სიახლეები

ბულვარის ახალ კონცეფციაზე სასტუმრო „ოაზისი“ იმუშავებს

05.10.2015
ბულვარის ახალ კონცეფციაზე  სასტუმრო „ოაზისი“ იმუშავებს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს.

„კვლევებისა და გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა სამი კომპანია, რომელთაც მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შემდგომ შესაბამისმა კომისიამ არჩევანი შპს „სასტუმრო ოაზისზე“ შეაჩერა. კომპანია აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია და ამ დროისთვის “Dream Land Oasis” 105 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ჩაქვში. კომპანიის კონცეფცია სრულად შესაბამისობაშია ფლორენციის ქარტიის პრინციპებთან ისტორიულ ბაღებთან მიმართებაში; ამასთანავე კომპანიის მიერ შემოთავაზებული იქნა კონტრაქტის ყველაზე დაბალი ღირებულება,“- ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ფლორენციის ქარტიის შესაბამისად კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია  ბათუმის ბულვარის კონსერვაციის, რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება.

„პროცესის ყველა ეტაპზე მოეწყობა საჯარო განხილვები და დისკუსიები, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს/ჯგუფს რეკომენდაციების, შენიშვნების, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება,“- ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების დოკუმენტაციის მოწოდება 2016 წლის 15 მაისს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: