Batumelebi | პოლიციელის მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისევ არ გამოაცხადა პოლიციელის მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისევ არ გამოაცხადა – Batumelebi
RU | GE  

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისევ არ გამოაცხადა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა “პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” განაჩენი არც დღეს გამოაცხადა. მან ბრალდებულის ბოლო სიტყვას მოუსმინა და სათათბირო ოთახში გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.

ხმაური სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე სკამი ბრალდებულის მეზობლებმა დაიკავეს.

“როგორ გაბედეთ აქ მოსვლა,” – წამოიძახეს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ბრალდებულის ახლობლებს ხმა არ ამოუღიათ. რამდენიმე წუთის შემდეგ მანდატურის სამსახურმა მათ დარბაზის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ კი ყველას, რადგან მოსამართლე დარბაზში აღარ დაბრუნდა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დასკვნითი სიტყვები ამ საქმეზე პირველ მარტს მოისმინა. მან განაჩენი არ გამოაცხადა და იგი 9 მარტს დააანონსა. 9 მარტს სხდომა არ ჩატარებულა. მხარეები მოსამართლის განაჩენის მოსმენას დღეისთვის ელოდნენ.

საბოლოოდ, მანდატურმა მხარეებს აცნობა, რომ სასამართლო განაჩენს ხვალ, 12 მარტს, 12 საათზე გამოაცხადებს.

პოლიციელის მკვლელობის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე გასული წლის 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ და პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში – ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

ამ თემაზე:

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი