის ერთ, უფასო სასადილოშია, რომელიც ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული.

„ის არის მოწყობილი სპეციალური ცხიმდამჭერი, სხვა თითქმის არ არის… ბათუმის ტერმინალს აქვს ასევე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა“, – გვითხრა მარიკა გვიანიძემ.

„ბათუმის წყალი“ საწარმოების რეგულარულ შემოწმებას იწყებს. სინჯის ერთი ნიმუში იმ საწარმოში დარჩება, სადაც შემოწმება განხორციელდება, მეორეს კი „ბათუმის წყალი“ ლაბორატორიული წესით შეისწავლის. თუ საწარმო კვლევის შედეგს არ დაეთანხმება, მას სინჯის სხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადამოწმება შეეძლება.

შესაძლებელია საწარმომ ცხიმდამჭერი, ან სხვა აპარატურა, რომელიც ჩამდინარე წყალს გაასუფთავებს, არ შეიძინოს და ყოველთვიურად გადაიხადოს თანხა, რომელიც კონტრაქტის შესაბამისად განისაზღვრება.

„ამიტომ იყო საჭირო დღევანდელი შეხვედრა, რომ შედგეს ურთიერთთანამშრომლობა… ალბათ წერილობით დავუგზავნით ახლა შეტყობინებებს და წერილობით მოვახდენთ მათ ინფორმირებას,“ – დასძინა მარიკა გვიანიძემ.

ცვლილება „წყლის შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის შესაბამისად საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო „წყალანირების ცენტრალურ სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრული დასაშვები ნორმების შესახებ“.

ტექნიკური რეგლამენტი ფიზიკური პირების დაჯარიმებასაც ითვალისწინებს – 400 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 800 ლარით.

„ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ ფიზიკურ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამოწმებენ, თუკი ის კანალიზაციის სისტემაში უშვებს მაღალკონცენტრირებულ ჩამდინარე წყალს, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ფიზიკურ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუკი კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტული სამართადამრღვევი პირი გამოვლინება.

„მაგალითად, თუკი ადამიანი უახლოეს საკანალიზაციო ჭაში ჩაასხამს ცემენტს და ასე შემდეგ, ის დაჯარიმდება. შედარებით რთული გამოსაკვლევი იქნება, მაგალითად, ვინ ჩაყარა საკანალიზაიო ჭაში საყოფაცხოვრებო ნარჩენები და როცა ეს ჭა ცხრასართულიანი კორპუსის ეზოშია. ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება ინდივიდუალური მიდგომა,“ – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: