ეს ჩვეულებრივი ანკარაა – სპეციალისტი ბათუმის გარეუბანში გამოჩენილ გველებზე


ბათუმის გარეუბანში, ანგისაში, გამოჩენილი ქვეწარმავლები ბოლო დღეებია განხილვის თემაა. ფეისბუქზე გველის არა ერთი ფოტო გავრცელდა ანგისაში მცხოვრებთა მიერ გადაღებული. რა ჯიშის სახეობის გველებია გამოსახული ფოტოებზე და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი გველის დანახვაზე? – ამ თემაზე კომენტარი თბილისის ზოოლოგიური პარკის ეგზოტარიუმის განყოფილების უფროსს, კონსტანტინე ფხაკაძეს ვთხოვეთ, მანამდე კი, სპეციალისტს ფოტოები გადავუგზავნეთ.

კონსტანტინე ფხაკაძე ამბობს, რომ ფეისბუქში გავრცელებულ ფოტოებზე ანკარაა გამოსახული, რომელიც შხამიანი არ არის:

კონსტანტინე ფხაკაძე

„ეს არის ჩვეულებრივი ანკარა, რომელიც ბინადრობს ჭაობიან, წყლიან ადგილებში და შხამიანი არ არის. ეს სახეობა იკვებება პატარა მღრღნელებით, ამფიბიებითა და მწერებით. თუ მის დაჭერას შეეცდებიან, ანკარამ შეიძლება უკბინოს ადამიანს, მაგრამ შხამიანი არ არის.

აჭარაში ძირითადად გვხვდება მცურავი ანკარა და გველგესლა. ამათგან შხამიანი მხოლოდ გველგესლაა, რომელიც უფრო მთიან რეგიონებშია გავრცელებული.

გველების გამოჩენა დაკავშირებულია ტემპერატურასთან, უკვე დათბა და გველებმა გამოიღვიძეს. გველები იზამთრებენ სარდაფებში, სხვენებში, გაუქმებულ ჭებში… ზოგადად, დაბიძნურება სადაც დიდია, იქ თაგვიც მრავლდება და, შესაბამისად, გველიც, რადგან თაგვი გველისთვის საკვებია. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობაში გველი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ცხოველია, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მღრღნელებს. თუ სისუფთავეს შევინარჩუნებთ და აქეთ-იქით დაყრილი არ იქნება სხვადასხვა საგანი, გველსაც ნაკლები თავშესაფარი ექნება.

დაჭაობებული ადგილები მათი სახლია. გარდა ამისა, შეიძლება ადამიანებმა ააშენონ ისეთ ადგილას სახლი, სადაც გველები ბინადრობდნენ. ამ შემთხვევაში გველი კი არ ჩნდება მათ სახლებთან, არამედ მათი სახლი ჩნდება გველის სახლთან.

გველთან შეხვედრისას ადამიანი, პირველ რიგში, არ უნდა ეცადოს გველის დაჭერას. კბენის შემთხვევები ძირითადად არის ხელზე.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ გველის დანახვისას, ერთი ნაბიჯით უნდა დაიხიოთ, უნდა გაერიდოთ. გველი თავდასხმაზე არ იფიქრებს, თუ ძალიან ახლოს არ არის ადამიანი მასთან და ეს თავდასხმად არ მიიღო.

გველის წინააღმდეგ იყენებენ გოგირდს, მაგრამ ეს ადამიანისთვისაც საშიშია, თუ, მაგალითად, თვალში მოისვა ხელი ადამიანმა ან თუ ალერგიულია… თუ ადამიანი არასწორად გააკეთებს რამეს გოგირდის გამოყენების დროს, შეიძლება უფრო დაზიანდეს, ვიდრე გველის დანახვით.

გველებს ანადგურებენ კატები, კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და მტაცებელი ფრინველები.“

_______________________

ამავე თემაზე: მიმართვის შემთხვევაში მერია ქვეწარმავლებს დაიჭერს და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებს

როგორ მოვიქცეთ გველის დაგესვლის დროს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com