როგორ დარჩა სკოლიდან ექსკურსიაზე წასული 2 კურსდამთავრებული ანტალიის აეროპორტში


თურქეთში ექსკურსიაზე წასული დამამთავრებელი კლასის ორი ბათუმელი მოსწავლე ანტალიის აეროპორტში დარჩა. მათ წინასწარ, ინტერნეტით დაჯავშნილი ბილეთებით სარგებლობა ვერ შეძლეს. შემთხვევა 30 მაისს მოხდა – კლასის დამრიგებელი, ორი მშობელი და სხვა კურსდამთავრებულები იმ ღამით ტრაბზონისკენ გამოფრინდნენ, აეროპორტში კი დიანა კობალაძე და გუგა ხიმშიაშვილი დარჩნენ.

„წელს დავამთავრეთ მე-2 საჯარო სკოლა და გადავწყვიტეთ ექსკურსიაზე ანტალიაში წასვლა კლასის დამრიგებელთან ერთად,“ – გვიყვება დიანა კობალაძე, მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. – „პრობლემა შეიქმნა გამოფრენის დროს, როცა რეგისტრაცია უნდა გაგვევლო. „პეგასუსის“ ოპერატორმა თქვა, რომ კომპიუტერმა გაჭედა და სხვა სექციაში უნდა გადავსულიყავით. მერე ისევ უკან გამოვბრუნდით… ყველა ავიდა თვითმფრინავში, მე და ჩემი მეგობარი დავრჩით. გვითხრეს, რომ ჩვენ ვერ აგვიშვებდნენ.

მასწავლებელიც ასული იყო უკვე თვითმფრინავში. ბათუმში რომ დავბრუნდით, დაგვირეკა და გვითხრა, დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ არ გამომიშვესო. მერე ჩემი მეგობარი კომპანიის წარმომადგენლებს ინგლისურად ესაუბრა. გვითხრეს, რომ სასტუმროში წაგვიყვანდნენ… დაახლოებით სამი საათი ვიყავით მარტო აეროპორტში. როცა სასტუმროში მივედით, ისინი უკვე ტრაბზონში იყვნენ. იქ გვქონდა ინტერნეტთან წვდომა და ვნახეთ მონაწერები,“ – იხსენებს დიანა კობალაძე.

დიანა და გუგა ბათუმში 30 მაისის ნაცვლად, 31-ში დაბრუნდნენ. დიანას თქმით, სირთულე ტრაბზონშიც ჰქონდათ, რადგან ბათუმისკენ მომავალი ავტობუსი ვერ იპოვეს.

„დიდხანს ვიდექით გზაზე, მერე ისევ აეროპორტში დავბრუნდით… მერე ვნახეთ, რომ ხოფისკენ მოდიოდა ავტობუსი და იმას გამოვყევით. ხოფიდან მერე „მარშრუტკას“ ჩამოვყევით სარფში, კიდევ კარგი, მგზავრობის ფული გვქონდა,“ – გვითხრა დიანა კობალაძემ.

ამ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე. ის მიიჩნევს, რომ პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დაისვას, რადგან ის ექსკურსიაზე იმყოფებოდა არა როგორც ორგანიზატორი, არამედ მიწვეული სტუმარი.

„ამ მოსწავლეებს აღებული აქვთ უკვე ატესტატი და მათი უმრავლესობა არის 18 წლის… პედაგოგი დაპატიჟეს და ის იყო მიწვეული სტუმარი. მას სურდა ჩამოსულიყო ბორტიდან, მაგრამ არ გამოუშვეს უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე… კარგია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა,“ – გვითხრა მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი