განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლის დირექტორი: დოგმებთან ბრძოლა არის განათლების სისტემის გამოწვევა

11.03.2019 • 4493
სკოლის დირექტორი: დოგმებთან ბრძოლა არის განათლების სისტემის გამოწვევა

დღეს, 11 მარტს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ბათუმში, პირველ საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით იმყოფებოდა.

პროექტი საპილოტეა და აჭარიდან მხოლოდ ორი საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერი სკოლაში მარტის ბოლოდან დაიწყებს მუშაობას, რომელიც სკოლის დირექტორს სკოლის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარება.

სკოლას მუშაობაში სულ ოთხი სპეციალისტი უნდა დაეხმაროს – ციფრული ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლების, კურიკულუმების ქოუჩი და სწავლების ლიდერი.

კითხვაზე, რისი მოლოდინი აქვთ და რა შეიცვლება ამ პროექტის დანერგვით რეალურად სკოლაში, პირველი სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს: „პირველ რიგში, იმის განცდა მაქვს, რომ ეს იქნება საჭიროებაზე დაფუძნებული და მორგებული მოდელი.

ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიების დანერგვა, ეს უნდა იყოს სწავლა სწავლებისთვის და არა მხოლოდ დოკუმენტების ამობეჭდვა. პირველ ეტაპზე პროექტში მხოლოდ დაწყებითი საფეხურის კლასები ჩაერთვება და დავინახავთ, როგორ იმუშავებს ეს მოდელი“.

პედაგოგები დღევანდელი სკოლის ყველაზე დიდ პრობლემად კლასებში მოსწავლეების სიმრავლეს ასახელებენ. მათი აზრით, სწორედ ამიტომ არის რთული კონკრეტულ მოსწავლეზე ორიენტირება გაკვეთილის პროცესში და ინდივიდუალური მიდგომების განხორციელება. ამ მოცემულობაში რამდენად ეფექტური იქნება ახალი მოდელი? – ვკითხეთ დირექტორს.

ნატალია მგელაძის თქმით, მოსწავლეთა სიჭარბის მიუხედავად, სკოლამ ახალი მოდელის განხორციელება მაინც უნდა შეძლოს.  „თანამედროვე სკოლა აუცილებლად უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული, რადგან რა წერია წიგნში, მხოლოდ ეს აღარ არის აქტუალური მოსწავლეებისთვის.  ბავშვს აინტერესებს თვითონ როგორ გამოიყენებს ცოდნას და როგორ იქნება ამ პროცესში ჩართული“.

„ახალი სკოლის მოდელი“, როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, ითვალისწინებს სკოლებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რადგან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ქართული სკოლა ყველაზე ნაკლებადაა ორიენტირებული კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

„კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლის მისიაა, მაგრამ ამაში ყველა საგანმა უნდა შეუწყოს ხელი მოსწავლეს. ხშირად ჩვენ კრიტიკული აზროვნება გვგონია ხმამაღლა ყვირილი და ჩხუბი, მაშინ როცა, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი მიმღებლობა განსხვავებული აზრის, ასევე, მოსწავლეც უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს ისეთი ფორმით, რომ სხვისთვის არ იყოს შეურაცხმყოფელი.

შეიძლება დღეს მასწავლებლებიც ვუშვებთ შეცდომებს, რადგან ვერ ვართ ისეთი მიმღებლები და ამ მიმართულებით უნდა დაიხვეწოს ჩვენი აზროვნება“.

ნატალია მგელაძის თქმით, ზოგადად, დღეს ქართული განათლების სისტემის გამოწვევაა, რომ დროს აუწყოს ფეხი. „დოგმებთან ბრძოლაა განათლების დიდი გამოწვევა და ეს არ იქნება მარტივი. განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაც არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ თუ არ გავაკეთეთ რადიკალური ცვლილებები, რომელიც კონკრეტულ სკოლაზე იქნება მორგებული, შეუძლებელია განვითარება“.

„ახალი სკოლის მოდელის“ საპილოტე პროექტში, პირველი საჯარო სკოლის გარდა, სალიბაურის პირველი საჯარო სკოლაც არის ჩართული.

 

ამავე თმაზე:

რა ევალებათ „სკოლის მხარდამჭერ ჯგუფებს“, რომლებსაც მასწავლებლის სახლი ქმნის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: