ბათუმის ბულვარში, ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს განთავსებული პიანინო, გუშინ, 22 ივნისს, საღამოს საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა წააქცია. დაცვის პოლიციამ გამოიძახა პოლიცია და “ბათუმელების” ინფორმაციით, მამაკაცი დააკავეს.
როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაცვის პოლიციამ დაკავებული პოლიციის მე-6 განყოფილებას გადასცა. უწყების ცნობით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, აღიარებს ბრალდებას და იღებს ვალდებულებას დაზიანებული პიანინო შეაკეთოს. ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის, ეს დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანი მიადგა პიანინოს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. “რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.”
ბათუმის ქუჩებში, პროექტ „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში 10 ფერადი პიანინო დადგეს. პიანინოები ქუჩებში ორი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასზე დაკვრა.