მთავარი,სიახლეები

როდის არ/ვერ შეცვლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჩვენებას – მოსამართლის ხედვა

11.03.2019 • 2718
როდის არ/ვერ შეცვლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჩვენებას – მოსამართლის ხედვა

„მსხვერპლის დაკითხვა სასამართლოში ხდება დაახლოებით 2 თვის შემდეგ, რაც ძალიან დაგვიანებულია,“ – მიიჩნევს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. მისი აზრით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შემთხვევიდან 48 ან 72 საათში მაგისტრ მოსამართლესთან უნდა დაიკითხოს, რადგან ამ პერიოდში მასზე სავარაუდო მოძალადე ან ოჯახის წევრები ზეწოლას ვერ განახორციელებენ. დღევანდელი მოცემულობით, ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად პოლიციელებთან ადასტურებენ ძალადობის ფაქტს, შემდეგ კი სასამართლოში ჩვენებას ცვლიან, აღარ აძლევენ ჩვენებას მოსამართლეს და პირიქით, მოძალადის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა ამ ინიციატივის შესახებ ისაუბრა ბათუმში, 8 მარტს გამართულ კონფერენციაზე – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“. „ბათუმელები“ დავით მამისეიშვილის მოხსენების შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ:

„ქართული კანონმდებლობა სამ ეტაპს ითვალისწინებს სისხლის სამართლის წარმოებისას: პირველი წარდგენა, წინასასამართლო სხდომა და არსებითი განხილვა, როდესაც ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ეს ორი თვე ძალიან დიდი პერიოდია, ვიდრე დაზარალებული სასამართლოს მისცემს ჩვენებას. მსხვერპლს ავიწყდება ის შესაძლო ძალადობა, როცა, სავარაუდოდ, მოძალადე იზოლირებულია. შესაძლოა, ასევე, რომ მან პრაქტიკულად აპატია ის ქმედება, რაც ამ უკანასკნელმა მის მიმართ განახორციელა. შესაძლოა, რომ მსხვერპლი განიცდის ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ზეწოლას და ის ამის შესახებ არც ადვოკატს, არც პროკურორს არ ესაუბრება. ეს არის მისი შინაგანი, ბუნებრივი მდგომაროება, მას არ უნდა ეს ადამიანი მის გამო საპატიმრო დაწესებულებაში იყოს. შესაბამისად, ორი თვის შემდეგ ჩვენ ვხედავთ დაზარალებულს, რომელიც სასამართლოს უკვე ჩვენებას აღარ აძლევს.

მე მქონდა ერთი საქმე წარმოებაში: საკმაოდ ცნობილ ადვოკატზე მეუღლემ იძალადა.  ჩვენება სასამართლოს არც ამ ადვოკატმა მისცა. მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე… როდესაც უფლებადამცველი ამ უფლებას იყენებს, როცა მასზე ძალადობენ საზოგადოების თვალწინ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ თანამშრომლობ გამოძიებასთან, რიგით მოქალაქეს, რიგით მსხვერპლს რა უნდა მოვთხოვოთ, რომელიც ვეღარ ახდენს საკუთარი ინტერესების სრულად დაცვას? რა ქნას სახელმწიფო ბრალდებამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

ოჯახში ძალადობის შემთხვევების განხილვის დროს, ძირითადი პრობლემა არის დაზარალებულებისთვის ჩვენებების არმიცემა. პროკურორს სურვილიც რომ ჰქონდეს, ის ვერ დაკითხავს მსხვერპლს მაგისტრი მოსამართლის წინაშე. კანონი ადგენს ოთხ სავალდებულო კრიტერიუმს, მაგალითად, როცა მსხვერპლის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ან ის საზღვარგარეთ მიდის. ოჯახში ძალადობის დროს ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს და მსხვერპლს, შესაბამისად, ვერ დაკითხავს მაგისტრი მოსამართლე.

დამერწმუნეთ, ორი და სამი დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე მსხვერპლი მიაწვდის ინფორმაციას სასამართლოს. თუკი ეს საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება, ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი: 48 საათი ან თუნდაც 72 საათი არ იქნება საკმარისი დრო სავარაუდო მოძალადისთვის, ან ოჯახის წევრებისთვის, რომ დაზარალებულზე მოახდინონ ზემოქმედება. გარდა ამისა, სასამართლო აღჭურვილია დისტანციური დაკითხვის საშუალებით, რომელსაც ჩვენ, მაგალითად, ხშირად ვიყენებთ გარყვნილი ქმედების საქმეებზე: როცა არასრუწლოვანი გვყავს, მას მეორე ოთახიდან ვრთავთ და მას სავარაუდო ბრალდებულთან კომუნიკაცია საერთოდ აღარ აქვს.

დაზარალებულმა თუ ჩვენება მისცა სასამართლოს, ყველა შემთხვევაში გამოდის გამამტყუნებელი განაჩენი. არც ერთ მოსამართლეს, როდესაც დაზარალებულის მხრიდან მიცემულია ჩვენება, გამამართლებელი განაჩენი არ გამოაქვს, ვინაიდან ჩვენ გვჯერა მსხვერპლების და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის, თანაც, როცა ამას ემთხვევა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. შსს-ს აქვს უკვე მიდგომა, როცა მსხვერპლი მიჰყავთ სამედიცინო ექსპერტიზაზე და ექსპერტები მსხვერპლთან უშუალო გასაუბრების შემდეგ უთითებენ, საიდან წარმოიშვა ეს დაზიანებები, მაგალითად, ეს დაზიანება წარმოიშვა, რადგან ჩემმა მეუღლემ, პირობითად, 17 თებერვალს კისრის არეში მომაყენა დაზიანება.

იმ ადვოკატის შემთხვევაშიც, რომელმაც ჩვენება არ მოგვცა, მე გამამატყუნებელი განაჩენი გამოვიტანე სწორედ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ექსპერტი ამბობდა, რომ როდესაც ეს ქალი ჩემთან მოიყვანეს, თქვა, რომ ის სცემა მეუღლემ. ექსპერტიზის დასკვნაშიც მითითებული იყო მსუბუქი ხასიათის დაზიანება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს ქალი ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა,“ – აღნიშნა დავით მამისეიშვილმა.

მოსამართლის თქმით, თუკი კანონში ცვლილება შევა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დაიკითხება [მაგისტრი მოსამართლის მიერ], არსებითი განხილვის ეტაპზე მსხვერპლს მხოლოდ ზიანთან დაკავშირებით პოზიციის გაგების კუთხით დაკითხავენ. „ეს, ბუნებრივია, არ გულისხმობს დანაშაულის ფაქტზე შეკითხვების კვლავ გამეორებას,“ – დასძინა დავით მამისეიშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: