მთავარი,სიახლეები

თუ ხისგან რაიმეს დამზადებას აპირებთ, დაურეკეთ ყოფილ პატიმარს 

11.04.2019 • 1642
თუ ხისგან რაიმეს დამზადებას აპირებთ, დაურეკეთ ყოფილ პატიმარს 

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მცხოვრები 29 წლის გიორგი ვარდია ხის ოსტატია. ამზადებს ნებისმიერი ტიპის ავეჯს, საეკლესიო ნივთებს, თუმცა ხეზე მუშაობა არ კმარა ოჯახის სარჩენად და როცა შეკვეთები არ აქვს, გიორგი კაფელსაც აგებს შეკვეთით, ელექტრიკოსობასაც ითავსებს, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ყოფილ პატიმარს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი მამა ჰყავს.

გიორგის პატარა კუთხე სახელოსნოსთვის შინ აქვს მოწყობილი. თუმცა აქამდე ხელსაწყოებისა და დანადგარების ნაკლებობას უჩიოდა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მან ხის დასამუშავებელი, გასაპრიალებელი დანადგარები, ბურღი და სხვა სამუშაო იარაღები შეიძინა, რაც საქმეს გაუმარტივებს.

„ხელსაწყოები ძალიან მჭირდებოდა, პატარა დეტალებს ხელით ვაკეთებ და ეს კარგიცაა, ხელნაკეთი მეტად ფასობს, მაგრამ დიდი ზომის ნაკეთობებს მთლიანად ხელით ვერ დაამუშავებ, წარმოუდგენელია. შრომა შემიმსუბუქა დანადგარებმა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

თუ ავეჯის, დეკორატიული ნივთების, ან სხვა რამის დამზადება გსურთ ხისგან, შეგიძლიათ ყოფილ პატიმარს დაუკავშირდეთ ნომერზე: 571 20 17 83 და სასურველი ნივთი შეუკვეთოთ, ამით საკუთარ წვლილს შეიტანთ ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის საქმეეში.

გიორგი ამბობს, რომ ნამუშევარი თვიდან თვემდე მისი ოჯახისთვის საკმარისი არ არის. სამომავლოდ გეგმავს ხეზე მუშაობა სხვებსაც შეასწავლოს და ამისთვის სახელოსნო სჭირდება. შინ ასეთი სივრცის მოწყობა არ შეუძლია და ამბობს, რომ სხვა რაიონში ან ქალაქშიც წავიდოდა სამუშაოდ სახელოსნო რომ გამოუყოს ვინმემ.

გიორგი ვარდიამ საპატიმროში ორწელიწად-ნახევარი გაატარა და 2017 წელს გათავისუფლეს. მან ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ „ფონდ თანაზიარისგან შეიტყო“, რომელიც ამ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტთან“, „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“ და „ფონდ აფხაზინტერკონტთან“ ერთად ახორციელებს ოთხ რეგიონში.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: