რა მოიტყუა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ დღეს პარლამენტში


„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ღავთაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, 16 მაისს, პარლამენტში, რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ის შეურაცხყო. მაკო ღავთაძის თქმით, საკითხი შეეხებოდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ზაზა ვაშაყმაძე ამტკიცებდა, რომ ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

„მე შეხვედრაზე ვახსენე რომ გარკვეული პროცესები დაიწყო ფრესკების რესტავრაციასთან დაკავშირებით და ვისაუბრე იმ პრობლემაზე, რომ წლებია სახურავი არის დაზიანებული, ჩამოდის წყალი, რის გამოც დაზიანებულია ფრესკები. ამაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი და დოკუმენტირებულია მედიითაც. „ბათუმელებსაც“ არაერთხელ გაგიშუქებიათ ეს საკითხი, რომელიც ძალიან მტკივნეულია კათოლიკე ეკლესიისთვისაც, რადგან ზიანდება ფრესკები და ამით იშლება ისტორიული კვალი.

ზაზა ვაშაყმაძემ, საკმაოდ დესტრუქციული ფორმით, აგრესიულად, შეურაცხმყოფელი ფორმით დამადანაშაულა სიცრუეში და მითხრა, რომ მე ვიტყუებოდი, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დიდი ხანია ჩატარდა და უკვე დასრულებულიც არისო“, – გვეუბნება მაკო ღავთაძე, რომელიც „ბათუმელებს“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ასევე არ ფლობდა რეალურ ინფორმაციას.

„მე ვუთხარი, რომ რესტავრაციის დასრულებაზე ინფორმაცია არ მქონდა და ძალიან კარგია, თუ ეს ასე არის-მეთქი. რა თქმა უნდა, ეჭვი შემეპარა მის ნათქვამში და ამიტომ გადავამოწმე „ბათუმელებთან“ ეს ინფორმაცია“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

შეხვედრაზე იმყოფებოდა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძეც, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრაზე ფრესკების რესტავრაციის დასრულების შესახებ ნამდვილად განაცხადა.

ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამიტომ, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით „ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის თქმით, ამ დროისთვის დასრულებულია მხოლოდ ფრესკების რესტავრაციის პროექტზე მუშაობა, სარესტავრაციო სამუშაოები კი დაწყებული არ არის.

„პროექტი და ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია 300 ათას ლარზე, თუმცა შესყიდვის სამუშაოებს ვერ ვიწყებთ, რადგან სახურავი არ არის გადახურული. როცა გარემონტდება, რომ წყალი არ ჩამოვიდეს, მერე დაიწყება რესტავრაცია“, – გვითხრა მან.

ზაურ ახვლედიანი ინფორმირებული არ არის, ვინ იმუშავებს ტაძრის სახურავის აღდგენაზე. „ჯერ არ ვიცით, ვინ გააკეთებს სახურავს, საპატრიარქო თუ სახელმწიფო. სანამ არ გადაიხურება, მანამდე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერსაც ესაუბრა. დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დაწყებული არ არის. მან ასევე გვითხრა, რომ ისევ არ არის ტაძრის გადახურვის საკითხი გადაწყვეტილი. „სამი თვის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ სახურავს ფონდი „ქართუ“ აღადგენდა, თუმცა ამის შემდეგ ჩვენთვის ახალი არაფერია ცნობილი“, – გვითხრა დეკანოზმა.

რელიგიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში რამდენიმე თვეა რაც შეიქმნა. ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობენ როგორც სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსაც დაუკავშირდა. გვინდოდა გვეკითხა, რის საფუძველზე აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე, რომ ბათუმის საკათედრო ტაძარში ფრესკების რესტავრაცია დასრულებულია. უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

ამავე თმაზე:

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com