სიახლეები

”რეკლამის ავტორი ფილმის რეჟისორივით უნდა მუშაობდეს”

28.09.2015 • 1703
”რეკლამის ავტორი ფილმის რეჟისორივით უნდა მუშაობდეს”

 


ბატონო ჟოაო, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ სარეკლამო ინდუსტრიაში,  როგორ ფიქრობთ, რა უნდა იცოდეს კარგმა მარკეტოლოგმა?


ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს მომხმარებელთან ურთიერთობისათვის და უნდა აირჩიო საუკეთესი პლატფორმა, რომ მიიტანო შენი სათქმელი.


თქვენ რომელი პლატფორმა მიგაჩნიათ საუკეთესოდ?  


მომავალ კვირას გეტყვით მაგას. „მომავალი კვირა“ ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, ძნელია კონკრეტულზე ისაუბრო. მთავარია ტექნოლოგიებს არ ჩამორჩე.  


რა ქმნის სიახლეს მარკეტინგში ნიჭი, შთაგონება თუ მოტივაცია?


შთაგონება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც გაძლევს იდეა და მას წინ ვერაფერი დაუდგება. მთავარია, როგორ მოუყვები შენ სათქმელს აუდიტორიას.  შემოქმედებითობის გარეშე არაფერი არ არსებობს, მათ შორის ტექნოლოგიაც. თითები იმიტომ კი არ გვჭირდება, რომ დავალაიქოთ მხოლოდ, არამედ იმისათვის რომ დავაშეაროთ იდეები და  ერთმანეთს გავუზიაროთ. როდესაც ვაზიარებთ კარგ ფილმს, კარგ ფოტოს ან იდეას, ამით ვაძლევთ შესაძლებლობას ადამიანებს რომ გაიზიარონ კარგი იდეები.


თუ გქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, რომ კონკრეტულ  პროექტზე დიდი რესურსი დაგიხარჯავთ, მაგრამ ადეკვატური მოგება ვერ მიგიღიათ?


თუკი გაქვს კარგი იდეა, მაგრამ არ გაქვს ამ იდეის განხორციელებისთვის სათანადო დრო ან ბიუჯეტი  მაშინ უმჯობესია იდეა შეცვალო, რომ არასწორი გზით არ წახვიდე. ბევრჯერ არა, მაგრამ მეც მქონია ასეთი შემთხვევები. სააგენტოებს ვეუბნები, რომ როცა რეკლამის  ტექსტი არის  კარგი,  არ გაართულოთ და არ ჩახლართოთ შინაარსი, რადგან  ტექსტში მთავარი არსი არ უნდა დაიკარგოს. უბრალოება და სათქმელის პირდაპირ თქმა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოქმედებითობის გაზრდის ხარჯზე ტაქსტის გართულება. დიდებულება უბრალოებაში.


გახსენდებათ ამის კონკრეტული მაგალითები?


კომპანია „ატლანტიკამ“, რომელიც სან-პაოლოში მდებარეობს და ადამიანებს ათლეტური აღნაგობის ჩამოყალიბებაში ეხმარება, შემომთავაზა თანამშრომლობა. გადმომცა ტექსტიც და იდეაც, მაგრამ იმ დროსთვის არ ჰქონდათ ამ იდეის განსახორციელებელი საკმარისი თანხები. ტექსტი იყო ვრცელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, აქცენტი მთავარ იდეაზე შეჩერებულიყო. კადრში ვაჩვენეთ წელს ზემოთ შიშველი მამა, რომელიც ჭარბწონიანია და მკერდი ქალივით აქვს წამოზრდილი. მას ხელში აჰყავს ჩვილი, რომელიც სწვდება ძუძუს, რადგან დედა ჰგონია. ამით ვაჩვენებდით, რომ მამას აშკარად სჭირდება ფორმაში ჩადგომა, რომ მისი მკერდი დედის მკერდისგან უნდა განსხვავდებოდეს. ანუ რეკლამის ფოკუსი იყო ის, რომ მამას სჭირდებოდა სპორტული სხეული. მეორე ამბავი წებოს რეკლამას უკავშირდება. ამ შემთხვევაშიც ტექსტი არსებობდა, მაგრამ ბიუჯეტი იყო ცოტა, რეკლამა კი ბევრი კადრის გადაღებას მოითხოვდა. დამკვეთებს ვუთხარი, რომ მთავარი არსი, ფოკუსი უნდა შეგვენარჩუნებინა და  სათქმელი მიგვეტანა მომხმარებლამდე მკაფიოდ. ამბავი ვითარდება სტადიონზე მატჩის დროს. კადრი გავაჩერეთ მეკარეზე, რომელსაც რამდენჯერმე გაუსხლტა ხელიდან ბურთი და ფიქრობს, რა გააკეთოს, რომ მორიგი ბურთი ისევ არ გავიდეს კარში, ამ დროს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, როგორ ეხმარება მას ამაში პროდუქცია. ის ხელებზე წაისვამს წებოს, რომ ბურთი მიეკრას და აღარ დაუსხლტეს ხელიდან, მაგრამ წებო იმდენად მაგარია, რომ მეკარეს ხელები ერთმანეთზე მიეწებება. ამით ვაჩვენეთ, თუ როგორი მაგარი ხარისხის იყო  წებო. მაყურებელი რომ არ დაღლილიყო, აუდიტორია საუნდრეკით შევინარჩუნეთ. იმის თქმა მინდა, რომ კარგი იდეები მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება განახორციელო. რეკლამის ავტორი ისე უნდა მუშაობდეს, როგორც ფილმის რეჟისორი. მე ასე ვმუშაობ და ტექსტებსაც ხშირად ვწერ ხოლმე არა მარტო რეკლამისთვის, სატელევიზო სერიალებისთვისაც. ჩემი პროდუქცია „ოსკარზეც“ ყოფილა ნომინირებული. 


რეკლამისთვის რომელ ფორმატს ანიჭებთ უპირატესობას,  ბეჭდურ მედიას, ონლაინ მედიას თუ ტელევიზიას?


ჩემს სათქმელს ვამბობ ყველგან, მაგრამ ადამიანებს უყვართ ფილმების ცქერა, მოსწონთ, როცა ამბებს უყვებიან, ამიტომ  ტელევიზია ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა  ვიდეოპლატფორმას გაზეთებიც იყენებენ დღეს, რადგან ადამიანს წაკითხვას, მაინც ყურება ურჩევნიათ.


ქართულ სარეკლამო ბიზნესზე რას გვეტყვით, რამდენად კარგად ახერხებენ იდეების სწორად ფოკუსირებას?


რამდენიმე კარგი რეკლამა ვნახე, მარტივი იდეები იყო და კარგად იყო მიტანილი მომხმარებლამდე.

 

ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი 2015

გადაბეჭდვის წესი


ასევე: