მთავარი,სიახლეები

„იმპიჩმენტი არ გამოვა“ – „ოცნება“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებაზე

12.04.2019 • 1129
„იმპიჩმენტი არ გამოვა“ – „ოცნება“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებაზე

„ჩვენ არაფერ შუაში ვართ“ – ირწმუნებიან უმაღლესი საბჭოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის იმპიჩმენტის  ინიციატივის შესახებ ვკითხეთ. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ნათია კაპანაძე დირექტორობას ამ წლის შემოდგომაზე ისედაც ამთავრებს და ახლა „ეჭვების გაჩენა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესში არ შედიოდა“.

პარტია „ქართულ ოცნებას“ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში თავისი კვოტით არჩეული წევრი 2016 წლიდან აღარ ჰყოლია, მას შემდეგ, რაც ბორდი ზაზა ხალვაშმა დატოვა. საბჭოს ახალი წევრის, გიგა ჩხარტიშვილის არჩევა უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის ნოემბერში მოახერხა. გიგა ჩხარტიშვილი ირაკლი დარცმელიძესთან ერთად აპირებს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს. ირაკლი დარცმელიძე მრჩეველთა საბჭოს წევრად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარჩია.

„მნიშვნელოვანი ფასეულობაა ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობა ნებისმიერი მაუწყებლის და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს. ამ განსაკუთრებულობას იწვევს რამდენიმე ფაქტორი და ვფიქრობ, რომ ამაში არის ხელისუფლების წვლილი… ჩვენ ეს ამბავი [იმპიჩმენტის საკითხი] „ნეტგაზეთიდან“ გავიგეთ, გიგა ჩხარტიშვილი, მისი არჩევის შემდეგ არ გვინახავს… სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე ეჭვები ხელისუფლებას ყველაზე მეტად აზარალებს. ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის და არც შეიძლება შედიოდეს,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.

შენიშვნაზე, რომ შესაძლოა ხელისუფლებას უღირდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ეჭვების გაჩენა, თუკი ამის სანაცვლოდ თავისუფალი რედაქციაზე გავლენას მოიპოვებს, ცოტნე ანანიძემ მოკლედ გვიპასუხა: „მას უფლებამოსილების ამოწურვამდე ნახევარ წელიწადზე ცოტა მეტი აქვს დარჩენილი, არა მგონია, ჭკუათმყოფელ ხელისუფლებას აწყობდეს ისრების მისკენ წასვლა“ და აქვე დასძინა, რომ „ეს აბსოლუტურად ტელევიზიის შიდა პროცესია“.

იმპიჩმენტის პროცესში პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავს ირაკლი ჭეიშვილიც, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი. მას მოლოდინი აქვს, რომ ბორდი ნათია კაპანაძეს ვერ გადააყენებს.

„არა, მათთან საუბარი ამ თემაზე არ მქონია… გიგა ჩხარტიშვილი კი მისი არჩევის შემდეგ სახეზე არ მინახავს. ასე ვფიქრობ გარედან, რომ ამას ვერ შეძლებენ, იმპიჩმენტი არ გამოვა…“ – აცხადებს ის.

„შემოდგომაზე ისედაც უნდა აერჩია ახალი დირექტორი მრჩეველთა საბჭოს“, – გვითხრა ირაკლი ჭეიშვილმა, როცა მას მმართველი პოლიტიკური გუნდის შესაძლო დაინტერესებაზე ვკითხეთ. ირაკლი ჭეიშვილი არ მალავს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტები ზოგჯერ მასაც არ მოსწონს:

„მე ეს საჯაროდაც დამიწერია სოციალურ ქსელში, მაგრამ ერთია, ჩვენ რა მოგვწონს და არ მოგვწონს და მეორეა ის, რომ ტელევიზიები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები“, – დასძინა ირაკლი ჭეიშვილმა.

„ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესაც დაუკავშირდა, მაგრამ  მან სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/195528/

 

 

გადაბეჭდვის წესი