როცა მოზარდს სკოლაში წასვლა არ უნდა – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, როცა ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? „ბათუმელები“ ამ თემაზე პრაქტიკოსს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა.

  • როცა ბავშვი ხშირად იშველიებს სხვადასხვა მიზეზს, რომ სკოლაში წასვლას აარიდოს თავი, რაზე შეიძლება ეს მიუთითებდეს?

უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რატომ არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა. შეიძლება ფიზიოლოგიურად უჭირს, იმიტომ, რომ მოზარდობის ხანაში ადამიანის სხეული საკმაოდ რთულად სამართავია. ხანდახან მშობლები ბრაზობენ, სკოლიდან რომ მოდის მოზარდი, დაეხეთქება ხოლმე სავარძელში და ისე იქცევა, თითქოს არაფრის ძალა არა აქვს. ამ დროს მოზარდებს მართლა უჭირთ, რადგან მათ სხეულში უამრავი ცვლილება ხდება, ძვალი იზრდება, კუნთი ვერ ეწევა, ხან პირიქით და ეს მოზარდებისთვის რთულად ასატანია, ამიტომ უნდა გამოვრიცხოთ ფიზიოლოგიური პრობლემები.

მეორე მიზეზი – შესაძლოა მოზარდს უბრალოდ უჭირს სწავლა, იმიტომ, რომ დაწყებით კლასებში მას არა აქვს სათანადო უნარები შეძენილი და ახლა, როცა უფრო მეტი მოთხოვნაა, მეტი სიმკაცრეა, შესაძლოა სიძნელეებს წააწყდა და დახმარება საჭიროა ამ მიმართულებით.

ძალიან ხშირი მიზეზია, როცა მოზარდი არის ძალადობის ან დაცინვის მსხვერპლი და ამიტო მას არ უნდა წასვლა სკოლაში. მეგობრები დასცინიან, მასწავლებლები მიმართვენ უხეშად და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩემთან მოსული მოზარდები ხშირად აღნიშნავენ, რომ არიან უხეში მიმართვის მსხვერპლი პედაგოგებისგან: „შენგან მაინც არაფერი გამოვა, დროს ტყუილად კარგავ“, „შენ ამას მაინც ვერ გაიგებ“ და კიდევ უფრო უხეში მიმართვები ესმით მასწავლებლებისგან.

  • პედაგოგები ამბობენ, რომ მსგავსი მიმართვები ხშირად, უბრალოდ, ხუმრობაა და არა გულსატკენად ნათქვამი. ბავშვზე რეალურად მოქმედებს ეს?

ხაზგასმით მინდა ვთქვა – ეს ბავშვებზე, მოზარდებზე, საშინლად მოქმედებს. მოზარდებისთვის დაუფიქრებლად ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას შესაძლოა ფსიქოტრავმა მოჰყვეს შედეგად. ისინი ყველაფერს ძალიან მტკივნეულად განიცდიან.

მაგალითად, ბავშვმა მოზარდობის პერიოდში წონაში მოიმატა. ხშირია ხოლმე ასეთი შემთხვევები, როცა ნივთიერებათა ცვლა ირღვევა ან ნაკლებად მოძრავი დღის რეჟიმი აქვს მოზარდს. ამ დროს შეიძლება მასწავლებელმა თუნდაც მოფერებით უთხრას, „ბუთქუ“, „როგორ გასუქდი“, „ვეღარ ეტევი აქ“ და ასე შემდეგ. ამას მოზარდები ისე განიცდიან, ისე ნერვიულობენ, შეიძლება მათგან წამოვიდეს პროტესტი, დესტრუქციული ქცევა, სწავლის ინტერესმაც კი შეიძლება იკლოს.

ამ პერიოდში მოზარდები იწყებენ ფიქრს იმაზე, რაში სჭირდებათ სწავლა. ამიტომ მოტივაციის გაჩენა არის საუკეთესო რამ, რის გამოც შეიძლება ბავშვმა დაიწყოს სკოლაში სიარული. და, რა თქმა უნდა, კომფორტული გარემო. ეს არ ნიშნავს მაინცადამაინც იმას, რომ უნდა გვქონდეს ევრორემონტით გაკეთებული სკოლები, კომფორტული გარემო ბავშვისთვის არის საინტერესო გაკვეთილი. როდესაც მას აინტერესებს რა კეთდება გაკვეთილზე, რაღაც პროექტს ამზადებს, პედაგოგს მოაქვს საინტერესო მასალა, ატარებს ინტერაქტიულ გაკვეთილს – ეს ყველაზე კარგი მოტივაციაა მოზარდისთვის.

  • როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სკოლაში წაუსვლელობის მიზეზი შესაძლოა იყოს ბულინგი, მასწავლებელთან კონფლიქტი, თანატოლებთან უთანხმოება და ა.შ.?
ირმა ფეიქრიშვილი

თუ კი ბავშვი სისტემატიურად დადის სკოლაში და ერთ დღეს გვეუბნება, რომ დღეს არ უნდა სკოლაში წასვლა, ძირითადად მშობლისგან არის პასუხი: „რას ჰქვია სკოლის გაცდენა, როგორ შეიძლება?! არა, უნდა წახვიდე!“ და ა.შ. უნდა გავუგოთ მოზარდს. ვუთხრათ – „მესმის შენი, დღეს შენ არ გინდა წასვლა, იქნებ მითხრა მიზეზი?“ თუ ბავშვს არ უნდა მიზეზზე საუბარი, მაშინ ერთი დღე შეიძლება დავუთმოთ, დარჩეს დღეს და წავიდეს ხვალ. ოღონდ, მნიშვნელოვანია, ამ დროს გადამეტებული კომფორტი არ უნდა შეექმნას სახლში. მაგალითად, რომ  დაჯდეს სახლში და მთელი დღე ფილმებს უყუროს, არც მეორე დღეს არ წავა. რაღაც ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, უნდა დავაკვირდეთ.

რაც მთავარია,  შვილებთან უნდა ვიყოთ ახლოს, მათ უნდა შეეძლოთ ნებისმიერ თემაზე ჩვენთან საუბარი და ჩვენი პირველი რეაქცია ყოველთვის არ უნდა იყოს – „ვაიმე, ეს როგორ შეიძლება, ეს ძალიან ცუდია“. არა, ჯერ უნდა მოვუსმინოთ, თანავუგრძნოთ და ავუხსნათ, რატომ არის ეს ცუდი.

  • როცა მშობელი ხვდება, რომ მოზარდი არ არის გულწრფელი, არ ამბობს რა მიზეზით არ უნდა წასვლა, ასეთ ასაკში მოარდებს ხშირად არ სურთ ჩართონ მშობლები საკუთარ ცხოვრებაში, ხანდახან მშობლებს ზედმეტი ინტერესის გამოჩენისაც ეშინიათ, რომ ზედმეტად არ შეიჭრან მოზარდის პირად სივრცეში.  

მოზარდები საზღვრებს აწესებენ ძალიან მკაცრად. ბიჭები ხშირ შემთხვევაში საზღვრებს აწესებენ ბილწსიტყვაობით, უხეშობით, გოგონებიც ასე იქცევიან. თუნდაც ტატუ, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია მოზარდებში, ამასაც იმიტომ აკეთებს მოზარდი, რომ საზღვარს აწესებს, პიროვნულ განაცხადს აკეთებს.

ხშირ შემთხვევაში ვერ უგებს ხოლმე მოზარს ოჯახი. უფროსებს, ყველას გვაქვს სტერეოტიპი: „ჩემს ახალგაზრდობაში ასე არ ეცვათ“, „ასე არ იქცეოდნენ“, „როგორ ლაპარაკობ“, „თმა როგორ გაქვს“ და ა.შ. ამიტომ მიდიან მოზარდები თავის მიკროსოციუმში, მეგობრებში და მათ უყვებიან ყველაფერს და არა მშობლებს.

ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც მშობლები იწყებენ მეგობრებში რეკვას და ამბების ასე გარკვევას. თუკი, ჩვენ ჩვენი შვილების მეგობრებთან ახლოს ვართ, ისინი ისედაც მოგვმართავენ დახმარებისთვის. დავპატიჟოთ ჩვენი შვილების მეგობრები სახლში, შევუწყოთ ხელი მათ გართობას, ცოტა ხანი ჩვენც ჩავერთოთ, მაგრამ სულ თავზე არ ვედგათ, მივცეთ თავისუფლება.

თუ ვამჩნევთ, რომ მოზარდი ბოლო პერიოდში გახდა უფრო ჩაკეტილი, ნაკლებს საუბრობს, ნაკლებად გამოხატავს სიხარულს, ზედმეტად გაღიზიანებულია და მშობელი ვერ ახერხებს მასთან სიახლოვეს, რადგან მოზარდი ძალიან მკაცრად იცავს საზღვარს, ასეთ დროს საჭიროა მივმართოთ ფსიქლოგს, სპეციალისტს, რომელიც მოახერხებს მოზარდთან უშუალო კონტაქტის დამყარებას და მისგან ინფორმაციის მიღებას.

ერთი რამ მინდა ვთქვა, ხანდახან, როდესაც მოზარდს უჭირს, მშობელი იცით როგორ ეუბნება? „შენგან არაფერი არ გამოვა, წაგათრევ ფსიქლოგთან“. გამოდის, რომ ეს დასჯაა, რაც დაუშვებელია. ერთხელ ბიჭი მოიყვანეს ჩემთან, დედ-მამა მოჰყვა, ფაქტობრივად, ამოაგდეს კიბეზე. მე არ მაქვს უფლება მოზარდთან ვიმუშაო, თუ არ არის მისი თანხმობა. ფსიქოთერაპია ძალით არ ხდება, არ შეიძლება. მე ვუხსნი რა შემიძლია, როგორ შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავში გარკვევაში. ასეთ დროს პირველ შეხვედრაზე ინტერესისთვის რჩებიან ხოლმე და მერე მოდიან საკუთარი სურვილით.

  • რა ეფექტი აქვს იძულებას? როცა ბავშვს არ უნდა წასვლა სკოლაში, მაგრამ მშობელი აიძულებს წასვლას?  

ძალით როდესაც მიჰყავთ მშობლებს მოზრადი და არის პროტესტი, შეიძლება ის სახლიდანაც კი გაიქცეს. აქამდე რომ არ მივიდეთ, მაქსიმალურად შევეცადოთ, ვესაუბროთ მას.

ძალიან ხშირად იძულებას ბევრად სჯობს სახლში კომფორტის მოშლა. გამორთეთ ინტერნეტი, უთხარით – როცა იქნები სკოლაში, ჩავრთავთ ინტერნეტს, არ წახვალ – არ იქნება.

თავისუფლებას აქვს ხარისხიც და ვალდებულებებიც. უნდა ავუხსნათ მოზარდს, რომ იგი პასუხს აგებს მის საქციელზე  და აკისრია ვალდებულებები, მოეთხოვება სკოლაში სიარული და უნდა იაროს. როცა გაიზრდება, მაშინ არჩევანი მასზე იქნება და შეუძლია გადაწყვიტოს, მიიღოს უმაღლესი განათლება, თუ სხვა რამით დაკავდეს.

მოზარდი რომ არჩევანის წინაშე დავაყენოთ, მას ძიების საშუალება უნდა მივცეთ, ეს მათ ძალიან მოსწონთ. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი მიჰყავთ კალათბურთზე და ცოტა ხანში ამბობს – „არა, ეს არ მომწონს“. მერე მიჰყავთ ფეხბურთზე და ისევ არ მოსწონს, მშობლები ჩივიან ხოლმე – „ბევრგან მივიყვანე, არაფერი ამას არ მოსწონს, არაფერი ამას არ უნდა…“ ეს კარგია, მივცეთ საშუალება კიდევ ეძებოს, იმიტომ რომ აუცილებლად იპოვის, ყველა ადამიანს აქვს ინტერესის სფერო, განსაკუთრებული უნარი და თავისუფალი არჩევანის, ძებნის დროს, მას მიეცემა ამის პოვნის საშუალება.

შეიძლება დავუწესოთ რაიმე წამახალისებელი ჯილდო – ამას რომ გააკეთებ, წლის ბოლოს რაღაცას მიიღებ.

მოზარდებთან ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი პრინციპი – არ უნდა დავსაჯოთ ისინი ცუდი საქციელისთვის, უნდა წავახალისოთ კარგი საქციელისთვის. პოზიტიური აღზრდა მოქმედებს ძალიან კარგად მოზარდებზე. მოზარდი გაღიზიანებულია, გვიყვირის? – არ ვეპასუხებით ყვირილით, მშვიდად ვპასუხობთ და გავდივართ ოთახიდან. არ ვეჩხუბებით: „როგორ მელაპარაკები!“ არ ვუყვირით. ცოტა ხანში მას გადაუვლის, დამშვიდდება და მერე ავუხსნათ, რომ გეწყინათ მისი ყვირილი. თუ ჩვენ ვუყვირებთ მოზარდს, ისიც გვიყვირებს, ისინი ჩვენი ანარეკლი არიან, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ისინი ორმაგად და სამმაგად გვიბრუნებენ, ამიტომ მშობელი უნდა შეეცადოს, მოზარდს მიაწოდოს პოზიტივი და მიიღოს მისგან პოზიტივი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დავუშვათ, დილით ადგა, მოწესრიგდა, ჩანთა ჩაალაგა თუნდაც. ამას არასდროს არ აღვნიშნავთ, მაგრამ თუ კი სახლში დაბრუნებისას ჩანთა მიაგდო მისაღებში, ამას მოჰყვება ყვირილი. მისი პოზიტიური საქციელი დარჩა ყურადღების მიღმა. მათ კარგ საქციელს სჭირდება შექება.

  • მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობაში ხშირად ჩანს ორი უკიდურესობა – ერთი, როცა მშობელი აკრიტიკებს შვილს. სულ უკმაყოფილოა მისით, მაშინაც კი, როცა მოზარდი ცდილობს კარგად მოიქცეს და მეორე – სულ აქებს. ოქროს შუალედი როგორ უნდა იპოვოს მშობელმა?

წარმოვიდგინოთ ხოლმე ჩვენი თავი ჩვენი შვილების ადგილას. უნდა გავიხსენოთ, ამ ასაკში  როგორები ვიყავით, რა გვინდოდა, რა მოგვწონდა და რა არ მოგვწონდა ჩვენი მშობლებისგან.

როცა მოზარდები ვიყავით, მშობლებისგან გვინდოდა მეტი ყურადღება, მეტი თანაგრძნობა, თუნდაც ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც ძალიან გვაინტერესებდა, მაგრამ მშობლებს ხშირად ან მოუცლელოების გამო, ან უხერხულობის, ან იმის გამო, რომ თავს ვალდებულად თვლიდნენ, ჩვენთვის ცხოვრება ესწავლებინათ, ყოველთვის დამრიგებლური და მკაცრი ტონით მოჰქონდათ ინფორმაცია ჩვენამდე.

მოზარდებს უნდა მოვუსმინოთ, ავუხსნათ, ვესაუბროთ და შეიძლება მის შინაგან სამყარომდე მივიდეთ. მაგრამ თუ ჩვენ სკანდალს ვდგამთ, ვქექავთ, ყველა ნაბიჯზე ვამოწმებთ, უფრო მეტად გარბის მოზარდი მშობლისგან და საზღვარს უფრო მეტად კეტავს.

  • სკოლიდან გადაყვანას აქვს აზრი? თუ სჯობს მოზარდი დარჩეს ადგილზე, რომ პრობლემებთან გამკლავება ისწავლოს?

არის ხოლმე შემთხვევები, როცა სკოლაში მოსწავლეს ექმნება პრობლემა და მშობელი სხვა სკოლაში გადაყვანაში ხედავს გამოსავალს.

როცა მოზარდის განწყობა ძალიან ნეგატიურია, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სკოლის შეცვლა, მაგრამ ეს ძირითადად გამოსავალი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ პრობლემები მას თან გადაჰყვება. სჯობს ჯერ პრობლემები მოგვარდეს იქ, სადაც არის მოზარდი, მისთვის ჩვეულ გარემოში, სადაც მას იცნობენ, სადაც შეგვიძლია დავგეგმოთ სტრატეგია, რა შევცვალოთ, როგორ მოვიქცეთ და როდესაც ყველაფერს შევცვლით, მოვაგვარებთ, მერე სჯობს გადაწყდეს სკოლიდან გადასვლა-არ გადასვლის საკითხი, რადგან გარემოს შეცვლა სტრესია, ახალი მოსწავლე კლასში, როცა მიკროსოციუმი უკვე შემდგარია, არ არის მარტივი და ბევრი სირთულე შეიძლება შეექმნას ამის გამო.

მითია, რომ შეიცვლი სკოლას და ყველაფერი სხვანაირად იქნება, არა.

  • როცა მშობელი ხედავს, რომ სკოლაში წაუსვლელობის მიზეზი სიზარმაცეა, ან ხედავს რომ მოზარდს სწავლა უჭირს, ვერ ეწევა მასალას და ა.შ. ამ დროს რა არის გამოსავალი, თქვენი აზრით?

ვერ სწავლობს თუ არ სწავლობს? – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ხშირად მოჰყავთ ხოლმე ჩემთან ბავშვები და მშობლები ამბობენ, რომ ნიჭიერია, რომ წაიკითხოს, ყველაფერს ისწავლის. ვიწყებთ მუშაობას და იკვეთება, რომ ბავშვს კოგნიტური უნარები კარგად აქვს განვითარებული, მაგრამ დაწყებით კლასებში იმდენად სუსტი ბაზა აქვს მიღებული, უჭირს წინადადების გამართვა, საკუთარი აზრის სწორად გადმოცემა. რა თქმა უნდა, ეს მოზარდისთვის სირთულეა და ასეთ შემთხვევაში მას სჭირდება დახმარება სწავლაში, რეპეტიტორის აყვანით ან მშობელმა უნდა იმუშაოს მასთან ერთად.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოზარდმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, იპოვა სფერო და იმაზეა გადართული, მაგალითად, მოსწონს ხეზე მუშაობა და უნდა ეს გააკეთოს, მას არ უნდა უმაღლესი განათლება, მაგრამ მშობელს აქვს ამბიცია, რომ უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება მის შვილს. ან მუსიკა მოსწონს, უკრავს, ცეკვავს, სხვა მიმართულებით აქვს საკუთარი ადგილი ნაპოვნი და სულაც არ არის სავალდებულო მიიღოს უმაღლესი განათლება, მაგრამ სავალდებულო განათლება უნდა მიიღოს და თუ არ გამოგვდის, მაშინ სპეციალისტი უნდა დავიხმაროთ.

მოზარდთან ურთიერთობის მარტივ ტექნიკას შევთავაზებდი მშობლებს, „შუქნიშანი“ ჰქვია, კარგია, თუ ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ კეთდება, მაგრამ დამოუკიდებლადაც შესაძლებელია.

მაგიდასთან სხდებიან მოზარდი და მშობელი/მშობლები, ყოველ მათგანს აქვს წინ ფურცელი, რომელზეც აკეთებენ წითელ, ყვითელ და მწვანე რგოლებს, შუქნიშნის ფერებს. წითელ რგოლში იწერება, რას კრძალავენ, ყვითელში – რა შეიძლება, ოღონდ ნებართვის აღების შემდეგ და მწვანეში – რაა დაშვებული ყოველთვის. წერის პროცესში არ საუბრობენ და ბოლოს აცნობენ ერთმანეთს დაშვებებსა და აკრძალვებს.

მაგალითად, მოზარდი წითელ წრეში წერს – „კარზე დაკაკუნების გარეშე არ შემოხვიდე“, გიკრძალავს ამას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად იციან ხოლმე მშობლებმა ამაზე – „დიდი ამბავი, დედა ვარ და შევედი“. არა, ეს მისი საზღვარია და პატივი ვცეთ, დავაკაკუნოთ და ვკითხოთ, შეიძლება თუ არა შევიდეთ. შემდეგ ის გამოვა და გკითხავთ, შეიძლება თუ არა რომ წავიდეს. ძალიან მარტივი გაცვლის მომენტია. ამავე, აკრძალვის წრეში, შეიძლება დაწეროს მოზარდმა – „ჩემი ტანსაცმელი არ აიღო“, „ნივთები არ გადაადგილო“….

თავის მხრივ, თავის კრძალვებს წერს მშობელიც, მაგალითად – „გიკრძალავ, დამიყვირო“, „გიკრძალავ, დაყარო იატაკზე ტანსაცმელი“ და ა.შ.

ყვითელი წრის მაგალითი – ანუ, „შეიძლება, მაგრამ უნდა იკითხო“.  მაგალითად – „შეიძლება წახვიდე მეგობრებთან, ოღონდ ჯერ უნდა მითხრა“, „შეიძლება აიღო ჩემი ნივთი, მაგრამ უნდა ვიცოდე“. მოზარდები წერენ ხოლმე ხშირად ამ ნაწილში – „შეიძლება, რომ ჩემს მეგობარს ან მასწავლებელს დაურეკო, მაგრამ ჯერ მე მკითხე.“

და მწვანე: დაშვებულია კითხვის გარეშეც. მაგალითად, „ყოველთვის გაქვს უფლება, შეხვიდე სამზარეულოში და ჭამო რაც გინდა“, „გაქვს უფლება, ჩემი სუნამო აიღო და გამოიყენო“ და ა.შ.

ბოლო ეტაპზე მშობელი და მოზარდი ერთმანეთს აცნობენ „შუქნიშანს“ და წერენ კონტრაქტს, რომელსაც იცავენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე არღვევს წესებს, მეორე აჩვენებს კონტრაქტს და ახსენებს, რომ მან კონტრაქტი დაარღია და ერთმანეთს უწესებენ პირობით „სასჯელს“, რომელიც თავიდანვეა გაწერილი კონტრაქტში.

უმაღლესი საბჭოს ხარჯები 2020 წლისთვის 170 ათასი ლარით გაიზრდება – პროექტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტი 5 216 800 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე 170 ათასი ლარით მეტია. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საბჭომ უკვე დაამტკიცა.

აღნიშნული თანხა გათვალისწინებული უნდა იქნეს „აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტში. აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს კი, საბოლოოდ, თავად უმაღლესი საბჭო ამტკიცებს.

უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილებით, 2020 წლისთვის საბჭოში მომუშავეთა რიცხვი არ იცვლება და ის კვლავ 117 საშტატო ერთეულითაა განსაზღვრული.

რაც შეეხება ხარჯებს. აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხარჯებისთვის 5 006 800 ლარია განსაზღვრული. 2020 წლისთვის კი, ეს თანხა 170 ათასი ლარით იზრდება და 5 176 800 ლარი იქნება.

უმაღლესმა საბჭომ ამ ეტაპზე უცვლელი დატოვა შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა. საერთო ხარჯიდან 2020 წელს [ისევე როგორც 2019 წელს] უშუალოდ ხელფასებისთვის 3 433 200 ლარია გათვალისწინებული.

უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 11 ივნისიდან ამოქმედდა.

 

„ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში ფოტოგრაფთა ნამუშევრების შერჩევა იწყება

ფესტივალ „ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში ფოტოგრაფთა ნამუშევრების შერჩევა იწყება.  ფესტივალის წლევანდელი თემაა „სარკისებრი სამყარო“ (Mirror Land). ფესტივალის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების სივრცე ბათუმში.

ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, გამოფენის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ხელოვანებმა ასახონ თავიანთ ქვეყნებში არსებული პრობლემები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა. მთავარი გამოფენა მსურველების მიერ განაცხადების გამოგზავნის გზით მსოფლიო მასშტაბით შეირჩევა. შესარჩევი კომისიის წევრები ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერი და კურატორი, ასევე მოწვეული წევრები, ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და ფრანკფურტის ფოტოფორუმის დირექტორი საბინე ზეიცი იქნებიან.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ.

ორგანიზატორთა განცხადებით, თითოეულ მონაწილეს შეუძლია საკონკურსოდ წარადგინოს რამდენიმე ფოტო. ნამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს სამოტივაციო წერილი. ნამუშევრები ქულების სისტემით შეფასდება.

საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში გაიმართება ფოტოლაბი. პროექტების წარდგენა დაიწყება 20 ივლისიდან, ელექტრონულად. ჟიური ხუთამდე მონაწილეს შეარჩევს შემდეგი კრიტერიუმით: მხატვრული ღირებულება, პროექტის კონცეფცია და პროექტის განვითარების შესაძლებლობა.

„15 მონაწილე, მენტორების ხელმძღვანელობით, ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ პროექტების დახვეწაზე და საბოლოო, სამწუთიან პრეზენტაციებს კომისიის წევრებს მესამე დღეს წარუდგენენ. გამარჯვებული პროექტის წარდგენა მოხდება 2020 წელს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“  – აღნიშნულია თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალი 30 აგვისტოს დაიწყება და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

„ბათუმის ფოტოდღეები“ 2015 წლიდან ტარდება ბათუმში, Odesa/Batumi Photo Days-ის ფარგლებში.

ეკომიგრანტები: გვაიძულებენ, წალკა მივატოვოთ, ბათუმში კიდევ ერთი „ოცნების ქალაქი“ გაჩნდება

წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მეორე დღეა თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციებს მართავენ. 70-მდე ეკომიგრანტი წალკის სხვადასხვა სოფლიდან იმისთვის ჩავიდა თბილისში, რომ მთავრობას დანაპირები შეახსენოს.

ეკომიგრანტები მოითხოვენ, შეისყიდოს სახელმწიფომ მათთვის ის სახლები, სადაც მთავრობამ წლების წინ შეასახლა ისინი, ასევე, იმ მიწების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლითაც დღემდე სარგებლობენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ბათუმში კიდევ ერთი „ოცნების ქალაქი“ გაჩნდება, რადგან მათ ხელისუფლება იძულებულს ხდის, მიატოვონ სოფლები.

„20 წელია წალკაში ჩასახლებული მოსახლეობა ასეთ დღეშია. ფაქტობრივად, უსახლკაროდ და უმიწაწყლოდ ვართ, რადგან ის სახლები, სადაც შეგვასახლეს, ჩვენი საკუთრება დღემდე არ არის და მიუხედავად იმისა, რომ წინა და ახალი მთავრობაც გვპირდებოდა, რომ გამოისყიდდნენ სახლებს, დღემდე არაფერი გაკეთებულა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკომიგრანტი ელგუჯა შავაძე.

ის ამბობს, რომ როცა პირველად დაიწყეს ბათუმში აქციები, იმ ოჯახებიდან 200 ოჯახი ბათუმში დარჩა და „ოცნების ქალაქში“ ჩასახლდა, რადგან მთავრობამ არ შეუსყიდა სახლები.

„ეს ხალხი მოტყუებული დარჩა. ჯერ ივანიშვილი შეგვპირდა შესყიდვას, შემდეგ ღარიბაშვილი იყო პრემიერი და ისიც შეგვპირდა, ოღონდ დაბრუნდით და შეგისყიდითო, დაბრუნდა ეს ხალხი უკან და ერთი სახლიც არ უყიდიათ. 2 500 ეკომიგრანტია და ცხრა სახლია სულ შესყიდული“.

ელგუჯა შავაძე ამბობს, რომ ეკომიგრანტები წალკის სხვადასხვა სოფელში იმ ბერძნების სახლებში ცხოვრობენ, რომლებსაც დროებით მიტოვებული აქვთ თავიანთი საცხოვრებელი. თუმცა ისინი ეკომიგრანტებს თავიანთი სახლების დაცლას სთხოვენ.

„მოგვწყინდა უიმედობა, ზოგი თურქეთში წავიდა, ზოგი ბათუმში ჩამოვიდა, ზოგიც უკან, დამეწყრილ სოფლებში დაბრუნდა და ასეთ მდგომარეობაში ვართ. ფაქტობრივად, წალკა ეკომიგრანტებისგან იცლება. არ ვიცი, ეს ვის ინტერესებში შედის“, – ამბობს ელგუჯა შავაძე.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დროს, მხოლოდ რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ, რომელმაც დამაიმედებელი ვერაფერი უთხრა.

„გვითხრა, რომ სახლების შესყიდვას ვერ შეგპირდებით, რადგან ბიუჯეტში ამის ფული არ გვაქვსო. ჩვენ ვუთხარით, რომ აუცილებელია სხვანაირი პოლიტიკის გატარება, რადგან იცლება ეს რეგიონი. ეკომიგრანტები რომ წამოვიდნენ, გაუდაბურდება, ისედაც ნაკლებია მოსახლეობა. ალბათ, ეს ვიღაცას სჭირდება. ვინც მიწები დაისაკუთრა იქ და ბიზნესები ააწყო. ჩვენი ბედი არავის აინტერესებს, ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა ჩვენ“, – გვეუბნება ელგუჯა შავაძე.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებიც კი არ ხვდებიან, „არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ ინტერესდება ჩვენით, რომ გაგვცეს ამომწურავი პასუხი“.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება საბოლოოდ არ მოაგვარებს მათ პრობლემას, ისინი ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებენ.

„საიაში ვამზადებთ სარჩელს ეკომიგრანტები სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც გვაქვს, რომ წალკაში ჩაგვასახლეს, მაგრამ დღეს დაზარალებულები ვართ. სხვა გამოსავალს ჩვენ ვერ ვხედავთ. მანამდე თუ გამოგვყრიან დროებითი სახლებიდან, დავბრუნდებით აჭარაში და შევქმნით ახალ „ოცნების ქალაქს“, – გვეუბნება შავაძე.

ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ეკომიგრანტების აქცია პარლამენტთან

ანალოგიური მოთხოვნით ეკომიგრანტებმა აქცია გამართეს სამი თვის წინაც. თუმცა მათთვის დღემდე არაფერი შეცვლილა.

ამავე თემაზე:

„ჩავალთ პარლამენტთან და ძროხებსაც მაქ დავაბამთ“ – საპროტესტო აქცია წალკაში

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გრძელდება. მუნიციპალიტეტის სოფლებში ტერიტორიების შეწამლვას ერთდროულად აწარმოებს თერმული ნისლის გამაფრქვეველი, „ცივი შესხურების“ მეთოდით აღჭურვილი 11 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი.

პრევენციული ღონისძიებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძისა და ფაროსანას საწინააღმდეგო შტაბის უფროსის ლაშა შალამბერიძის კოორდინაციითა და ორგანიზებით მიმდინარეობს.

 

ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩაზე „მეზღვაურთა სკვერის“ მოწყობას გეგმავს

ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების თაობაზე მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.

მერია ითხოვს, ასევე, ამ სკვერს მეზღვაურთა სკვერის სახელი მიენიჭოს.

განკარგულების პროექტს თან ერთვის ორი წერილი, რომელიც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან დირექტორისგან თამარ იოსელიანისგან და ბათუმის საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“  დირექტორისგან ანზორ დიასამიძისგან მიიღო.

ორივე წელის ავტორი მერიას სთხოვს მიიღოს გადაწყვეტილება ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან ახლოს კონკრეტული ტერიტორიისათვის მეზღვაურთა სკვერის მინიჭების თაობაზე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სკვერის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული ტერიტორია 6348 კვადრატული მეტრია.

საკითხი საკრებულომ 14 ივნისს დაანონსებულ სხდომაზე უნდა განიხილოს.

მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების განრიგი გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 12 ივნისს, მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი 2019 წლის გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა:

10 ივლისი

  • პროფესიული უნარები

11 ივლისი

  • პროფესიული უნარები

12 ივლისი

  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)
  • ბუნებისმეტყველება (I-VI)
  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
  • მათემატიკა (I-VI)

17 ივლისი

  • მუსიკა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • სამოქალაქო განათლება
  • ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII)

18 ივლისი

  • ფიზიკა
  • მათემატიკა (VII-XII)
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • ქიმია
  • სპორტი

19 ივლისი

  • ბიოლოგია
  • ინგლისური ენა – წერითი ნაწილი
  • რუსული ენა – წერითი ნაწილი
  • გერმანული ენა – წერითი ნაწილი
  • ფრანგული ენა – წერითი ნაწილი
  • ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი

20 ივლისი

  • ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი
  • რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი
  • გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი
  • ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი
  • ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი

21 ივლისი

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.

 

პროფესორი ბათუმში მაღალ შენობებთან დაკავშირებული კატასტროფის საფრთხეებზე

არის თუ არა გაანგარიშება ზუსტი მდგრადობის თვალსაზრისით, როცა ბათუმში 100-მეტრამდე ან უფრო მაღალი მშენებლობების აშენებაზე ნებართვა გაიცემა? ვინ აპროექტებს და შემდეგ ვინ ამოწმებს, გვაქვს თუ არა გარანტიები, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ყველაფერზე ზედამხედველობის უფლებამოსილ პირს არ ევალება შეამოწმოს სამშენებლო მასალების ხარისხი? – ამ კითხვებით მშენებელ-კონსტრუქტორს, პროფესორ გიზო ფარცხალაძეს მივმართეთ. მაღალ შენობებთან დაკავშირებით რისკებზე მან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

  • ბატონო გიზო, საბჭოს ერთერთ სხდომაზე თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ მაღლივ შენობებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება და ამ შემთხვევაში ყურადღებამისაქცევია საძირკვლის პარამეტრები. რა რისკებთან გვაქვს საქმე?

არამარტო საძირკვლის. ჩვენ ვსაუბრობდით თანამედროვე შენობების ზიდვის უნარზე, რომელიც განპირობებულია სიმტკიცის, მდგრადობისა და სიხისტის პირობებით. შემოვიტანოთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს მშენებლობასთან დაკავშირებით:

პირველი პრობლემა შეეხება სამშენებლო მასალების ხარისხსა და საიმედობას. მშენებლობის პროცესში ზუსტად უნდა იქნას შემოწმებული ფოლადისა და ბეტონის, ასევე საშენი მასალების ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური თვისებები. შეიძლება შენობა-ნაგებობა აშენდეს ხარისხიანად, მაგრამ თუ საშენი მასალები არ იქნება ხარისხიანი, აუცილებლად გიმტყუნებს შენობა ექსტრემალური დატვირთვების დროს. აუცილებელია მასალების შემოწმება ტექნიკის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისი აღჭურვილობის ლაბორატორიებში.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უხარისხო მასალებით აშენებული შენობა-ნაგებობებით გამოწვეული კატასტროფის რისკი, საჭიროა შეიქმნას მაღალი ხარისხის ლაბორატორია, რომელიც იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და რომლის მუშაობასაც შეამოწმებს დამოუკიდებელი ხარისხის სამსახური.

მეორე პრობლემაა შენობა-ნაგებობების დაპროექტების ხარისხი. მნიშვნელოვანია რა გამოცდილების კომპანია მონაწილეობს დაპროექტების პროცესში; როგორი კვალიფიკაციის კონსტრუქტორებია ჩართული მის დაპროექტებაში. საკმარისია, რომ დამპროექტებელმა კომპანიამ დაუშვას შეცდომა, ან უზუსტობა, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში, ის შეიძლება კატასტროფად შემოუბრუნდეს შენობა-ნაგებობას. მით უმეტეს, რომ ადრე ჩვენ საპროექტო კომპანიებში მაღლივი შენობების დაპროექტების დიდი გამოცდილება არ არსებობდა. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული არასწორი დაპროექტებით გამოწვეული კატასტროფების რისკი, საჭიროა შეიქმნას ისეთი დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელსაც დაევალება შენობა-ნაგებობების დაპროექტების ხარისხის კონტროლი.  ჩემი აზრით, სხვაგვარად მაღალი დონის შენობა-ნაგებობების აშენება იქნება ძალიან რთული.

მესამე პრობლემა ეს არის მშენებლობის პროცესი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აშენებს კომპანია შენობას, როგორი საინჟინრო გამოცდილება, საინჟინრო კულტურა აქვს. ხშირად ხდება, რომ შენობა დაპროექტებულია კარგად, მაგრამ საპროექტო გადაწყვეტილებები არ სრულდება სრულყოფილად. ასეთმა უხარისხო მშენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფის რისკის გაზრდა. აქაც აუცილებელია დამოუკიდებელი ხარისხის განვითარების სამსახურის შექმნა, რათა შემცირდეს უხარისხო მშენებლობისაგან გამოწვეული კატასტროფის რისკი.

გიზო ფარცხალაძეს შესწავლილი აქვს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრებები ამ მიმართულებით. ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა სტატია გაფართოებული ციტირების მაჩვენებლის მქონე [SCIENCE CITATION INDEX EXPANDED] ჟურნალში – Advances in Civil Engineering-ში. ის შეეხება კოლონების მდგრადობის დაკარგვის ანალიზს მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში. ეს სტატია გამოქვეყნებულია, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს [ესპანეთი] მეცნიერთა ჯგუფის მიერ და იძლევა საშუალებას მდგრადობის დაკარგვისგან გამოწვეული რისკების შემცირების რეალურ პირობებს.

  • თქვენ განმარტეთ სხდომაზე, რომ როცა შენობა აღწევს ას მეტრზე მეტს, მას ასევე უნდა ჰქონდეს ძალიან ღრმა საძირკველი

შენობა-ნაგებობის საძირკვლის ზომები დამოკიდებულია შენობა-ნაგებობისაგან ფუძეზე გამოწვეულ დატვირთვებსა და გრუნტულ პირობებზე. თუ შენობისგან გამოწვეული დატვირთვები იქნება დიდი და გრუნტი იქნება სუსტი, მაშინ, რა თქმა უნდა, საძირკვლის ზომებიც მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

  • ბათუმის მერია ამბობს, რომ სამშენებელო მასალების ხარისხის შემოწმების კომპეტენცია არ აქვს. თუ ამას დაემატება ხარვეზები დაპროექტებაში, გამოდის, საფრთხეები სერიოზულია?

ჩემი აზრით, სახელმწიფოსა და კომპანიებს ერთობლივად შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა. უნდა იქნას გამოყენებული დასავლეთის ქვეყნების მოდელები. მინდა გავიხსენო დასკვნა, რომელიც მომზადდა სპიტაკისა და ლენინაკანის მიწისძვრების შემდგომ [ამ ორ სომხურ ქალაქში მიწისძვრა მოხდა 1988 წელს, სადაც მინიმუმ 25 ათასი ადამიანი დაიღუპა]. იქ იყო უზარმაზარი მსხვერპლი, პირველ რიგში, დაინგრა ის შენობები, რომლებიც უხარისხოდ იყო აშენებული.

  • როდესაც ერთ უბანში იყრის თავს ბევრი მაღლივი შენობა და ასეთი მაგალითები ბათუმში უკვე ბევრი გვაქვს, საფრთხე კიდევ უფრო იმატებს?

თავდაპირველად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები. მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება საუბარი მომდევნო მშენებლობაზე. შეიძლება ახლოს მდგომი შენობების საძირკვლის ქვემოთ მივიღოთ გადაძაბული ფუძეები განსაკუთრებით ხიმინჯოვანი საძირკვლების შემთხვევაში. ამასთან, ახლოს მდგომ მაღლივ შენობებზე მოდის ქარის მნიშვნელოვანი დატვირთვა. საჭიროა ასეთი შენობების მოდელირება და მისი აეროდინამიკურ მილში გამოცდა. ასევე მნიშვნელოვანია ქარის პულსაციურ დატვირთვებზე გაანგარიშება.

თუ, რომელიმე კვარტალში დაიდგმება მაღლივი შენობა, მიზანშეწონილია იმ შენობის ირგვლივ დიდი შენობები არ აშენდეს. შესაძლებელია მხოლოდ სკვერის, კაფეს, ავტოსადგომების… დატოვება. ექსტრემალური სიტუაციების შექმნისას ადვილად უნდა მოხერხდეს შენობის დაცლა.

  • ხშირად არის არგუმენტი, რომ ყველგან შენდება მაღლივი შენობებიმშენებლები სვამენ კითხვას, რატომ არ უნდა აშენდეს ჩვენთან?

რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში დაცული უნდა იქნას ყველა ის პირობა, რაც შეამცირებს კატასტროფის რისკს. დაპროექტებისას შენობები ისე უნდა იქნას ორიენტირებული, რომ მათ არ  შეუშალონ ხელი ქალაქის შიდა უბნებში ჰაერის ნაკადების შემოსვლას. გასათვალიწინებელია ინსოლაციის საკითხი, მაღლივმა შენობებმა არ უნდა დაფარონ და დააბნელონ სხვა არსებული შენობები. ასევე უნდა ვიფიქროთ ჩვენ ქალაქში ავტოსადგომების მშენებლობის საკითხზე, სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებული რაოდენობის გამო.

  • რა გვჭირდება მეტი დაზღვევისთვის?

მშენებლობისას გამოყენებული უნდა იქნას მაღალი ხარისხის მასალები; შენობა-ნაგებობები გაანგარიშებული უნდა იქნას მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ; მშენებლობა უნდა აწარმოონ ისეთმა ინჟინრებმა, სამუშაოთა მწარმოებლებმა, მარმატურეებმა, მებეტონეებმა, შემდუღებლებმა, მემონტაჟეებმა, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომები. დაპროექტებისა და ექსპერტიზის პროცესებში ჩართული უნდა იქნას ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო წრეების საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებიც გამოიყენებენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებს.

  • რას შეცვლის ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც უკვე შევიდა ძალაში?

ახალი კოდები ძირითადად არქიტექტურულია, კონსტრუქციული კოდები იქნება დაფუძნებული ან ევროკოდებზე ან ამერიკული სამშენებლო კოდებზე. ჯერჯერობით, ჩვენთან ყველაზე უფრო აქტიურად მუშაობს ის ნორმები, რომლებიც 90-იან წლებამდე იყო.

დღეს პროექტის შეთანხმებისას სავალდებულოა, მხოლოდ არქიტექტურული ნაწილის შეთანხმება. მშენებლობის ხარისხის ამაღლებისათვის მიზანშეწონილია, ასევე სავალდებულო გახდეს კონსტრუქციული ნაწილიც, წყალმომარაგება და წყალარინება, ელექტრომომარაგება და სხვ. მხოლოდ ასე შეიძლება ხარისხიანი შენობა-ნაგებობების აშენება.

 

naec-მა ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:
  • 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
  • 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
  • 5 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;
 უცხოური ენა:
  • 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
  • 10 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;
  • 11 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
  • 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
  • 19 ივლისი (მეორე სესია) – სამოქალაქო განათლება;
  • 22 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
  • 23 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა.
2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:
  • 17 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B);
  • 18 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – B);
  • 22 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – A);
  • 23 – ივლისი (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – C);
  • 23 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – A);
  • 24 – ივლისი (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – C).
2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი:
  • 5 ივლისი (მეორე სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

„არ დავუშვებთ ახალი კორპუსის დემონტაჟს“ – აქცია სასამართლოსთან

სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა. შეკრებილები ითხოვენ, რომ „სვეტი ჯგუფის“ ახალი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ყოფილ ჭადრაკის სახლთან ახლოს, ბათუმის შემოსასვლელში აშენებული, არ უნდა დაინგრეს.

„ჩვენ ვართ 300 მენაშენე, ძირითადად ემიგრანტები… ჩვენ პატიოსნად  ვიხდიდით ფულს, რომ ბინა შეგვეძინა. გთხოვთ, მოგვცეთ სამშობლოში ყოფნის უფლება,“ – აცხადებდნენ აქციაზე შეკრებილები.

ახალი კორპუსის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ უკვე მიიღო. საფუძველი უნებართვო მშენებლობაა. მენაშენეები ამბობენ, რომ მათი ბრალი არ არის, თუკი კომპანია მერიასთან შეთანხმების გარეშე აშენებდა კორპუსს და ამის შესახებ მერიას მანამ უნდა ეთქვა, ვიდრე 7 სართული აშენდებოდა.

ახლა „სვეტი ჯგუფის“ მენაშენეები დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ. საქმე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უნდა განიხილოს.

ამავე თემაზე:

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

მოსამართლე დღესვე ითხოვს მერისგან პასუხს ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

“ალბათ, მერიას უნდა ვკითხოთ, შედგა თუ არა შეთანხმება. გქონდათ შეხვედრა?” – ამ შეკითხვით დაიწყო დღეს, 12 ივნისს, სასამართლო სხდომა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ – ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

“ამ კუთხით სიახლე არ გვაქვს… მიზეზი ჩემთვის უცნობია,” – უპასუხა მოსამართლეს ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს. მისივე თქმით, მერია ისევ გამოხატავს მზაობას მორიგებასთან დაკავშირებით.

მოსამართლემ ასევე ვერ მიიღო პასუხი, რამ შეუშალა ხელი მერიას იმაში, რომ მოლაპარაკება არ სცადა.

“გამოვაცხადებთ შესვენებას და მაშინ დღესვე უნდა გვითხრათ პოზიცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ”, – თქვა მოსამართლემ და პროცესზე შესვენება გამოაცხადა.

მოსამართლემ მერიის იურისტისგან მოითხოვა მოლაპარაკების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა: როდის გაიმართება შეხვედრა, ვინ დაესწრება და რა ფორმატში.

“შეძლებთ დღესვე ამ ინფორმაციის წარმოდგენას? ჩვენ დღეს ისევ შევიკრიბებით,” – აღნიშნა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

“შევეცდებით,” – მოკლედ თქვა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ და სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა.

მუსლიმმა თემმა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით სასამართლოს ზუსტად ორი წლის წინ, 2017 წლის 10 ივნისს მიმართა. ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. მოსარჩელე მხარემ ორი წლის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ სასამართლო ამ საქმის განხილვას აჭიანურებს.

 

რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

16 ივნისს ბათუმში ერთად აღმოვაჩენთ „წარმატების 3 მთავარ ელემენტს“

პირველად ბათუმში, 2019 წლის 16 ივნისს, 11:00-17:00 საათამდე, სასტუმრო „ველმონდში“ კომპანია „ქონსალთინჯორჯია“ consultingeorgia უმასპინძლებს თამარ სამსონიას საავტორო პროექტს „ელემენტი.“

სილამაზის და კულტურის ექსპერტები, ხელოვანები, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვა პროფესიონალები,  გირჩევენ და გასცემენ პასუხს თქვენთვის უმნიშვნელოვანეს კითხვებს, რომლებიც მიმართული იქნება თქვენი წარმატებისა და განვითარებისაკენ.

ჩვენს თანამედროვე, ევროპულ ქალაქში, სადაც ულამაზესი ბულვარი, კინო, თეატრი და განტვირთვის ძალიან ბევრი სხვა საშუალება გვაქვს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება კინოსა და თეატრის ცარიელი დარბაზები (მათ შორის, უფასო ღონისძიებებზეც), თბილი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, ჩვენი ქალაქის მოსახლეობა როგორც დატვირთული, ისე თავისუფალი რეჟიმის პირობებში, თითქმის არ დადის ფეხით, უჩივის წონის მატებას და დეპრესიას, საქმიან და დასაქმებულ ადამიანთა დიდი ნაწილისათვის ჩვევად იქცა ჩაკეტილი წრე: სახლი, სამსახური, სოციალური ქსელი, მონოტონურობა. მოქალაქეთა ნაწილს დროთა განმავლობაში უქრება ხალისი და განვითარების მოტივაცია.

პროექტის მთავარი მიზანია – წარმატების ფსიქოლოგიის გაგება – რაც მიიღწევა სხვადასხვა ელემენტის გაერთიანებით – პიროვნული ინდივიდუალიზმის აღქმის და თავდაჯერების ამაღლებით, საკუთარი თავის და სხვების მოტივირებით, ჯანმრთელობით, ჰარმონიით გარემოსა და საკუთარ თავთან.

პროექტი საზოგადოებისათვის სასიკეთო  ნორმებისა და ღირებულებების – ჯანსაღი ცხოვრების, შემეცნებისა და სხვა სიკეთეების პოპულარიზაციას ახდენს.

პროექტი ერთდღიანია და შედგება 3 მთავარი ნაწილისაგან ანუ წარმატებისა და თავდაჯერებისათვის მნიშვნელოვანი 3 მთავარი „ელემენტი“- საგან: პერსონა – ინდივიდი, ჯანმრთელობა და განტვირთვა.

[checklist]

  • პირველი – „პერსონა ინდივიდი – განუმეორებელი ელემენტი“ – მონაწილეებში ინდივიდუალიზმის განვითარების, საკუთარი უნიკალურობის აღქმას განვიხილავთ მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად.
  • მეორე – „ჯანმრთელობა- შეუცვლელი ელემენტი“. პირველ რიგში, განვიხილავთ ფსიქოლოგიურ ნაწილს: მოტივაცია, თავდაჯერების ფსიქოლოგია, რაც ყველასთვის როგორც ბიზნესში, ისე პიროვნული განვითარებისათვის აუცილებელია. შემდეგ კი უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას შევეხებით, მოწვეული იქნება ენდოკრინოლოგი და ფიზიკური აქტივობის სახეებს და მნიშვნელობაზე ისაუბრებს პროფესიონალი.
  • მესამე – „განტვირთვა – აუცილებელი ელემენტი“ განტვირთვის აუცილებლობაზე, წიგნებზე, კინოზე, თეატრსა და რაღა თქმა უნდა, ჩვენს უნიკალურ მწვანე გარემოზე ვისაუბრებთ.

[/checklist]

[highlight color=”green”]სპიკერები:[/highlight]სოფო გუჯაბიძე, ზვიად ელიზიანი, მარიამ კორინთელი, ნინო კერვალიშვილი, ქეთი ბერიძე, ნანუკა სტამბოლიშვილი, ბელა ხალვაში, ვერონიკა არუთუნიანი, ზაქარია ცერცვაძე, მიხეილ გაბაიძე. იხილეთ სპიკერების ვიდეო.

პროექტის მხარდამჭერები არიან: „ისი პარი“, დიზაინერი ნანა ქართველი, კლინიკა „დერმაქეა“, ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში,“ ბიაფფი – საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, სახელმწიფო დრამატული თეატრი, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, Bella – ხელნაკეთი ჩანთები, ასპრია ფიტნეს ცენტრი, სასტუმრო „ველმონდი“ და სპეციალურად პროექტისათვის მოწვეული ტრენერი.

პროექტზე რეგისტრირებულ მონაწილეთათვის გათვალისწინებულია წამახალისებელი გათამაშებები და საჩუქრები.

რა შეღავათები გაუუქმეს იმპორტიორებს და ვის შეეხება მინისტრის ბრძანება 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა], წინასწარ [საქონლის შემოტანამდე] დეკლარირებულ საქონელზე [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა] და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა].

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილებები, დღეიდან, 12 ივნისიდან, უკვე ამოქმედდა აქციზური საქონლის მიმართ, ხოლო სხვა შემთხვევაში 2019 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.

ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

ცვლილებები „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის ბრძანებაში, 2019 წლის 31 მაისს შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 10 მსხვილი ბიზნესგაერთიანება დღეს, 12 ივნისს, წერილით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, გაკეთდეს შესაბამისი განმარტებები, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით. ბიზნესმენები მინისტრის ბრძანების ამოქმედების 6 თვით გადავადებას ითხოვენ, რისთვისაც აპირებენ მიმართონ პრემიერ-მინისტრსაც. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა კვლავ იმოქმედებს „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე.

რატომ ითხოვენ კომპანიები მინისტრის გადაწყვეტილების გადავადებას და რა არის „ოქროს სია“ – ვრცლად იხილეთ ბმულზე:

https://netgazeti.ge/news/371059/

2018 წელს სახელმწიფომ 4 მილიარდიდან 778 მილიონი გამარტივებული შესყიდვით დახარჯა  

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქონლის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ჯამში, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აქედან ელექტრონული პროცედურებით განხორციელდა 3,3 მილიარდი ლარის შესყიდვები, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 778 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ 10 სახელმწიფო ორგანიზაციას შორის, რომელთა მიერ შარშან გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება ყველაზე მეტი იყო, შპს „სტადიონი“ მე-6 ადგილზეა, ხოლო აჭარის გზების დეპარტამენტი – მე-8 ადგილზე.

შპს „სტადიონმა“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, 2018 წელს 10 ტენდერი გამოაცხადა. საწყისი სატენდერო [სავარაუდო] ღირებულება კი ჯამში 69,1 მილიონი ლარი იყო;

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა კი გასულ წელს 283 ტენდერი გამოაცხადა – საწყისი სატენდერო [სავარაუდო] ღირებულებით, ჯამში – 56,8 მილიონი ლარით.

2018 წელს სახელმწიფო ორგანიზაციებმა სულ 32 597 ტენდერი გამოაცხადეს [2017 წელს კი უფრო მეტი – 33 095 ტენდერი]

სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციები 2018 წელს გამოცხადებული ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულების მიხედვით

შემსყიდველი ორგანიზაციები 2018 წელს გამოცხადებული ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულების მიხედვით / წყარო: შესყიდვების სააგენტო

Tbilisi Open Air-ის 6 ბილეთი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის – გათამაშება

„ბათუმელები“/netgazeti.ge აწყობს საჩუქრების საზაფხულო გათამაშებას სტუდენტებისთვის.

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდა მკითხველთა ბაზაში და პერიოდულად მიიღებენ მონაწილეობას გამოკითხვა-გათამაშებებში.

პირველ ეტაპზე გადათამაშდება Tbilisi Open Air 2019 -ის 6 ბილეთი – 21-22-23 ივნისი.

სტუდენტებისთვის სეზონური საჩუქრების გათამაშება არის ჩვენი ახალი პროექტის იდეის ერთი ეტაპი. ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ სტუდენტების საჭიროებებისა და ინტერესების შესახებ, რათა შევქმნათ მათთვის სასარგებლო რესურსები.

რეგისტრაციისა და მეტი დეტალის გასაგებად დაკლიკეთ:

[red_box]ახალგაზრდა მკითხველთა ბაზაში რეგისტრაცია [/red_box]

რეგისტრაცია დაიწყება 10 ივნისს და დასრულდება 17 ივნისს, 24:00 საათზე.

საჩუქრები გათამაშდება ელექტრონულად (სპეციალური პროგრამის საშუალებით). გათამაშების შედეგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ფეისბუქგვერდებზე, გათამაშება გაიმართება 18 ივნისს; გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცემათ 19 ივნისს.

უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა გაორმაგდა – რა შეიცვალა კანონში

უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები გაორმაგდა. თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში, უნებართვო მშენებლობა 3 ათასი ლარის ნაცვლად 6 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სხვა ქალაქებში კი, სამართალდამრღვევები 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმა გაიზარდა დაბებსა და სოფლებში უკანონო მშენებლობებზეც – 200 ლარიდან 1000 ლარამდე.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანებს აქამდე უღირდათ სამი ათასი ლარის გადახდა, მაგალითად, უკანონოდ აივნის მიშენებისთვის, ან ფანჯრის გამოჭრისთვის, ახლა ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა. თუკი ჯარიმას ადამიანი ერთ თვეში არ გადაიხდის, მას გაორმაგებული ოდენობის გადახდა მოუწევს,“ – მიიჩნევს „იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი.

3 ივნისიდან ამოქმედდა ახალი კანონი „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“. აქამდე უკანონო მშენებლობებზე ჯარიმებს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ითვალისწინებდა.

„იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ჯარიმების ოდენობა არ შეცვლილა. ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი სართულიანობის მიხედვით მესამე და მეოთხე კლასის ნაგებობებს ეხება და „თუ ეს გაბარიტების შეცვლას არ იწვევს“. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 4-დან 8 ათას ლარამდე გაიზარდა. დაცვის ზონაში კერძო შენობებზე უკანონო მშენებლობა ისევ 8 ათასი ლარით ჯარიმდება.

ახალი კანონი ზრდის ჯარიმის ოდენობას საინფორმაციო დაფის არარსებობის ან არასრული ინფორმაციის მოთავსების შემთხვევაშიც. „სპეციალური დაცვის ზონაში ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ნაცვლად 1000 ლარისა. სპეციალური ზონის მიღმა კი, საინფორმაციო დაფის არარსებობისთვის ჯარიმის ოდენობა პირიქით, შემცირდა 500-დან 400 ლარამდე“, – დასძენს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

სამშენებლო სფეროში ამოქმედდა ახალი კანონიც – „სივრცითი დაგეგმარება, არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, სადაც გათვალისწინებულია სამშენებლო პროცესში ისეთი მოთხოვნების დაცვა, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა, ხმაურისგან დაცვის უზრუნველყოფა, ჰიგიენის დაცვა….

„იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ ზოგადი პრინციპებია და მისი შეუსრულებლობის გამო მერია ვერ ეტყვის სამშენებლო კომპანიას უარს ნებართვაზე.

„ამ კოდექსით დადგინდა ბევრი სიახლე, ახალი დათქმები, რომლებსაც ითვალისწინებს ევროკოდები. სამშენებლო რეგულაციების თვალსაზრისით, საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო პრაქტიკით და გამოცდილებით. ახლა უნდა ველოდოთ მთავრობის დონეზე შესაბამისი დადგენილებების მიღებას, რომლებიც ამ პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარების შესაძლებლობას მოგვცემს, როგორ უნდა იყოს, მაგალითად, მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

მთავრობამ ახალი რეგულაციები ამ კუთხით მომავალი წლის პირველ მაისამდე უნდა მიიღოს.

 

 

რა მწვავე პრობლემები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას

რა საჭიროებები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას, რა არის მთავარი გამოწვევა და როგორ აპირებენ სკოლები ამ პრობლემების დაძლევას? – საპილოტე კვლევის შედეგებზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში 15 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი ნინო რევიშვილი გვესაუბრება.

ნინო რევიშვილის თქმით, საკვლევად შერჩეული იყო სხვადასხვა ტიპის საჯარო სკოლა, მათ შორის ქალაქის, სოფლის, დიდი და პატარა სკოლები. ასევე ისეთი სკოლები, სადაც არაქართულენოვანი მოსწავლეები სწავლობენ.

„იდეა იყო სკოლებს დავხმარებოდით თვითშეფასებაში. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ გამოეკვეთათ სკოლის ყველაზე მწვავე პრობლემა, რომლის გადაჭრაც სკოლის ბაზაზე იქნებოდა შესაძლებელი. თუ სკოლა დააყენებს საკითხს ასე, რომ მოსწავლეების უმეტესობას სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი აქვს დაბალი, ბუნებრივია, ამ პრობლემას მარტო სკოლა ვერ გადაჭრის. ამიტომ სკოლას უნდა ეპოვა ისეთი პრობლემა, რომელიც მწვავეა, მაგრამ მისი გადაჭრა მეტ-ნაკლებად შეუძლია“, – გვეუბნება ნინო რევიშვილი.

მისი თქმით, კვლევამ რამდენიმე სკოლაში გამოკვეთა მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების პრობლემა, როგორც საბაზო, ასევე შემდეგ საფეხურზე.

„წაკითხულის გააზრების პრობლემა არ იდგა მხოლოდ ქართული ენაში, არამედ ყველა საგანში. მაგალითად, მათემატიკის ამოცანას ვერ ხსნიდნენ მოსწავლეები იმიტომ კი არა, რომ მათემატიკა არ ესმოდათ ან ფორმულები არ იცოდნენ, არამედ ის, რომ არ ესმოდათ რას ეკითხებოდა მათ ამოცანა. იგივე იყო ბუნებისმეტყველებაში. ვერ იგებდნენ, რადგან ვერ იაზრებდნენ, რაზე იყო საუბარი ტექსტში“.

ამიტომ, როგორც ნინო რევიშვილი გვეუბნება, ერთ-ერთმა სკოლამ შეიმუშავა კითხვის მოდული, რომელსაც ყველა საგნის მასწავლებელი იყენებდა და რომელიც გააზრებული კითხვის ხელშეწყობისთვის იყო გამიზნული.

მასწავლებლები უფრო მეტ დროს უთმობდნენ ტექსტთან მუშაობას, როგორც ტექნიკურ, ასევე საბუნებისმეტყველო საგნებში.

კვლევის შედეგად ერთ-ერთმა სკოლამ დანერგა ე.წ ქოუჩინგის, ანუ მხარდაჭერის მეთოდი. ეს გულისხმობს, მოსწავლის კონკრეტულ საჭიროებაზე მასწავლებლის ორიენტირებას.

„მასწავლებელი ინდივიდუალურად მუშაობს მოსწავლესთან იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება აქვს კონკრეტულ მოსწავლეს. ეს შეიძლება იყოს 10-წუთიანი შეხვედრა, მაგრამ მიზანმიმართული. ბუნებრივია, ყველა სკოლაზე ამას ვერ განაზოგადებ, მაგრამ ამ კონკრეტულ სკოლაში ამ მეთოდს ჰქონდა შედეგი“, – ამბობს ნინო რევიშვილი.

მისი თქმით, ეს კონკრეტული მეთოდი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც დამრიგებლობის ალტერნატივა. „ამაში დამატებით ანაზღაურებას ხომ იღებენ პედაგოგები, ამიტომ, სამომავლოდ, შესაძლოა დამრიგებლობის ამ პრაქტიკას ჰქონდეს ალტერნატივა სასწავლო ქოუჩინგის სახით და გრძელვადიან პერსპექტივაში ანაზღაურების რაღაც პრინციპსაც ებმოდეს“.

მეთოდის ეფექტურობა, როგორც რევიშვილი ამბობს, იმაშია, რომ ხშირად მოსწავლე ვერ იაზრებს რაში სჭირდება დახმარება, მასწავლებელს კი შუძლია კარგი მეგზურობა გაუწიოს, აუხსნას რას მიაქციოს ყურადღება დავალების გაკეთებისას.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც კვლევის პროცესში ზოგიერთმა სკოლამ გამოკვეთა, შემაჯამებელი შეფასებებია. „ბევრს სკოლაში ეს გამოწვევა დგას, რადგან ბავშვები პროცესში თითქოს კარგად სწავლობენ, ნორმალური შედეგები აქვთ, მაგრამ ე.წ. საკონტროლოებში, შემაჯამებელ წერებზე არ აქვთ შესაბამისი შედეგი.

სკოლებმა სხვანაირად შეხედეს ამ საკითხს, შეცვალეს შემაჯამებელი დავალებების ფორმატი და აქცენტი გააკეთეს კონკრეტულ თემებზე. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი ადამიანის კანზე და სიღრმისეულად შეისწავლეს ეს საკითხი. გვაჩვენეს მსგავსი პროექტები, რომელიც ასევე შთამბეჭდავი იყო და შედეგი აისახა მათ მიღწევებშიც“.

მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც არაქართულენოვან მოსწავლეებს ენის ცოდნის საჭიროებები აქვთ, სკოლამ აქცენტი გააკეთა ამ პრობლემაზე და დაიწყო მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა.

„მაგალითად, მათემატიკასა და ქართულში მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებთან დაიწყეს მუშაობა. 15-20 წუთი ცალკე მუშაობდნენ იმ ბავშვებთან, ვინც ვერ ფლობდა კარგად ქართულ ენას, მიზანმიმართულად, სირთულის მიხედვით. შეიძლება ერთი შეხედვით ეს მოსწავლეთა სეგრეგაციად მოგვეჩვენოს, მაგრამ ასე არ არის, რადგან შემდეგ ეს ბავშვები ბრუნდებოდნენ კლასში და ჩვეულებრივ ერთვებოდნენ პროცესში“.

ნინო რევიშვილის თქმით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებთან ინდივიდუალურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და დროთა განმავლობაში უფრო მეტი და მეტი არაქართულენოვანი ბავშვი რჩებოდა ქართულ  კლასში. „ როცა არის ინტერესი, როცა ასწავლი სწორად და ბავშვი ხედავს შედეგს, მისი მოტივაციაც იზრდება“.

სკოლებს საჭირობების კვლევაში ეხმარებოდა საერთაშორისო კონსულტანტი, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები. პროექტი ხორციელდებოდა „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მხარდაჭერით.

„ამ პროექტის არსი იმაშია, რომ თუ სკოლამ არ გაიაზრა, როგორ უნდა შეაფასოს თავისი საჭიროებები, როგორ დასახოს გზები პრობლემების აღმოსაფხვრელად, გარე შეფასებით, ჩარევით და ნიშნების დაწერით ამის გაკეთება არის რთული. იმედი მაქვს, რომ „ახალი სკოლის მოდელზე“ ვინც მუშაობს, ამ გამოცდილებასაც გაიზიარებს“, – ამბობს ნინო რევიშვილი.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის უნივერსიტეტი ABET – ის აკრედიტაციის მოპოვებას ცდილობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიზო ფარცხალაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკრედიტაციის მიღების მიზნით ABET-ის სიმპოზიუმს დაესწრნენ.

ABET –  ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის პროგრამების აკრედიტაციის წამყვანი ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყნის 752 უნივერსიტეტში 3 ათასზე მეტი პროგრამა აქვს აკრედიტებული.

ABET-ის სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აკრედიტაციის პროცესის, ასევე, საინჟინრო-ტექნიკურ დარგებში საგანმანათლებლო კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის.

სიმპოზიუმის ძირითადი მიზანი ერთ სივრცეში შეკრება, საგანმანათლებლო სისტემებისა და უმაღლესი ტექნიკურ-საინჟინრო მიმართულების  პროგრამების დასახვეწად უახლესი სტრატეგიების, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკის გაზიარებაა.

ABET-ის აკრედიტაცია პარტნიორ უნივერსიტეტებში როგორც აკადემიური პერსონალის გადამზადებას, ასევე, ლაბორატორიების მოწყობასა და სასწავლო პროგრამების შემუშავებას გულისხმობს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს.

ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმარება,  რომელსაც მიღებული აქვს ამერიკის „ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს“ [ABET] აკრედიტაცია.

გიზო ფარცხალაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტი გეგმავს მშენებლობის პროგრამის აკრედიტაციას.

„დიდი მხარდაჭერა გვაქვს სან დიეგოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან, უნივერსიტეტის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ ჩვენთან და გაეცნენ ფაკულტეტის მუშაობას, იმყოფებოდა ასევე უნივერსიტეტის პრეზიდენტი მარია ადელა დე ლა ტორესი, მან აღგვითქვა დახმარება ჩვენი პროექტების განვითარებაში,“ – გვითხრა გიზო ფარცხალაძემ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი 7 ივნისს იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტის რექტორთან  და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან, გიზო ფარცხალაძესთან გამართულ შეხვედრაზე დაგეგმეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და გაცვლითი პროგრამების ამოქმედება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბსუ-ს ქრომატოგრაფიული ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან არსებულ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას გაეცნენ.

ABET-ის ფონდის ექსპერტების პირველი ვიზიტი საქართველოში 2013 წელს შედგა.

 

ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბათუმში, ახალ ბულვარში, წყალზე მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახალგაზრდა 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული.

მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლი შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. მაშველმა ანრი ნემსაძემ თავად გამოიყვანა 18 წლის ბიჭი წყლიდან.

 

 

„Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ

,,Black Sea Arena” სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ,  „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით  სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:


ამასთანავე, 17 ივნისს,  ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „
Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და  10 წუთიანი გაჩერება ექნება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Georgian Railway Tickets  და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

“სახლში შეუვარდნენ, სცემეს და მარიხუანა წაართვეს” – ყაჩაღობის საქმე

ყაჩაღობის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 11 ივნისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ხალაში მოხდა.

საქმის მასალების მიხედვით, სამმა ბრალდებულმა ხალაში მცხოვრები მამუკა ა. დააყაჩაღეს, სცემეს და დანით “სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები” მიაყენეს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებიდან წაუკითხა ისიც, რომ იმ საღამოს ბრალდებულები კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში შეიჭრნენ და დაზარალებულს მარიხუანა წაართვეს.

მარიხუანას გარდა, ყაჩაღობის ღამეს დაზარალებულის სახლიდან ასევე წაიღეს: 80 ლარი, ოქროს ძეწკვი, “აიფონის” მარკის ტელეფონი და სიგარეტი “პარლამენტი”.

“ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელით თავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე,”- მიმართა მოსამართლემ ბრალდებულებს, როცა მან ბრალის არსის გაცნობა დაასრულა.

“თავს დამნაშავედ არ ვცნობ,”- უთხრა მოსამართლეს სამივე ბრალდებულმა. სამივე მათგანმა ასევე აღნიშნა, რომ დასაქმებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი მეზღვაურია, თუმცა იგი ყაჩაღობის ღამეს საქართველოში იმყოფებოდა.

მხარეებმა უკვე გაცვალეს მტკიცებულებები. დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს ყველა მტკიცებულებას, რაც პროკურორმა დავით კირჩხელმა ამ საქმეზე წარმოადგინა. შესაბამისად, მოსამართლე ყველა მოწმის ჩვენებას მოისმენს.

პროკურორის თქმით, საქმეში უკვე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს სხეულის დაზიანება ჰქონდა. ექსპერტიზა ჯერ არაა მზად დანის ნაწილში, რომელიც უკვე ამოღებულია.

“რეალურად ისინი მივიდნენ დაზარალებულთან და ითხოვეს, მარიხუანა მოგვაწევიეო, რაზეც უარი მიიღეს და ამას მოჰყვა ჩხუბი. სხვას არაფერს ბრალდებულები არ ამბობენ,” – აღნიშნავს ადვოკატი მერი ცინარიძე. მისივე თქმით, დაცვის მხარემ წარმოადგინა აუდიო ჩანაწერიც, სადაც დაზარალებული ამბობს, რომ ის მხოლოდ სცემეს და მისი სახლიდან არაფერი წაუღიათ.

“ჩვენ ასევე გამოვკითხეთ მოწმე – ნათესავი ბიჭი, რომელიც იმ საღამოს დაზარალებულთან იმყოფებოდა. ის მბობს, რომ პოლიციამ აიძულა ცრუ ჩვენების მიცემა,” – დასძინა ადვოკატმა მერი ცინარიძემ.

“ეს კაცი ჰყიდდა მარიხუანას, ასე იყო ცნობილი… უბრალოდ, მივიდნენ და მარიხუანა ითხოვეს,”- გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ.

 

თიბისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს სტარტაპ-დეკრეტს იწყებს

თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის-სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს.

„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

სტარტაპ-დეკრეტის პირველ 10 გამარჯვებულს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება

შპს „სტადიონი“ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპი] სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ფასთა კვლევას ატარებს. მეორე ეტაპის სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.

„სტადიონის“ განაცხადში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში შესრულებული აქვთ დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 50 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების სამშენებლო სამუშაოების (გარდა ხაზობრივი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებისა) ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება“.

შეთავაზებებს შპს „სტადიონი“ წერილობითი სახით, 2019 წლის 16 ივნისის [18:00 სთ] ჩათვლით მიიღებს. შეთავაზება უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. სავარაუდო ფასის დადგენის შემდეგ კი ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც.

„ანაგმა“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულება „სტადიონს“ 20 მილიონ 780 ათას ლარად შესთავაზა [სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო]. ხელშეკრულება კი მასთან 24 520 400 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] 2019 წლის 10 აპრილს გაფორმდა.

ამ თემაზე: ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპის] სამუშაოები მოიცავს:

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე [პირველი ეტაპი] ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული დღგ-ს გარეშე [117 349 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით].

სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებას კი ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სიემსი“ უწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2 388 580 ლარზეა გაფორმებული.

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / 2019 წლის მაისი / ფოტო: „ბათუმელები“

ამავე თემაზე:

ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

სასამართლოში დაპირების მიუხედავად, მერია მუსლიმ თემს მაინც არ დაელაპარაკა – ახალი მეჩეთი

მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება არ შედგა. სასამართლო პროცესი ხვალ, 12 ივნისს, განახლდება. წინა პროცესზე კი, რომელიც 22 მაისს გაიმართა, ბათუმის მერიის წარმომადგენელმა პროცესის გადადება მოლაპარაკების მოთხოვნით ითხოვა.

„შეთანხმება კი არა, ერთი სატელეფონო ზარიც არ შემოსულა მერიიდან, არ ვიცი, რატომ,“ – ამბობს ნოდარ პაქსაძე, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ხელმძღვანელი.

რატომ არ სცადა ბათუმის მერიამ მუსლიმ თემთან მოლაპარაკება? – კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე განმარტება მერიიდან არ მიგვიღია. სასამართლო პროცესის გადადება მოლაპარაკების მოტივით ბათუმის მერიამ რამდენჯერმე ითხოვა.

სასამართლოსთვის მუსლიმი თემის მიმართვიდან ზუსტად ორი წელი გავიდა – ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა, რადგან ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა.

„სასამართლოზე მეტად მერიას აქვს ეს სტრატეგია, რომელმაც იცის, რომ მის ხელში არსებობს ამ პროცესის გაჭიანურების ფორმალური ბერკეტები. რეალურად გადაწყვეტილების მიმღები რგოლი მერიაა,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.

რას აჩვენებს მოცემულობა, როცა ბათუმის მერია მოლაპარაკების გამართვის მოტივით სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს, მოლაპარაკების მაგიდასთან კი არ ჯდება?

„რეალურად ეს აჩვენებს იმას, რომ მერიას და უფრო ზუსტად ხელისუფლებას, არა აქვს პოლიტიკური ნება და რესურსიც, რომ ეს პრობლემა ადამიანის უფლებების და თანასწორობის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ისინი ცდილობენ, შექმნან ილუზია, რომ თითქოს გარკვეული მოლაპარაკება მიმდინარეობს. ის საჯარო პოზიციები, რასაც მერია აჟღერებს სასამართლოში, არის გაუგებარი და უპასუხისმგებლო,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. მას ასევე ვკითხეთ, რამდენად შეიძლებოდა შეცვლილიყო ხელისუფლების დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, თუკი სასამართლო დროის მოკლე მონაკვეთში განიხილავდა ამ სარჩელს.

„სასამართლო სწორად განმარტავს, რომ რეალურად ჩვენ ვართ მშენებლობის პირველ სტადიაზე და შესაძლოა ეს სასამართლო დავა ისევ გაგრძელდეს, თუკი მერიას არ ექნება პოლიტიკური ნება… სასამართლოს მხრიდან გაჭიანურების პრობლემა ნამდვილად ჩანს და ჩვენ ამაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ, თუმცა ბოლო წუხილის შემდეგ სასამართლო ცდილობს, რომ ინტენსიურად ჩანიშნოს სხდომები,“ – გვითხრა თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა.

მთავარი ფოტო: მუსლიმების ლოცვა იმ ადგილას, სადაც თემი ახალი მეჩეთის აგებას ითხოვს. მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

რა ზიანი მოაქვს სუიციდის არასწორ გაშუქებას

რაზე არ უნდა ისაუბროს მედიამ, როდესაც საქმე მოზარდის სუიციდს შეეხება. როგორი ენა უნდა გამოიყენოს მედიამ, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც სოციალური ქსელებით თუ სხვა ფორმით, სუიციდის თემაზე საუბრობენ, წერენ, აკომენტარებენ და რამდენად დიდი შეიძლება იყოს ზიანი, რომელიც შეიძლება ამ თემის „გაყვითლებამ“ გამოიწვიოს. რისკებსა და გაშუქების ფორმაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს.

ცნობილია მასობრივი მიბაძვითი სუიციდის ფენომენი, რომელიც თავს იჩენს  დროის ერთსა და იმავე მომენტში და ხშირად განპირობებულია მედიის ზეგავლენით. სუიციდის შემთხვევების ხშირი და ინტენსიური გაშუქება ზრდის  სუიციდის რისკს გარკვეულ ჯგუფებში, კერძოდ კი,  მოზარდებში. განსაკუთრებულ რისკჯგუფს აქ 15-დან 19 წლამდე ასაკის თინეიჯერები წარმოადგენენ.  არანაკლები როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებსაც, სოციალურ მედიას. დღეს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გადაიქცეს ახალი ამბების „ავტორად“, დაწეროს, გაიზიაროს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამიტომ, პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ მედიაზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე.

  • ქალბატონო მაია, რას უნდა მოვერიდოთ და რატომ ამ თემის გაშუქების დროს?

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მოზარდებისთვის დამახასიათებელია ჯგუფის შიგნით, თინეიჯერულ პოპულაციაში მიკუთვნებულობის  მაღალი მოთხოვნილება. ეს ამ ასაკის ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, გზა საკუთარი იდენტობის მოპოვებისაკენ, ხშირად,  თანატოლთა მხრიდან აღიარებაზე გადის. მოზარდს ამ აღიარებისთვის ბევრ რისკსა და კომპრომისზე  შეუძლია წასვლა. მათი კონფორმიზმიც სოციალიზაციის მოთხოვნილებითაა განპირობებული. ანუ ისინი, ხშირად, თითქმის ერთნაირი იდეებით საზრდოობენ.

დააკვირდით როგორ გვანან ერთმანეთს – ერთნაირად აცვიათ, ერთნაირად მეტყველებენ. მათ აქვთ გარკვეული შიდა კულტურა, რომლითაც თითქოს გარესამყაროს გამოეყოფიან.  ამ ჯგუფის შიგნით ძალიან მაღალია ე.წ. გადადების, მიბაძვის, ინდუცირების [აზროვნების მეთოდი – კერძო ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან ზოგადი დასკვნის გამოტანა] მომენტებიც. რაც მოსწონს ყველას, სწორედ ის იქცევა მთავარ იდეად, აზრად, ის ხდება მოდური.

ამას გარდა,  გარდატეხის ასაკის ბავშვისთვის იმპულსურობა და სპონტანურობაა  დამახასიათებელი – ეს კავშირშია იმასთან, რომ მოზარდის თავის ტვინში რევოლუციური ცვლილებები ხდება. ხშირია ემოციური აფეთქებები, სიბრაზის, მოწყენილობის, უხალისობის და უგუნებობის გამოვლინებები.

  •  რაც სუიციდზეც ვრცელდება?

კი, ყველაფერზე. ისინი ახდენენ ერთმანეთის ქცევების კოპირებას და გადააქვთ საკუთარ ცხოვრებაში, ამავდროულად ძალიან იმპულსურები არიან!

ამიტომ, როცა ვაშუქებთ მოზარდთა სუიციდს, ძალიან საფრთხილოა, რომ მიწოდებულმა ინფორმაციამ არ გამოიწვიოს არაჯანსაღი დაინტერესება. ის, ვინც თვითმკვლელობა ჩაიდინა, არ უნდა იქცეს გმირად. არ უნდა მოხდეს მოვლენის რომანტიზება. მოკლედ, მოვლენა არ  უნდა გახდეს მიმზიდველი.

თუკი ამას აკეთებს მედია ან  ნებისმიერი მოქალაქე,  რომელიც ავრცელებს  ინფორმაციას, ძალიან ზრდის რისკებს. გარდა იმისა, რომ მასობრივი სუიციდის ფენომენი არსებობს, ასევე, არსებობს ერთეულოვანი მიბაძვითი სუიციდის ფენომენიც. კვლევებით დადგენილია, რომ მოზარდობაში მეგობრის თვითმკვლელობა სუიციდური ქცევის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, ეს ხშირად კავშირშია სოციალურ მოდელებთან, რომელსაც თვითონ მოზარდები ქმნიან, ასევე, გართულებულ გლოვასთან, გაუსაძლის ტკივილთან, რაც დანაკარგს უკავშირდება, როდესაც  „გამოსავალს“ ხედავს იმაში, რომ გაიმეოროს მეგობრის  ქცევა.

  • არის შემთხვევები, როცა სუიციდის მიზეზად სიყვარული სახელდება, ეს იგულისხმება რომანტიზებაში?     

დიახ, ეს ძალიან „საინტერესოა“ ნებისმიერი თინეიჯერისთვის. ზუსტად ეს არის რომანტიზების მომენტი. ამიტომ გაშუქების დროს ძალიან უნდა შევიკავოთ თავი მიზეზებზე ლაპარაკისგან, რა საშუალებებით იყო ეს ჩადენილი და ა.შ. ამ საშუალებებზე საუბარი ძალიან სახიფათოა. სახიფათოა, ასევე, ისეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება, რაც უკავშირდება ე.წ მონანიების, გამომშვიდობების ტექსტებს და ა.შ. ეს წარმოუდგენელია. ამით პირდაპირ აძლევ გამზადებულ მასალას იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს მოწყვლადი.

კვლევები, პრაქტიკოსთა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი რამ  ხშირად ფატალურ შედეგებამდე მიდის. ჯერ კიდევ გოეთეს პერიოდიდან მოყოლებული ვიცით, რომ „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ როცა გამოქვეყნდა, მაშინ გამოიკვეთა მასობრივად რომანტიკული სუიციდის ფენომენი პირველად და ეს იყო გაკვეთილი, რომელზეც უნდა გვესწავლა, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან.

  • რა ინფორმაციის შემცველი უნდა იყოს ამ ტიპის ინფორმაცია. მხოლოდ მშრალი ამბავი უნდა გაშუქდეს, თუ საერთოდ არ უნდა გაშუქდეს?

პირველ რიგში, ეს არ უნდა იყოს ტოპნიუსი, არც ერთ შემთხვევაში. უნდა იყოს მშრალი ინფორმაცია, მხოლოდ ფაქტის კონსტანტირება. თუ მედია ინტერესდება ამ თემით, მნიშვნელოვანია პრევენციაზე საუბარი, განათლების კუთხით ინფორმაციის მიწოდება, ვიდრე ის, რომ ასეთი სახის მოვლენა გადააქციოს მთავარ და რაც ყველაზე საშიშია, „ყვითელ“ თემად.

ყველა, ვინც გააზიარებს ამ ტიპის ინფორმაციას ან კომენტარს დაწერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რას წერს და როგორ წერს. ხშირია შემთხვევა, როცა ასეთ დროს იწყება დამნაშავის ძებნა. არავინ იცის, ვინ არის დამნაშავე, ეს სპეციალისტების გამოსაკვლევია და ეს არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ფაქტორით განპირობებული.

  • სუიციდის დროს გამოძიება იწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც გარკვეულწილად ბადებს ინტერესს, ხომ არ იყო მოზარდი ძალადობის, შანტაჟის მსხვერპლი და ა.შ. ეს ხომ არ განაპირობებს მეტ ინტერესს?

ჩვენ ვიცით ასეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი  იყო ზეწოლის ან შანტაჟის მსხვერპლი, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა  და გამოკვეთილი იყო დამნაშავე.  ასეთ დროს  აქცენტი დანაშაულზე გადადის და, ბუნებრივია, ეს უნდა გაშუქდეს. სუიციდის თემა საშიში ხდება მაშინ, როცა სანახაობას ემსგავსება,  როცა „ყვითლდება“ ან რომანტიკულ ელფერს იძენს.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წერ ნიუსს, რა ტერმინოლოგიას იყენებ, როგორ აწვდი.

ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა დისტანცირდე ემოციებისგან. ხშირად ჟურნალისტები სუიციდის ხშირი და დეტალური გაშუქების მიზეზად ასახლებენ საზოგადოების მაღალ ინტერესს, მაგრამ არსებობს კი სამყაროში ადამიანის სიცოცხლეზე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე უფრო მაღალი ღირებულება? აქედან უნდა ამოვიდეთ.

ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა უნდა დაიცვას მაღალი მორალური ღირებულება, – არ ავნო! თუკი შენ გაქვს მინიმალური ეჭვი იმის, რომ ის, რასაც ავრცელებ ვიღაცისთვის შეიძლება ზიანის მომტანი იყოს, არ უნდა გააკეთო.

  • როგორია თქვენი შეფასება, რამ წამოსწია ფონი ამ მხრივ, რაში უჭირთ ყველაზე მეტად მოზარდებს?

ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადად, წლის ამ დროს ან დღესასწაულებზე, საკუთარ დაბადების დღეზე  ხდება ხოლმე ასეთი ფაქტები. ეს მაშინ, თუ კავშირშია დაწეულ გუნება- განწყობასთან,  დეპრესიულ მდგომარეობასთან,  ადამიანისთვის ძნელად გადასატანია მარტოობის, მიტოვებულობის, ზედმეტობის განცდა.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორებია, განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში – მნიშვნელოვანი დანაკარგი, ახლობლის გარდაცვალება, საყვარელ ადამიანთან დაშორება, მშობლების განქორწინება,  ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება, ძალადობის გამოცდილება, პრობლემები ურთიერთობაში,  ასევე, ეს ყველაფერი კავშირშია, ზოგადად, საზოგადოებაში არსებულ ემოციურ ფონთან, სიღარიბესთან, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან და ა.შ.

  • ჩვენ ვახსენეთ სუიციდის პრევენცია, რა როლი შეუძლია ამაში ითამაშოს სკოლამ, განათლებამ, იმაზე აქცენტირებამ, რომ სიცოცხლე არის ყველაზე დიდი ღირებულება, რაც ადამიანს გააჩნია?

როდესაც დამცავ ფაქტორებზეა საუბარი, განათლებას  და,  ზოგადად, ისეთ  ღირებულებებს, როგორიცაა:  ჯანსაღი ცხოვრების წესი,  სიცოცხლის სიყვარული, ემპათია, მეგობრობა და ა. შ. დიდი მნიშვნელობა აქვს. მოზარდებისათვის ცხოვრება არ უნდა იყოს მოსაწყენი, ისინი არ უნდა რჩებოდნენ მარტო, მნიშვნელოვანია მოზარდთა პოზიტიური ჯგუფების შექმნა, რეკრეაციული, სადისკუსიო სივრცეები… საერთოდ, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო სუიციდის, ძალადობის პრევენციაზე, მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს და შექმნის შესაბამის პროგრამებს, სერვისებს.

ხშირად არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვთ ახალგაზრდებს! ჩვენ მათ ვერაფერს ვთავაზობთ. განათლება, ასევე, რელიგია მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია. რწმენა, სიცოცხლის  სიყვარული, თანადგომა და მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი.

ზემფირა: თავისუფლება ივან გოლუნოვს

რუსი მომღერალი ზემფირა ოფიციალურ ვებგვერდზე ეხმიანება „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმეს. მომღერლის ვებგვერდის მთავარი გვერდი ამჟამად ცარიელია და შავ ფონზე წერია: „თავისუფლება ივან გოლუნოვს“.

მომღერალმა იგივე ფოტო გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ანგარიშებზე ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

ივან გოლუნოვი, რომელიც გამოცემა “მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტია, მოსკოვში, 6 ივნისს დააკავეს. გოლუნოვის ადვოკატის, დიმიტრი ჯულაის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების შემდეგ ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოუღეს. გოლუნოვმა განაცხადა, რომ პაკეტი მას არ ეკუთვნის. კიდევ ერთი შეკვრა და სასწორი გოლუნოვის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.

გოლუნოვს“დიდი ოდენობით” ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავებიან, რასაც ის უარყოფს. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები გოლუნოვის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ.

Meduza წერს, რომ დაკავების შემდეგ ჟურნალისტს არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. შემდეგ კი განყოფილებაში სცემეს.

10 ივნისს რუსეთში სამმა გაზეთმა – „კომერსანტმა“, „ვედომოსტიმ“ და „რბკ“- მ გოლუნოვის მხარდასაჭერად იდენტური თავფურცლები დაბეჭდეს. ყდაზე წერია „Я/Мы Иван Голунов“ – „მე/ჩვენ ივან გოლუნოვი ვარ/ვართ“.

Meduza წერს, რომ გამოსვლისთანავე გაზეთების უდიდესი ნაწილი მოსკოვსა და პეტერბურგში გაიყიდა და პრესის ბევრ ჯიხურში გაზეთების მარაგი ამოეწურათ.

სამივე გაზეთის არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტის მხარდასაჭერად ერთნაირი თავფურცლები დაბეჭდეს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის 21 საათამდე, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილის საათებში – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25  – 30  გრადუსი  
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28  გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 ივნისს,  საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

მაინის ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში კავკასიოლოგიის კათედრა 2002 წლიდან ფუნქციონირებს.

რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

რუსთაველის კაბინეტი ფრანკფურტის უნივერსიტეტში. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სამინისტროს ცნობით, კავკასიოლოგიის კათედრის ხელძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება. დღეისათვის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტირირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული.

ხულოში თიბისი ბანკის ბანკომატი გაქურდეს

დაბა ხულოში, 11 ივნისს, ღამის საათებში, თიბისი ბანკის ჩასარიცხი აპარატი გაქურდეს. შემთხვევა 11 ივნისს, ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკომატიდან წაღებულია თანხა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით.

კომპანიები ბათუმში, რომელთა შემოსავალი 17-დან 35 მილიონამდე ლარია

ამჯერად გთავაზობთ იმ კომპანიების ათეულს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული და რომელთა შემოსავლები, 2017 წელს 17 მილიონიდან 35 მილიონამდე ლარი იყო. ამ კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა კი 245 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მონაცემები აღებულია კომპანიების 2017 წლის ანგარიშგებებიდან, რომლებიც საჯაროა. ამ დოკუმენტების შესაბამის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს. 2018 წლის ანგარიშგებების წარდგენის ვადა კი, კერძო კომპანიებს, 2019 წლის ოქტომბრამდე აქვთ.

კომპანიების 2017 წლის შემოსავლები ლარში / წყარო: ანგარიშგების პორტალი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

კომპანიების შესახებ [მოკლედ]

[highlight color=”red”]ტექნო ბუმი[/highlight] – შპს „ტექნო ბუმი“ დაფუძნებულია 2009 წელს და მისი დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ემზარ ქოქოლაძე. „ტექნო ბუმი“ ფლობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელს საქართველოში. მისი ძირითადი საქმიანობაა: ვაჭრობა, საქონლის იმპორტი და რეალიზაცია/დისტრიბუცია. 33 901 145 ლარი, რაც ინფოგრაფიკაზეა მითითებული], ეს არის „ტექნო ბუმის“ ამონაგები 2017 წელს, თუმცა, ანგარიშგებაში მითითებულია ასევე, რომ კომპანიას ამავე წელს ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული აქვს 5 021 427 ლარის შემოსულობაც. 2019 წლის 4 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, მიმდინარეობს „ტექნო ბუმის“ გადახდისუუნარობის [გაკოტრება] საქმისწარმოება.

[highlight color=”red”]პრინცესს ბათუმი[/highlight] – კომპანია 2016 წელსაა რეგისტრირებული ბათუმში და მისი საქმიანობის სფერო აზარტული თამაშების. კომპანიის წილებს თურქეთის სამი მოქალაქე ფლობს. იურიდიული მისამართია ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. N 33. ამავე მისამართზე [ყოფილი ფოსტის შენობა], სასტუმრო „ვინდემ ბათუმის“ პირველ სართულზე კომპანია სამორინეს ამუშავებს.

[highlight color=”red”]ზიმო[/highlight] – დაფუძნებულია 1997 წელს. კომპანიის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ #19ა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა გზების, ავტობანების, ხიდების და გვირაბების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების
მშენებლობა, სატრანსპორტო მომსახურება. „ზიმოს“ ექვსი შვილობილი კომპანია აქვს [მათ შორის „ზიმო-7“, რომლის იურიდიული მისამართი ქალაქ ბათუმშია; ძირითადი საქმიანობა – მშენებლობა].

[highlight color=”red”]ტურინვესტი[/highlight] – კომპანიის საქმიანობის სფეროა – საცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით. მისი მშობელი საწარმოა HESTOK LIMITED LTD [დიდი ბრიტანეთი და ჩრ.ირლანდიის გაერთ. სამეფო].  „ტურინვესტი“ დაარსდა 2005 წლის 12 აგვისტოს, ბათუმში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლებისათვის სასტუმროს მომსახურების მიწოდება, საცხოვრებელი ბინების გაყიდვა და ბათუმში კომერციული ფართობებისის გაქირავება. კომპანიის სასტუმრო საქმიანობს „Hilton Batumi“-ის სახელით.

[highlight color=”red”]ორბი 2005[/highlight] – ანგარიშგების პორტალის მიხედვით, „ორბი 2005“-ს გააჩნია ექვსი შვილობილი კომპანია, მათ შორის „ორბი ჯგუფი“ [რომელსაც თავის მხრივ ოთხი შვილობილი კომპანია აქვს]. ინფოგრაფიკაზე მითითებული 24 201 000 ლარი – აუდიტის განმარტებით – ყველა ამ კომპანიის შემოსავალს მოიცავს [კონსოლიდირებულად]. ამასთან, პორტალზე „ორბი ჯგუფი ბათუმისა“ და ORBI RESIDENCE-ის ანგარიშგებებიცაა ატვირთული. ამ კომპანიების 2017 წლის შემოსავლების [შესაბამისად, 5 057 000 ლარი და 9 337 000 ლარი] გათვალისწინებით, ზოგადად, „ორბის“ შემოსავლები 2017 წელს, ანგარიშგებების მიხედვით, 39 მილიონს აჭარბებს.

„ორბი 2005“ დაარსდა 2006 წლის თებერვალში. ჯგუფის ძირითადი საქმიანობა არის სამშენებლო და დეველოპერული მომსახურება. გარდა აღნიშნულისა, ჯგუფი ახორციელებს გაყიდული ბინების იჯარის წესით აღებასა და შემდგომ მათ სასტუმროს სახით გაქირავებას. კომპანია შემოსავლებს იღებს კომუნალული მომსახურების გაწევიდანაც.

[highlight color=”red”]Lamini-G[/highlight] – ეს შპს დაფუძნებულია 2013 წელს. საწარმოს იურიდიული მისამართია ხელვაჩაური, ს. მწვანე კონცხი. საწარმოს დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ქეთინო ბერიძე. საწარმოს საქმიანობის მთავარი საგანია მზა ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობა; სამოქალაქო მშენებლობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანიის დირექტორია არჩილ ბერიძე.

Lamini-G-ს 49 წლით უნდა გადასცენ ბათუმის „დინამო“. ბათუმის მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით, შპს „დინამო ბათუმი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. 2019 წლის 30 მაისის რეესტრის ამონაწერით „დინამო ბათუმის“ 100%წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

[highlight color=”red”]ბათუმის აეროპორტი[/highlight] – კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება. შპს „ბათუმის აეროპორტი“ დაფუძნდა 2000 წლის 15 ივნისს. კომპანია რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმში და 100% წილის მფლობელია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“. 2007 წლის 9 აგვისტოს სამინისტროსა და შპს „თავ ბათუმი ოფერეიშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის 100% წილი 20 წლის მართვის უფლებით გადაეცა „თავ ბათუმს“.

[highlight color=”red”]ოქროს ლომი[/highlight] – შპს „ოქროს ლომი“ ბათუმში დაფუძნდა 2015 წლის 9 მარტს. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თურქეთის მოქალაქე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი. კერძოდ სამორინესა და სათამაშო აპარატების საქმიანობის წარმოება. საქმიანობას ეწევა ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე სასტუმრო „ლეოგრანდში“ [ამჟამად სასტუმრო „ველმონდი“]. კომპანია ფლობს სამორინეს მოწყობის და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებს 2015 წლის ივლისიდან. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების მიხედვით, „კომპანიის მიმღებში რეგისტრირებული მომხმარებლების (კლიენტების) რეგისტრაციის ყოველდღიური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს კომპანიას დღიურად საშუალოდ ჰყავდა 300 მომხმარებელი (კლიენტი)“.

[highlight color=”red”]ბონდი-2009[/highlight] – შპს „ბონდი 2009“-ს იურიდიული მისამართი ბათუმშია. მისი დამფუძნებელია საქართველოს ოთხი მოქალაქე. საწარმოს საქმიანობის მთავარი საგანია საავტომობილო გზებისა და გზატკეცილების მშენებლობა; ქუჩებისა და ტროტუარების ფუნდამენტების მომზადება და ზედა საფარის მოწყობის სამუშაოები; ასფალტობეტონის წარმოება.

კომპანიის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „2017 წელს კომპანიის საქმიანობის ძირითად საგანს, ისევე როგორც წინა პერიოდებში წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების ფარგლებში ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიწოდება. საზოგადოების ძირითადი დამკვეთია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი… მიღებული მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 80%-ს შეადგენს ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების წილი… „ბონდი-2009“ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი უფლების საფუძველზე ახორციელებს ინერტული მასალების (ქვიშა-ხრეში) მოპოვებას, გადამუშავებას და რეალიზაციას“, ასევე, სხვა საქმიანობას.

[highlight color=”red”]ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი[/highlight] – ტერმინალის ძირითადი საქმიანობა წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურებაა. კომპანიის მშობელი საწარმოა International Container Terminal Services Inc [ფილიპინების რესპუბლიკა]. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ დაფუძნდა 2007 წელს, იურიდიული მისამართია ბათუმი, ბაქოს ქ. №11. კომპანია ფლობს საკონტეინერო ტერმინალს და ბორანს ბათუმში.

– – – – –

ფინანსური ანგარიშგება ეს არის გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაციაა, რომელშიც სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები.

2017 წლის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.

„ბათუმელები“ ადრე წერდა იმ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების პირველ ათეულზე [შერჩეული გვყავდა ბათუმთან დაკავშირებული კომპანიები], რომელთა მთლიანმა შემოსავალმა, 2017 წელს, ჯამში, 1 მილიარდ 395 მილიონი ლარი შეადგინა.

ამ თემაზე:

10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია

TDI პედაგოგების რელიგიური შინაარსის ლექციებში ჩართვას ეხმაურება

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეგიონებში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება.

„საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა. მიუხედავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნისა, სკოლებში ხშირად არ არის დაცული რელიგიური ნეიტრალობა, მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში, ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით გამოფენა, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის შემთხვევებს სახელმწიფო არ უწევს სათანადო მეთვალყურეობას და მათზე შესაბამისად არ რეაგირებს.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს საჯარო საგანმანათლებლო სივრცეში დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და ამ კუთხით, პედაგოგების ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მასწავლებლებს მონაწილეობა უხდებათ მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური შინაარსის ღონისძიებებში.

TDI მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც მოიცავს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში პედაგოგების ჩართვას, ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს. ასევე ირღვევა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმები:

      • სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთ ძირითად მიზნად აცხადებს რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას (მუხლი 3);
      • დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია. (მუხლი 13);
      • დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს (მუხლი 18).

მსგავსი ტიპის ლექციებში პედაგოგების, მით უმეტეს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მასწავლებლების ჩართვა ყოვლად მიუღებელია. პრობლემურია ის გარემოებაც, რომ პედაგოგებს დაგეგმილი ღონისძიების მიზნისა და შინაარსის შესახებ წინასწარ არ მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია,“- ნათქვამია განცხადებაში.

TDI ასევე მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების გამართვა, რამდენადაც „მსგავსი ლექციები ვერ მოემსახურება მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, რაც მათ პროფესიულ წინსვლაში დაეხმარებოდა და მისცემდა შესაბამის კრედიტს“.

TDI მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიცვან სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპი და რელიგიური ნეიტრალობა;

ასევე საქართველოს  განათლების სამინისტროს რომ არ დაუშვას საჯარო სკოლებში კონსტიტუციითა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დარღვევა;

განმარტოს, აღნიშნულ ლექციებში მასწავლებლების ჩართვის საფუძვლები და მიზნები, წარმოადგინოს პასუხისმგებელი უწყებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.

ამავე თემაზე:

პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად 

ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა შემოვიდა

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, 10-13  ივნისს ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა TCSG – 307  შემოდის, თურქეთ-საქართველოს სანაპირო დაცვის ორმხრივი ურთიერთობების გეგმის ფარგლებში.

საკონსულოს ცნობით, აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სანაპირო დაცვის ორი თურქი და ორი ქართველი თანამშრომელი გაცვლით პროგრამაში ჩაერთვება.

TCSG-307 თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღის დათვალიერება  ვიზიტორებს  11 ივნისს, სამშაბათს – 13:00-17:00  საათზე შეეძლებათ.

საპორტო ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვის გემების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები  გაიმართება.

ქალი, რომელიც ავეჯს ამზადებს: შეკვეთის მისაღებად მოტიციკლით მივდივარ

„ხშირად უკვირთ, როცა ავეჯის შეკვეთისთვის რეკავენ და რამდენიმე წუთში მათთან მოტოციკლით მიდის ქალი ხელსაწყოებით ხელში…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ლია მგელაძე. იგი უკვე 12 წელია ავეჯს ამზადებს, შეკვეთებზე მოტიციკლით მიდის, მერე მეგობრის საწარმოში უკვე დაჭრილ მასალებს ამუშავებს და ადგილზე აწყობს მაგიდებს, კარადებს, სათავსოებს…

ლია მგელაძე აჭარის საავტომობილო ფედერაციის ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა, ასევე ჰყავს მოსწავლეები და მათ მოტოციკლის მართვას ასწავლის. ამბობს, რომ 16 წლის ასაკში  დაოჯახების მიუხედავად, ქალის აქტიურობის კუთხით არსებული სტერეოტიპის დამსხვრევა მალევე შეძლო და დამოუკიდებელ ქალად იქცა.

„16 წლის ვიყავი, როცა გამათხოვეს. ახლა კი იქნებოდა ეს „თემა“, მაგრამ მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო… მეც არ აღმიქვამს ეს ტრაგედიად. ახლა 23 წლის ბიჭი მყავს ქორწინებიდან და ბედნიერი ვარ. განქორწინების შემდეგ კიდევ 8 წლის გოგო ვიშვილე… ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა ისწავლო, ჩამოყალიბდე, დამოუკიდებელ ადამიანად შედგე და შემდეგ დაოჯახდე. ახლა წინააღმდეგი ვარ ნაადრევი ქორწინების კატეგორიულად,“ – ამბობს ლია მგელაძე.

დაოჯახების შემდეგ ლიამ ეკონომისტის სპეციალობა მიიღო, თუმცა ეკონომისტად არასდროს უმუშავია. თავდაპირველად სამუშაოდ მარმარისში წავიდა. იქ ტურისტებს ემსახურებოდა და კატერის მძღოლად მუშაობდა. საქართველოში დეპორტაციის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ავეჯის მომზადება იყო მისი საქმე.

„ბიძაჩემი ოთარ მგელაძე გამორჩეულად მუშაობდა ხეზე და ეს მახსოვდა… ხეზე მუშაობა განსაკუთრებულ ძალისხმევას ითხოვს. ამიტომ მომინდა მეც მემუშავა და ლამინატი ვარჩიე. მე ვარ ძალიან რეალისტი. მარტივად შემიძლია გათვლა, სად რის გაკეთებაა საჭირო და ვაკეთებ.

მე ჩემი არსებობისთვის ფული სხვისთვის არასდროს მომითხოვია. ვიცი, რომ უნდა ვაკეთო საქმე და ვაკეთებ. არავის ვაძლევ უფლებას ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში. ამას წინათ ერთ-ერთმა დამკვეთმა მითხრა, თქვენი 23 წლის ბიჭი როგორ ეგუება იმ ფაქტს, რომ თქვენ ასე, მოტიციკლით მოძრაობთო. გავბრაზდი. ვუთხარი, რომ არც ჩემს შვილს და არც არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში,“ – აღნიშნავს ლია მგელაძე „ბათუმელებთან“.

საკუთარი საწარმო ამ დრომდე არ აქვს, მაგრამ ლიამ კიდევ ერთი გოგოს დასაქმებაც მოახერხა. ლია მიიჩნევს, რომ საზოგადოების შეხედულებები ქალებზე სტერეოტიპულია. მას სჯერა, რომ პიროვნების სიძლიერე ან პროფესიონალიზმი ადამიანის სქესზე არ არის დამოკიდებული.

„მთავარია, გიყვარდეს თავისუფლება. როცა თავისუფალი ხარ, იცი, რომ ბევრი გამოწვევა გელის, ბევრი პრობლემა შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის მოგვარება… მე, პირადად, დავამსხვრიე ჩემ ირგვლივ არსებული სტერეოტიპი ქალზე და ამით ბედნიერი ვარ.

„ყველას შეფასებას ვისმენ და ვცდილობ არ გავღიზიანდე, თუმცა „ქალი ვიცი მე კუხნაში“ – ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად. დღეს ქალის ზურგზე გადადის ყველა სირთულე და ემიგრანტმა ქალებმა დაამტკიცეს, რომ პასუხისმგებლობას უფრო პასუხისგებლიანად ქალები ვეჭიდებით, ვიდრე კაცები. ქალმა იპოვა პირველი გამოსავალი ემიგრაციაში წასვლით ოჯახისა და შვილების მომავლისთვის,“ – გვითხრა ლია მგელაძემ, რომელიც ახლა ისევ ემიგრაციაში აპირებს წასვლას.

ლია გერმანიაში აპირებს ავეჯის დამზადებაზე მუშაობას და ეს გადაწყვეტილება მეტი შემოსავლის მიღების მოტივით მიიღო.

„მოლაპარაკების პროცესში ვარ. მითხრეს, რომ უნივერსალი ვარ, როცა ამდენ რამეს ვასწრებ ერთად. წავალ, რატომაც არა,“ – ამბობს ლია.

ლია მგელაძე
ლია მგელაძე

ლია მგელაძე

მშობლის მიერ მეორე მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფა სასამართლომ ძალადობად აღიარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა. ორგანიზაცია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს.

სამართლებრივი დახმარების მიზნით ორგანიზაციას ერთ-ერთი ბავშვების დედამ მიმართა, რომლის გადმოცემით, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები.

„დედამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეატყობინა სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი.

„დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში. აღნიშნულის საფუძველზე, დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა“.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა გამოსცა კიდეც შემაკავებელი ორდერები. მამის მხრიდან საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერების გასაჩივრების შემდეგ კი, პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.

როცა სმენისარმქონე ხარ და სამსახურს ეძებ

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, სამსახურის პოვნა ბევრად რთულდება, როცა სამუშაოს მაძიებელი სმენისარმქონეა.

33 წლის ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებს თვითრეალიზაციის გარდა დასაქმება, უპირველეს ყოვლისა, შემოსავლისთვის სჭირდებათ: “ჩვენი შემოსავლის წყარო, ძირითადად, პენსიაა – 100 ლარი. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვყავს ოჯახები, გვყავს ბავშვები, ძალიან რთულია ჩვენთვისაც ცხოვრება. შემოსავლის წყარო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს”.

ნათია ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად სმენისარმქონე ადამიანებისთვის სულ უფრო და უფრო რთულდება სამსახურის პოვნა – “ახალგაზრდებსაც უარით გვისტუმრებენ ხოლმე და ასაკოვნებისთვის კიდევ უფრო რთულია სამუშაოს დაწყება”.

ნათია ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებისთვის, ძირითადად დამლაგებლის სამუშაოებია, თუმცა მათ გაცილებით უფრო მეტი რამის კეთება შეუძლიათ. ამის საჩვენებლად საცდელი ვადით მაინც უნდა აიყვანონ სადმე, მათ კი ამის საშუალება ძალიან იშვიათად ეძლევათ: “ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სმენისარქონის გამო, ვერ გავუმკლავდებით სამუშაოს, ვერ შევისწავლით საქმეს. საცდელი პერიოდით რომ აგვიყვანონ, რამდენიმე დღე, იქნებ მოსინჯონ ჩვენი შესაძლებლობები, რისი გაკეთება შეგვიძლია, ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და სრულფასოვანი ადამიანობის შეგრძნება ჩვენც უნდა გვქონდეს”.

ნათია შარაშენიძე

ნათია სალონის მიმართულებით აქვს პროფესია მიღებული, უნდა კიდევ რამდენიმე საქმე ისწავლოს, მაგრამ ამბობს, რომ სმენის არქონის გამო, ხშირად იმაშიც კი ეპარებათ ეჭვი, რომ აითვისებს: “მინდა ყურადღებას გვაქცევდეს სახელმწიფო ისე, რომ საზოგადოებაში მეტად ვიყოთ ჩართული და მეტი განათლების მიღება შეგვეძლოს. ძალიან მონდომებული ვარ და თუ სწავლას დავიწყებ, მაქსიმალურად ვეცდები დავეუფლო პროფესიას. მე ვმუშაობდი სუპერმარკეტში კონსულტანტად, მაგრამ ძალიან დატვირთული გრაფიკით მიწევდა მუშაობა და ამიტომ დავტოვე სამუშაო. ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია მუშაობის დაწყება, ჩვენი კომპეტენციებიდან გამომდინარე. ჩვენთვის არ არის ეს რთული. შევხედავთ სამუშაოს სპეციფიკას, თუ არ არის ჩვენთვის რთული და ვერ მოვერგებით, თავად ვამბობთ უარს”.

ნათია ფიქრობს, რომ დამსაქმებლები სმენისარმქონე მოქალაქეებს შეშინებული უყურებს – “თვლიან, რომ თავს ვერ გავართმევთ ვერაფერს, მაგრამ უნდა ვცადოთ ყველაფერი. აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ ყველაფერის კეთება შეგვიძლია. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ სხვადასხვა პროფესიაზე მიგვიღონ, ვისწავლოთ, ან სამუშაო დავიწყოთ, განათლებას ვერ მივიღებთ და ასე უფრო ვაკუუმში ვიქნებით”.

27 წლის სალომე მანეჟაშვილი პროფესიით ფოტოგრაფია – კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის სპეციალისტი. განათლება პროფესიულ კოლეჯში მიიღო, თუმცა ოთხი წელია თავისი სპეციალობით სამსახური ვერ იპოვა. მცდელობა ჰქონდა დროებით სხვა სამსახურიც ენახა, მაგრამ სმენისარქონის გამო – ყველგან ბარიერი შეხვდა.

სალომე მანეჟაშვილი

სალომე, ერთ-ერთ უშედეგო მცდელობას იხსენებს, როცა მარკეტში, კონსულტანტად სურდა დროებითი სამუშაო დაეწყო. იქ უარი იმის გამო უთხრეს, რომ სმენისარმქონეა და ჩათვალეს, რომ კომუნიკაციას ვერ შეძლებდა კლიენტებთან – “კომუნიკაცია ჩემთვის პრობლემა არ არის, პირის აპარატით ვხვდები რას ლაპარაკობენ. მე კი წერილობით შემიძლია მივახვედრო ფასი, თუ სხვა დეტალი”.

საბოლოოდ ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში დასაქმდა, თუმცა ყველაზე მეტად, კვლავ თავისი პროფესიით მუშაობაზე ოცნებობს. “სურვილი მქონდა ფოტოგრაფი გავმხდარიყავი, მე თითონ გამოვთქვი სურვილი რომ მესწავლა. როცა თბილისში სკოლა დავამთავრე, მიმიღეს პროფესიულში. ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი პროფესიას. მინდოდა გადამეღო ფოტოები ბუნებისთვის, შემდეგ კი ჩემი ხელით დამემუშავებინა პეიზაჟები ფოტოშოპში. ახლაც ვცდილობ, რომ ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა. 4 წელია ბათუმში ვცხოვრობ. სადაც ვიკითხე ამ პროფესიით არავინ გამოთქვა სურვილი, რომ დამეწყო მუშაობა, ამის შემდეგ წავედი ფარმადეპოში სამუშაოდ”.

სალომე აფთიაქში უკვე 10 თვეა  მუშაობს, აქ დასაქმების ფორუმიდან მივიდა – “საცდელად მივედით „ფარმადეპოში“, გავესაუბრეთ დამსაქმებელს, მკითხეს თუ როგორ შევძლებდი კომუნიკაციას. ავუხსენი, რომ პირის აპარატით ვხვდები საუბარს, დაიტოვეს ჩემი მონაცემები და მალევე შემეხმიანეს”.

სალომე ამბობს, რომ თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მას კერძო შეკვეთებზეც შეუძლია მუშაობა, ასეთი საქმისთვის კი წერილობითი ფორმითაც შესაძლებელია კომუნიკაცია. “თუ ვინმესთვის უფრო მოსახერხებელია, შეგვიძლია წერილობით ვიკონტაქტოთ. მთავარია, მაჩვენოთ რისი გაკეთებაა აუცილებელი და მე ჩემს საქმეს გავაკეთებ კომპეტენციიდან გამომდინარე. რეკლამების შეკვეთებზე შემიძლია მუშაობა, წერილობითაც რომ ამიხსნან რა მევალება, რა უნდა ვაკეთო, გავაკეთებ”, – ამბობს ის.

თეკლა ძნელაძე

22 წლის თეკლა ძნელაძემ, რომელიც ასევე სმენის არმქონეა, პროფესიული კოლეჯი გასულ წელს დაამთავრა. მზარეულია, მაგრამ ერთი წელია სამსახური ვერ იპოვა. ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი – სმენისარქონაა. თეკლა ამბობს, რომ კომუნიკაცია მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მას ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევს სმენისმქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და ამას თავისუფლად ახერხებს – “ერთი წელია სამუშაოს ვეძებ,  მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. უარის მიზეზი ის იყო, რომ სმენის შეზღუდვა გაქვს და თანამშრომლებთან კომუნიკაცია პრობლემა იქნებაო. მაგრამ კომუნიკაცია ჩემთვის პრობლემა არ არის. ეს მე სამუშაო პროცესში ხელს არ შემიშლის. არ ვიცი, რატომ გახდა ეს პრობლემა. ჩვეულებრივ ადამიანებთან კომუნიკაცია შემიძლია. მათი პირის აპარატით ვხვდები საუბარს, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ ფიქრობენ, რადგან სმენისარმქონე ვარ, ჩემთან ურთიერთობა გაუჭირდებათ. რამდენიმე ორგანიზაციაში ვცადე  მუშაობა დამეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სმენისარქონა  გახდა პრობლემა”.

თეკლა ამბობს, რომ მისი თანატოლები უფრო მეტ დაბრკოლებასაც აწყდებიან, რადგანაც მათ ნაწილს, პირის აპარატით საუბრის გაგება არ შეუძლია – “ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად უნდა იცოდეს ჟესტური ენა, კომუნიკაცია ჩვენც რომ გაგვიმარტივდეს. ჟესტურის სწავლა მარტივია,  თუკი ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი. ვფიქრობ, მალე შეისწავლიან სალაპარაკო ჟესტურ ენას”.

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია.

საკრედიტო ოფიცრის პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო:

[checklist]

  • აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე FINCA.ge
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

[/checklist]

პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

პროგრამაში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია – 200 ლარი. მონაწილეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაონ დამატებითი ბონუსი.

ლელა თოფურია, ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფინკა ბანკი მსმენელებს სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს. „ჩვენ მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ, განვითარდნენ, დაიწყონ კარიერა საბანკო სექტორში. სწავლების პროცესი გაიმართება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, საქართველოს 30 ქალაქში და 36 სერვისცენტრში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენებელის 60% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად, მათ აქვთ საშუალება სტიპენდიის გარდა, დამატებით გამოიმუშაონ თანხა და ჰქონდეთ შემოსავალი“.

ფინკა ბანკის განვითარების აკადემიაში აპლიკაციების მიღება 6 ივნისს დაიწყო და 24 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში.

Exit mobile version