ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე: ცხადია, ეს უკავშირდება პოლიტიკას

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ უკვე გაეცნო აჭარის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბჭოს წევრები: გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვენ.

ნათია კაპანაძის თქმით, როდესაც საკითხი უკავშირდება დამოუკიდებელ მედიას, განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება პოლიტიკის ჭრილში:

„როცა ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტანდარტზე, შედეგზე, რომელიც დღეისათვის აქვს მაუწყებელს და საფრთხეზე, რაც შეიძლება დადგეს არასწორი პროცესების მეშვეობით, ცხადია ეს საკითხები უკავშირდება პოლიტიკას. მე ვერ გეტყვით, რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ფიგურა შეიძლება იყოს ამით დაინტერესებული, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის შიდა საქმე, რადგან საქმე შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და ობიექტურ მუშაობას,“  – განაცხადა ნათია კაპანაძემ „ბათუმელებთან“.

საბჭოს წევრების განცხადების დანართში საუბარია საკითხებზე, რაც, საბჭოს წევრების აზრით, უნდა გახდეს ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი. მათ შორისაა: სატელევიზიო რეიტინგისა და მაყურებლის ნდობის კლება; პრიორიტეტების შეუსრულებლობა და მენეჯმენტის ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ; ევროპის მაუწყებლთან სასამართლო დავა; სასამართლო დავა სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან; ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი; უტენდერო შესყიდვები; საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და ა.შ.

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს თავის არგუმენტებს.

„ვფიქრობ, პროგრამული მრავალფეროვნებისა და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებულობის კუთხით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ნამდვილად არ აქვს ის ხარვეზები, რაზეც საუბრობენ. თუმცა ცხადია, რომ გადაცემების დამუშავების პროცესი, გადაცემების დამატების პროცესი, ეს არის მუდმივი ნაწილი ჩვენი მუშაობის და ამიტომ ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქმე გვქონდეს პროგრამული პრიორიტეტების შეუთავსებლობასთან, ანდა იმასთან, რომ ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებთ საზოგადოებრივ საჭიროებებზე.

ჩვენ ვმუშაობდით და ვმუშაობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების გათვალისწინებით, იმ ჩარჩოში, რაც ევალება და აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. პროცესები ან დამოკიდებულება მუშაობის მიმართ, რომელიც უკვე აღიარებულია, როგორც ობიექტური შედეგი პოლარიზებულ მედიაგარემოში, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ პროცესს, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებელ მუშაობას,“ – ამბობს ნათია კაპანაძე.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რომ ტელევიზიის მაყურებლების რაოდენობამ იკლო, ნათია კაპანაძე პასუხობს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ნდობის საკითხი განიხილება არა მხოლოდ ციფრებით, არამედ შეფასებებით:

„ესაა საერთაშორისო შეფასებები, შიდა შეფასებები და სანდოობა სწორედ აქედან გამომდინარე იზომება. რაც შეეხება ციფრებს, აჭარის მაუწყებელს ნამდვილად არა აქვს შინაარსთან დაკავშირებით კლება, იმიტომ, რომ გადაცემები დღეს არის ბევრად უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე გასულ პერიოდებში, უფრო ნაკლებ ვაკეთებთ აქცენტს მექანიკურ პროდუქციაზე, რადგანაც ჩვენ უნდა გავაშუქოთ ადგილობრივი და ეროვნული პრობლემები და საკითხები, რომლებიც აქვს ჩვენს საზოგადოებას. ამ ნაწილში არხის რეიტინგს კლება არ აქვს“.

ნათია კაპანაძეს ასევე ვკითხეთ ევროპის მაუწყებელთა კავშირთან სამართლებრივ დავაზე. საბჭოს წევრების განცხადების დანართში აღნიშნულია, რომ ეს არის ტელევიზიის იმიჯის შელახვა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დღეს არის თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი, ყველა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის პარტნიორი, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერია რამდენიმე საერთაშორისო მედიაორგანიზაცია. რაც შეეხება საკითხს, რომელსაც იშველიებენ განცხადებაში, ეს თემა უკავშირდება ერთ კონკრეტულ ჩართვას, რომლის თაობაზეც ყველა გაურკვევლობა, რაზეც მიუთითებს ბორდის წევრი, ამოწურულია და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ ტელევიზიის იმიჯი შეილახა, რადგან არანაირი პრეტენზია ერთმანეთის მიმართ მხარეებს არ აქვთ,“ – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

ტელევიზიის დირექტორს ვკითხეთ შრომითი კონტრაქტებისა და დაუსაბუთებელი ხარჯების შესახებაც, რაზეც, ასევე, საუბარია განცხადების დანართში. ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად და იმისათვის, რომ აჭარის ტელევიზიას „ჰქონოდა ის შედეგი, რაც აქვს: დამოუკიდიებელი, ობიექტური და შედეგზე ორიენტირებული“.

ნათია კაპანაძეს ტელევიზიის დირექტორის პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვე დარჩა. რატომ გააქტიურდა მისი იმპიჩმენტის საკითხი ახლა?

„ხშირად ისმის კრიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს არის ჩვენი ქვეყნის მოცემულობა.

…მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდებით შედეგს, რომელიც დღეს აქვს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს შედეგი არის თავისუფლება, ეს შედეგი არის სარედაქციო პოლიტიკა, ძალიან მაღალი ინტერესი, რომელიც აქვს საზოგადოებას და ეს მაღალი ინტერესი მოდის სწორედ სურვილით, გვქონდეს გამართული საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში,“ – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

 

„იმპიჩმენტი არ გამოვა“ – „ოცნება“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებაზე

„ჩვენ არაფერ შუაში ვართ“ – ირწმუნებიან უმაღლესი საბჭოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის იმპიჩმენტის  ინიციატივის შესახებ ვკითხეთ. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ნათია კაპანაძე დირექტორობას ამ წლის შემოდგომაზე ისედაც ამთავრებს და ახლა „ეჭვების გაჩენა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესში არ შედიოდა“.

პარტია „ქართულ ოცნებას“ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში თავისი კვოტით არჩეული წევრი 2016 წლიდან აღარ ჰყოლია, მას შემდეგ, რაც ბორდი ზაზა ხალვაშმა დატოვა. საბჭოს ახალი წევრის, გიგა ჩხარტიშვილის არჩევა უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის ნოემბერში მოახერხა. გიგა ჩხარტიშვილი ირაკლი დარცმელიძესთან ერთად აპირებს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს. ირაკლი დარცმელიძე მრჩეველთა საბჭოს წევრად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარჩია.

„მნიშვნელოვანი ფასეულობაა ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობა ნებისმიერი მაუწყებლის და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს. ამ განსაკუთრებულობას იწვევს რამდენიმე ფაქტორი და ვფიქრობ, რომ ამაში არის ხელისუფლების წვლილი… ჩვენ ეს ამბავი [იმპიჩმენტის საკითხი] „ნეტგაზეთიდან“ გავიგეთ, გიგა ჩხარტიშვილი, მისი არჩევის შემდეგ არ გვინახავს… სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე ეჭვები ხელისუფლებას ყველაზე მეტად აზარალებს. ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის და არც შეიძლება შედიოდეს,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.

შენიშვნაზე, რომ შესაძლოა ხელისუფლებას უღირდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ეჭვების გაჩენა, თუკი ამის სანაცვლოდ თავისუფალი რედაქციაზე გავლენას მოიპოვებს, ცოტნე ანანიძემ მოკლედ გვიპასუხა: „მას უფლებამოსილების ამოწურვამდე ნახევარ წელიწადზე ცოტა მეტი აქვს დარჩენილი, არა მგონია, ჭკუათმყოფელ ხელისუფლებას აწყობდეს ისრების მისკენ წასვლა“ და აქვე დასძინა, რომ „ეს აბსოლუტურად ტელევიზიის შიდა პროცესია“.

იმპიჩმენტის პროცესში პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავს ირაკლი ჭეიშვილიც, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი. მას მოლოდინი აქვს, რომ ბორდი ნათია კაპანაძეს ვერ გადააყენებს.

„არა, მათთან საუბარი ამ თემაზე არ მქონია… გიგა ჩხარტიშვილი კი მისი არჩევის შემდეგ სახეზე არ მინახავს. ასე ვფიქრობ გარედან, რომ ამას ვერ შეძლებენ, იმპიჩმენტი არ გამოვა…“ – აცხადებს ის.

„შემოდგომაზე ისედაც უნდა აერჩია ახალი დირექტორი მრჩეველთა საბჭოს“, – გვითხრა ირაკლი ჭეიშვილმა, როცა მას მმართველი პოლიტიკური გუნდის შესაძლო დაინტერესებაზე ვკითხეთ. ირაკლი ჭეიშვილი არ მალავს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტები ზოგჯერ მასაც არ მოსწონს:

„მე ეს საჯაროდაც დამიწერია სოციალურ ქსელში, მაგრამ ერთია, ჩვენ რა მოგვწონს და არ მოგვწონს და მეორეა ის, რომ ტელევიზიები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები“, – დასძინა ირაკლი ჭეიშვილმა.

„ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესაც დაუკავშირდა, მაგრამ  მან სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა.

ამ თემაზე:

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

 

 

„დარჩი სახლში“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ

დღეს, 12 აპრილს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართა. “დარჩი სახლში” – ასე ერქვა სახალხო მოძრაობა “ერთად სახლშის” მიერ გამართულ მშვიდობიან აქციას.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ სიმბოლურად  ჩემოდნები მიიტანეს.

“ეს არის სახალხო მოძრაობა, სადაც პატრიოტი ადამიანები არიან გაერთიანებული. ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები საქართველოში და შეწყდეს ახალგაზრდების გადინება. 2012 წლის შემდეგ დაახლოებით მილიონმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ამ მოძრაობის მიზანია, შეიცვალოს ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში, რათა ბავშვებმა შეძლონ მუშაობა და სწავლა ამ ქვეყანაში,” – თქვა აქციაზე  “ერთად სახლშის” ხელმძღვანელმა საქართველოში  სალომე ჭელიძემ.

მსგავსი აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია დაგეგმილი.
მოძრაობა “ერთად სახლში” საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა 2018 წელს.

ბიას მორიგ რეგიონალურ შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს

17 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “რადისონ ბლუ ბათუმში”, B Talks-ის ფარგლებში, ბიას მორიგი შეხვედრა – “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები” გაიმართება. B Talks ბათუმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით იმართება და მას აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება ინვესტიციების მოზიდვის და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ბიზნესის უფლებების დაცვა, ტურიზმის განვითარება რეგიონში და ბიზნესისთვის აქტუალური სხვა საკითხები. ბიას წარმომადგენლები სტუმრებს აჭარის რეგიონის შემაჯამებელ სტატისტიკას წარუდგენენ და რეგიონალური ბიზნესის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები – აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დაესწრებიან. ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოწვეული სტუმრებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ პასუხი.

B Talks-ის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე მეხუთედ იმართება. შეხვედრების მიზანია საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ქართულ კომპანიებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ბიამ უკვე ორი შეხვედრა გამართა თბილისში, სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც 200-მდე ქართული კომპანიის კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. რაც შეეხება რეგიონალურ ბიზნესს, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებს 300-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

300-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი.  შეხვედრაზე დასასწრებად, რეგისტრაცია შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

ბათუმის სამშობიარო სახლს ახალი დირექტორი ჰყავს – ნანა შერვაშიძე. მან ჯუმბერ უნგიაძე ჩაანაცვლა. კენჭისყრის პროცესი 10 აპრილს გაიმართა და ხმაურიანი გამოდგა – სამშობიარო სახლში პოლიციაც გამოიძახეს. ახალი დირექტორისთვის სამუშაო კაბინეტის დათმობას ქვემოიჯარე კომპანია არ აპირებს, რომელიც 2017 წლიდან სამშობიაროს მართავს. ახალი დირექტორი კი ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას აპირებს. არც ერთ მხარეს ამ დროისთვის არ აქვს კითხვაზე პასუხი: დარჩება თუ არა საბოლოოდ სამშობიარო სახლი რუსთაველის ქუჩაზე?

დირექტორის წილისყრის პროცესი რუსთაველის ქუჩაზე, სამშობიარო სახლის შენობაში შედგა. შპს „ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის“ მეწილეები საკონფერენციო ოთახში არ შეუშვეს, თუმცა მათ იქვე, სხვა ოთახში მოახერხეს შეხვედრა და ახალი დირექტორიც აირჩიეს.

„კარი მე მისთვის არ ამიჭედია. უბრალოდ, საკონფერენციო ოთახის კარი ჩავკეტე და ვუთხარი, რომ სამშობიარო სახლი არ არის საარჩევნო უბანი.  მახსოვს, ჯუმბერ უნგიაძე სარიტუალო დარბაზში აირჩიეს, ის რატომ უნდა აერჩიათ აქ?“ – კითხულობს ნუგზარ პაპავა, ის შპს „ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლის“ დირექტორის წარმომადგენელია. ეს კომპანია მართავს სამშობიარო სახლს 2017 წლიდან. ის შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ ქვემოიჯარეა.

„სამუშაო ოთახიც მექნება და საერთოდ გავაუქმებ მათთან ხელშეკრულებას. მე კი არა, ეკონომიკის სამინისტრო უუქმებს მაგათ ხელშეკრულებას, რადგან ვალდებულებები ვერ შეასრულეს და დავალიანება აქვთ, ინფორმაციასაც მალავენ…“ – ირწმუნება ექიმი ნანა შერვაშიძე. ის ჯერ კიდევ „ევექსის“ ამბულატორიულ კლინიკაში მუშაობს და სამშობიარო სახლში მისვლას მას შემდეგ აპირებს, როცა საჯარო რეესტრში პროცედურული საკითხები გაიწერება.

„პოლიციაც გამოვიძახე, მაგრამ არ გააკეთეს რეაგირება, ხმაური არ არის და ვერ ჩავერევითო… როგორ უნდა აუხსნა პოლიციას, რომ არ შეიძლება 130 ადამიანი შეიკრიბოს სამშობიარო სახლში და იქ სანიტარული ნორმები დაიცვა,“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.

„ამირჩიეს მე, რადგან სამშობიარო სახლიდან ბოლო დროს ბევრი ექიმი წავიდა. ამ ექიმებით მუშაობენ სხვა სამშობიაროები. ყველას უნდა უკან დაბრუნება. პრობლემა იყო ჯუმბერ უნგიაძის მენეჯმენტი… გასაგებიცაა, ის კონკურენტი კლინიკის ხელმძღვანელია,“ – ასე ხსნის ნანა შერვაშიძე მიზეზს, რის გამოც შეკრებილი მეწილეების უმრავლესობამ არჩევანი მასზე გააკეთა და ჯუმბერ უნგიაძე კანდიდატადაც აღარ დაუსახელებიათ.

სამშობიარო სახლში ახალი დირექტორის არჩევის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სამშობიაროში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის შეტყობინება შევიდა დაჯარიმების შესახებ – სამშობიაროს დაახლოებით 6 მილიონი ლარით აჯარიმებდნენ იმის გამო, რომ მან სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება ვერ შეძლო.

შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლმა“ ქვეიჯარის ხელშეკრულება შპს „მრავალპროფილიან სამშობიარო სახლთან“ 2017 წელს გააფორმა. ამ უკანასკნელს 1 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო სამშობიარო სახლში.

„დირექტორად მოიყვანეს ჯუმბერ უნგიაძე,“ – გვიყვება ნუგზარ პაპავა, – „რადგან კონკრეტული ვალდებულებები იყო შესასრულებელი, ქვეიჯარა გაფორმდა ჩვენთან. ჩვენ 600 ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და დაგვრჩა 400 ათასი. უკვე მეოთხე თვეა ამოქმედდა სხვადასხვა მიმართულება, ასევე „ემერჯენსი“, რასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.“

რატომ აჯარიმებენ სამშობიარო სახლს? – ნუგზარ პაპავა განმარტავს, რომ „საქმე გაუგებრობასთან გვაქვს“, რადგან სამშობიაროს რემონტი, ძირითადად, ექიმების მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა გაეკეთებინა [2016 წელს]. ეს ვადა დაირღვა, რადგან კომპანია, რომელიც სამშობიაროში ინვესტიციას ჩადებდა, ამ პერიოდში ვერ შეირჩა.

„ჩვენ 2017 წელს შემოვედით და გავაკეთეთ რემონტი… მაშინდელი მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე დაგვპირდა გადავადებას, რაც ფორმალური პროცედურა იყო. ამ დაპირებიდან სამ დღეში ის გაუშვეს თანამდებობიდან. ახლა თორნიკე რიჟვაძეს შევხვდი და ის დაგვპირდა გარკვევას. რეალურად ჩვენ არ დაგვირღვევია ვადები,“ – აღნიშნავს ნუგზარ პაპავა, „ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლის“ დირექტორის წარმომადგენელი.

ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ ახალი დირექტორი მის კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. მისთვის გაუგებარია ის პრეტენზიები, რაც შპს „ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლს“ და ამ ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ახალ დირექტორს, ნანა შერვაშიძეს აქვს.

„რეალურად ჩანს, რომ უნდა ვიღაცას დირექტორობა. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა თქვა უარი ისეთ ცნობილ ექიმზე, როგორიც ჯუმბერ უნგიაძეა?“ – კითხულობს ნუგზარ პაპავა.

ნუგზარ პაპავას თქმით, სამშობიარო სახლს ამ დროისთვის „ნულოვანი ბიუჯეტი“ აქვს, ანუ შემოსავლები ფარავს ხარჯს, მეწილეები მოგებას ვერ იღებენ.

რატომ ვერ გახდა ფინანსურად წარმატებული კლინიკა ბათუმის სამშობიარო სახლი?

ნანა შერვაშიძე: „მე ვფიქრობ, რომ აქ იყო კონკრეტული პირების ინტერესი, სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია… ეს „მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლი“ არის ძველი „სალვე“. ამ „სალვეს“ რა რეპუტაცია ჰქონდა და რა კლინიკა იყო, ყველამ ვიცით. ინტერესი იყო ალბათ ის, რომ ჩაძირულიყო სამშობიარო სახლი. დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე სახელმწიფოს აწვდიდა ინფორმაციას, რომ ხდება გადინება ექიმების, პაციენტების და ფაქტიურად სახელმწიფოს წინაშე აყენებდა სიტუაციას, რომ საერთოდ არ იყო საჭირო ეს კლინიკა.“

„ბრალდებებზე“ საპასუხოდ ჯუმბერ უნგიაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბრისთვის დრო ვერ გამონახა.

ნანა შერვაშიძე წლების წინ მუშაობდა „ბათუმის სამშობიარო სახლში“. მან ეს დაწესებულება 2016 წელს დატოვა. ნანა შერვაშიძის მტკიცებით, სამშობიაროს ფინანსური სირთულეები ცუდი მენეჯმენტის გამო შეექმნა.

ნუგზარ პაპავას თქმით კი, სამშობიარო სახლი რეალურად მრავალპროფილური მხოლოდ სამი თვის წინ გახდა და ამ პერიოდში 12 ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. ნუგზარ პაპავა და სამშობიაროში ამჟამად მომუშავე ექიმები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სამშობიაროს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაზიანდა ისევ ექიმების მიერ გაკეთებული განცხადებებით.

„ადამიანი რომ აქ მუშაობს, გამოვა და იტყვის, ჭკვიანი ექიმი ვინცაა, იმან უკვე დატოვა ბათუმის სამშობიარო სახლიო, რა უნდა იფიქროს სხვამ?“ – გვითხრა სამშობიარო სახლის ექიმმა გელა გორგილაძემ.

„წინ გველის სასამართლო დავა,“ – ამას ახლა ორივე მხარე ამბობს. ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ სამშობიაროდან ის და მისი კომპანია არ გავა, თუკი დახარჯულ თანხას უკან არ ამოიღებს და ზიანს არ აუნაზღაურებენ. ნანა შერვაშიძეს კი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო „სხვა ბევრ რამეს დაადგენს“, თუმცა ჯერ დავის საგანზე ჩამოყალიბებული არ არის.

_______________

მთავარ ფოტოზე: ნუგზარ პაპავა და ნანა შერვაშიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად ნათია ფურცელაძე დასახელდა

დღეს, 12 აპრილს, განათლების სამინისტრომ კონკურსის  – „2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად“ ნათია ფურცელაძე დაასახელა, რომელიც სკოლა „ქორალის“ პედაგოგია.

გამარჯვებულ პედაგოგს სპეციალური ჯილდო – ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა. ნათია ფურცელაძე 2017 წელს წარდგენილი იყო მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შეირჩა 5 საუკეთესო მონაწილე. „კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებლის პორტფოლიო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისთვისაც“, რომელთაც  განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია, კომპანია „Ici Paris”-ი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებული ნათია ფურცელაძე გახდა.

მინდია ლავასოღლის 10 წელი მიუსაჯეს – ხმაური ბათუმის სასამართლოში

„კანონიერ ქურდობაშუ” ბრალდებულ მინდია ლავასოღლის მოსამართლე ლევან გელოვანმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზი მშვიდად შეხვდა – დარბაზში ლავასოღლის ახლობელი არავინ იყო. ლავასოღლი თურქეთში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა ის ამ დრომდე საქართველოში ექსტრადირებული არ არის.

სხვა ბრალდებულებზე განაჩენის გამოცხადების დროს კი, დამსწრეთა ჯგუფმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ზაალ ახვლედიანსა და შოთა კეკელიძეს სასამართლომ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ივანე გეგიაძეს კი – 2 წლით და 6 თვით.

ლავასოღლის გარდა სხვა ბრალდებულებს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა. ისინი „ქურდული სამყაროს წევრობის“ მუხლის ნაცვლად „მხარდაჭერისთვის“ გაასამართლეს.

„რატომ?“ – რამდენჯერმე ხმამაღლა იკითხა მსჯავრდებულ ზაალ ახვლედიანის დედამ.

„სირცხვილი ლევან გელოვანს!“ „ეს არის თქვენი დამოუკიდებლობა?“ – ამ შეძახილებით ტოვებდნენ სასამართლო დარბაზს ბრალდებულების ახლობლები.

„არ არსებობდა არანაირი მტკიცებულებები, ეს გადაწყვეტილება არის სასამართლოს სირცხვილი… ლევან გელოვანი არის მართლმსაჯულების სირცხვილი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,”- თქვა ზაალ ახვლედიანის ახლობელმა, ნათელა ლორთქიფანიძემ.

ადვოკატი პაატა ნაკაიძე, რომელიც ზაალ ახვლედიანის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ პროკურატურამ იმდენად გვიან წარმოადგინა დასკვნა სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობის შესახებ, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება ვეღარ მოესწრო. სატელეფონო საუბარი კი ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო.

ამ საქმეზე სულ 11 ბრალდებული იყო. გიორგი შავლიძის, რამაზ კომახიძისა და ბადრი ქობულაძის საქმე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა და მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებულ იმედა აბაშიძეს სასჯელის მოხდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გადაუვადა. ამავე მოსამართლემ გაასამართლა: ბეჟან დეკანაძე და ჯამბულ ნაკაშიძე.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 10 პირი 2018 წლის 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ მათ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი, 2017 წლის 17 ნოემბერს, ისე გაათავისუფლა სასამართლომ პატიმრობიდან, რომ კანონიერ ქურდობასა და ჯგუფურ გამოძალვაზე ბრალი არ დაუმტკიცებია. მაშინ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი განუმარტავს, თუ რა მოტივით გაათავისუფლეს ლავასოღლი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გამოძიება ისევ გრძელდებოდა, ლავასოღლის ქვეყნის დატოვების უფლებაც მისცეს. ბოლო ინფორმაციით, იგი თურქეთში იმყოფება.

ამ თემაზე:

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ” – ლავასოღლის ფარული ჩანაწერები სასამართლოში

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში.

დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესებში,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

აღნიშნული ორგანიზაციების ჩამონათვალი ასეთია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიაკლუბი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ღია საზოგადოების ფონდი; ​რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; სატელევიზიო ქსელი; საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [ქართული ოცნება] მიმართა. საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს, გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს.  ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

ამავე თემაზე: 

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

 

ბათუმის საკრებულოში მომხდარ ჩხუბზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპისრისპირდნენ საკრებულოს წევრები მირდატ ქამადაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ირაკლი პატარიძე „ქართული ოცნებიდან“.

ჩხუბის შემდეგ ცუდად გახდა საკრებულოს წევრი როინ ზოიძე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. მას აქვს დაზიანება თავზე და მაღალი არტერიული წნევა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] მიმდინარეობს.

ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა

„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი,“ – ამ სიტყვებით მიმართა ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი პატარიძეს. პატარიძე ამ დროს  ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს და მან ტერენტი გრანელი ისე მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი.

პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი იყო.

„კამერების წინ კეკლუცს დაანებე თავი. შენ ხარ კამერების წინ მოკეკლუცე ადამიანი. შენ პოლიტიკოსი არ ხარ,“ – უთხრა ირაკლი პატარიძემ მირდატ ქამადაძეს შენიშვნის პასუხად.

დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენს, შემდეგ კი – ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დღეს, 12 აპრილს, ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა მათ შორის. დღეს ისინი საკრებულოს სხდომაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა შეწყვიტა, დღეს უკვე მეორედ.

ბათუმის საკრებულოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი როინ ზოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც დღეს საკრებულოში მომხდარი მეორე ინცინდენტის მონაწილე იყო.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმების თქმით, საკრებულოს წევრს მაღალი არტერიული წნევა აქვს და იგი კლინიკაში გადაჰყავთ.

ბათუმის საკრებულოში მომხდარი მეორე ინცინდენტის ამსახველი ვიდეოჩართვა საკრებულოდან: 

რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ჩხუბის მიზეზი გახდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ბათუმის წყლიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია კომპანიის თანამშრომელთა ვინაობისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ფრაქციამ ვერ მიიღო.

საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე აცხადებდა, რომ ინფრომაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტრონულ ფოსტაზე უკვე ჰქონდა და მათ ეს არ უნახავთ, მირდატ ქამადაძემ კი „ბათუმის წყლიდან“ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული, ამობეჭდილი წერილი წარმოადგინა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანია უარს ეუბნებოდა ფრაქციას ინფორმაციის მიწოდებაზე. მოგვიანებით ნატალია ზოიძემ განმარტა, რომ ის გულისხმობდა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მიწოდებულ სიას.

ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

ხმამაღალი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


თავდაპირველად ერთმანეთს ხელით შეეხნენ დეპუტატები მირდატ ქამადაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ირაკლი პატარიძე „ქართული ოცნებიდან“, მოკლე ხანში პროცესი უმართავი გახდა და საკრებულოს სხდომა შეწყდა.

საკრებულოს დარბაზში შემოვიდა პოლიცია, რომელიც მანამდე შენობის გარეთ იყო მობილიზებული.

სხდომა დაახლოებით ნახევარ საათში განახლდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ მოითხოვა იმ მოქალაქეების გაყვანა საკრებულოს დარბაზიდან, რომლებიც საკრებულოს დარბაზში დარჩნენ. მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაატოვებინონ საკრებულოს დარბაზი, თუ მან ხელი შეუშალა სხდომას და მოითხოვა სახელობითი სია, თუ ვინ შეუშალა ხელი სხდომის მიმდინარეობას.

პოლიცია ამ დრომდე სხდომათა დარბაზში რჩება.

ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

„ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესზე 6 პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „შენების პარტია“, „ახალი საქართველო“ და „ემსახურე საქართველოს“.

პოლიტიკური პარტიები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ კვლევებს, სადაც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოხვდა, როგორც „დაბალანსებული მედიაორგანიზაცია“. პარტიები მოუწოდებენ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, რომ მან არ მისცეს ხელისუფლებას საშუალება, ჩაერიოს ტელევიზიის საქმიანობაში. პარტიები ასევე მოუწოდებენ სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროცესს დააკვირდნენ და შეფასებები გააკეთონ.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა დააყენეს. ირაკლი დარცმელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდა მრჩეველთა საბჭოში.

„აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილია აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ანგარიში, სადაც არ არის ასახული ის პრობლემები, რაზეც ირაკლი დარცმელიძე და გიგა ჩხარტიშვილი საუბრობდნენ. თითქოს ახლა გახდა მათთვის ცნობილი, რომ თურმე პრობლემებია. თუ ასეთი პრობლემები იყო, როდესაც შემოვიდა ეს ანგარიში, იქ უნდა ყოფილიყო ასახული.

რაც შეეხება იმას, რომ ირაკლი დარცმელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით იყო წარმოდგენილი, ჩვენ გვახსოვს ადამიანები, რომლებიც დახარბდნენ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებებს და როგორც ჩანს, პირადმა ინტერესებმა სძლია ამ შემთხვევაშიც საზოგადოებრივ ინტერესებს და ტელევიზიის მომავალს,“ – განაცხადა გია აბულაძემ ბრიფინგზე.

გია აბულაძე „გაბრაზებული ბათუმელების“ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს. ამ ორგანიზაციამ „აჭარის ტელევიზია“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ ფორმით დაიწყო დამოუკიდებელ ტელევიზიაში ჩარევა.

„თავს ნამდვილად უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ მას [ირაკლი დარცმელიძეს] ეს პოზიცია პარტიასთან არ შეუთანხმებია, ოფისშიც დიდი ხანია არ მინახავს… პარტიის კვოტით მრჩეველთა საბჭოში შესული მეორე წევრი, ბეჟან გობაძე, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ბათუმი“ შეიქმნა

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია – „ბათუმი“ დარეგისტრირდა.

ფრაქციის თავმჯდომარე დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე იქნება, ის საკრებულიში „ევროპული საქართველოს“ კვოტით შევიდა.

ფრაქციის წევრები იქნებიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ელგუჯა ანდრიაძე და არჩილ მამულაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“. ელგუჯა ანდრიაძემ გვითხრა, რომ მიუხედავად ფრაქციაში გაწევრიანებისა, იგი „ოცნების“ მხარდამჭერი დარჩება.

 

ბათუმის მერიასთან პოლიციაა

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის მერიასთან  საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი დგას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პოლიციის მობილიზება, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება – „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიისგან მერიის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვს. ენმ ეჭვობს, რომ სიების გასაჯაროების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ მერიაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და სწორედ ამიტომაც არ აძლევენ მათ მერიის ააიპებსა და შპს-ებში დასაქმებულთა სიებს. მერია კი აცხადებს, რომ ენმ-მ საჯარო ინფორმაცია უკვე მიიღო, დანარჩენი კი პერსონალური ინფორმაციაა.

დღეს ბათუმის საკრებულოში სხდომაზე უჩვეულო ხალხმრავლობაა.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციის მერიასთან ყოფნა კონკრეტულ შემთხვევას არ უკავშირდება: „ადგილზე პოლიციამ შენიშნა ხალხმრავლობა და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ,“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

საკრებულოს სხდომის დარბაზი, ცაგო კახაბერიძის ფოტო

17-22 გრადუსი სითბო – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 12 აპრილის  21 საათიდან 13 აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 14-15 აპრილს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

აჭარის ტელევიზია: მიმდინარე პროცესები სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გამოეხმაურა ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივას. მაუწყებლის განცხადებით, საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა.

მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.

იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [ქართული ოცნება] მიმართა. საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს, გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს.  ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია. წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე. მათგან იმპიჩმენტს ორი წევრი ითხოვს.

ამავე თემაზე: 

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედიაშვილმა დაუდასტურა. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მიმართა. „ბათუმელები“ მათთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო, ამიტომ საბჭოს თავმჯდომარეს, ნატა იმედაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი, თუ რა არგუმენტები აქვთ საბჭოს წევრებს.

„რასაც გავეცანი, წერილი ეხება პროგრამულ პრიორიტეტებს, ფონდების მიერ დაფინანსებულ გადაცემებს, რაც მრჩეველთა საბჭოს გვერდის ავლით მოხდა, რამდენიმე გადაცემაზეა საუბარი [მათ შორისაა გადაცემა „ათვლის კუთხე“ და „სათქმელი“]; ხელფასებთან დაკავშირებით, ბოლო დროს იყო ძალიან მნიშვლეოვანი თემა, ასევე ლაპარაკია ირაკლი ბარამიძის სასამართლო პროცესზე“, – გვითხრა ნატა იმედაიშვილმა.

მისივე თქმით, ხვალ საბჭო შეიკრიბება და წარმოდგენილ არგუმენტებზე იმსჯელებს.

ნატა იმედაიშვილის განმარტებით, საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

„დღეს უკვე ვაცნობეთ ნათია კაპანაძეს ამის შესახებ, მან უნდა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები, განმარტებები, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თუ აქვს სურვილი და ჩვენ უნდა ჩავნიშნოთ სხდომა“, – აღნიშნა ნატა იმედაიშვილმა.

მისივე თქმით, კენჭისყრა ფარულია და მასში საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს, საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრება ხმის მიცემით უნდა დააფიქსირონ. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

„ეს არის ყველაზე რთული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საბჭოს ნებისმიერი წევრის“, – ამბობს ნატა იმედაიშვილი. კითხვაზე, მიღებული აქვს თუ არა თავად მას გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, ნატა იმედაიშვილი პასუხობს: „არა, რა თქმა უნდა, არა.“

„ბათუმელებმა“ ნათია კაპანაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია. წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევზიის სამეთავლყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე. მათგან იმპიჩმენტს ორი წევრი ითხოვს.

 

არდაგანის ტბა ისევ დაბინძურებულია [ფოტო]

არდაგანის ტბა ისევ დაბინძურებულია. ტბის ზედაპირზე განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტბასთან მიახლოებისას კი ლპობის სუნი იგრძნობა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, რომ ტბის მოვლა და მისი დასუფთავება შპს „ბათუმის წყალს“ გადასცეს და შესაბამისი კითხვებიც ამ ორგანიზაციას უნდა დავუსვათ.

„ბათუმის წყალი“ თავის მხრივ განმარტავს, რომ ტბაზე რეგულარულად აწარმოებს ზედაპირულ  დასუფთავებით სამუშაოებს. გარდა ამისა, ეტაპობრივად ახორციელებს მექანიკურ წმენდას.

„რეგულარული სამუშაოები მოიცავს ზედაპირზე არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და სხვა სახის მოტივტივე ნარჩენების ტბიდან ამოღებას. ასევე საჭიროებისას ხდება ზღვაში გამსვლელი არხის გახსნა. რაც შეეხება სუნს, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რისგან არის გამოწვეული და ეს ალბათ გადასამოწმებელი იქნება ადგილზე. რაც შეეხება მექანიკურ წმენდას, ეს გულისხმობს პერიოდულად წყლის ამოტუმბვას იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს დაბინძურებული შლამის ამოღება და გადატუმბვა. ეს უზრუნველყოფს მექანიკურად გაწმენდას. გაწმენდის პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და წყლის დონე არის დაბალი. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სანიაღვრე და მიწისქვეშა წყლების მეშვეობით მოხდება წყლის დონის დაბალანსება“, – გვითხრა ელენე ნოღაიდელმა „ბათუმის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ტბაზე არსებული მდგომარეობის გამო, მოქალაქეები სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას ხშირად გამოხატავენ და წერენ იმასაც, რომ ტბაზე არსებული ვითარება წლები არ იცვლება.

რა მდგომარეობაში დახვდება ტბა წელს დამსვენებელს ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

„გაგვიცოცხლეს ყველაფერი და ასე გვტოვებენ“ – მოგონებები 1937 წლის რეპრესიებზე ბათუმიდან 

„ისე იქცევიან, როგორც 1937 წელს…“ „დავიწყებული გვქონდა, გაგვიცოცხლეს და ხელახლა გვიკლავენ“, „რატომ გვიმალავდნენ აქამდე?“ – ეს ფრაზები ისმოდა დღეს, 11 აპრილს, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი პირების შთამომავლები შეიკრიბნენ. „ჭოროხის პირას დახვრიტეს…“ – ყველა ისტორია ასე იწყებოდა.

„ხასან დიშლიოღლი ჩემი მამამთილი იყო…,“ – გვიყვება ეთერ ბერიძე, – „მუშა კაცი ყოფილა და გონიოში ცხოვრობდა. იქ მაღაზიაში მოუტანიათ კალოშები, მაგრამ ამას არ მოსწევია. ვინც უსაქმური იყო, იმან დაასწროო. ჩემს მამამთილს უთქვამს, რას ვნერვიულობ, გადავალ თურქეთში და იქ ვიყიდიო. ლაზი იყო ისე, ხოფაში დაბადებული.

მეორე დღეს გონიოს ციხესთან სამხედროებს გაუჩერებიათ, ხასან დიშლიოღლის ვეძებთო. წაუყვანიათ. მეტი არაფერი ვიცით. დედამთილმა გადმოცემით იცის, რომ ის ჭოროხის პირას დახვრიტეს და ბულდოზერით მიაყარეს მიწა. 1904 წელს იყო დაბადებული ჩემი მამამთილი და 33 წლის იყო, როცა დახვრიტეს.

ჩემი ქმარი ახლა მძიმედ ავადაა. ეს ამბავი გაიგო და მითხრა, იქნებ შენ წახვიდე იმ შეხვედრაზეო. გაგვიცოცხლეს ყველაფერი და ასე გვტოვებენ. ან საერთოდ, რატომ გამოაჩინეს, ან რატომ მალავდნენ ორი წელი. ისე იქცევიან, როგორც 1937 წელს,“ – გვითხრა ეთერ ბერიძემ.

„ჩემი ბაბუა, ოსმანი, ჩირუხში დაუკავებიათ, თან თურმე შვილიშვილი ახლდა, ჩემი ძმა. თურმე ბაბუა იძახდა, ბავშვი დაიკარგება ტყეში, მიხედეთო. ის მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ ხოჯა იყო, სასულიერო პირი,“ – ყვება მერაბ აბესლამიძე. ის მამის მონათხრობს იხსენებს.

„მამა გვიყვებოდა, კი გავიგე, რომ ბაბაი დაიჭირეს, მაგრამ მის ალსა და კვალს ვეღარსად ვაგნებდიო… მერე მიუღია ინფორმაცია, რომ ბაბუას დახვრეტდნენ ჭოროხის პირას. მამაჩემი და მისი ძმა თურმე შორიდან უყურებდნენ შენობას, სადაც ადამიანები შეიყვანეს. არაფერი დაგვინახავს, მაგრამ ზუსტად ათჯერ ცალ-ცალკე გავიგონეთ გასროლის ხმა რაღაც შენობიდანო. მერე სატვირთო მანქანას გაუვლია და ესენი შიგნით შესულან… მიწა ამოვიდოდა და ჩავიდოდაო, ანუ ნახევრად ცოცხლები დამარხესო… მამაჩემს მიწის თხრა დაუწყია, მაგრამ ამ დროს ისევ მოუნათებია მანქანას… მამაჩემი და ბიძაჩემი გამოქცეულან და მდინარე ჭოროხში დამალულან. ისინი ძაღლებით გვეძებდნენ, მაგრამ ვერ გვიპოვეს, ჩვენ ღამით თითქმის გავიყინეთ ჭოროხში, მაგრამ გადავრჩითო. მერე მდინარეს ჩამოვუყევით ზღვამდე და სახლში დავბრუნდითო,“ – იხსენებს მერაბ აბესლამიძე.

„მე არაფერი დამრჩა მოსაგონარი. ბიძაჩემი, ომერ კახაძეც დახვრიტეს, მაგრამ 80 წელია აღარ არის, მისი შთამომავლები ახლა ტაშკენტში არიან… რატომ გააცოცხლეს, იქნებ ეს მითხრას ვინმემ? ან თუ გვიცოცხლებენ, ახლა კიდევ 2 ათას ლარს გვთხოვენ?“ – კითხულობს ნოდარ კახაძე. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ერთი დნმ ანალიზი 1600 ლარი ჯდება.

შეკრებილებმა კითხვები დავით ჯიშკარიანსაც დაუსვეს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს. მან შეკითხვებს „სკაიპის“ საშუალებით უპასუხა.

„ეს ნეშტები საფლავის ნაცვლად უნდა გადაიტანონ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში… რაც დარჩა იმ ადგილას არქეოლოგიური ვანდალიზმისგან, უნდა მივუშვათ პროფესიონალი არქეოლოგები. რაც შეეხება ხარჯებს, შსს-მ უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში ჩატარებული დნმ-ის კვლევებში მოსახლეობას არაფრის გადახდა აღარ მოუწევს,“ – აღნიშნა დავით ჯიშკარიანმა.

ისტორიკოსი ასევე მიჩნევს, რომ ადგილზე, სადაც, სავარაუდოდ, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები აღმოაჩინეს, ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ეს არის სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხი. ეპარქიის განცხადებამ, რომ ნეშტების დაკრძალვას აპირებს 21 აპრილს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაკრძალონ. ეპარქიამ ვერ დაასახელა ექსპერტები, რომლებიც ჩართული იყვნენ ნეშტების შესწავლაში.

10 აპრილს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ სახელმწიფოს მიმართა, მოთხოვნით – მიეცეთ საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნეშტები. 11 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც სამარხს შეისწავლის და შესაძლოა, ნეშტების დაკრძალვის თარიღი შეიცვალოს. 

 

სკოლის შეფასების ინსტრუმენტი სამინისტროს მზად არ აქვს, პროექტი კი მიმდინარეობს

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საპილოტე პროექტი საქართველოს 50 საჯარო სკოლაში, რომელიც ითვალისწინებს სკოლების შეფასებას, რის შემდეგაც უნდა გამოიკვეთოს სკოლის კონკრეტული საჭიროებები.

წელს, მარტის დასაწყისში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო იმ ჯგუფის წევრების გადამზადება, რომლებმაც საპილოტე სკოლების შეფასებაზე უნდა იმუშაონ. მაშინ „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ სკოლის შეფასების ინსტრუმენტი, წერილობით სახით, ჯერ არ ჰქონდათ.

მარტის ბოლოს „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯაყელმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სკოლის შეფასების ინსტრუმენტი, რისი მიხედვითაც უნდა იმუშაოს შეფასების ჯგუფმა, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდებოდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები საპილოტე სკოლებში უკვე მუშაობენ. თუმცა, როგორც ამ შეფასების ჯგუფის ერთ-ერთი ტრენერი გვეუბნება, შეფასების ინსტრუმენტი დოკუმენტის სახით არ უნახავს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ჯერ არ არსებობს სკოლის შეფასების მეთოდოლოგია/ინსტრუმენტი, მაშინ რაზე დაყრდნობით მუშაობენ შეფასების ჯგუფის წევრები სკოლებში, ტრენერი ამბობს, რომ ჯერჯერობით ტრენინგზე მიღებული გამოცდილებით მუშაობენ.

რატომ არ გამოქვეყნდა ამ დრომდე შეფასების ინსტრუმენტი და როდის იქნება ის ხელმისაწვდომი, „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროში დღეს, 11 აპრილსაც იკითხა.

სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ სკოლის შეფასების დოკუმენტი, „ამ კვირაში თუ არა, იმ კვირაში მაინც დაიდება“.

„ხალხი მუშაობს, ინსტრუმენტიც არსებობს, მაგრამ დახვეწა სჭირდება საბოლოო სახე რომ მიეცეს და ამის შეთანხმება ხდება“, – გვეუბნებიან განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ჩაკეტილი პროცესი, რომელიც განათლების რეფორმაში მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ დააზარალებს სისტემას.

„რეალურად, სფეროში ჩართული ორგანიზაციებისთვის არ არის ცნობილი არანაირი კონცეფცია და, სამწუხაროდ, არც ის ინსტრუმენტები, რომლითაც სკოლის შეფასება ხორციელდება.

ჯერ უნდა შეიქმნას კონცეფცია, შემდეგ უნდა მოხდეს მისი განხილვა საზოგადოებაში, ამის შემდეგ, კონცეფციის საფუძველზე უნდა შეიქმნას მეთოდოლოგიური ჩარჩო და ამ მეთოდოლოგიური ჩარჩოს და მოდულების საფუძველზე უნდა მოემზადონ ტრენერები, რომლებიც შევლენ სკოლებში. თუმცა, ჩვენ ამ პროცესს ვერ ვავთხედ“, – გვეუბნება რეზო აფხაზავა.

მისი თქმით, განათლებაში დაანონსებული პროექტები, ჯერჯერობით, მხოლოდ ზოგადი იდეების დონეზეა, მაშინ, როცა ეს უნდა იყოს გაწერილი.

„ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან, გვითხრეს, რომ უახლოეს მომავალში მოგვაწვდიდნენ დოკუმენტებს და ველოდებით“.

რევაზ აფხაზავას თქმით, ამ მიმართულებით რამდენიმე ექსპერტი მუშაობს სამინისტროში, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ეს ცნობილი არ არის.

„ჩემი გამოცდილებით, ასეთი დახურული ტიპის ინიციატივები როდესაც კეთდება, მაინცადამაინც ეფექტური არ არის ხოლმე საბოლოო ჯამში. ბევრი გვინახავს ასეთი ინიციატივები, რომლებსაც პოსტფაქტუმ გვაცნობენ. საზოგადოებასაც დაბალი მიმღებლობა აქვს ასეთი პროექტების მიმართ. მიმღებლობა რომ იყოს მაღალი, საზოგადოების ჩართულობაც  უნდა იყოს მაღალი. ჯერჯერობით ჩართულობა არ არის, იმიტომ რომ ინფორმაცია არ ვრცელდება კონკრეტულ მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, სკოლების შეფასებაა ეს თუ სხვა რომელიმე, პედაგოგიკის თვალსაზრისით“, – გვეუბნება რეზო აფხაზავა.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების ახალი რეფორმის  ფარგლებში ხორციელდება.  სამინისტროს განმარტებით, „ახალი სკოლის მოდელის“ მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკული აზროვნება და პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას, განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის  ექვსი პროცენტი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ამ დრომდე არც განათლების რეფორმის კონცეფცია გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, არც რეფორმის ფარგლებში გაჟღერებული ცალკეული პროექტების დოკუმენტები.

_________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

სარფში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2-11 აპრილს სარფისა და წითელი ხიდის საბაჟოებზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7,080 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, კანონდამრღვევ მოქალაქეს, თ.მ-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა,“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმი – იყიდება ორი საცხოვრებელი ბინა

იყიდება შუამავლის (მაკლერის) გარეშე

ბათუმში, იყიდება 65 კვ/მ ახალ გარემონტებული ბინა, ავეჯით.

მის.: ინასარიძის ქუჩა N11ა

 


ბათუმში, ძველ უბანში, პირველ სართულზე იყიდება 93,38 კვ/მ ბინა და 16,10 კვ/მ სარდაფი.

მის.: ჟორდანიას ქუჩა N39

 


დაგვიკავშირდით: 571 331 774

ელ. ფოსტა: dimitri.bliadze@yahoo.com

თუ ხისგან რაიმეს დამზადებას აპირებთ, დაურეკეთ ყოფილ პატიმარს 

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მცხოვრები 29 წლის გიორგი ვარდია ხის ოსტატია. ამზადებს ნებისმიერი ტიპის ავეჯს, საეკლესიო ნივთებს, თუმცა ხეზე მუშაობა არ კმარა ოჯახის სარჩენად და როცა შეკვეთები არ აქვს, გიორგი კაფელსაც აგებს შეკვეთით, ელექტრიკოსობასაც ითავსებს, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ყოფილ პატიმარს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი მამა ჰყავს.

გიორგის პატარა კუთხე სახელოსნოსთვის შინ აქვს მოწყობილი. თუმცა აქამდე ხელსაწყოებისა და დანადგარების ნაკლებობას უჩიოდა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მან ხის დასამუშავებელი, გასაპრიალებელი დანადგარები, ბურღი და სხვა სამუშაო იარაღები შეიძინა, რაც საქმეს გაუმარტივებს.

„ხელსაწყოები ძალიან მჭირდებოდა, პატარა დეტალებს ხელით ვაკეთებ და ეს კარგიცაა, ხელნაკეთი მეტად ფასობს, მაგრამ დიდი ზომის ნაკეთობებს მთლიანად ხელით ვერ დაამუშავებ, წარმოუდგენელია. შრომა შემიმსუბუქა დანადგარებმა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

თუ ავეჯის, დეკორატიული ნივთების, ან სხვა რამის დამზადება გსურთ ხისგან, შეგიძლიათ ყოფილ პატიმარს დაუკავშირდეთ ნომერზე: 571 20 17 83 და სასურველი ნივთი შეუკვეთოთ, ამით საკუთარ წვლილს შეიტანთ ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის საქმეეში.

გიორგი ამბობს, რომ ნამუშევარი თვიდან თვემდე მისი ოჯახისთვის საკმარისი არ არის. სამომავლოდ გეგმავს ხეზე მუშაობა სხვებსაც შეასწავლოს და ამისთვის სახელოსნო სჭირდება. შინ ასეთი სივრცის მოწყობა არ შეუძლია და ამბობს, რომ სხვა რაიონში ან ქალაქშიც წავიდოდა სამუშაოდ სახელოსნო რომ გამოუყოს ვინმემ.

გიორგი ვარდიამ საპატიმროში ორწელიწად-ნახევარი გაატარა და 2017 წელს გათავისუფლეს. მან ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ „ფონდ თანაზიარისგან შეიტყო“, რომელიც ამ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტთან“, „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“ და „ფონდ აფხაზინტერკონტთან“ ერთად ახორციელებს ოთხ რეგიონში.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

სუფსიდან ივანიშვილის ხის გადატანის გამო მაგისტრალზე საგზაო ნიშნები ჩამოხსნეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში სამტრედია-ბათუმის მაგისტრალზე გზის მანიშნებლები ჩამოხსნეს. ადგილობრივების თქმით, მიზეზი იმ მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებაა, რომელსაც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად სოფელ ხიდმაღალაზე [სუფსა] ამზადებენ.

ხე თითქმის მზადაა გადასატანად და მისი ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ტვირთის გადასატანად სპეციალურად კეთდება სოფლის გზაც. როგორც სოფელში ამბობენ, ხის გატანის შემდეგ სოფლის გზის მოასფალტებაა დაგეგმილი. მრავალწლოვანი ხე კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზეა ამოთხრილი.

ხე თავდაპირველად სუფსიდან გრიგოლეთში მიაქვთ, გრიგოლეთიდან შეკვეთილში კი, შესაძლოა ზღვით გადაიტანონ. გრიგოლეთში, ასევე, ფოთთან, მალთაყვის სანაპიროზე, ორი მრავალწლოვანი სხვა ხეა გამზადებული გადასატანად.

საგზაო ნიშნების ჩამოხსნასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას უთხრეს, რომ ეს სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობას უკავშირდებოდა.

„როგორც გავიგე, ურეკიდან სამტრედიის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები წყალწმინდა-სუფსის [ე.წ. ძველი გზის] მონაკვეთით ისარგებლებენ, სატვირთოები – წყალწმინდა-გრიგოლეთი-ფოთის მიმართულებით. გრიგოლეთი-სუფსის მონაკვეთი კი დროებით ჩაიკეტება, აქ საავტომობილო გადასასვლელი ხიდი უნდა აშენდეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-სუფსის მონაკვეთის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ განიხილება. „მოძრაობის ასეთი დროებითი რეჟიმი შესაძლოა დაწესდეს, მაგრამ არა ახლა“, – გვითხრეს დეპარტამენტში. უწყებაში ვერ დაგვიკონკრეტეს, რას უკავშირდება საგზაო ნიშნების [რკინის კონსტრუქციების] ჩამოხსნა.

სუფსა / ხიდმაღალა / შეკვეთილში გადასატანად გამზადებული ხე / 11.04.2019 / გიორგი ჯორბენაძის ფოტოები
სუფსა / ხიდმაღალა / შეკვეთილში გადასატანად გამზადებული ხე / 11.04.2019
ხის გადატანის სამუშაოები სოფელ ხიდმაღალაში / სუფსა / 11.04.2019
ჩამოხსნილი საგზაო ნიშნები / გრიგოლეთი / 11.04.2019
ჩამოხსნილი საგზაო ნიშნები / გრიგოლეთი / 11.04.2019
ჩამოხსნილი საგზაო ნიშნები / გრიგოლეთი / 11.04.2019
გზის რუკა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-სუფსის გზის მონაკვეთის ჩაკეტვა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტები შესაძლოა 21 აპრილს აღარ დაკრძალონ.

ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, აჭარის მთავრობაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლების ჯგუფი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მუფთი, ბეგლარ ქამაშიძეც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს დაპირება, რომ დაკრძალვის თარიღი გადავადდება და აღმოჩენილ ნეშტებს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში დაკრძალვის თარიღის გადადების შესახებ ინფორმაცია ვერ დაგვიდასტურეს. აქ გვითხრეს, რომ თარიღის გადავადების საკითხზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს, რომელიც ახლა ყალიბდება.

ბათუმში, სამარხში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამთავრობო კომისიას აჭარის მთავრობა ქმნის და კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან სამუფთო სამმართველოს და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლები.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ეს არის სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად განაცხადა, რომ ნაპოვნია 150 ნეშტი.

ეპარქიის განცხადებამ, რომ ნეშტების დაკრძალვას აპირებს 21 აპრილს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაკრძალონ.

საბჭოთა კვლევის ლაბორატორიამ გუშინ სახელმწიფოს მიმართა, მოთხოვნით – მიეცეთ საშუალება ექსპერტებს, შეისწავლონ ნეშტები.

სახელმწიფო ინსტიტუტები დღემდე აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ ამ პროცესში ჩართვას.

______

მთავარ ფოტოზე: აჭარაში აღმოჩენილი ნეშტები. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება

„მინდა მოგილოცოთ, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის. ჩვენს რეგიონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს ჩაწოლილი პროექტები. 2009 წელს არის დაწყებული ეს პროექტი. კატეგორიულად მიუღებელია ათი წლის მანძილზე ვერ ვახერხებდეთ პროექტების განხორციელებას,“ – ამ სიტყვებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მცხოვრებლებს ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დღეს მიულოცა.

აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარის მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტის ხელშეკრულებას ხელი დღეს, 11 აპრილს, საზეიმოდ მოეწერა.

ახალ ნაგავსაყარს ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გოგსენ ინსაათი“ ააშენებს.

როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, უშუალოდ მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან დაიწყება.

„რეალურად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ხვალ [12 აპრილს] ინჟინრები ჩამოვლენ, ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას და დაიწყება ე.წ. მობილიზაციის პერიოდი, რომელიც უნდა გაგრძელდეს ორი თვე. მაისის ბოლოს ჩვენ უნდა დავიწყოთ მშენებლობა,“ – ამბობს გიორგი ხალვაში.

ხელშეკრულების მიხედვით, „გოგსენ ინსაათს“ ნაგავსაყარის ასაშენებლად 18 თვე აქვს.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი ევროა, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) იაფი სესხის ფარგლებში გამოყოფს, ხოლო 4 მილიონ ევროს გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) გამოყოფს.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობებს შეიძენენ.

 

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს

ბიზნესმენი აჭარის მთავრობის ზეწოლაზე და თორნიკე რიჟვაძის პასუხი 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, „დექსთერ დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორის, ლევან კანთელაძის წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დღეს, 11 აპრილს ჰკითხეს. კანთელაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა მის ბიზნესს ავიწროებს.

„ბრალდება არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, უსუსური და მე არ ვთვლი, რომ ამაში ჩემი დრო უნდა იკარგებოდეს. ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო, არსებობს ბიზნესომბუდსმენი. ყველამ კეთილი ინებოს და ამ ინსტიტუტების გამოყენებით მიაღწიოს თავის სიმართლეს. მაგრამ ღია წერილებით, ბრიფინგებით, ვერავინ ვერ მიიღებს პრივილეგიას ჩემი მმართველობის დროს,“ – განაცხადა კანთელაძის პასუხად თორნიკე რიჟვაძემ.

სამშენებლო კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა, ლევან კანთელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა. კანთელაძე წერდა, რომ მის კომპანიას სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში პრობლემები შეექმნა. ბიზნესმენი პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ ვერ იწყებს მშენებლობას, შესაბამისად, ვერ ასრულებს  ვალდებულებებს, რადგან ე.წ. ბარაკული სისტემის დემონტაჟის თაობაზე ნებართვის გაცემა ჭიანურდება. ეს კი პირდაპირ აისახება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

კანთელაძის წერილი საპასუხოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აჭარის მთავრობას გადმოუგზავნა.

„მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ წერილში დასმული საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და აღნიშნულის თაობაზე პასუხი წარმოადგინოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,“ –  წერია წერილში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი აწერს.

მოკლედ კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ საქმეზე

შპს „დექსთერ დეველოპმენტი“ 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ბათუმში, ნინოშვილის #25-ში გეგმავდა. იმის გამო, რომ აღნიშნული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, მაღალი შენობის ასაშენებლად საჭირო იყო სპეციალური ნებართვა ე.წ. K2-ის გაზრდა.

კომპანია 2015 წლის თებერვალში დაფუძნდა. 2015 წლის მარტში აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, „დექსთერ დეველოპმენტს“ K2-ის გაზრდაზე ბათუმის მაშინდელ მერთან, გიორგი ერმაკოვთან  უშუამდგომლა.

პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც. კანთელაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია დღეს პროექტის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ.

კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს

ენმ ბათუმის მერიის შპს-ებში ნეპოტიზმზე საუბრობს და ინფორმაციას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მერიის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვს. ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელმა წუხელ [10 აპრილი] მერიაში გაათია ღამე, პროტესტის ნიშნად. ბათუმის საკრებულოს წევრის, როინ ზოიძის თქმით, მერიის შენობაში დარჩენას იქამდე აპირებენ, სანამ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიიღებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვობს, რომ სიების გასაჯაროების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ მერიაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და სწორედ ამიტომაც არ აძლევენ მათ მერიის ააიპებსა და შპს-ებში დასაქმებულთა სიებს. მერია კი აცხადებს, რომ ენმ-მ საჯარო ინფორმაცია უკვე მიიღო, დანარჩენი კი პერსონალური ინფორმაციაა.

„ვალდებული არიან დამფუძნებელ ორგანიზაციას მიაწოდონ ინფორმაცია, მათ შორის თანაშმრომლების, რომ გავერკვიოთ, არის თუ არა ამ კომპანიებში ნეპოტიზმი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლაშა კომახიძის, სულიკო თებიძის [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] ნათესავები არიან ამ კომპანიებში დანიშნულები მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე, სწორედ ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რა ნიშნით შეირჩა ეს ხალხი და გადავამოწმოთ, რეალობას შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია. სწორედ ამიტომ უნდა მოგვცენ ინფორმაცია.

ისინი აპელირებენ – საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ გვაქვსო. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ არ ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას, ჩვენ ვართ ამ შპს-ების დამფუძნებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად, ყველა კომპანიის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია თავის დამფუძებელთან, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ბათუმის მერიას 12 ა(ა)იპ-ი და 11 შპს აქვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში უკვე წლებია აყენებს საკითხს მუნიციპალური ორიგანიზაციების არაგამჭვირვალე საქმიანობაზე. ყველაზე ხშირად ამ მიმართულებით ისინი შპს „ბათუმის წყალზე“ ამახვილებენ ყურადღებას. „ბათუმის წყალი“ კი აცხადებს, რომ  საკრებულოს ფრაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 

„ბათუმის წლის“ ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შპს „ბათუმის წყალს“ 2019 წელს ორჯერ მიმართა. პირველ შემთხვევაში მოთხოვნილი იყო შპს „ბათუმის წყლის“ 2018-2019 წლების ბიზნესგეგმა და 2019 წლის შესყიდვების გეგმა. 

კომპანიის ინფორმაციით, მოთხოვნისამებრ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია ბიზნეს და შესყიდვების გეგმის შესახებ. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, მაშინ კომპანიამ განმარტა, რომ შპს „ბათუმის წყლის“ მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ წერილობითი სახით მიეწოდა ინფორმაცია, რომ შპს „ბათუმის წყალი“ დაფუძნებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ.

„კომპანია მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან პირდაპირი დაფინანსების წესით. შესაბამისად, კომპანია არ წარმოადგენს არც საჯარო დაწესებულებას და არც ადმინისტრაციულ ორგანოს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის ნაწილში შპს „ბათუმის წყალთან“ მიმართებაში არ ვრცელდება.
გარდა ამისა, მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პირად მონაცემებს, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“, – აცხადებს „ბათუმის წყალი“. 

ამავე თემაზე: 

„ბათუმის წყალი“ საკრებულოს ენმ-ის ფრაქციას პასუხობს

„თუ არ არის ნეპოტიზმი, მაშინ მოგვაწოდონ თანამშრომელთა სია“ – ენმ „ბათუმის წყალზე“

„რადიო ციტრუსი“ – ახალი რადიოსადგური ბათუმიდან იმაუწყებლებს

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ ინფორმაციით, „ჰერეთი“ აჭარაში ახალი ბრენდით – „რადიო ციტრუსით“ შემოვა, რომელიც ბათუმიდან იმაუწყებლებს ტალღაზე FM97.3. „რადიო ციტრუსი“ პირველი დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიოსადგურია, რომლის ოფისი და სტუდიაც ბათუმში იქნება.

„ბათუმში, აჭარაში ახალი ბრენდით და სახელით შევალთ. მაქსიმალურად ვეცადეთ დასამახსოვრებელი, რეგიონთან ასოცირებული, გემრიელი, მედიისთვის დამახასიათებელი: ტკბილიც და მჟავეც, ტალღოვანიც – ერთად ყოფილიყო…“ – ამბობს რამაზ სამხარაძე.

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ მედიაბაზარზე 20 წელია ოპერირებს. „ჰერეთმა“ დამოუკიდებელი მაუწყებლობა კახეთის რეგიონში 1998 წელს დაიწყო.

ამ თემაზე:

„ჰერეთი“ ბათუმში FM97.3-ზე ახალ რადიომაუწყებლობას იწყებს

 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო, გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა. ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. მიმდინარე, 2019 წელს კი, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ქვეყანაში მავნებლების შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრევენციული მექანიზმები ნაკლოვანებებით გამოირჩევა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიური ფაროსანა საქართველოს ტერიტორიაზე მისი მასობრივი გავრცელების შემდგომ, 2016 წლის სექტემბერში დააფიქსირა, მაშინ, როდესაც აზიური ფაროსანას მიერ სასოფლო სამეურნეო კულტურები უკვე დაზიანებული იყო. შესაბამისად, მავნებლის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს არა მასობრივი გავრცელების პრევენციული, არამედ შემდგომი რეაგირების ხასიათი ჰქონდა. სააგენტოს ფიტოსანიტარიული კონტროლის მეთოდოლოგია, რომელიც მავნებლების ქვეყნის
ტერიტორიაზე შემოჭრის და მასობრივი გავრცელების შესახებ რისკის დროული იდენტიფიცირების და პრევენციის ერთ­-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, არის ზოგადი ხასიათის და საჭიროებს მნიშვნელოვან დეტალიზაციას“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, ფაროსანას შემოჭრის და გავრცელების საფრთხის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ხელს შეუწყობდა მავნებლების პოპულაციის ლოკალიზებას გავრცელების შედარებით მცირე არეალზე.

2017 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ძირითად სამოქმედო გეგმას წარმოადგენდა მხოლოდ აშშ­-ის ექსპერტების რეკომენდაციები და მთავრობის განკარგულება. 2018 წელს განკარგულებას დაემატა სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაც, რომელიც, აუდიტის დასკვნით, არ არის საკმარისად დეტალური, იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას და არ შეიცავს მისაღწევი შედეგების შეფასების ინდიკატორებს.

განსახორციელებელი ღონისძიებები 2017 წელს მოიცავდა მხოლოდ სამ მიმართულებას: მონიტორინგი, კონტროლის ღონისძიებები და ცნობიერების ამაღლება, ხოლო სამეცნიერო-­კვლევითი სამუშაოების მიმართულება, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ გრძელვადიან პერიოდში ბრძოლის ერთ­-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაემატა 2018 წელს.

სურსათის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს 230 ათას ოჯახს გადაეცა პესტიციდი, თუმცა კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხული 734 ბენეფიციარიდან 25%-ს პესტიციდი საერთოდ არ გამოუყენებია.

გარდა ამისა, სახელმწიფომ, საინფორმაციო კამპანიისთვის გამოყოფილი 1,8 მილიონი ლარიდან 2018 წელს 1 მილიონზე მეტი ლარი ვერ აითვისა:

აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტის მიხედვით, ფაროსანამ განსაკუთრებით დააზიანა თხილის კულტურა. მოსავალი 2016 წელს − 16%-ით, ხოლო 2017 წელს 27%-ით შემცირდა. მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის მიყენებულმა ზარალმა კი, მარტო 2016 წელს, 69 მილიონამდე აშშ დოლარი შეადგინა.

„2018 წელს ძირითადად შეიწამლა თხილის და სიმინდის ნაკვეთები, ხოლო მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დამუშავდა მხოლოდ გზისპირების სიახლოვეს, 150 მეტრამდე რადიუსით. ძირითადად გამოყენებული იყო თერმული ნისლის ტექნოლოგია, რომელიც მავნებელზე რესპირატორული გზით მოქმედებს და ნარჩენი მოქმედების ეფექტი არ გააჩნია. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რჩებოდა დაუმუშავებელი ტერიტორიები, საიდანაც დამუშავებულ ფართობებზე ფაროსანას მიგრაციის რისკი მაღალი იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

წყარო: აუდიტის ანგარიში

დოკუმენტში აღნიშნულია სურსათის სააგენტოს შემდეგი განმარტება: „სახელმწიფოს არ აუღია ვალდებულება, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეძლებდა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას, შესაბამისად, ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული იყო მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, სლოგანით − „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“. სააგენტოს ხელთ არსებული სპეციალიზებული ტექნიკით, რომელიც გათვალისწინებულია დიდი ფართობების დასამუშავებლად, დაუშვებელია, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სასოფლო-­სამეურნეო და დეკორატიული კულტურები, ასევე შინაური ცხოველები, ნარჩენი მოქმედების ბიფენტრინის შემცველი პესტიციდების გამოყენებით მასობრივი შეწამვლითი სამუშაოების განხორციელება.“

ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებები განხორციელდა ბიფენტრინის და დელტამეტრინის შემცველი ინსექტიციდებით, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით ტოქსიკურია (WHO).

სააგენტოს განმარტებით, ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდების გამოყენება დაიწყო მხოლოდ აშშ­-­დან მოწვეული ექსპერტის რეკომენდაციის საფუძველზე, რადგან მიიჩნიეს, რომ მათი მრავალწლიანი გამოცდილება იქნებოდა საუკეთესო არჩევანი არსებული კრიტიკული სიტუაციის გათვალისწინებით. დელტამეტრინის გამოყენების გადაწყვეტილება კი ძირითადად დაეფუძნა ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ სააგენტოს გასული წლების გამოცდილებას.

„ერთიანი შემაჯამებელი დოკუმენტი, სადაც გამოჩნდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში რა გავლენა იქონია თითოეულმა იმ ფაქტორმა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ოპტიმალური ინსექტიციდების შერჩევისთვის, შედგენილი არ არის“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტი ასევე აღნიშნავს, რომ „სააგენტოს მიერ პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მიზნით აღებულ ნიმუშებში ბიფენტრინის და დელტამეტრინის ნარჩენი რაოდენობები არ აღემატება სტანდარტით დაშვებულ ნორმებს. თუმცა, მომავალში ქიმიური ნივთიერებების ინტენსიურად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, ზემოაღნიშნული კომპონენტების დაბინძურება გახდეს პრობლემური საკითხი. ამისათვის საჭიროა სააგენტომ გააგრძელოს დაბინძურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი“.

აუდიტი აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მასობრივი გავრცელების მიზეზი იყოს საბაჟო-­გამშვები პუნქტიდან იმპორტირებული პროდუქტები. თუმცა, ფაროსანას შემოჭრის გზები ოფიციალურ წყაროებში იდენტიფიცირებული არ არის.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სააგენტო კონტროლის ყოველწლიურ პროგრამას შეიმუშავებს მავნებლების ნუსხის საფუძველზე, რომელიც ბოლოს განახლდა 2014 წელს. ნუსხაში არარეგისტრირებული 104 და შეზღუდულად გავრცელებული 13 მავნებელია, რომელთა შორის აზიური ფაროსანა არ გვხვდება. სააგენტოს განმარტებით, საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის განახლება ხორციელდება ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) სიების გათვალისწინებით.

„EPPO-ს მონაცემებით, აზიური ფაროსანა სოჭში პირველად 2014 წელს დაფიქსირდა და 2015 წელს მასობრივად გავრცელდა აფხაზეთში, თუმცა ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდა 2016 წლის აგვისტოში, რაც დაგვიანებული აღმოჩნდა სააგენტოსთვის აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის დროული ზომების მისაღებად.

სააგენტოს განმარტებით, აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე შემოსვლა, სავარაუდოდ, 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც ზამთრობის პერიოდი დაასრულა და გააქტიურდა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ფაროსანა 2016 წელს კონტროლის ყოველწლიურ პროგრამაში არ შესულა, რადგან ვერც ნუსხიდან მოხვდა გეგმაში და ვერც მონიტორინგის მექანიზმებმა გამოავლინა დროულად მავნებლის მასობრივად გამრავლების საფრთხის არსებობა“, – აღნიშნავს აუდიტი.

2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ­-ერთ მიმართულებად საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა სამეცნიერო-­კვლევითი სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავს აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრების (ბიოაგენტები) გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობის და მიზანშეწონილობის განსაზღვრას და ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას.

„აღნიშნული მიზნებისთვის, სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტების გასაცემად ბიუჯეტიდან გამოიყო 500 000 ლარი 2018 წლის მაისში, ხოლო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 30 ოქტომბერს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები ჯერ არ დამდგარა“, – აცხადებს აუდიტი.

აზიური ფაროსანას შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

წყარო: აუდიტის ანგარიში

 

ნეშტების საქმეზე სამთავრობო კომისია შეიქმნება ეპარქიისა და სამუფთოს ჩართულობით – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში სამარხში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სპეციალური სამთავრობო კომისია იქმნება. როგორც რიჟვაძე აცხადებს, სამთავრობო კომისიას აჭარის მთავრობა ქმნის. რიჟვაძის თქმით, კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან სამუფთო სამმართველოს და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლები.

„მე მქონდა ძალიან აქტიური კონსულტაცია როგორც ეპარქიასთან, მეუფესთან, ასევე სამუფთო სამმართველოსთან და მივიღე გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის აღნიშნულ საკითხს. ამ ადამიანებს მიეგება სათანადო პატივი და სამოქალაქო წესით ვაპირებთ, რომ ის პატივი, რომელიც ამ ადამიანებს უნდა მიეგოს, მივაგოთ.

სამთავრობო კომისიაში იქნებიან ეპარქიისა და სამუფთოს წარმომადგენლები, მაგრამ  კოორდინაციას გაუწევს მთავრობის აპარატი და ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ პროცესები წარიმართოს კანონმდებლობის და ყველას პატივისცემის შესაბამისად“.

თორნიკე რიჟვაძემ არც ის გამორიცხა, რომ კომისიაში შესაძლოა ექსპერტებიც მიიწვიონ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ეს არის სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ფოტოებთან ერთად განაცხადა, რომ ნაპოვნია 150 ნეშტი.

ეპარქიის განცხადებამ, რომ ნეშტების დაკრძალვას აპირებს 21 აპრილს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაკრძალონ.

მუსლიმი თემი აცხადებს, რომ არ შეიძლება ნეშტების დაკრძალვა ქრისტიანული წესით, რადგანაც სამარხში სავარაუდოდ მუსლიმების ნეშტებიც უნდა იყოს.

საბჭოთა კვლევის ლაბორატორიამ გუშინ სახელმწიფოს მიმართა, რომ „ექსპერტებს მიეცეთ საშუალება, შეისწავლონ ნეშტები“.

სახელმწიფო ინსტიტუტები დღემდე აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ ამ პროცესში ჩართვას.

 

 

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით  105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით.   2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9% – ითაა გაზრდილი.

მშრალი სავაგონო ტვირთის გადაზიდვა, პირველი კვარტალი (‘000 ტონა)

მშრალი სავაგონო ტვირთის გადაზიდვა, პირველი კვარტალი (‘000 ტონა)

2018 წლიდან საქართველოს რკინიგზით ახალი ტვირთების, კერძოდ  ყაზახური ხორბლის და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება.

2019 წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – გადაზიდულია 18 000 კონტეინერი,  2018 წელთან შედარებით მაჩვენებელი 31% – ითაა გაზრდილი.

 

შემოსავალი საკონტეინერო გადაზიდვებიდან, პირველი კვარტალი (‘000 აშშ დოლარი

საკონტეინერო ტვირთბრუნვის მატებას საქართველოს რკინიგზაზე გარკვეულწილად ტრანზიტული ტვირთების მზარდი მოცულობა განაპირობებს – ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი  2018 წელს დაფიქსირდა

ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს  მშრალი ტვირთების, მათ შორის კონტეინერების მოზიდვასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე.

რეპრესირებულის შთამომავალი მთავრობისგან რეაგირებას ითხოვს: ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია

ნოდარ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, დიდაჭარაში ცხოვრობს. მისი ბაბუა, იუნუს შავაძე და ბაბუას ძმა 1937 წელს დაიჭირეს და, სავარაუდოდ, დახვრიტეს. ნოდარ შავაძე იმედოვნებს, რომ ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში, შესაძლოა მისი ბაბუის ნეშტიც აღმოჩნდეს. მისი თქმით, ბაბუა ბათუმში დააპატიმრეს.

ნოდარ შავაძე ამბობს, რომ ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარშიც იყო მისული, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს რომ დალაპარაკებოდა და ენახა რა პირობებშია შენახული სამარხიდან ამოღებული ნეშტები. მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

„ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა, იცით რა ღირს დნმ-ის გაკეთებაო, ორი ათასი ლარიო. მე ვუთხარი, რომ მზად ვარ გადავიხადო ეს თანხა, ოღონდ დადგინდეს ნამდვილად არის თუ არა ბაბუაჩემის ნეშტი სამარხში. მან მითხრა, თუ ასამდე მსურველი აგროვდებით, მაშინ შეიძლება დნმ-ის გაკეთებაო“, – გვიყვება ნოდარ შავაძე.

მისი თქმით, ოჯახისთვის დახვრეტილი ადამიანების იდენტიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია: „მამიდაჩემი 45 წელი ეძებდა ბაბუას. ადამიანი რაღაც ძვირფას ნივთს რომ კარგავ, ზოგჯერ მთელი ცხოვრება განიცდი. ჩვენ ადამიანები დავკარგეთ და ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია“.

ნოდარ შავაძე თითქმის 70 პროცენტითაა დარწმუნებული, რომ აღმოჩენილ სამარხში მისი ბაბუის ნეშტიც იქნება.

„ბაბუა სასულიერო პირი, იმამი იყო და ამ ნიშნით დაიჭირეს. ბაბუას ძმამ, რაღაც კავშირების წყალობით, ერთხელ მოახერხა მისი ნახვა დაჭერის შემდეგ. ბაბუა, სავარაუდოდ, დაკავებიდან 25 დღეში დახვრიტეს, რადგან ამის შემდეგ მის შესახებ ვეღარაფერი გავიგეთ.

იმავე საღამოს, როცა ბაბუაჩემი მისმა ძმამ მოინახულა, ძმასაც მიაკითხეს სახლში და წაიყვანეს. უთხრეს დაგელაპარაკებიან და გამოგიშვებენო, მაგრამ აღარც ის დაბრუნებულა. ეჭვი გვაქვს, რომ ის ხულოში დახვრიტეს, ბაბუა კი – ბათუმში. თუმცა არის ვარაუდი, რომ შესაძლოა ორივე ერთად დაეხვრიტათ“.

ნოდარ შავაძე ამბობს, რომ თუკი არ ჩაატარებს სახელმწიფო ნეშტების დნმ-ის ანალიზს, შესაძლოა პროცესები ცუდად წარიმართოს.

„ჩემს სახლთან გზის პირზე ნაეკლესიარია და იმ ადგილს სულ ვასუფთავებ – სასულიერო პირები რომ ჩამოივლიან, მოწესრიგებული იყოს-მეთქი. ასე ვცემ მათ პატივს. თუ ამ საქმეს ისე არ გადაწყვეტენ, როგორც გვინდა, არა მგონია იმ გზაზე მათ ისევ ამოიარონ“, – გვეუბნება ნოდარ შავაძე.

მისი თქმით, სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების მოთხოვნაზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

ლელობურთის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

წელს, 28 აპრილს, აღდგომა გურიის ერთ სოფელში განსხვავებულად აღინიშნება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში აღდგომას, ტრადიციულად, სოფელი ორ ნაწილად – ზემო და ქვემო შუხუთად იყოფა და ერთმანეთს ეჯიბრება სილითა და ნახერხით სავსე 18-კილოგრამიანი ლელოს ბურთის სოფლის ღელემდე მიტანაში.

წელს, მარტში, ლელობურთის ტრადიციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს, სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შეუპოვარ ბრძოლასთან.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ძირძველი თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება. სხვადასხვა მასალის მიხედვით აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო (რელიგიურ) დღესასწაულებზე თამაშობდნენ. ხოლო ძირითადად სათამაშო ცენტრად აღიარებული იყო: ფოთი, ბათუმი, ხონი, კულაში, სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი და სხვა.

ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ თამაშობაში მონაწილეობას იღებდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები: თავადები, აზნაურები, გლეხები.

რთულია ვიმსჯელოთ ზუსტად რომელ საუკუნეში გაჩნდა ეს თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღემდე თამაშობენ „ლელობურთს“ რომელიც სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე იმართება. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ბრძოლას უკავშირებენ.

„ლელო“ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს , „ცაცხვების ქვეშ“ იმართება. დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო რთულია ვთქვათ, რამდენ საუკუნეს მოიცავს ეს თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ გურულებმა მოახერხეს დღემდე შეენარჩუნებინათ ბრძოლის ამსახველ რიტუალად ქცეული სპორტის ეს ეროვნული სახეობა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მიუხედავად „ლელობურთის“ საუკუნეზე მეტი დროის არსებობისა, მას ისეთი სახეცვლილება არ განუცდია რაც ტრადიციას რადიკალურად შეცვლიდა.

ლელოს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ თავდაპირველად ბურთის სასაფლაოზე მიტანის ტრადიცია არ არსებობდა. ეს ტრადიცია მოგვიანებით, 1974 წელს დამკვიდრდა, როცა პირველად მიიტანეს ბურთი ერთ-ერთი ადგილობრივი გარდაცვლილი პირის, ლელოს ცნობილი მოთამაშის საფლავზე.

ძველადაც და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც თამაში ყოველთვის აღდგომის დღეს ტარდებოდა. კომუნისტების მმართველობის დროს კი ლელოს 1-ელ მაისს თამაშობდნენ.

1989 წელს ერთადერთხელ დაირღვა ტრადიცია, როცა ლელობურთი გურიის საზღვრებს გასცდა და სოფლის სასაფლაოს ნაცვლად 9 აპრილს დაღუპულთა სულის პატივსაცემად თბილისში, მემორიალთან დადეს.

წლების მანძილზე ბურთის აგდების პატივი ლელოს უხუცეს მოთამაშეს ჰქონდა. 10 წელზე მეტია ეს პატივი აქვს სოფლის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ საბას. ტრადიციულად ის დილით მიცვალებულთა პანაშვიდს ატარებს და ბურთს ეკლესიაში ინახავს საღამოს 5 საათამდე (თამაშის დაწყების უცვლელ დრომდე)“ – ვკითხულობთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გვერდზე.

2015 წელს გურიაში ლელო მსხვერპლით დასრულდა – შუახნის მამაკაცი თამაშის დროს გარდაიცვალა, თუმცა თამაში მაინც გაგრძელდა.

________________

მთავარ ფოტოზე: ლელობურთი გურიაში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ამავე თემაზე: 

ლელობურთი გურიაში [ფოტორეპორტაჟი]

 

თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს

თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, თიბისი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.

ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.

„Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული mPOS დისტანციური გადახდების და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „Payme“ ასევე წარმოადგენს ზოგიერთი უზბეკური ბანკის სესხების საბაზრო პლატფორმას.  „Payme“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:  „Payme“-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოვების მიმართულებით. ამით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილინამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. „Payme“-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოვებას და „Payme“-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ, „Payme“-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.“

როზმატოვ სარვარ ნაზრულაიევიჩი, Payme-ის მმართველი დამფუძნებელი: „მოხარული ვართ რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები და დაინტერესება გააჩნია უზბეკეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ჩვენ კომპანიას გადავიყვანთ შემდეგ ეტაპზე და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებს და მომსახურებებს.“

ამ ტრანსაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი.

Exit mobile version