მთავარი,სიახლეები

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვა – რა უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს

12.12.2018 • 3170
სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვა – რა უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს

„დავით, რატომ არ გყავს შენ ადვოკატი?“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ დავით ხ.-ს.

„არ ვარ სოციალურად დაუცველი… ისე კი მსურს, მარა სადაა,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა.

პროკურორი შოთა ქემაშვილი: „არ უნდა დაენიშნოს ადვოკატი სახაზინო წესით. კანონი განსაზღვრავს სავალდებულო წესით დაცვის შემთხვევებს…“

მოსამართლე: „ვერ დაგეთანხმებით… შეჯიბრებითობისთვის აუცილებელია ადვოკატის პროცესში ჩართვა“.

დავით ხ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პროკურატურა აჭარაში სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ედავება. გამოძიების ვერსიით, ირაკლი ერისთავის ბინაში, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს, ორი პირი შეიპარა – დავით ხ. და ილია ა. რომლებმაც ბინიდან მაჯის საათები, ბიჟუტერია და ქანდაკება მოიპარეს.

მეორე ბრალდებულ ილია ა.-ს ადვოკატი ჰყავს, თუმცა პაატა შავაძე დღევანდელ პროცესზე ვერ მოვიდა – მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა სხდომაზე მოუწია წასვლა.

სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – ნუგზარ უ. მას პირადი ჩხრეკის დროს სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები აღმოუჩინეს. ნუგზარ უ.-ს ორი ადვოკატი იცავს: დავით ჯაფარიძე და გურამ ნაკაშიძე. ნუგზარ უ.-ს პროკურატურა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენას ედავება.

„არაფერი ადასტურებს ამას… მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაა საქმეში და დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ უკავშირდება არაფრით ბრალდებულს. დაზარალებულს არ დაუფიქსირებია პოზიცია კონკრეტულად ნუგზართან მიმართებით. ბრალდებული ამბობს, რომ მან ეს ნივთები შემთხვევით ქუჩაში დატოვებული იპოვა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ირაკლი ერისთავის და მისი ცოლის მაჯის საათები გამოძიებამ ნუგზარ უ.-ს ავტომანქანაში იპოვა. ადვოკატების თქმით, ავტომანქანა ბრალდებულის ქალიშვილის საკუთრებაა და ის საჯარო მოხელეა.

„ჩხრეკის ორდერიც არ ჰქონდათ, მაგრამ სახლიც გაჩხრიკეს, რა იყო დასამალი. იქ ვერაფერი ნახეს, შემდეგ კი თქვეს, რომ მანქანაში ნახეს ეს საათები… საიდან მოხდა და რა მოხდა, არ ვიცი,“ – გვითხრა ბრალდებულ ნუგზარ უ.-ს ცოლმა. მან არ ისურვა ეთქვა, რომელ საჯარო უწყებაში მუშაობს თავისი შვილი, ვის ავტომანქანაშიც გამოძიებამ სუს-ის უფროსის ბინაში ნაქურდალი ნივთები იპოვა.

ნუგზარ უ.-ს ახლობლებს გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. „ადრე მეზღვაური იყო, 59 წლის კაცია, ერთი შვილი აქ მუშაობს, მეორე მეზღვაურია, რატომ გააკეთებდა ამას?“ – კითხულობენ ისინი. ბრალდებულის ახლობლების თქმით, ნუგზარ უ. ბრალდებულ დავით ხ.-ს საერთოდ არ იცნობდა, ილია ა.-ს მამა კი მეზღვაური ყოფილა და ნუგზარს მასთან კარგი ნაცნობობა აკავშირებდა.

ვინაიდან დღევანდელ სხდომას ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი – პაატა შავაძე არ ესწრებოდა, მოსამართლეს მტკიცებულებების დასაშვებობის და სადავოობის საკითხი აღარ განუხილავს. სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების მიზანშეწონილობის კუთხით იმსჯელა. სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. არც ერთი მათგანი დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.

„მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მას შეუფარდა პატიმრობა, მაგრამ ეს არის ზეწოლა რეზონანსულ საქმეზე იმ კუთხით, რომ აღიაროს დანაშაული… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 186-ე მუხლით ედავება გამოძიება… მე არ მახსენდება არც ერთი მსგავსი საქმე ბოლო 6 წლის განმავლობაში, სადაც ადამიანს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს,“ – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

„ბევრია ასეთი… ოჯახში ძალადობაზე,“ – ჩაურთო მოსამართლემ.

„მე ვამბობ, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე წინასწარ პატიმრობას არ უფარდებს სასამართლო,“ – დაამატა ადვოკატმა. მან ბრალდებულ ნუგზარ უ.-ს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

ადვოკატებს ბრალდებულებიც დაეთანხმნენ, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, დავით ხ.-მ მხოლოდ დანარჩენი ორი ბრალდებულის გათავისუფლება ითხოვა.

„წინააღმდეგი არაფრის არ ვარ. სხვებს თუ გაუშვებთ, კარგი იქნება, მე ვინ გამიშვებს აბა… არაა ეს ხალხი ისეთი, რომ რამე საშიშროება შექმნას,“ – თქვა მან.

„თქვენ მძიმე ვითარებაში ხართ… გირაოთი რომც გაგიშვათ, რა მნიშვნელობა აქვს,“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ დავით ხ.-ს.

ბრალდებული დავით ხ. მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ქურდობის სხვა ფაქტისთვის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გაასამართლა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა და ეს ორი არგუმენტით დაასაბუთა. პირველი არის ის, რომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი ჯერ სასამართლოს არ განუხილავს, ხოლო თუკი სასამართლო მხოლოდ ნუგზარ უ.-ს გაათავისუფლებს პატიმრობიდან, რომელსაც დანარჩენი ორისგან განსხვავებით ქურდობას არ ედავებიან, გამოვა, რომ სხვები პატიმრობაში ადვოკატის არყოლის გამო დარჩნენ.

„ჩვენთვის სამართლიანი სასამართლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი…“ – დაასრულა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. შესაბამისად, სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობასი დატოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: