რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება


კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი გართობისა და დასვენებისთვის.

ტურისტებს გოდერძიზე ღამის გასათევად რამდენიმე ვარიანტი აქვთ. შეუძლიათ კურორტის ტერიტორიაზე კოტეჯებში დარჩნენ, უღელტეხილზე სასტუმროში დაბინავდნენ ან სოფელ დანისპარაულში, საოჯახო სასტუმროებში განთავსდნენ.

კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

კოტეჯში, ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება 100 ლარადაა შესაძლებელი, ოთხადგილიანის ფასი კი 150 ლარია.

კოტეჯები გოდერძიზე

კურორტიდან 4 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“.

„მეტეოში“ ორადგილიანი ნომერი 60 ლარი ღირს, ოთხადგილიანი კი  – 100 ლარი.

რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, მათი ფასი ერთ ადამიანზე 40 ლარიდან იწყება.

იმის გამო, რომ უხვი ნალექის გამო კურორტიდან უღელტეხილამდე გზა იკეტება, გოდერძიზე თოვლმავალის მომსახურების სერვისი დაინერგა. კურორტიდან უღელტეხილამდე თოვლმავალით გადაადგილება ერთ ადამიანს 5 ლარი დაუჯდება.

თოვლმავალით სარგებლობა შეეძლებათ აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალ ტურისტებსაც. მის დაქირავებას სოფელ ზარზმაში შეძლებთ. ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილამდე, სასტუმრო „მეტეომდე“ ბილეთის ფასი 15 ლარია, კურორტ გოდერძიმდე კი – 20 ლარი.

სეზონის გახსნის შემდეგ კურორტს თოვლმავალი მოემსახურება, რომელიც რეგულარულ რეისებს შეასრულებს ზარზმა-უღელტეხილი-გოდერძის მიმართულებით და პირიქით.

გოდერძიზე თხილამურების დაქირავება (ერთი წყვილი) მთელი დღით 10-15 ლარამდე ღირს. ასევე, შეგიძლიათ დაიქირაოთ კვადროციკლი, რომლის ფასი ათი ლარიდან იწყება.

გოდერძიზე ძირითადი ტრასა რვაკილომეტრიანია, რომელზეც სამი დახრილობის სხვადასხვა კონტინგენტისთვის გათვალისწინებული ტრასაა – დიდი დახრილობის, საშუალო დახრილობის და პროფესიონალური დონის.

ასევე, არის ბავშვებისთვის მცირე დახრილობის 200-მეტრიანი სათხილამურო ტრასა.

კურორტ გოდერძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ველიაძე ამბობს, რომ სეზონის მანძილზე დამსვენებელს შეუფერხებლად შეეძლება გოდერძიზე ასვლა.

„ხულოდან გოდერძამდე არსებული 27-კილომეტრიანი მონაკვეთი ინტენსიურად იწმინდება. ეს გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის არასდროს ჩაიკეტება,“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, კურორტზე ასული დამსვენებლების უსაფრთხოება სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

„კურორტის ადმინისტრაციულ შენობაში მოთავსებულია ორი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი. გვაქვს სპეციალური მაღალი გამავლობის მანქანები, რომლებსაც გამოვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება უსაფრთხოებას, დაახლოებით ათამდე მაშველი ინტენსიურად მოძრაობს სათხილამურო ტრასაზე და ყურადღებას აქცევს მოთხილამურეებს. ამავდროულად, კურორტზე არის კრიმინალური პოლიცია, სათხილამურო ტრასებზე ასევე მოძრაობს პატრული,“ – ამბობს ლაშა ველიაძე.

მისივე თქმით, თუ უახლოეს დღეებში მოთოვს, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი 8 დეკემბერს გაიხსნება, თუ არა სეზონის გახსნა ერთი კვირით გადაიწევს.

კურორტი გოდერძი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი