ქალები მარწყვის ბაღიდან


გობრონეთი პატარა სოფელია ქედაში, მთის ფერდობზეა გაშენებული და ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელად ხუთი კილომეტრი აღმართი უნდა აიარო. სოფელში მუდმივად 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ზაფხულობით, ძირითადად, ქალები რჩებიან, კაცები თურქეთში ჩაის საკრეფად ან მშენებლობაზე სამუშაოდ მიდიან. ამის გამო სოფლის სამუშაოების მთელი სიმძიმე ქალებზე გადადის. ნანული, შუშანა, მაია და ნანი გობრონეთში ცხოვრობენ. წლებია მარწყვის ბაღებს უვლიან და მოწეულ მოსავალს ქალაქში ყიდიან.

მათი დღე მზის ამოსვლისთანავე, დილის ექვს საათზე იწყება. ჯერ ბაღში ჩადიან, მარწყვს და სხვა ნარგავებს დახედავენ, შემდეგ საქონლის სადგომს მიაშურებენ, უცებ ჩამოწველიან ძროხებს, გარეთ გაუშვებენ და მერე, სანამ ბაღში მუშაობას დაიწყებენ, სულ მცირე დრო აქვთ ყავის დასალევად.

„ყავა ერთად უნდა დავლიოთ,“ – მეუბნება ნანული და თან მეზობელს გასძახის – „შუშანაა, ყავა გადუღდა გოგოო, ჩქარა“, „ნანიი… ჩამოდი და, გაცივდა ყავა“. მისი ხმა სოფლის შუკებში ექოსავით ისმის.

ქალები ყავას სვამენ და მერე ბაღისკენ მიდიან.

მარწყვის ბაღები გობრონეთში დაახლოებით ოცი წლის წინ გაჩნდა. ჯერ ერთმა მოაშენა, კარგი მოსავალი რომ მიიღო, მერე მეზობლებმაც გადაიღეს და ახლა უმრავლესობას მოჰყავს.

შუშანა ამაღლობელს უზარმაზარი მარწყვის ბაღი აქვს. ბაღში მარწყვის დასაკრეფად მეზობლის ქალები ეხმარებიან. მარტო მოკრეფა ძნელია. კითხვაზე, თუ რა ერთულებათ ყველაზე მეტად, „კრეფა“ – სინქრონულად მპასუხობენ ქალები.

მარწყვი ყოველ მეორე დღეს იკრიფება. ეს „პირველი საბაზრო პროდუქტია“, რომელიც გრძელი ზამთრის შემდეგ სოფელში ჩნდება და რომლიდანაც შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

„ფრჩხილით თუ არ მოწყვიტე, ისე ვერ იზამ. ხელებს აშავებს ძალიან,“ – ამბობს შუშანა და კრეფას იწყებს.

შუშანა ამაღლობელი

ქალებს ვკითხე, ეხმარებიან თუ არა კაცები მუშაობისას.

„ქალების შრომაა ეს. ადრე უფრო დიდ ადგილებზე ვრგავდით, ახლა ვეღარ ვკრეფთ და ამიტომ დიდ ფართობზე აღარ ვრგავთ,“ – ამბობს ნანი. მასაც მარწყვის ბაღი აქვს. მისი მარწყვიც დასაკრეფია, მაგრამ ჯერ შუშანას ეხმარება.

„კაცებისთვის ძნელია. ამას უნდა ნერვები. მთლიანად ნაყოფს ექაჩებიან, ფუჭდება, იჟეჟება, მერე წყლად იქცევა. ჩაყრი, ჩეიჟეჟება. ჯობია ისევ ჩვენ მოვკრიფოთ,“ – ამბობს ნანული.

„მამაკაცები რომ ბაღში ჩამოიყვანო, გააფუჭებენ… ესაა სათუთი მოსაკრეფი,“ – აგრძელებს ნანი.

„კი მოკრეფენ, მაგრამ არ კრეფენ,“ – ნანის სიტყვას აწყვეტინებს მაია. „ადრე გვეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა აღარ გვეხმარებიან. რატომ და წელი ეტკინათ,“ – ამბობს ის და იცინის.

ქალები ამბობენ, რომ მათი შრომა დაუფასებელია. მხოლოდ მარწყვის ერთი ბაღიდან სეზონზე 1000-1500 ლარის შემოსავლის მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის მოვლა-პატრონობა მთლიანად ქალების კისერზეა, შემოსავალს მხოლოდ თავიანთი საჭიროებებისთვის ვერ ხარჯავენ.

„ოჯახში ნაწილდება,“ – ამბობენ ისინი და არ აკონკრეტებენ უშუალოდ მათთვის თუ ახერხებენ რაიმე თანხის დახარჯვას.

„შვილები ქალაქში ცხოვრობენ. ჩემი მეუღლე და მე სოფელში ვართ. მოგვყავს ნატურალური პროდუქტი და ვუგზავნით შვილებს, შვილიშვილებს. არავინ არ მავალებს, რომ ასე დატვირთულად ვიმუშაო, მაგრამ მე თვითონ მინდა. ვხალისობ ასე.

მთელი ცხოვრება ვშრომობდი და მინდა სანამ შემეძლება, კიდევ ვიშრომო. სოფელში როცა ხარ, სოფლისა ყველაფერი უნდა გქონდეს. მაგალითად, სოფელში ხარ და ქათამი და ძროხა არ გყავდეს, არ შეიძლება. სხვაზე არ უნდა იყო დამოკიდებული. შენით გააკეთებ და შენი გექნება,“ – ამბობს შუშანა ამაღლობელი.

ქალები მარწყვის ბაღიდან

ეს ამბავი სოფლად მცხოვრებ ქალებზეა. ისინი ქედაში, სოფელ გობრონეთში ცხოვრობენ, ერთმანეთის მეზობლად. ჭირშიც და ლხინშიც ერთად არიან, მძიმე შრომასაც ერთად ინაწილებენ. სოფელში კაცები თითქმის არ არიან, ყველა სადღაც არის სამუშაოდ წასული. ამიტომ ყველა საქმე ამ ქალების კისერზეა.ნახეთ სტატია ამ თემაზე: http://batumelebi.netgazeti.ge/news/208803/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2019

„იმისთვის ვშრომობ, რომ შვილებს კარგი მომავალი შევუქმნა. სამი შვილი მყავს. გოგო მესამე კურსის სტუდენტია, ბიჭი – პირველი კურსის. მესამემ წელს უნდა ჩააბაროს. ყველაფერს მათთვის ვაკეთებ,“ – ამბობს მაია ბერიძე.

მაიას გობრონეთში თამბაქოს პლანტაცია აქვს. ამას გარდა, კიტრი, პომიდორი, ლობიო, ბულგარული და კარტოფილი მოჰყავს.

„მარწყვი რომ დამთავრდება, მერე კიტრი შემოვა, მერე პომიდორი, მერე კარტოფილი, დაზამთრებამდე საქმე არ მელევა,“ – ამბობს მაია.

ნანული ბოლქვაძემ წელს იმდენი მარწყვი დარგო, რამდენიც მას და მის ოჯახს სჭირდებოდა. წელს პირველად თქვა უარი დიდ ბაღზე – ამბობს აღარ შემიძლიაო.

სამაგიეროდ კიტრის ბაღი აქვს. ქედის კიტრი ცნობილია, ამბობენ, რომ უფრო გემრიელია და ეკოლოგიურად სუფთა.

„წელს 300 ძირი კიტრი მაქვს დარგული. თითოეულ ძირს სჭირდება მოვლა. ჯერ ნერგი უნდა გამოიყვანო, მერე მიწაში გადარგო. ცოტა რომ წამოიზრდება, ძაფზე უნდა აიყვანო. მუდმივად უნდა თოხნა და მოვლა. ამინდზე ხარ დამოკიდებული – თუ კარგი ამინდი იქნება, მოსავალიც გვექნება. თუ არადა, ვიქნებით ისე. მძიმე სამუშაოა, რა თქმა უნდა, მაგრამ შრომა ყველა მოსავალს სჭირდება. თუ არ იშრომებ, საიდან იქნება რამე. კიტრი რომ წავა მოლევისკენ, ლობიოს დავურგავ და მერე საშემოდგომოდ ლობიო მექნება. შემოდგომაზე ლობიოს წავიღებ ბაზარში და ასე. სულ უნდა იშრომო, რამე რომ გქონდეს,“ – ამბობს ნანული.

ინტერვიუს მიმდინარეობისას ქალებს არც ერთი წუთით არ შეუსვენიათ. შუშანას ბაღში მარწყვს კრეფდნენ და ფრთხილად ყრიდნენ ვედროებში, მეორე დღეს შუშანას ბათუმის ბაზარში რომ წაეღო.

როცა კრეფას მორჩნენ, ვედროები აიკიდეს და შუშანას სახლისკენ გაუდგნენ გზას. „დაისვენეთ ცოტა და მერე ჩემთან გადმოდით,“ – უთხრა ნანულიმ ქალებს და სახლისკენ წავიდა ყავის მოსამზადებლად.

ნანული ბოლქვაძე, ნანი ბოლქვაძე, მაია ბერიძე და შუშანა ამაღლობელი                     ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ყავა ქალებისთვის უბრალოდ ყავა არაა. ის 15 და ზოგჯერ 20 წუთი, რომელიც ყავის დალევას სჭირდებათ, ქალებისთვის შვებაა. ამბობენ, რომ უზარმაზარ ბაღში მარწყვის კრეფის მოტივი ზოგჯერ შეიძლება მარტო ის იყოს, რომ იციან, როცა დაამთავრებენ, შეეძლებათ ერთად ჩამოსხდნენ, ყავა დალიონ და დაისვენონ.

ცოტა ხანში ნანულის ეზოში, პატარა მაგიდაზე,  ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება კომპოტი, ნაყინი, შოკოლადი, ვაფლი და ყავა. მალე ქალებიც მოვიდნენ.

„საშინელი სამუშაოა, მაგრამ კოფესთვის და ლაპარაკისთვის მაინც ვიცლით. ვინმე დამძახებელი არაა, ვინმე მომკითხველი არაა,“ –  ამბობს ნანი და ყავის ფინჯანს იღებს.

„კაცები სახლში არ გვყავს, ბაღნები სახლში არ გვყავს, მარტო ძროხები და წიწილები, ისინი კიდევ რამეს არ მეტყვიან,“ – იცინის მაია და ისიც ყავას სვამს.

„სამი თვე ვიყავი ქალაქში შვილებთან წასული. კინაღამ გავგიჟდი, ისე გამიჭირდა სოფელთან განშორება. სულ ვტიროდი. ჰოდა, მერე ისევ წამოვედი უკან, ამათ გარეშე არ შემიძლია“, – მეუბნება შუშანა და ქალებს უყურებს.

ქალები მარწყვის ბაღიდან 2

გობრონეთი პატარა სოფელია ქედაში, მთის ფერდობზეა გაშენებული და ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელად ხუთი კილომეტრი აღმართი უნდა აიარო. სოფელში მუდმივად 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ზაფხულობით, ძირითადად, ქალები რჩებიან, კაცები თურქეთში ჩაის საკრეფად ან მშენებლობაზე სამუშაოდ მიდიან. ამის გამო სოფლის სამუშაოების მთელი სიმძიმე ქალებზე გადადის.ვრცლად ამ თემაზე: http://batumelebi.netgazeti.ge/news/208803/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on შაბათი, 08 ივნისი, 2019

მძიმე შრომა გიწევთ ხომ? – მაინც ვუსვამ იმ კითხვას ქალებს, რომელზე პასუხი ისედაც ვიცი.

„მძიმეა კი, ნახე როგორ აფუჭებს ხელებს მარწყვი,“- ამბობს მაია და ხელებს მაჩვენებს.

„ჩვენი ხელები სადმე გამოიჩინება გო,“ – ამბობს ნანი და მარწყვის კრეფისგან დახეთქილ თითებს უყურებს.

„მე რომ მითხრა ხომ იცი რუსიკო ექიმმა, ქალბატონო ხელები დაიბანე და ისე გაუკეთე ბაღანას შეხვევაო. მაშინ ბევრს ვკრეფდი და მართლა ხელები რას მიგავდა,“ – ამბობს ნანული და ისიც ხელებს უყურებს.

„როცა სახლში არიან, კაცებიც მუშაობენ. მაგრამ როცა წასულები არიან, ყველაფრის გაკეთება ჩვენ გვიწევს. უფრო მძიმე შრომა რაცაა –  დახვნა, დათესვა, იმას კაცები აკეთებენ. დახნავენ და მერე მიდიან. დანარჩენს ჩვენ ვუვლით,“ – ამბობს შუშანა.

ქალები მალე დაიშალნენ. ზოგს ძროხა ჰყავდა მოსაწველი, ზოგს სახლის საქმეები ჰქონდა გასაკეთებელი. მეორე დღეს შუშანას სახლში სინათლე დილის ხუთ საათზე აინთო. ბათუმისკენ სამარშრუტო ტაქსი ექვს საათზე მიდიოდა. სამზადისში ერთი საათი უცებ გავიდა. 15 წუთი აკლდა ექვსს, როცა სოფლის გზაზე ქალები გამოეფინენ.

შუშანა ძროხები მოწველე? – ეკითხება ნანული და თან მისი ეზოდან მარწყვს ეზიდება „მარშუტკაში“ ჩასადებად. ათ წუთში ქალებმა მარწყვი ჩატვირთეს, შუშანაც გამოვიდა, სახლი ნანულის ჩააბარა და ბათუმისკენ მიმავალ ტრანსპორტში ჩაჯდა.

ცოტა გვიან, ასე ათი საათისკენ, ნანულის გულმა არ მოუთმინა და შუშანას დაურეკა. ცოტა ხანს ილაპარაკეს. მერე მითხრა – სამ ლარად გაუყიდია შუშანას მარწყვიო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი