მთავარი,სიახლეები

ახალგარემონტებულ ბათუმის თეატრში რეპეტიციის დროს განათება ჩამოვარდა

04.06.2019 • 2224
ახალგარემონტებულ ბათუმის თეატრში რეპეტიციის დროს განათება ჩამოვარდა

ბათუმის დრამატულ თეატრში რამდენიმე დღის წინ სცენის განათება ჩამოვარდა. ამ დროს სცენაზე რეჟისორი და მსახიობები იმყოფებოდნენ. თეატრის დირექტორი ოთარ კალანდაძე ამბობს, რომ ჩამოვარდა არა განათება, არამედ განათების ტროსი, რადგან პერსონალმა, რომელიც მართვის ღილაკთან იდგა, ღილაკს ხელი დროულად არ გაუშვა.

„ხელი დროზე არ აუშვა ღილაკს და მაქსიმალურად რომ ავიდა სიმაღლეზე, იქ ბოლო წერტილს გადაცდა და გადმოვარდა ტროსი. ტექნიკური პერსონალი, ვინც ამ საქმეს აკეთებს, იმ დღეს არ იყო და ამან გამოიწვია ეს“, – ამბობს თეატრის დირექტორი.

მისი თქმით, ტროსის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. „გადავრჩით, ღმერთს მადლობა,“ – ამბობს ოთარ კალანდაძე.

თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ ჩაატარა. თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ 27 მარტს გაიხსნა. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აღმოუჩენიათ მიღება-ჩაბარების შემდეგ რაიმე ტექნიკური ხარვეზი შენობაში, ოთარ კალანდაძე ამბობს: „გაშვება-გამართვითი სამუშაოებია ჩასატარებელი, ამისთვის დროა საჭირო და ეს ხელშეკრულებაში არის მითითებული. ვადები ჯერ არ არის გასული“.

შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა სამი წელია. „რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები არ არის, მაგრამ არის რაღაც-რაღაცები. 17 ივნისს ჩამოვა ჯგუფი და კიდევ ერთხელ გაივლიან ტექნიკურ საკითხებს. ტროსსაც აღადგენენ, გაასწორებენ…“ – ამბობს დირექტორი.

თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება, რომელიც ორ დღეში უნდა გაიმართოს.

თეატრის სცენა რეაბილიტაციის შემდეგ
ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: