მთავარი,სიახლეები

ხულოს მერობის მდუმარე და მოლაპარაკე კანდიდატები წინასაარჩევნოდ

16.05.2019 • 2066
ხულოს მერობის მდუმარე და მოლაპარაკე კანდიდატები წინასაარჩევნოდ

„მაღალი თანამდებობიდან მეტის გაკეთება შეიძლება,“ – მიიჩნევს როლანდ აბულაძე. ის ხულოს მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელიც ამავდროულად ხულოს მერიაში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას და მერობის სხვა კანდიდატებს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა. 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხულოში, მერს აირჩევენ.

ხულოში მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დრომდე მედიაში არ გამოჩენილა. ისინი არ პასუხობენ ჟურნალისტებს, ან ღიად ამბობენ, რომ საუბარი არჩევნებზე არ სურთ. უცნობია, რას სთავაზობენ ეს კანდიდატები ამომრჩევლებს.

„არ ვაკეთებ მე საერთოდ კომენტარს, არჩევნების თემაზე არ ვსაუბრობ“, – გვითხრა ხულოს მერობის კანდიდატმა „თავისუფალი საქართველოდან“ საბა ბობოხიამ.

კომენტარისთვის, მაგალითად, ვერ მოიცალა „სოციალური სამართლიანობის“ მერობის კანდიდატმა ზურაბ ხიმშიაშვილმა. მას „ბათუმელები“ დღის განმავლობაში სამჯერ დაუკავშირდა. სამივეჯერ მერობის კანდიდატმა გვითხრა, რომ ტირილში იმყოფება.

სხვა მიზეზით გვითხრა უარი კომენტარზე „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა. „მასაჟს ვიკეთებ, არ მცალია, თბილისში ვარ, 18-ში ავალ ხულოში და გავაკეთებ კომენტარს…“ – აღნიშნა ნუგზარ ფუტკარაძემ.

წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს დამოუკიდებელი კანდიდატი და ხულოს მერიის თანამშრომელი, როლანდ აბულაძე.

„მხოლოდ ის გავიგე, რომ ბაღის თანამშრომლებს და უბნის ექიმებს, ასე ვთქვათ, რჩევებს აძლევენ, „ოცნებას“ დაუჭირეთ მხარიო, სხვა არაფერი გამიგია…“ – აცხადებს როლანდ აბულაძე. იგი არ მალავს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატობამდე კონსულტაციები პარტია „ქართულ ოცნებასთანაც“ ჰქონდა, მაგრამ ვერ შეთანხმდა და საბოლოოდ, არჩევნებზე უპარტიო კანდიდატობა არჩია.

„პირდაპირ გეტყვით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არ არსებობს… ვინც ხულოს მუნიციპალიტეტში აქამდე ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს, მათ არ აქვთ პროტესტი „ნაცმოძრაობიდან“ პორტირებულ ადამიანებზე. მძიმე რეალობაა… მე კანდიდატობა გადავწყვიტე, რადგან მერები მიდიან, დაპირებები კი შეუსრულებელი რჩება,“ – ამბობს როლანდ აბულაძე.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხულოს მერიის სოციალურ სამსახურში მუშაობს და იმ განყოფილებას ხელმძღვანელობს, რომელიც სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე ზრუნავს. „ჩვენ უნდა ვიყოთ ხერხემალი ამ რაიონის“, – მიიჩნევს მერობის კანდიდატი და აქცენტს სოციალური პროგრამების გაძლიერების აუცილებლობაზე აკეთებს.

„ჩემი გამარჯვების შანსი დიდია – ხალხს სოციალური პრობლემები აქვს, აბულაძეებიც მრავლად ვართ,“ – ამ არგუმენტებით საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია ხულოს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, როლანდ აბულაძე.

„ხალხი შიშისგან ხელს აღარ მართმევს,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი, ირაკლი ჯორბენაძე. მისი თქმით, „ოცნებამ“ ხალხი ასლან აბაშიძისეული მეთოდებით დააშინა და ადამიანებს კომუნიკაციაც აღარ სურთ „ოპოზიციონერ კანდიდატებთან“.

„ვინც შემხვდა ლამაზად და გამართულად, ყველას პრობლემები შეექმნა… აღსანიშნავია ღორჯომში, სოფელ ლაბაიძეებში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა. იქ ჩავრთე ფეისბუქლაივი, რადგან მერაბ ბერიძის ოჯახს ჰყავს უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვი, ამ ოჯახს მოუხსნეს სოციალური შემწეობა 2016 წელს… რადგან ფეისბუქლაივში ამ ოჯახმა უსაყვედურა ხელისუფლებას, მივარდნენ იქ, ვახტანგ ბერიძეც იყო მისული და დააშინეს, გააჩუმეს. მერე დამიკავშირდნენ ამ ოჯახიდან და მითხრეს, არაფერი არ გვინდა, ხელისუფლებას ვერ დავუპირისპირდებითო…“ – გვიყვება ირაკლი ჯორბენაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატის გვერდით ასევე ხშირად ჩნდებიან მერიის და მუნიციპალური ააიპ-ების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ დროს სამსახურში უნდა იყვნენ.

ირაკლი ჯორბენაძე არაპირდაპირ მოსყიდვაზე საუბრობს – კოორდინატორებსა და აგიტატორებზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო უბნებზე ჰყავს.

„თითო უბანზე 35-მდე კოორდინატორი და აგიტატორია. წარმოიდგინეთ მათი ოჯახის წევრები… ეს არის არაპირდაპირი მოსყიდვა. სოფელ დიოკნისში „ოცნების“ აგიტატორი იმავე სოფლის რწმუნებული ვაჟა შავაძეა. ის ხელითაც შეეხო ჩვენს მხარდამჭერს – რეზო შავაძეს, როცა სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა. პოლიციას მივმართეთ, მაგრამ გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცი… ჩვენ არ ჩავბარდებით, უნდა გადავდენოთ ეს ხალხი აქიდან“, – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე.

„ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ იყო, სიტყვიერი იყო მხოლოდ, შევკამათდით და დღეს ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით,“ – ამბობს სოფელ დიოკნისში მცხოვრები რეზო შავაძე. მისივე თქმით, პოლიციას ის არ დაუკითხავს. დიოკნისის თემის რწმუნებულმა ვაჟა შავაძემ კი, ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

„მე ამ დაპირისპირების შესახებ არაფერი ვიცი… რეზო შავაძე ჩემი მერობის დროს რწმუნებული არ იყო. არ ვიცი, ვისზე საუბრობს ჩემი ოპონენტი,“ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ, ხულოს მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“.

ვახტანგ ბერიძემ არ გაგვიმხილა, რამდენი კოორდინატორი, აგიტატორი და ზონის უფროსი ეხმარება არჩევნებზე. გვითხრა, რომ რაოდენობა არ ახსოვს და ხაზი გაუსვა კანონს, რომელიც აგიტატორების სიმრავლეს არ კრძალავს.

კანონი მოიშველია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საჯარო მოხელეების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოჩენაზეც.

„ვისაც სურვილი აქვს და პატივს მცემს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, სადაც კანონი არ ზღუდავთ, არასამუშაო საათებში და დღეებში ხვდებიან ისინი მოსახლეობას ჩემთან ერთად,“ – ირწმუნება ვახტანგ ბერიძე, რომელიც კანდიდატად დასახელებამდე ხულოს მერის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი პოლიციის უფროსი იყო ხულოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: