მთავარი,სიახლეები

რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში

12.04.2019
რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ჩხუბის მიზეზი გახდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ბათუმის წყლიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია კომპანიის თანამშრომელთა ვინაობისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ფრაქციამ ვერ მიიღო.

საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე აცხადებდა, რომ ინფრომაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტრონულ ფოსტაზე უკვე ჰქონდა და მათ ეს არ უნახავთ, მირდატ ქამადაძემ კი „ბათუმის წყლიდან“ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული, ამობეჭდილი წერილი წარმოადგინა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანია უარს ეუბნებოდა ფრაქციას ინფორმაციის მიწოდებაზე. მოგვიანებით ნატალია ზოიძემ განმარტა, რომ ის გულისხმობდა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მიწოდებულ სიას.

ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

ხმამაღალი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


თავდაპირველად ერთმანეთს ხელით შეეხნენ დეპუტატები მირდატ ქამადაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ირაკლი პატარიძე „ქართული ოცნებიდან“, მოკლე ხანში პროცესი უმართავი გახდა და საკრებულოს სხდომა შეწყდა.

საკრებულოს დარბაზში შემოვიდა პოლიცია, რომელიც მანამდე შენობის გარეთ იყო მობილიზებული.

სხდომა დაახლოებით ნახევარ საათში განახლდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ მოითხოვა იმ მოქალაქეების გაყვანა საკრებულოს დარბაზიდან, რომლებიც საკრებულოს დარბაზში დარჩნენ. მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაატოვებინონ საკრებულოს დარბაზი, თუ მან ხელი შეუშალა სხდომას და მოითხოვა სახელობითი სია, თუ ვინ შეუშალა ხელი სხდომის მიმდინარეობას.

პოლიცია ამ დრომდე სხდომათა დარბაზში რჩება.

ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: