მთავარი,სიახლეები

„აჭარა უნდა ადუღდეს“ – „ოცნება“ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს

19.05.2019 • 1751
„აჭარა უნდა ადუღდეს“ – „ოცნება“ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზუგდიდში, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და წარადგინა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო თათბირიდან პარტიის შტაბის წევრებმა გამოიტანეს და „ოცნების“ შტაბს მიაწოდეს.

თალაკვაძის თქმით, ჩანაწერის მონაწილეები „მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები – სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე“ არიან.

არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი დაახლოებით, 1.5 წუთიანია. ჩანაწერში ორი ქალის ხმა ისმის, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს, რომ აჭარა უნდა „ადუღდეს“, შემდგომ კი მას სხვა რეგიონებიდ შეუერთდნენ. ის ასევე ამბობს, რომ საჭიროა, ხალხი დაიძრას თბილისისკენ დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც და შეიქმნას „კონტროლირებადი გვირაბი“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამორიცხავენ პარტიის შტაბის რაიმე სახის კავშირი თალაკვაძის მიერ დასახელებულ ორ ქალთან.

„ის ორი პიროვნება, რომლებიც დასახელებულნი არიან ჩანაწერში, არ არიან „ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრები. თუმცაღა, ჩვენ ვგმობთ აბსოლუტურად ყველა ტიპის განცხადებასაც კი ძალადობის შესახებ. ამიტომ, მოვუწოდებთ შსს-ს, გამოიძიოს, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, რა პირობებში მოხდა ამის ჩაწერა. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია რაიმე ტიპის თათბირზე, რადგან, ვიმეორებ, ისინი შტაბის წევრები არ არიან“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

დღეს, 19 მაისს, აჭარაში მერის არჩევნები ხულოში მიმდინარეობს.

_____________

ფოტო: ნეტგაზეთი, მიხეილ გვაძაბია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: