„ჰიტ ბათუმის“ შედეგები

„ჩვენ ძალით ვერ მივიყვანდით ადამიანებს კონცერტზე“

 

საზაფხულო პროექტი „ჰიტ ბათუმი“ დასრულდა. რა შედეგი მიიღო ქალაქმა სამმილიონიანი პროექტით? „ჰიტ ბათუმის“ შეფასება „ბათუმელებმა“ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროს პარტნიორს კახა მაღრაძეს სთხოვა.

 

 

 


ბატონო კახა, რა იყო „ჰიტ ბათუმის“ ძლიერი და სუსტი მხარე?

 პროგრამული ნაწილის თაობაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ჩვენ კომუნიკაციების კუთხით ვიყავით ჩართული და დიდად არც მე ვიყავი ამ რაღაცების მაყურებელი, არ ვიყავი ბათუმში. კომუნიკაციურ საკითხს რაც შეეხება, აქ პრობლემა იყო იმაში, რომ საკმაოდ გვიან დაიწყო პროგრამაზე მუშაობა და უკეთესი პიარკამპანიის დასაგეგმად ცოტა დრო გვქონდა. რესურსებიც არ იყო კომუნიკაციისთვის საკმარისი, რადგან არ გვქონდა მასობრივი რეკლამის საშუალება.

 

დოკუმენტის მიხედვით, ჯეპრამ 300 ათასი ლარი მიიღო ამ პროექტის გაპიარებისთვის, ფიქრობთ, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო?

 70 ათასი ლარი იყო ჩვენი ჰონორარი და 194 ათასი ლარი იყო კომუნიკაციის ბიუჯეტი, საიდანაც ტექნიკურ საქმიანობაზე (ფოტო-ვიდეოარქივიზაციაზე) დაიხარჯა 50 ათასი ლარი. რეალურად, სარეკლამო ბიუჯეტი არ გვქონდა, რადგან სატელევიზიო რეკლამის ბიუჯეტი 50 ათასი ლარი იყო, რაც ძალიან მწირია და ეკონომპაკეტების გამოყენება მოგვიხდა. ამაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაგვეხმარა, რომლებმაც რადიოში, რეგიონალურ მედიაში რეკლამისა და ავტობუსებზე ბილბორდების განთავსება საკუთარ თავზე აიღეს. ყოველ დღე რაღაც რომ ხდება და ფართო აუდიტორია რომ გინდა მოიცვა, ამას უფრო დიდი რესურსი სჭირდება.

 

როცა ბათუმის მერიამ სამი მილიონი ლარი გამოყო ამ ფესტივალისთვის, ითქვა, რომ ეს იყო ტურისტების მოსაზიდად გამიზნული პროექტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ტიპის ფესტივალი მოიზიდავს ტურისტს?

 რა თქმა უნდა. ჩვენი ამოცანაც ეგ იყო, რომ შიდა ტურიზმის წახალისებაზე გაგვეკეთებინა აქცენტი.

 

თქვენ თქვით, რომ ვერ ახერხებდით „ჰიტ ბათუმის“ ღონისძიებებზე დასწრებას. ტურისტის პოზიციიდან რომ შევხედოთ, პირადად თქვენ რომელი კონცერტისთვის აიღებდით ბილეთს და ჩამოხვიდოდით საგანგებოდ ამისთვის ბათუმში?

მე არ ვიყავი იმ პერიოდში საქართველოში, თუმცა ძალიან მინდოდა ქუჩის თეატრებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ჩამოსვლა.

 

იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამაში ნაკლებად ცნობილი მუსიკოსები თუ ჯგუფები გაცილებით მეტად იყვნენ ჩართული, ვიდრე ცნობილი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

 ვფიქრობ, ეს მცდარი შეფასებაა, რადგან არც ერთი ასეთი შეფასების უკან მე რაციონალური არგუმენტაცია არ მომისმენია. ვიღაც თუ ფიქრობს, რომ რაღაც არ იყო მომხიბვლელი მისთვის, ეს მისი პირადი აზრია. თუ რაიმე მონაცემებს დაუდებს ამ ყველაფერს საფუძვლად, მაშინ გასაგები იქნება არგუმენტაცია.

 

მაგალითად, ტურიზმის ერთ-ერთმა სპეციალისტმა `ბათუმელებთან~ `ჰიტ ბათუმის~ შეფასებისას გაიხსენა ბრიტანელი მუსიკოსის როჯერ უოტერსის სტამბულში გამართული კონცერტი, სადაც მარტო საქართველოდან 1500-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა სპეციალურად ამ კონცერტისთვის…

ესეც ძალიან ზერელე შეფასებაა, რადგან ჯერ ერთი, ამ პროექტს ჰქონდა სხვა ამოცანა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ, პირველ რიგში, უკვე ჩამოსული ტურისტებისთვის დაეტოვებინათ შესაბამისი განცდა ბათუმთან დაკავშირებით, რომ მათ დაემახსოვრებინათ „ჰიტ ბათუმი“, რომ „აქ ყოველდღე რაღაც ხდება“, რომ ბათუმი არ არის მხოლოდ საზღვაო კურორტი და შეგიძლია ყოველ დღე რაღაც ტიპის ღონისძიების მონაწილე გახდე. ეს იყო მთავარი კონცეფცია. ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც ყოველ წელს ტრანსფორმირდება. ტურისტული ადგილების გლობალური კონკურენციის ფონზე, რაღაც განსაკუთრებული თუ არ შესთავაზე ტურისტს, ძალიან რთულია კონკურენციაში ჩაბმა.

 

ყოველდღე რაღაც რომ მოხდეს, ამისთვის როგორც მერიას, ასევე ტურიზმის დეპარტამენტს აქვს ცალკე ბიუჯეტი ღონისძიებებისთვის. ბათუმში იმართება კინოფესტივალი, ჯაზფესტივალი, მუსიკის ფესტივალი. შეიძლებოდა თუ არა სამი მილიონი ლარით უფრო მეტი ეფექტის მიღება?

 ეს არის პროგრამული ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ ზოგადი იდეის კომუნიკაციას ვახდენდით. ინტერნეტაქტივობების, მედიაგაშუქების თვალსაზრისით ჩვენ კარგი შედეგი გვქონდა. ათასზე მეტი მედიაგაშუქება ჰქონდა პროექტს, 27 ათასამდე ავიდა ფეისბუქის ლაიქების რაოდენობა და ნახვებმა სოციალურ ქსელში მილიონს გადააჭარბა. სხვანაირად როგორ უნდა შეაფასო კარგი იყო თუ ცუდი. მომავალი წლისთვის ბევრი რამ დაიტესტა და შემდეგ უკეთესი გაკეთდება. ჩვენ ძალით ვერ მივიყვანდით ადამიანებს კონცერტზე.

 

 საუბარი იყო იმაზეც, რომ აგვისტოში ბათუმს ისედაც არ აკლია ტურისტი და უკეთესი იქნებოდა ფესტივალის სხვა ფორმატში გადატანა, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

 მე არ ვარ ტურიზმის სპეციალისტი, მაგრამ არა მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს. ყველაზე მაღალი ტურისტული პოტენციალი ბათუმს აქვს ზაფხულში და სექტემბერში ან ოქტომბერში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველდღიური ჩამომსვლელი არ გეყოლება. მომავალში უნდა შეიცვალოს დღეების ხანგრძლივობა და აქცენტი გაკეთდეს სამ დღეზე – პარასკევი, შაბათი და კვირა. უფრო ხარისხიანი შემსრულებლებით უნდა დაიტვირთოს ეს დღეები. ყოველდღე ამის გაკეთება მართლა ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, ეს შეიცვლება. გარდა ამისა, პროგრამაზე მუშაობაც გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე