მთავარი,სიახლეები

ბათუმის სამშობიაროს ახალი დირექტორი შენობაში შესვლას ითხოვს

05.06.2019 • 2647
ბათუმის სამშობიაროს ახალი დირექტორი შენობაში შესვლას ითხოვს

„სამშობიარო სახლში შესვლის უფლებას არ მაძლევენ, არჩეული დირექტორი ვარ 10 აპრილიდან. ბათუმის სამშობიარო სახლს მიზანმიმართულად აკოტრებენ“, – განაცხადა დღეს, 5 ივნისს,  „დემოკრატიის სკოლაში“ მოწყობილ ბრიფინგზე ექიმმა ნანა შერვაშიძემ. მეწილეების კრების ოქმის მიხედვით, ნანა შერვაშიძე „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეთა უმრავლესობამ – 137-მა ადამიანმა აირჩია დირექტორად, თუმცა კრების ოქმი სადავოა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება საჯარო რეესტრიც, სადაც ნანა შერვაშიძეს დირექტორად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ოფიციალური დოკუმენტებით, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ისევ ექიმი ჯუმბერ უნგიაძეა, რომელიც სამსახურში საერთოდ აღარ დადის.

„ყველა მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ ეს კრება არ ჩატარებულა. მაჩვენეთ აქ ერთი ოთახი, სადაც 137 ადამიანი შეიკრიბება,“ – აცხადებს სიმონ ასათიანი. იგი „მრავალპროფილიანი ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტია. ამ კომპანიას 2017 წელს გაუფორმეს ხელშეკრულება იმ მიზნით, რომ მას სამშობიაროში 1 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაედო და კლინიკა ემართა. ქვეკონტრაქტორი კომპანია ახლა დამქირავებელი კომპანიის ახალარჩეულ დირექტორს არ უშვებს კლინიკაში. სიმონ ასათიანის მტკიცებით, რამდენიმე სხვა მეწილე იმ კრების ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს სასამართლოში, რომლითაც ჯუმბერ უნგიაძის ნაცვლად სამშობიაროში ნანა შერვაშიძე აირჩიეს.

სამშობიაროს იმ მეწილეებმა, რომლებსაც ნანა შერვაშიძის დირექტორობა არ სურთ, სასამართლოში ასევე ითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფა – ვიდრე სასამართლო კრების ნამდვილობას დაადგენს, რეესტრმა რეგისტრაციაში არ გაატაროს კრების ოქმის მიხედვით ახალი დირექტორი. ბათუმის სასამართლომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, რაც სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ამ ინსტანციას კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ახალი დირექტორის არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ მას ავტომატურად წარმოექმნება აქ მოსვლის უფლება და თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება,“ – განმარტავს იურისტი სიმონ ასათიანი. მისივე თქმით, ვერც კონტრაქტს გააუქმებს ახალი დირექტორი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

„რემონტი გავაკეთეთო, არადა, მხოლოდ კედლები გადაღებეს… რეალურად თითი-თითზე დაკარებული არ არის. ჩვენ ხელფასიც არ აგვიღია თებერვლის შემდეგ,“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ექიმმა ლია კვაჭაძემ.

სამშობიარო სახლის მეწილე და ექიმი ფატმა ლორთქიფანიძე კი მიიჩნევს, რომ მიზანმიმართულად აკოტრებენ ბათუმის სამშობიარო სახლს, რომ შემდეგ პრესტიჟულ და სარფიან ადგილას მდებარე შენობა ხელში ჩაიგდონ.

„არ ვიცი, კონკრეტულად ვისი ინტერესია, მაგრამ აქეთკენ მივდივართ… ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით, ვისიც არის შენობა,“ – გვითხრა ფატმა ლორთქიფანიძემ.

„ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ ჩვენ ფინანსურ დოკუმენტაციას არ გვაწვდიან. არ ვიცით, რა რაში იხარჯება, რა გაკეთდა, ეს გასაიდუმლოებულია. ჩვენ ვართ მეწილეები და ქვეკონტრაქტორი აკეთებს ამას,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე.

„მრავალპროფილიანი ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტის, სიმონ ასათიანის თქმით, ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, სახელმწიფოსთან და ის ვალდებული არ არის, ყველა მეწილეს ფინანსური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

„ხელშეკრულება ამ ფინანსურ ბრუნვაზე ინფორმაციის მიწოდებას არ ითვალისწინებს, რომ პარტნიორმა რაღაც მოითხოვოს… ჩატარებულია აუდიტი და დასკვნა მიწოდებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის,“ – გვითხრა იურისტმა სიმონ ასათიანმა.

მეწილეებს პრეტენზია აქვთ ჯუმბერ უნგიაძესთან, რომელიც ბოლო წლებში სამშობაირო სახლს დირექტორობდა. მათი თქმით, ჯუმბერ უნგიაძეც ხელს უწობს სამშობიარო სახლის გაკოტრებას.

„მე რა შუაში ვარ საერთოდ?“ – კითხულობს ექიმი ჯუმბერ უნგიაძე. იგი განმარტავს, რომ დირექტორის უფლებამოსილებას აღარ ახორციელებს სამშობიარო სახლში და მხოლოდ გართულებულ შემთხვევებში მიდის სამშობიაროში ოპერაციის გასაკეთებლად.

„თუ ასე ვღუპავ და ვაკოტრებ სამშობიაროს, გართულებულ შემთხვევებზე რატომ მივდივარ მაშინ? რა მარაზმია ეს, საიდან მოიტანეს? ადამიანი, როცა 12 ათასს იპარავდა და ამდენივეს ხელფასად იღებდა, მოაკლდა ალბათ, ეს არის, ვერ ისვენებენ,“ – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ. მან კონრკეტული სახელების დასახელება არ ისურვა. ჯუმბერ უნგიაძეს ასევე ვკითხეთ, რა რეაგირება მოჰყვა უკანონო ფინანსურ ბრუნვას, თუკი ამას ჰქონდა ადგილი სამშობიაროში და თვითონ დირექტორი იყო.

„არ ფორმდებოდა ბევრი ისტორია, დავიწყე და 25 საჩივარი დამიწერეს იმ წუთში… მე არავინ გამითავისუფლებია. ვუთხარი ადამიანურად, წადი-მეთქი. არა ვარ მე ის კაცი… ზოგი გათავისუფლდა, ზოგი – თავისით წავიდა,“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე. ის ვერ ხედავს „მრავალპროფილიან სამშობიარო სახლთან“ კონტრაქტის გაუქმების საფუძველს. სამშობიარო სახლის ოფიციალური დირექტორი ასევე მიიჩნევს, რომ პრობლემა ძირითადად დირექტორის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებამ შექმნა.

„თუ სამართლიანად ჩატარდა, მაშინ გაიარონ რეგისტრაცია და განაგრძონ პროცესი… ვალები იყო, 1 მილიონ 800 ათასი დაგროვილი, 4 წლის ნაგვის ფულიც კი არ იყო გადახდილი, ნელა-ნელა აკეთებდა [საქმეს] ეს კომპანია,“  – აღნიშნა ჯუმბერ უნგიაძემ „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/195437/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: