მთავარი,სიახლეები

„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს“ – აქცია აჭარის მთავრობასთან

05.06.2019
„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს“ – აქცია აჭარის მთავრობასთან

„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში მცხოვრები ნანა კოჩალიძე. ამ სოფლის მოსახლეობამ დღეს, 5 ივნისს, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან გამართა.

„დილით გამოუშვებენ მხოლოდ და იმდენად პატარაა, რომ იკარგება მილებში. სანამ ონკანამდე გადმოვა წყალი, წყვეტენ… ხელისუფლება ამბობს, წყალი გავაკეთეთო, მაგრამ არც წინა წლებში ყოფილა არასდროს და არც ახლა გვაქვს. 400 ოჯახია ამ დღეში. სოფელში არც წყაროს წყალია და არც ჭაბურღილი,“ – გვითხრა ნანა კოჩალიძემ.

„ამ ხნის ქალი ვარ, ამდენი წელია წყალს ვითხოვ და ვერ მივაღწიე სამართალს. ეს არის სირცხვილი,“ – ამბობს შუშანა ბერიძე.

აქციაზე იყო ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძეც. მისი ინფორმაციით, ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 2016 და 2017 წლებში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა სალიბაურში წყლის სისტემის მოწყობისთვის.

„ამის გამო მჯდომარე აქციაც გავმართე მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში, მაგრამ მან დემაგოგიაში დამდო ბრალი, მოსახლეობას წყალი აქვსო. საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან და ეს უნდა გამოიძიოს საგამოძიებო ორგანოებმა… პასუხი არის ის, რომ წყლის დებეტი გვაქვსო, ანუ წყალი არ არის საკმარისიო. თუ წყალი არ იყო, მაშინ სისტემას რატომ აწყობდნენ?“ – კითხულობს მიხეილ ბოლქვაძე.

„წყლის რესურსის ნაკლებობაა, არის ხარვეზები, ფაქტია,“ – ამბობს ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე. მისი განმარტებით, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა ზოგიერთი წყალს ბოსტნის მოსარწყავადაც იყენებს.

„ნაციონალებმა ის თქვან ერთი, მილი და აუზიც რომ არ გააკეთეს საერთოდ… მე მოგიწოდებთ, ახვიდეთ მტირალას მთაზე და გააკეთოთ ჟურნალისტური მოკვლევა. იქ ნახავთ რამხელა რეზერვუარებია გაკეთებული… განიხილება ჭაბურღილების გაკეთებაც, რომ ეს პრობლემა მოსახლეობას აღარ ჰქონდეს,“- გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

რატომ მოეწყო წყლის სისტემა მტირალას მთიდან, თუკი იქ წყლის რესურსი აღარ იყო და ადგილზე ჭაბურღილის მოწყობა იყო შესაძლებელი?

„რესურსი არ არის ახლა, ზაფხულში, თორემ მერე 10 თვე არის წყალი… ჭაბურღილს აქვს ის პრობლემა, რომ შესაძლოა იმ სოფელში არ იყოს მიწისქვეშა გრუნტის წყლები, ეს არ ვიცით ზუსტად, მეორე პრობლემა არის ჭაბურღილის ექსპლუატაცია, რაც დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული,“ – განმარტავს ჯუმბერ ვარდმანიძე.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: