მთავარი,სიახლეები

რა შედეგები გამოიწვია დაცულ ტერიტორიებზე ფასების გაზრდამ

18.05.2019 • 2116
რა შედეგები გამოიწვია დაცულ ტერიტორიებზე ფასების გაზრდამ

დაცული ტერიტორიების სააგენტომ დასავლეთ საქართველოში მდებარე დაცულ ტერიტორიებსა და მღვიმეებში შესასვლელი ბილეთის ფასი გაზარდა.

3 მაისიდან ტურისტებს უკვე გაზრდილი ფასის გადახდა უწევთ. ბილეთების გაძვირება გააპროტესტეს გიდებმა და ტურისტულმა კომპანიებმა, თუმცა უშედეგოდ. დაცული ტერიტორიების სააგენტო ფასის შემცირებას არ აპირებს. გიდებს კი წინასწარ გაყიდულ ტურებზე, ბილეთების გაზრდილი ფასის გამო თანხის დამატება უწევთ.

სოციალურ ქსელში, პროფესიულ ჯგუფებში ორი კვირაა განიხილავენ ბილეთების გაძვირებას. გიდები, რომლებსაც ოკაცესა და მარტვილის კანიონზე ტურისტები გადაჰყავდათ, აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც კანიონებთან ახლოს საპარკინგე ადგილები თითქმის ცარიელია. მათი მტკიცებით ფასის გაზრდამ ვიზიტორები შეამცირა.

სულ სხვას ამტკიცებს დაცული ტერიტორიების სააგენტო. სააგენტოდან მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის 1-16 მაისის პერიოდში მარტვილის კანიონს 9394 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2018 წლის იგივე პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 5399 იყო.

რაც შეეხება ოკაცეს კანიონს, 2019 წლის 1-16 მაისის პერიოდში 4628 ტურისტი ეწვია, ხოლო 2018 წელს 3688 ვიზიტორი. ამავე სტატისტიკის თანახმად 26%-იანი ზრდა არის ასევე პრომეთეს მღვიმეში მიმსვლელი ტურისტების, მხოლოდ სათაფლიის ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 19 %-ით. ჯამურად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 30 %-ითაა გაზრდილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ნიკო თევდორაშვილი სათაფლიაზე ვიზიტორთა შემცირებას იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით ხსნის. კითხვაზე, თუ რატომ გაიზარდა ფასები, პასუხობს:

“დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკო ტურისტული ობიექტების განვითარებას საქართველოში. სწორედ ამიტომ მოხდა ელექტრონული გაბილეთიანების სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს ქაღალდის ბილეთებიდან ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას. კომპანია guru.ge შეირჩა აუქციონის წესით. შემოგვთავაზა საუკეთესო ფასი და შემოვიდა მომსახურებაში. დაინერგა ელექტრონული ბილეთი და შესაბამისად დაემატა მომსახურების პროცენტი. ამან გამოიწვია ზრდა”.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი, ბილეთებზე ფასის ზრდას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაიკლებს ტურისტული ნაკადი დასავლეთ საქართველოში მდებარე დაცულ ტერიტორიებზე.

„ტურისტების რაოდენობა გაიზარდა თუ შემცირდა ამის წინა წლის მონაცემებთან შედარება სწორი არ იქნება. რადგან ეს პაკეტები დიდი ხნით ადრე აქვთ გაყიდული ტურისტულ სააგენტოებსა და გიდებს. ჯერ კიდევ ინერციით მიდის ტურისტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასის გაძვირების მიუხედავად მოთხოვნა დიდია. რადგან გაყიდულ პაკეტში ვერაფერს ვეღარ შევცვლით, გვინდა თუ არ  გვინდა ამ გაზრდილი ფასის გამო მაინც უნდა მივიყვანოთ  ტურისტი, სხვაობა კი საკუთარი ჯიბიდან დავამატოთ,“ – ამბობს ლაშა.

პროფესიულ ჯგუფში, სადაც გიდები თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ, ერთ-ერთი გიდი წერდა, რომ გაზრდილი ფასის გამო ერთ ტურზე 240 ლარის დამატება მოუწია. ნიკო თევდორაშვილი კი თვლის, რომ ბილეთების ფასის ზრდის გამო, ტურისტულები ზარალს არ განიცდიან.

მოდით ვიანგარიშოთ მარტივი არითმეტიკით, ბილეთი გაძვირდა 2,25 ლარით. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს კომპანიის მოგება რომელიმე ტურზე? გუგლი არსებობს, დაგუგლეთ და ნახავთ, რომ საშუალო ფასი არის $90 ერთ კაცზე. ამაში შედის სამი ობიექტი, სალხინო, მარტვილის მონასტერი და მარტვილის კანიონი. აქ მოგება ორი ლარია? ნამდვილად არაა ასე. მოდი ასე ვთქვათ – გიდს ზარალი არ უნახავს, შემოსავალი შეიძლება შეუმცირდა. მე მათი მესმის, რეალურად ისინი ბიზნესს აკეთებენ და უნდათ ნაკლები დანახარჯით მიიღონ მეტი მოგება. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ, მაგალითად, დაცულ ტერიტორიებზე ამის ფასად არ განვითარდეს ეკო ტურიზმი, არ  განვითარდეს ინფრასტრუქტურა ან არ ჩაიდოს ინვესტიციები. ეს ამის ფასად არ იქნება.

დაცული ტერიტორიების მთავარი მიზანი არის ტერიტორიების დაცვა და მოფრთხილება. ჩვენი საქმე არის ის, რომ ამით გვინდა ეკოტურიზმი განვავითაროთ. საქართველოს და მის სტუმრებს გავაცნოთ უნიკალური ბიომრავალფეროვნება. ჩვენი მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნებაა,“ – ამბობს ნიკო თევდორაშვილი.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ფასი ისევ გაიზარდოს.

„ბაზარზე რაზეც არის დიდი მოთხოვნა, როცა სერვისი იხვეწება, ფასებიც იზრდება,“ – ამბობს ის.

ლაშა ბერეკაშვილი კი ამბობს, რომ  გაზრდილმა ფასმა ტურისტულ კომპანიებს უბიძგა ახალი მარშრუტები მოიძიონ და ტურისტები სხვა ადგილებზე წაიყვანონ:

„ის ფინანსური, ტექნიკური თუ იურიდიული ბარიერი, რომელსაც ვაწყდებით, გვიბიძგებს იქითკენ, რომ მოვძებნოთ ალტერნატივები. ძიებაშიც ვართ უკვე. რაც შეეხება სტატისტიკას, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის სტატისტიკა როცა დაიდება, როცა ყველა ახალ რეალობაზე გადაეწყობა, მაშინ გამოჩნდება გაიზრდება თუ შემცირდება იმ ადგილების ვიზიტორთა რაოდენობა, სადაც ფასი გაზარდეს“.

გარდა ფასებისა, გიდებისთვის პრობლემაა პრომეთეს მღვიმეში საათობრივი შეზღუდვის დაწესება. მაგალითად, როდესაც ელექტრონულ ბილეთს ყიდულობს ტურისტი, იქ მითითებულია შესვლის დრო. თუკი დააგვიანებს და დროზე არ გამოცხადდება, ბილეთი უქმდება. ტურისტული კომპანიების შემთხვევაში ზარალი გაცილებით დიდია, დაგვიანება ავტომატურად ნიშნავს მთელი ჯგუფისა ბილეთის გაუქმებას.

“ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. მაგალითად, ამერიკულ მუზეუმებში როცა ყიდულობ ბილეთს ყიდულობ რატომ? რიგში არ მოგიწიოს დგომა და იცოდე სეანსი როდის არის. ჩვენ ბილეთებს აწერია, რომ ადგილზე უნდა გამოცხადდნენ 20 წუთით ადრე. კინოზეც, თვითმფრინავზეც, ყველგან ასეა. ეს არის თვითორგანიზების საკითხი. თუ ეჭვი გეპარება, რომ დანიშნულ დროს ვერ მიხვალ, შეგიძლია გზიდან იყიდო 15 წუთით ადრე. ისე უცხოელებზე ჯერ არ გვქონია შემთხვევა ეყიდოთ და დაეგვიანებინოთ”.

ნახევრად ცარიელი პარკინგი მარტვილის კანიონთან. გიდები ამბობენ, რომ წლის ამ დროს კანიონზე პარკინგის ადგილის პოვნა ჭირდა. ფოტო: ლაშა სილაგაძე

ბილეთებზე ფასის ზრდა არ არის ერთადერთი, რითიც უკმაყოფილოები არიან მოქალაქეები. სოფელ კინჩხის მოსახლეობა ითხოვს, რომ ჩანჩქერის ტერიტორიაზე ადგილობრივები უფასოდ შევიდნენ. ამ მიზნით მათ პეტიციაც შექმნეს, რომელსაც დღეისათვის 92 ხელმომწერი ჰყავს.

„6 მაისს, კინჩხას ჩანჩქერის გახსნის შემდეგ, ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის, ფასიანი გახდა იმ ადგილზე შესვლა, რომელსაც საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ვიცნობთ. იდენტური მდგომარეობაა გორდში – ოკაცეს კანიონზე. დღეები, როდესაც ჩანჩქერსა და კანიონზე თავისუფლად ჩასვლა და გადაადგილება შეგვეძლო, სადღაც გაქრა. წარმოუდგენლად მიგვაჩნია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოითხოვო 10 ლარი, რომ მშობლიურ ადგილზე მოხვედრა შეძლოს,“ – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორი ფიქრია გელენიძეა. ის ამბობს, რომ პეტიციის შედგენა სოფელ კინჩხისა და გორდის მოსახლეობამ სთხოვა.

„ამ ადამიანებისთვის ეს ადგილები სოფლის შემადგენელი ნაწილია და იქ გადასაადგილებლად ყოველდღიურად ფულს ვერ გადაიხდიან,“ – ამბობს ფიქრია გელენიძე.

„გავეცანი პეტიციას და მინდა გითხრათ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ ახალია, როცა ეკოტურისტული ადგილი  იხსნება. თუ გახსოვთ მარტვილზე ანალოგიური იყო. იყო სათაფლიაზეც პრობლემები, მაგრამ ობიექტის ამოქმედებიდან წელიწად-ნახევარში რადიკალურად იცვლება დამოკიდებულება.

კინჩხის ჩანჩქერზე ბილიკი მოწყობილია ისეთ ადგილას, სადაც ქვათაცვენა არაა, ასევე დაცულია მდინარის ადიდებისგან თუ სხვა საფრთხეებისგან. ამას გარდა, კინჩხის ტერიტორიაზე არის სხვა ადგილები, სადაც ადგილობრივებს შეუძლიათ თავად შესთავაზონ ტურისტებს ტურები და დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ულევ შესაძლებლობას იძლევა განვითარებისას. ის თემა, რომ  მე აქ გავიზარდე, მე ასე ვიტყოდი, რომ საქართველოა მთლიანად და კახელი რატომ უნდა დაიჩაგროს კინჩხაში მაგალითად, თუ კინჩხელს უფასოდ შეეძლება შესვლა? პეტიციის მიუხედავად ფასი არ შეიცვლება და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იქნება ერთი და იგივე. გახსნის დღეს ჩანჩქერზე შესვლა გვქონდა უფასო. ყველა მაცხოვრებელი შევიდა და დაათვალიერა. ყოველდღე იქ სიარული რა აუცილებლობაა არ ვიცი. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, ჩვენ გვინდა ამ ხალხს მივაღებინოთ ამ ხალხს  სარგებელი. აქტიურად ვმუშაობთ სარეკლამო მიმართულებით. ოკაცეს ჩანჩქერის განვითარებით კინჩხამ უკვე მიიღო სარგებელი. წარმოგედგინათ რომ კინჩხაში ვინმეს შეიძლება მიწა ეყიდა 70 ათას დოლარად ორი წლის წინ? ახლა სასტუმროსთვის მიწა იყიდა ინვესტორმა. ეს გამოიწვია იმან რომ იქ ორგანიზებული ტურიზმია და ეს მართულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, “ – ამბობს ნიკო თევდორაშვილი.

რა ღირდა შესვლა დაცულ ტერიტორიებზე და როგორ გაიზარდა  ფასები 3 მაისიდან

მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მარშრუტზე, მარტვილის კანიონზე შესასვლელი ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან 10,35 ლარამდე გაიზარდა. უცხოელებს კი  15 ლარის ნაცვლად 17,25 ლარის გადახდა მოუწევთ.

მარტვილის, ოკაცეს კანიონის, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმის სანახავად საქართველოს მოქალაქეებს 3 მაისამდე 34 ლარის გადახდა უწევდათ. ახლა კი იგივე ადგილების სანახავად 39,05 ლარის გადახდა უწევთ.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 3 მაისამდე ამ ოთხ ტურისტულ ადგილას შესვლა 65 ლარი უჯდებოდათ, გაძვირების შემდეგ კი იგივე ბილეთების ფასი 74,75 ლარი გახდა.

კიდევ ერთი ტურისტული ატრაქცია კინჩხას ჩანჩქერი 6  მაისს გაიხსნა. ჩანჩქერზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებმა 10,35 ლარი უნდა გადაიხადონ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი 17,25 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: