რამდენ ტურისტს ველით წელს ზღვის სეზონზე და საიდან


ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა ისევ იმატებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში წელს ევროპელი ტურისტების გააქტიურების მოლოდინი აქვთ, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ ძირითადი ნაკადი ისევ მეზობელი ქვეყნებიდან შემოვა. 2019 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი აჭარაში თურქეთიდან შემოვიდა – 226 311. პირველ ათეულში ასევე არიან: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი…

რამდენი პროცენტით ელის წელს აჭარის მთავრობა ზღვის სეზონზე ტურისტების რაოდენობის გაზრდას? გაკეთდა თუ არა ახალი ტურისტული პაკეტი და რა მოიფიქრეს მთავრობაში წვიმაში ტურისტების გართობაზე, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თავისი ვერსია თქვა: „ჯოკერი ეთამაშეთ“ – „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსს, სულხან ღლონტს ესაუბრა.

ბატონო სულხან, თქვენი მონაცემებით, იზრდება ისევ სტატისტიკა, თუ იკლო ტურისტების რაოდენობამ მაისის მდგომარეობით? 

მაისის მონაცემები ახლა მუშავდება… შემიძლია გითხრათ, რომ მკვეთრად არის გაზრდილი აეროპორტის მაჩვენებელი. გასული წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით 40 პროცენტით გაიზარდა სტატისტიკა. წელს პირველად ბათუმში დაინიშნა ჩარტერული რეისები ევროკავშირის ქვეყნებიდან – პოლონეთიდან, ესტონეთიდან და ლიეტუადან. ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპელებისთვის თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება ბათუმის ტურისტული მიმართულება. გარდა იმისა, რომ ტრადიციულ ბაზრებზე ვმუშაობთ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას. 2018 წლის ტენდენციებს რომ შევხედოთ, ჩანს, რომ ეს მაჩვენებელი მზარდია.

ლიდერი ძირითადად ისევ მეზობელი ქვეყნები არიან. თქვენ საკმაოდ სოლიდურ თანხას ხარჯავთ დასავლურ მედიაში აჭარის ტურისტული რეკლამირებისთვის. 

ეს არ ნიშნავს, რომ მარტო იმ ქვეყნებში უყურებენ რეკლამას, სადაც ის გადის. ეს არაა მხოლოდ რომელიმე ქვეყანაზე ფოკუსირებული. ჩვენ ვირჩევთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებს, რომლებმაც ტურისტულ ოპერატორებს უნდა შეუქმნას განცდა, რომ ბათუმის მიმართულება მათთვისაც იქნება მომგებიანი, რომ გაყიდონ ეს პაკეტები. ეს ასეც მოხდა იგივე ესტონეთისა და ლიეტუას შემთხვევებში.

რამდენპროცენტიან ზრდას ელოდებით წელს ზღვის სეზონზე და რომელი ქვეყნებიდან? 

ჩემი ინფორმაციით, ათეული დიდად არ შეიცვლება. ისევ ლიდერ პოზიციებზე იქნებიან მეზობელი ქვეყნები, ერთ დღეში არ ხდება ამის ცვლილება. ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის მთავარი მიზანი არის ბაზრის დივერსიფიცირება, რომ ჩვენ ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ვგულისხმობ იმას, რომ ერთ რომელიმე სეგმენტზე დაჯდომა არ არის სწორი… დინამიკას თუ დავაკვირდებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩვენ გვაქვს სადღაც 20-პროცენტიანი ზრდა, საერთო მაჩვენებელი კი არის სადღაც 10-დან 15 პროცენტამდე. ჩვენ იმავე ზრდას ველოდებით წელსაც, ეს არის რეალური ციფრები.

სულხან ღლონტი

რეალურია ეს ციფრები? ეს კითხვა ბევრს უჩნდება, რადგან დღევანდელი მოცემულობით არ ჩანს ქალაქში ბევრი ტურისტი. სასტუმროს მფლობელების თქმითაც, დამსვენებლები არ არიან. 

სასტუმრო და განთავსების ობიექტი 300-ზე მეტია აჭარაში. ბევრი მათგანი, შესაძლოა, ამას ვერ გრძნობს. ბევრი მათგანი კი გეტყვით, რომ უკვე დაჯავშნილია წინასწარ სექტემბრის ბოლომდე. ყველა ბრენდული სასტუმრო შეგიძლიათ გამოკითხოთ… ჩვენ ვართ მზარდი ტურისტული მიმართულება, ეს უნდა გავაცნობიეროთ.

რის ხარჯზე ვართ მზარდი, რა ახალი ტურისტული პაკეტი მომზადდა? 

აქ არის ორი ტიპის ხედვა: ერთია, როცა შენთან ტურისტი უკვე ნამყოფია, ისინი რეკომენდაციას გიწევენ. მათ ხშირად დადებითი პასუხი აქვთ კითხვაზე: იმოგზაურებდით თუ არა ისევ ბათუმში? ისინი აღნიშნავენ კომენტარებში, რომ რეკომენდაციასაც გაგვიწევენ და თვითონაც ხელახლა იმოგზაურებენ. მიმზიდველი არის ჩვენი კულტურა, ავთენტური სახე, რომელიც არის შენარჩუნებული. მკვეთრად გაზრდილია ტურისტული მარშრუტების რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში. ჩვენ ვცდილობთ, ეს მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს და ამას სჭირდება ძალიან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, როგორიც არის გოდერძი, ჩირუხი, ჭვანა… სადღაც 2020 წლისთვის ინფრასტრუქტურის კეთებას დავიწყებთ.

ანუ წელსაც არ უნდა ველოდეთ იგივე გოდერძის ან ჩირუხის მიმართულებით ტურისტების რაოდენობის ზრდას, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვერც წელს ახერხებს მთავრობა?

ხშირად მომისმენია, მაგალითად, გუდაურს ადარებენ გოდერძს. არასწორია ეს, რადგან კურორტ გოდერძიმ ბოლო სამი წლის განმავლობაში 148 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიზიდა. საბოლოო ჯამში, სულ რამდენიმე წელია, რაც ის განვითარების გზას დაადგა. არ შეიძლება იგი შეადარო კურორტს, რომელიც უკვე 30 წელია ვითარდება. ეს არის დრო, რომელიც ფიზიკურად სჭირდება საქმის კეთებას.

მიგაჩნიათ თუ არა პრობლემად, რომ ამ დრომდე ბიუჯეტში ამ მიმართულებებით ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ვერ მოიძებნა შესაბამისი თანხა? შეუძლებელი იყო აქამდე ამის მოწესრიგება? 

როცა ეს პრობლემები მოწესრიგდება, შემდეგ იქნება ახალი პრობლემები. მე პოზიტიური კუთხით დაგანახებთ, ვერსად ვერ დამისახელებთ ტურისტულ მიმართულებას, სადაც 19 პროექტი ერთდროულად მიმდინარეობს, ეს არის დაახლოებით 140 მილიონი ლარის ღირებულების. შეგიძლიათ, ახვიდეთ და ნახოთ, დღესაც მიმდინარეობს იქ სამუშაოები. საბოლოო სახე რომ მიიღოს ამან, წლები დასჭირდება… მნიშვნელოვანი შედეგი გვექნება გაზიფიცირების კუთხითაც. ეს პროექტი დაიწყო 2015 წელს, პროექტირება დასრულდა და ასულია უკვე შუახევში. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ცენტრალური მაგისტრალი ავა გოდერძიზე. ასევე, გზის ნაწილში ვფიქრობთ, რომ იგი უახლოეს ორ წელიწადში დასრულდება. წელს იგივე ჩირუხში გზის ნაწილი კეთდება და შემდეგი ნაწილი ალპური ზონაა, სადაც ზუსტად ესაა ხიბლი, რომ ალპური მარშრუტი იქნება და არ იქნება მოასფალტებული გზა.

წვიმაზე მინდა გკითხოთ. ტურისტულ ოპერატორებთან მთავრობის შეხვედრის დროსაც დაისვა შეკითხვა, თუ რა უნდა აკეთოს ტურისტმა წვიმაში ბათუმში. თორნიკე რიჟვაძის პასუხი იყო – ჯოკერი ეთამაშეთ. თქვენ რას გვეტყვით, რა შეიცვალა ამ მიმართულებით?

ეს იყო იუმორი, თორნიკე რიჟვაძემ იხუმრა… ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ერთად მუშაობა. მარტო სახელმწიფო ამას არსად არ აკეთებს. კერძო სექტორთან ერთად უნდა შეიქმნას მიმზიდველი ცენტრები. უახლოეს წლებში იქნება ამ ყველაფერზე პასუხი. ჩვენ ვცდილობთ მთისა და ბარის დაკავშირებას ერთმანეთთან, მათ შორის, ინფრასტრუქტურულად… ვცდილობთ, მაგალითად, ორთაბათუმის მხრიდან მტირალას მთაზე განვახორციელოთ კონკრეტული პროექტი, პანორამული ხედები, საბაგიროები, ველობილიკები და ასე შემდეგ. ეს გულისხმობს წვიმის მარკეტინგულ სეგმენტად ქცევას, რომ წვიმა გახდეს თვითონ საინტერესო ტურისტული პროდუქტი. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ეს პროექტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, კონცეფციის შემუშავებაზე მალე გამოცხადდება ტენდერი. ეს არის ერთი სეგმენტი, რაც შეგვიძლია წვიმის დროს შევთავაზოთ ტურისტებს.

ველოსიპედები ახსენეთ. ველოპარკი და ბილიკებიც უკვე არსებობს ბათუმში, მაგრამ იგი ცუდ მდგომარეობაშია. თქვენ რატომ არ ააქტიურებთ ამ თემას, რომ განახლდეს ველოპარკი. გაქვთ მერიასთან კომუნიკაცია ამ კუთხით? 

ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გვაქვს, ბუნებრივია, კომუნიკაცია და ამაზე მუშაობს ბათუმის მერია, როგორც ვიცი. ველობილიკები წესრიგდება, რაც შეეხება უშუალოდ ველოპარკს, ამაზე მერია გიპასუხებთ კონკრეტულად.

სეზონი იხსნება აქ“ – ამ სლოგანით ისევ გექნებათ ფესტივალი 15 ივნისს ანბანის კოშკთან. რით იქნება საინტერესო წელს ეს ფესტივალი? 

ეს იქნება ზაფხულის ფესტივალი, აღვნიშნავთ ზაფხულის სეზონის გახსნას. წელს ეს ფესტივალი პირველად ქობულეთშიც გაიმართება. მთავარი მიზანია იმის განაცხადი, რომ შესაძლებლობების გათვალისწინებით სრულად მზად ვართ ტურისტებს ვუმასპინძლოთ. ფესტივალზე იქნებიან ადგილობრივი ბრენდები, იქნება ატრაქციონებიც, სამაშველო სამსახურსაც ექნება თავისი პრეზენტაცია.

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი