ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომისიის წევრებს ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ გააცნო. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები ძირითადად ეხება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას, ახალგაზრდული ცენტრის და სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის პროგრამებს. კერძოდ, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას დაუზუსტდა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ეკონომიკური მუხლი დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვის მიზნით, სარაგბო კლუბის „ბათუმის“ ძირითადი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში ხორციელდება ღონისძიების ჩანაცვლება, საკუთარ სახსრებში არსებული რესურსით კლუბისთვის სპორტული ფორმების შეძენის მიზნით, ხოლო აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას გაეზარდა დაფინანსება საკუთარი შემოსულობების ხარჯზე ბიბლიოთეკის ეზოს და ამერიკული კუთხის კეთილმოწყობის მიზნით.
დღესვე მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხი განიხილეს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც. წარმოდგენილი პროექტი, ძირითადად, ეკონომიების ხარჯზე გარკვეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობის, C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსების, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამებს.
სოციალურ უზრუნველყოფის პროგრამებში ცვლილებები შეეხება მუნიციპალურ უფასო სასადილოს, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ასისტენტით მომსახურების და დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამებს.
კომისიებმა, მსჯელობის შემდგომ, სხდომაზე წარმოდგენილი ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
ამ წუთებში საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხის გარდა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საცხოვრებელი სახლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ სპეციალურ ღონისძიებებს განიხილავენ.
ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხიც იქნება წარმოდგენილი, ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.