კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ისტორიული სახლები სტატუსის გარეშე – რეკომენდაცია უპასუხოდ

31.01.2018 • 3577
ბათუმის ისტორიული სახლები სტატუსის გარეშე – რეკომენდაცია უპასუხოდ

„სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით“ – ეს ამონარიდია ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟის  დახასიათებიდან. ავტორი კომპანია „გეოგრაფიკია“, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა.

სამუშაოს ნაწილი იყო ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენი ობიექტების ნუსხის შედგენაც.  დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, #13-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი იმ ორმოცდაორ ობიექტს შორისაა, რომლებიც „გეოგრაფიკმა“ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიიჩნია და სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა.

კვლევის ჩატარებიდან  ორი წლის შემდეგ ბათუმში „გეოგრაფიკის“ მიერ რეკომენდებული შენობებიდან  არც ერთისთვის არ მიუნიჭებიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მათ შორის რამდენიმე უკვე დაანგრიეს, რამდენიმეს ადგილას კი ახალი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მენაშენე პროცედურებს გადის.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ნუსხაში არის მცირე ცდომილებები, კერძოდ, ნუსხაში შეტანილია ისეთი შენობებიც, რომლებსაც სტატუსი უკვე ჰქონდათ:

„წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათები ვერ პასუხობდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოთხოვნებს, არ იყო მოწოდებული სრულყოფილი  ფოტომასალა, რაოდენობა არ იყო რეალურ სურათთან თავსებადი, როგორც სტატუსის მისანიჭებელ, ასევე სტატუსის მოსახსნელ ობიექტებთან მიმართებაში, ამავდროულად, წარმოდგენილ სააღრიცხვო ბარათებში იყო მთელი რიგი უზუსტობები. ამიტომაც, საბჭოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მოთხოვნებს ვერ დავეყრდნობოდით,“ – განმარტა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.  მისივე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაზუსტებულ მონაცემებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ელოდება. ამის შემდეგ საბჭო ეტაპობრივად განიხილავს როგორც სტატუსის მინიჭების, ასევე სტატუსის მოხსნის საკითხებსაც.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის მერიამ „გეოგრაფიკის“ მიერ 2015 წელს მომზადებული მასალები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2017 წლის იანვარში გადაუგზავნა. რატომ ასე დაგვიანებით? – მერიაში პასუხობენ, რომ ინფორმაცია, რომლის მოსაძიებლადაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა, დასაზუსტებელი იყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოში უკვე გადაგზავნილია.

„ 2017 წლის მაისში ეროვნულმა სააგენტომ გვთხოვა მონაცემების დაზუსტება. მათ აინტერესებდათ ამ ობიექტებზე რაიმე სახის ნებართვები ხომ არ იყო გაცემული. ასეთი ინფორმაცია ჩვენთან არ არის დაცული, რადგან ნებართვებს გასცემს მერია. შესაბამისად, ჩვენ მერიასთან ერთად დავაზუსტეთ ინფორმაცია და მაშინვე გადავუგზავნეთ ეროვნულ სააგენტოს,“  – განმარტა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა მირზა ცეცხლაძემ.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ეროვნულმა სააგენტომ “ბათუმელებთან” დაადასტურა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაზუსტებული ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოში უკვე გადააგზავნა. ამ ინფორმაციით 42 ობიექტიდან.  რომელიც „გეოგრაფიკმა“ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიიჩნია და რეკომენდირებულთა ნუსხაში შეიტანა, 18 ობიექტს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს, შესაბამისად დოკუმენტაცია მუშავდება ეროვნული საბჭოს სხდომაზე წარსადგენად 24 ობიექტზე. გარდა ამისა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმის მერიასთან გადაამოწმა ამ ობიეტებიდან, რომელიმეზე ხომ არ იყო მშენებლობა-რეკონსტრუქციის ნებართვა გაცემული.

______________________________

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/90088/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: