
თიკო სამყურაშვილი პრეზენტაციის დროს
„ჰით ბათუმი“ ოფიციალურად იხსნება დღეს. ბულვარში კოლონადებთან გაიხსნება ფოლკლორის ფესტივალი. ამის შემდეგ, სხვადასხვა ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში, 6 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება ქალაქში. ყველა კვირა იქნება განსხვავებული და ვფიქრობთ, ყველა გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ“- განაცხადა თიკო სამყურაშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი და სხვა, პროექტთან დაკავშირებული პირები.

როგორ ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა, ასევე პროექტის პრეზენტატორებმა განაცხადეს, „ჰით ბათუმი“ გათვლილია ქალაქის პოპულარიზაციისთვის და ტურისტების მოსაზიდად.
როგორც ქალაქის მერი აცხადებს, „ჰით ბათუმი“ ბიუჯეტიდან მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება, რადგან ზოგიერთ პროექტს ჰყავს კერძო დამფინანსებელი. მაგალითად ბათუმის კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან ფინანსდება ბათუმის „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“, ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ფანტა ლავ ლენდი“. „ზოგიერთი ღონისძიება კი პროგრამულად არის გათვალისწინებული“-აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

მერიის ბიუჯეტიდან „ჰით ბათუმი“ სამი მილიონ 400 ათასი ლარით დაფინანსდება. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ამ თანხის დახარჯვა ღირს, რადგან ეს ბათუმის მიმართ ტურისტების დაინტერესებას გაზრდის.
პროგრამის ფარგლებში „ჰით ბათუმი 2015“ -ში მონაწილეობა უნდა მიიღონ როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა შემსრულებლებმა და თეატრის სფეროს წარმომადგენლებმა.
დაგეგმილია „სან-რემოს“ ვარსკვლავების ჩამოყვანა. ასევე, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ინდოეთის თეატრალური დასების წარმოდგენები.

დაგეგმილია პანტომიმის თეატრის წარმოდგენები, ცხენების შოუ, წარმოდგენები ბავშვებისთვის და ა.შ პროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია ათი როიალის შეძენა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ფარგლებში დაიდგმება და მოიტახება.
როგორც ქალაქის მერი აცხადებს, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების 90 პროცენტი შემსრულებლებთან შეთანხმებულია: „გაფორმებულია კონტრაქტებიც, რაღაც ნაწილთან კი ჯერ-ჯერობით ჯენტლმენური მოლაპარაკებები გვაქვს“-აცხადებს გიორგი ერმაკოვი.









