აჭარის ტელევიზია: მიმდინარე პროცესები სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება


სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გამოეხმაურა ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივას. მაუწყებლის განცხადებით, საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა.

მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.

იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [ქართული ოცნება] მიმართა. საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს, გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს.  ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია. წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე. მათგან იმპიჩმენტს ორი წევრი ითხოვს.

ამავე თემაზე: 

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.