92 წლის დამსახურებული პედაგოგი: 4 წელია სოციალური დახმარების გარეშე ვცხოვრობ

92 წლის ტატიანა ჩიჩუას სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობა მოუხსნა. მარტოხელა მოხუცი ძველ ბათუმში ცხოვრობს, სხვის სახლში – ოთახის მესაკუთრე მას ქირას არ ახდევინებს. ჰყავს დისშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

„მეცხრე სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი საყვარელი მოსწავლეები იყვნენ რეჟისორი ზაზა ხალვაში, ლევან ბერძენიშვილი – გენიოსი ბიჭია. რენე თანდილავა – ქირურგია. დამსახურებული პედაგოგი ვიყავი. ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჩემი მოსწავლე. ძალიან ვუყვარდი ყველას, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ მარტო ვარ,“ – შორიდან იწყებს ტატიანა ჩიჩუა თავისი ამბის მოყოლას.

ტატიანას ერთადერთი შემოსავალი 200 ლარია, პენსია, რომელსაც ის სახელმწიფოსგან იღებს.

სოციალური დახმარება ოთხი წლის წინ მოუხსნეს. მიზეზი არ განუმარტავთ, წლების მანძილზე ვერც თავად გაარკვია.

„წონასწორობის დაცვა მიჭირს. იქ (სოციალური მომსახურების სააგენტოში) მისვლის და გარკვევის ძალა არ მქონდა. ახლახან მეზობელი დამეხმარა და ის მივიდა ჩემ ნაცვლად. ვნახოთ, რა იქნება, დამინიშნავენ თუ არა დახმარებას, არ ვიცი,“ –  ამბობს ტატიანა.

პენსიას აღებისთანავე ანაწილებს და თვის ბოლომდე ინახავს. ამბობს, რომ საშუალოდ 20-30 ლარი სჭირდება წამლებისთვის, რომელსაც რეგულარულად იღებს.

„ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, დღეს რომ დავხარჯო, ხვალ რა ვჭამო. მიუხედავად იმისა, რომ გურმანი ვარ და ძალიან კარგი ჭამა მიყვარს, მაშინვე ვერ დავხარჯავ. ჩაის ვსვამ ხშირად, განსაკუთრებით მიყვარს –  ჩაი, პური და ყველი. დანარჩენი, რასაც ეყოფა, იმას ვყიდულობ ხოლმე,“ – გვიყვება ტატიანა ჩიჩუა.

ტატიანას კომუნალურ გადასახადებს მეზობელი უხდის. სწორედ მან გაარკვია, რომ ერთ-ერთი შემოწმებისას სოციალურმა აგენტმა ტატიანას 72 ათასი ქულა დაუწერა. სოციალურ დახმარებას კი მხოლოდ ის მოქალაქეები იღებენ, რომელთა ქულაც 65 ათასზე ნაკლებია. მეზობლის დახმარებით ტატიანამ განცხადება 6 სექტემბერს დაწერა და სოციალური დახმარების დანიშვნა მოითხოვა.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს.

„თუ 6 სექტემბერს აქვს დაწერილი განცხადება, გადაამოწმებენ, ქულა დაეწერება და თუ მიიღებს საჭირო ქულას, დაენიშნება. 65 ათასამდე ქულას ვინც იღებს, ნებისმიერს დაენიშნება,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ლევან აკინის ფილმს ბათუმის „აპოლოში“ აჩვენებენ

ქართულ-შვედურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოშიც“ აჩვენებენ. ფილმის პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს შედგება და სამი დღე – 8, 9 და 10 ნოემბერს იქნება ნაჩვენები.

როგორც „აპოლოში“ გვითხრეს, ბილეთების გაყიდვა დღეს, 30 ოქტომბერს ღამით ან ხვალ, 31 ოქტომბერს, დილით დაიწყება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მცხოვრები რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში.

წელს შვედეთმა ფილმი „ოსკარზეც“ გაგზავნა, ნომინაციაში – „საუკეთესო უცხოური ფილმი“. ამ დრომდე ფილმს 6 სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული.


___________

ფოტო: imdb.com

დედა: „სასამართლო მოვიგე, მაგრამ შვილი მაინც ვერ დავიბრუნე“

„ბოლოს ორი კვირის წინ ვნახე, გაკვეთილების შემდეგ. ის კლასიდან გამოდიოდა, მე დიდხანს ველოდი გარეთ… მან თვალებში შემხედა და გაჩერდა, არაფერი თქვა, ვეღარ ამოვაღებინე ხმა…“ – ამას ხულოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მანანა [სტატიაში სახელები შეცვლილია] ამბობს. მანანამ ყოფილ მეუღლეს სასამართლო დავა ამ წლის დასაწყისში მოუგო.

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა დაადგინა, რომ შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, ვერ სრულდება.

მანანა 4 წლის წინ დაშორდა ირაკლის. საერთო შვილი – ლიკა დედასთან დარჩა. გასული წლის ზაფხულში, ვიდრე ხელვაჩაურის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბავშვი მამამ წაიყვანა იმ პირობით, რომ ორ დღეში ისევ დედას დაუბრუნებდა, მაგრამ ასე აღარ მოხდა.

„ჯერ კიდევ ქორწინებაში ვიყავი მასთან, როცა სხვა ქალზე დაიწერა ჯვარი, არ მიყვარხარო“, – გვიყვება მანანა, რომელიც ახლა ხულოს ერთ-ერთი სოფლის ბიბლიოთეკაში მუშაობს. – „ჩვენ ქედაში ვცხოვრობდით და კონფლიქტის შემდეგ ხულოში დავბრუნდი, მშობლებთან. ბავშვსაც იქ ვზრდიდი. მამამისი პერიოდულად ნახულობდა ბავშვს და პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა გაიგეს, რომ გავთხოვდი. ბავშვიც თან წავიყვანე“.

7 წლის ლიკას მამა კი ამბობს, რომ ბავშვის საკუთარ ოჯახში დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა გაიგო, რომ მანანას ახალი მამამთილი ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა.

„მე, საერთოდ, ვფიქრობ, რომ ბავშვი დედასთან უნდა იზრდებოდეს… ტრანსპორტში მითხრეს, ის ქალი კი გათხოვდა, მაგრამ იქ შენი ბავშვი არავის უნდაო. წამოვიყვანე ბავშვი და ვნახეთ, ფეხებზე ჩალურჯებები ჰქონდა. ბავშვმა თქვა და გამოძიებასაც მისცა ჩვენება, ვინ სცემდა. 18 საათი ბავშვი დაკითხვაზე იყო. ხომ გაგიგიათ, ხოჯას სიმართლეს ვერ ათქმევინებ და ბავშვს – ტყუილსო,“ – გვითხრა ირაკლიმ.

ბავშვზე ფიზიკური ძალადობის კუთხით გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ არის დადგენილი, ვინ იძალადა ბავშვზე. არც პასუხისმგებლობა დაუკისრებიათ ვინმესთვის. განქორწინებულ წყვილს შორის კონფლიქტის შემდეგ ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ ლიკა მასთან დარჩება. 7 წლის ლიკა ამ დრომდე მამის ოჯახში იზრდება.

რას დაეყრდნო სასამართლო, როცა ბავშვის დედასთან დატოვების გადაწყვეტილება მიიღო? – საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე სოციალური მომსახურების სააგენტო ფსიქოლოგი იყო, რომელიც ირაკლის ოჯახს არაერთხელ ესტუმრა, როცა იქ გადავიდა 7 წლის ლიკა საცხოვრებლად. ფსიქოლოგის დასკვნაში წერია, რომ ბავშვი მძიმე ემოციურ ზეწოლას განიცდის და მისი ქცევა შეცვლილია.

„…როცა დედა მოვიდა, ის კარგად გრძნობდა დედასთან თავს, თამაშობდა, იყო თვალებით კონტაქტი, უღიმოდა დედას, საუბრობდნენ, შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა…. შეხვედრის დასაწყისში ბავშვი დედას არ იღებს, თუმცა შეხვედრის ძირითად ნაწილში ბავშვის გამომეტყველება იცვლება, თამაშობს დედასთან ერთად, აფერადებენ, აწყობენ ერთად ფაზლს, ის მამის გარეშე დარჩა დედასთან ხანგრძლივად ოჯახში… ბავშვი დედას უზიარებდა თავის აზრებს, კომუნიკაციას გამოხატავდა კარგად, იყო თვალებით კონტაქტიც. დედის მიერ მოტანილი საჩუქარიც ჩვეულებრივად მიიღო,“ – წერს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით, თანდათან ბავშვის ქცევა დედასთან შეიცვალა და  მორიგ შეხვედრებზე აგრესიული გახდა.

„სავარაუდოდ, უფროსების კონფლიქტი ქმნის ბარიერს დედა-შვილის ურთიერთობის დროს…. ბავშვს აქვს შესამჩნევად შეცვლილი და რთული ქცევა, აღენიშნება შემოჭრითი ემოციური შფოთვა, ბავშვს აქვს აფექტური განწყობა,“ – ვკითხულობთ ფსიქოლოგის დასკვნაში.

„ეს ფსიქოლოგი მიკერძოებულია. მოსამართლეც საერთოდ არ იყო საქმეს გაცნობილი, ისე მიიღო გადაწყვეტილება. გაწირეს 6 წლის ბავშვი. მე არ დავთმობ ჩემს შვილს, ევროპის სასამართლოშიც წავალ და იქ ვიდავებ,“ – ამბობს ირაკლი. მან ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ჯერ ამ საქმეზე არ უმსჯელია.

„კიდევ კარგი, მოსამართლემ ბავშვსაც მოუსმინა. ხელვაჩაურის სასამართლოში ბავშვის დაკითხვას არც მე ვესწრებოდი და არც მამა. იქ მხოლოდ სოციალური მუშაკი იყო. მოსამართლემ სიმართლე დაინახა,“ – ირწმუნება მანანა. ის ახლა წუხს იმაზეც, რომ სკოლაში ლიკას სხვებთან ურთიერთობა უჭირს.

„მასწავლებელმა მითხრა, ყოველთვის მომზადებული მოდის ბავშვი, მაგრამ არ ლაპარაკობს, თავისთვის არისო… რატომ არ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება? რატომ არ დაადგინა გამოძიებამ, ვინ იძალადა ჩემს შვილზე, საიდან ჰქონდა სისხლჩაქცევები? რატომ უნდა იზრდებოდეს ჩემი შვილი მოძალადის ოჯახში?“ – კითხულობს მანანა. მანანა „მოძალადეში“ ყოფილ მეუღლეს – ირაკლის გულისხმობს, რომლის წინააღმდეგაც დაახლოებით ერთი თვის წინ პოლიციელებს შემაკავებელი ორდენი გამოუციათ – ცოლზე ძალადობისთვის, რომელთანაც მეორედ იქორწინა.

„მე მხოლოდ კამათი მქონდა ცოლთან და ცხელ გულზე დაურეკა პოლიციას… სხვასთან ვთქვი, თუ ჩემი შვილი ჩემს ცოლს არ ენდომება და ცუდი დედინაცვალი იქნება, უცოლო ვიქნები მთელი ცხოვრება-მეთქი… ჩემი ცოლი პოლიციის სისტემაში მუშაობს, ვინ მაპატიებდა, მართლა რამე რომ დამეშავებია“, – გვითხრა ირაკლიმ.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს 500 ლარით დაუჯარიმებია ირაკლი სასამართლოს განკარგულების შეუსრულებლობისთვის.

„მიზეზი იყო ის, რომ ირღვეოდა სასამართლოს განკარგულება. ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, სასამართლოს განკარგულებით განსაზღვრული იყო ბავშვის ნახვის საათები და ზუსტი დრო. ამ უფლებით ბავშვის დედა ვერ სარგებლობდა…. ჯარიმა გაასაჩივრეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის იურისტმა, გულო დილავერიძემ.

„ეს სოციალური მუშაკი და სააგენტოც მიკერძოებულია… თვითონ ბავშვს აღარ უნდოდა დედის ნახვა და მე ხომ ვერ დავაძალებდი?“ – ამბობს ირაკლი.

„ბოლოს, როცა ჩემგან წაიყვანეს, ზუსტად 6 წლის და ორი დღის იყო,“ – იხსენებს მანანა. – „დაბადების დღე გადავუხადეთ და ორი დღის შემდეგ წაიყვანეს… მას შემდეგ ჩემი გოგო პირისპირ, მარტო აღარ მინახავს. თავიდან, როცა ტელეფონზე დავურეკე, მითხრა, იცი, მე შენ აღარ მიყვარხარო. გამეცინა და ვკითხე, ეს ვინ გითხრა-მეთქი და მამიკომო“.

ბათუმში 1900 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში  კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 1,900 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი,ხოლო საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

რუსეთის მოქალაქეების კომპანია მახინჯაურში დაგეგმილ სასტუმროს ვეღარ ააშენებს

საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი მახინჯაურში დაგეგმილ პროექტს ვეღარ განახორციელებს, ბათუმის საკრებულოს ბიურომ საკითხი დაბლოკა. ის საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხებიდან ამოიღეს.

ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ნაკაიძის განმარტებით, ტერიტორიაზე, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავს, ბუნებრივი ტყეა გაშენებული, ამიტომაც საკრებულო ამ ადგილის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერს: „ტყის გაჩეხვას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით“.

ტერიტორია, სადაც შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“ მასშტაბურ მშენებლობას  გეგმავდა, ჯამში, 5000 კვ.მ-მდეა. პროექტი 12-11 და 10-სართულიან შენობებს აერთიანებს. წინასაპროექტო კვლევის მიხედვით, სამშენებლო 2000 კვადრატულ მეტრ ფართობის სამშენებლოდ ათვისებას გეგმავდა.

ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორიც რუსეთის მოქალაქეები არიან. კომპანია საქართველოშია დაფუძნებული.

 

კიდევ ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმში 4 სარეკრეაციო ნაკვეთი შესაძლოა სამრეწველო ზონად იქცეს

ბათუმის საკრებულო დღეს, 30 ოქტომბერს, დაეთანხმა ინიციატივას, რომლითაც ბათუმის მერია სარეკრეაციო ზოლში 4 მიწის ნაკვეთისთვის სამრეწველო სტატუსის მინიჭებას ითხოვს. კერძოდ, საკრებულომ ოთხივე ნაკვეთის ზონის ცვლილებაზე წარმოების დაწყებას დაუჭირა მხარი.

სამი მიწის ნაკვეთი კახაბერში, სარეკრეაციო ზონაშია და 7 473 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. მესაკუთრე მერიისგან ითხოვს მიწის ნაკვეთებს სამრეწველო ზონის სტატუსი მიენიჭოს.

ზონის სტატუსის შეცვლას ითხოვენ ასევე ბათუმში, მაიაკოვსკის #4-ში მდებარე მიწის ნაკვეთზეც. ამ შემთხვევაშიც მესაკუთრე სარეკრეაციო ზონაში არსებული ნაკვეთისთვის სამრეწველო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ეს ტერიტორია 3 267 კვადრატული მეტრია და შპს „პეტროლფის“ საკუთრებაშია.

სარეკრეაციო ზონა შეიძლება იქნას გამოყენებული ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და ადამიანთა დასვენებისთვის, სამრეწველო ზონას კი, ეს ფუნქცია არა აქვს და სამრეწველო ობიექტებისთვისაა განკუთვნილი.

აჭარაში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 254 დაშავდა სამი თვის განმავლობაში

ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, სამი თვის განმავლობაში, აჭარაში 1134 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 180 შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

სამი თვის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად მხოლოდ აჭარაში 12 ადამიანი დაიღუპა და 254  ადამიანი დაშავდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, აღნიშნულ პერიოდში ავტოავარიის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა და 2176 დაშავდა.

ავტოავარიის შედეგად დაღუპულთაგან 14 ქვეითი იყო.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო გავრცელებულ მიზეზებს შორისაა: სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 816 შემთხვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 105 შემთხვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება  – 81 შემთხვევა; დისტანციის დაუცველობა – 78 შემთხვევა; ქვეითების გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 56 შემთხვევა; მოხვევის მანევრი – 49 შემთხვევა;  მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 34 შემთხვევა.

ნოემბრის პირველ დღეებში იწვიმებს – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 16-21 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8-13 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 7-12 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 1-2 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“

მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს მფლობელი გახდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ციხე-სოფელი მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს – „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.

2019 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს – „საზოგადოების რჩეულის“ პრიზის მოსაპოვებლად ხმის მიცემა მიმდინარე წლის მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

სწორედ მაისში მოიპოვა მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – ევროპა ნოსტრას ჯილდო.

მუცოსთან ერთად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობიდან „საზოგადოების რჩეულის“ მოსაპოვებლად 30-მდე პროექტი მონაწილეობდა კონკურსში.

პარიზში ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი “ქართუ”) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/371992/

„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში

როგორია „იდეალური ცოლი“ და „იდეალური ქმარი“? – ეს არის ტესტი მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან. სახელმძღვანელოს სამი ავტორი ჰყავს – თამარ მეიფარიანი, ირინე ვადაჭკორია და ლელა მიქიაშვილი. წიგნი „საქართველოს მაცნემ“ გამოსცა.

იმისათვის, რომ მოსწავლემ გაარკვიოს, ჯდება თუ არა „იდეალური“ ცოლის ან ქმრის კრიტერიუმში,  5 ქვეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.

პირველი კითხვა – გათხოვებას, ცოლის თხოვას ისურვებდით:

ა) ანგარებით, ბ) სიყვარულით გ) როგორც გამომივა

ამის შემდეგ მოდის კითხვები, თუ რამდენი შვილის ყოლას ისურვებენ, მიაჩნიათ თუ არა, რომ „პირველი  სერიოზული გატაცება“ აუცილებლად ქორწინებით უნდა დასრულდეს? და ა.შ.

ტესტის ნიმუში მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან

რამდენად მართებულია გენდერულ როლებზე მსჯელობისას მოზარდებთან ვისაუბროთ ტერმინებით, „იდეალური ცოლი“ ან „იდეალური ქმარი“?

რამდენად უწყობს ხელს მსგავსი ფორმულირებით მსჯელობა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ე.წ. „იდეალურობაზე“ და როგორ გადის გრიფირებას მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელოები?

„ბათუმელები“ იმ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ესაუბრა, სადაც ამ სახელმძღვანელოთი სწავლობენ.

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლიანა შოთაძე ამბობს, რომ „იდეალური ცოლის“ ან ქმრის განმარტება ძალიან რთული იქნება, რადგან „იდეალურობაზე“ ყველას თავისი შეხედულება შეიძლება ჰქონდეს.

„მე მგონი, ამ ფორმით ამ საკითხის მიწოდება მოზარდებზე მიუღებელია. გენდერულ როლებზე ვსაუბრობთ გაკვეთილზე, ვსვამ კითხვებს და მოსწავლეები პასუხობენ ხოლმე. მაგალითად, ერთმა ბიჭმა მითხრა, რომ ქალის ადგილი არის „კუხნაში“, მანქანასთან, ოღონდ სარეცხი მანქანასთანო და მსგავსი სტერეოტიპული მიდგომები ჰქონდა. ბუნებრივია, დისკუსია დგება ასეთ დროს, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს იდეალური ცოლი ან ქმარი, ამაზე არ გვისაუბრია“, – გვეუბნება ლიანა შოთაძე.

ტესტის ნიმუში მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან

მასწავლებლის თქმით, არის შემთხვევები, როცა მოზარდები არიან სტერეოტიპული გავლენების ქვეშ და ამასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია. „ვფიქრობ, სახელმძღვანელოები უფრო შინაარსიანი და სხვანაირად დატვირთული უნდა იყოს“. პედაგოგი ამბობს, რომ მოსწავლეებს ავალებს, თვითონ მოიძიონ ფილმებიდან, წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან  მაგალითები, სადაც გენდერულ როლებზეა აქცენტი გაკეთებული და შემდეგ მსჯელობენ.

„ხშირად მიდიან მოზარდები იმ აზრამდე, რა არის თანასწორობა, თუმცა  ყველა არა“, – გვეუბნება პედაგოგი.

მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ხათუნა ნიჟარაძე კი ამბობს: „ეგ სახელმძღვანელო ალბათ ჩემზე ჭკვიანმა ხალხმა შეადგინა და 20 წელია კი გვაქვს სკოლაში. უფრო ალბათ ნაადრევ ქორწინებას ეხება ეგ თემა, მაგრამ „იდეალური“ და რაღაც წარმოუდგენელი ქალი ან კაცი არ არსებობს. ჩვენ მაინც იქეთკენ მიგვყავს საუბარი, რომ ნაადრევი ქორწინება რამდენად პრობლემაა“.

ხათუნა ნიჟარაძის თქმით, ახალი თაობა ბევრად პროგრესულია გენდერულ საკითხებთან მიმართებაში და მათთან „იდეალური ქალის ან კაცის“ სტანდარტზე საუბარი სასაცილოა.

„ვცდილობ, იდეალურობას და „ზეცაში ასულ ქალს ან კაცს“ გვერდი ავუარო. ასეთი რამ სასაცილოა დღევანდელი მოზარდებისთვის და ბევრი ისეთი სიტყვებიც, რასაც ხშირად ჩვენი თაობა იყენებს გენდერულ როლებთან მიმართებაში. უფრო მეტად აზროვნებენ ისინი ასეთ საკითხებში, თუმცა ეს წიგნი მომწონს ისეთ საკითხებში, როცა ეხება ბულინგს, ძალადობას სკოლაში, ოჯახში, ქუჩაში. ეს თემები უფრო საინტერესოა და სხვა არ ვიცი“, – ამბობს ხათუნა ნიჟარაძე.

„ბათუმელები“ ამ თემაზე მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების პედაგოგს, თემურ სუყაშვილსაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ მისი სკოლა სამოქალაქო განათლებას სხვა ავტორების წიგნით გადის. თუმცა დასძენს, რომ მსგავსი ტერმინების გამოყენება სახელმძღვანელოში, არასასურველია.

„მსგავსი ტერმინები უბიძგებს იქეთ, რომ ტვინში ილექება  სტერეოტიპული მიდგომები და თუნდაც დაოჯახების თემატიკა. მაღალ საფეხურზე სამოქალაქო განათლების წიგნს ნამდვილად სჭირდება განახლება, რადგან ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს.

იგივე ნაადრევ  ქორწინენებთან დაკავშირებით საზოგადოებას არ ჰქონდა მძაფრი რეაქციები, მაგრამ დღეს შეცვლილია ვითარება. ამიტომ, ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, უნდა გაიარონ ფსიქოლოგებთან კონსულტაცია და ამის შემდეგ უნდა შეიტანონ ეს თემები სახელმძღვანელოებში,  გენდერული სტერეოტიპების გამყარებას რომ არ შევუწყოთ ხელი“.

თემურ სუყაშვილის აზრით, სკოლებმა არჩევის დროს კარგად უნდა შეისწავლონ სახელმძღვანელოები. „მოქალაქეობა“ როცა შემოვიდა სკოლებში, განვიხილეთ და ავირჩიეთ საუკეთესო. ასე უნდა მოხდეს სხვა სახელმძღვანელოებთან მიმართებაშიც“, – გვეუბნება პედაგოგი.

პედაგოგის თქმით, გრიფირების დროს აუცილებელია კონკრეტული სფეროს მცოდნე სპეციალისტების ჩართულობა – რომ მათი რეკომენდაციებიც იყოს გათვალისწინებული, მათ შორის, გენდერულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების.

„მე, პირადად, ჩემი მაგალითი მომყავს, როცა ვსაუბრობ ნაადრევი ქორწინებაზე ან გენდერულ თემაზე. მე დავოჯახდი 29 წლის ასაკში და ჩემი მეუღლე იყო 28 წლის. შესაბამისად, ვუხსნი მოსწავლეებს თუ რას მივაღწიე სტუდენტობის შემდეგ, რა ეტაპები გავიარე და რა ეტაპზე გადავწყვიტე დაოჯახება. ასე განვიხილავთ, ვთქვათ, სხვა მაგალითებსაც. მოზარდებსაც მოჰყავთ საპირისპირო მაგალითები, როცა ადრეულ ასაკში დაოჯახდა გოგო ან ბიჭი და რა შედეგი მიიღეს ამისგან. ეს თემა მით უმეტეს სენსიტიურია ჩვენს რეგიონში, სადაც მაღალია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები. ვმსჯელობთ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით და ვაანალიზებთ შედეგებს“, – ამბობს პედაგოგი.

პედაგოგის თქმით, სწავლებისას, შეპირისპირებისა და შედარების პროცესში მოზარდები უკეთ ხედავენ განსხვავებას, რაც კარგად აჩვენებს ნაადრევი ქორწინების ნაკლს ან გენდერული სტერეოტიპების მცდარობას.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სწორედ მსგავსი პრობლემების გამოა, რომ სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს.

„შედეგად, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკური პარამეტრებით გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. წიგნები შესაბამისობაში იქნება „ახალი სკოლის მოდელთან“, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებას“.

სამინისტროს განმარტებით, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირება განხორციელდება ორ ეტაპად – ძირითადი შეფასება და სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება.

„მეორე ეტაპზე გადასული სახელმძღვანელოების ავტორებსა და რეცენზენტებს შორის მოიხსნება ანონიმურობის საკითხი და მოხდება ინტენსიური თანამშრომლობა სახელმძღვანელოების დასახვეწად“, – გვითხრეს სამინისტროში.

მათივე განმარტებით, ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ მათ, ვინც გადალახავს შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპს, „ავტორებისთვის გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა – ბარიერი 79-დან 90 პროცენტამდე გაიზარდა“.

„თუმცა მათი მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები, ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

ხარისხის გაზრდის მიზნით, ასევე, გაიზარდა სახელმძღვანელოს შექმნის, რეცენზირების, შინაარსობრივი დახვეწა-გაუმჯობესების ვადები“.

დაუმტკიცებელი ისტორიული ზონის განყოფილებაში ბათუმის მერიამ ორი სპეციალისტი დაასაქმა

„ისტორიული ზონა დამტკიცებული ჯერ არ  არის“ – ასე პასუხობს მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი ამ ზონის დაცვასთან დაკავშირებულ კითხვებს. ამის მიუხედავად, ბათუმის მერიამ დაუმტკიცებელი ისტორიული ზონის განაშენიანების განყოფილებაში ორი სპეციალისტი აიყვანა – თამთა გარუჩავა და სოფო სანიკიძე. ეს ანაზღაურებადი სამსახურია.

რამდენად გამართლებულია სპეციალისტების  დასაქმება  ამ განყოფილებაში, როცა  ზონა დამტკიცებული არ არის, რა სამუშაოს ასრულებენ ისინი?  – ეს კითხვები საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ წევრებმა  მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსს დაუსვეს. დისკუსია ამ საკითხზე მერის მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით შედგა. მირიან მეტრეველმა კითხვები უპასუხოდ დატოვა.

ბათუმის მერიის მიერ შემუშავებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, ისტორიული ზონის განყოფილებაში დასაქმებული პირების მოვალეობაა:

უზრუნველყონ ქალაქის ისტორიული ნაწილის, მასში არსებული ძეგლების, მათი ისტო­რი­ულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი და ხელოვნური გარემოს შენარჩუნების და ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების, სამშენებლო და სხვა საქმიანობის მარეგულირებელი რეჟიმების დამდგენი დოკუმენტაციის შემუშავება. უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვებას, ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგული­რების დაცვის ზონის დოკუმენტაციის განხილვა-დამუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და ასე შემდეგ. 

ბათუმის მერიაში ისევ ვერ ასახელებენ კონკრეტულ დროს, როდის განაახლებენ  ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების პროცედურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები კომპანია  „გეოგრაფიკს“ კონსულტაციების გავლის მიზნით ორჯერ შეხვდნენ და ისევ გეგმავენ შეხვედრას.

ბათუმის მერიის მიერ თვითნებურად დაკორექტირებული ეს დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2019 წლის 15 თებერვალს გაფართოებულ სხდომაზე განიხილა და დაიწუნა. ამის მიზეზად უკვე დადგენილი საზღვრებიდან ბათუმის კონცხისა და ბულვარის ტერიტორიის ამოღება დაასახელეს. მერიას კი მისცეს რეკომენდაცია სააგენტოსთვის „გეოგრაფიკის“ მიერ დადგენილი საზღვრების პირველადი დოკუმენტი წარედგინა.

სწორედ ამის შემდეგ მერიაში გადაწყვიტეს, რომ დოკუმენტების განახლებაზე უნდა იმუშაონ. მირიან მეტრეველი კი მუდმივად აცხადებს, რომ რადგან ზონა დამტკიცებული არ არის, ვერც ის შეზღუდვები გავრცელდება, რაც ამ ზონაში მისი დამტკიცების შემდეგ უნდა დადგინდეს. ზონაში მშენებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეჟიმის დაწესებას კანონი ითვალისწინებს.

ვიდრე მერია გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, ძეგლების დამცველები შიშობენ, რომ ბათუმის ისტორიულ ზონაში კიდევ ბევრი ქუჩა დაკარგავს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელ ინფრასტრუქტურას, რადგან მშენებლების ინტერესი სწორედ ამ ტერიტორიის მიმართ არის მაღალი და ისინი აქ ნებართვის მისაღებად კანონდარღვევასაც არ ერიდებიან. უნებართვო მშენებლობების თუ დემონტაჟის წინააღმდეგ ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების ძალისხმევა რომ არ არის საკმარისი, ეს ბათუმში ბევრჯერ გამოჩნდა.

 

ერთის მდგომარეობა მძიმეა – როგორ არიან ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდები

ქობულეთში გუშინ, 29 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ოთხივე არასრუწლოვანი კლინიკაში რჩება. შემთხვევის ადგილზე ორი მეთორმეტეკლასელი დაიღუპა.

„გოგოს მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. მას ჰქონდა კისრის მალის, ასევე ბეჭის ძვლის მოტეხილობა. დაშავებულ ბიჭს სახის ძვლების მოტეხილობა დაუფიქსირდა. ისინი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩვენთან დარჩა ერთი დაშავებული გოგო, რომლის მდგომარეობაც მსუბუქია. მას თავის ტვინის შერყევა აქვს,“ – გვითხრა ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა რაულ პაქსაძემ.

ქუთაისში გადაყვანილი არასრულწლოვნები მართვით სუნთქვაზე არიან. კლინიკის დირექტორი, გოგა ხუციშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმეა გოგოს მდგომარეობა. მას გაუკეთდა კისრის მალების ფიქსაცია და მართვით სუნთქვაზეა.

„მძიმეა ბიჭის მდგომარეობაც. ისიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე. ჯერ უცნობია, როდის ჩაუტარდება მას ოპერაცია ყბების ძვლების მოტეხილობაზე,“ – გვითხრა გოგა ხუციშვილმა.

ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი არასრუწლოვანი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.

 

როგორი იქნება კოლეჯი „ბლექსი“ ბათუმში, რომელიც კომაროვის სკოლასთან აშენდება

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობის ესკიზური პროექტი მზადაა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ამჯერად DB [დიზაინ ბილდის] კონცეფციით პროფსასწავლებლის შენობის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოებზე განმეორებით ფასთა კვლევას ატარებს.

როგორც ადრე სააგენტოში გვითხრეს, კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩის პირველ ნომერში, იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა იგეგმება. „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობას კი, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დასჭირდება.

კოლეჯ „ბლექსის“ შენობის ესკიზი
კოლეჯ „ბლექსის“ შენობის ესკიზი
კოლეჯ „ბლექსის“ შენობის ესკიზი

სააგენტოს გადაწყვეტილებით საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადად 3 თვეა განსაზღვრული, ხოლო სრული საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების ვადად – 12 თვე.

მიმწოდებელმა სააგენტოს უნდა დაუკონკრეტოს შესასრულებელი საპროექტო და სამშენებლო სამუშაობის ღირებულება და თავისი შეთავაზება 2019 წლის  01 ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა წარუდგინოს.

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 96-ე წლისთავი ბათუმშიც აღინიშნა

29 ოქტომბერს თურქეთში რესპუბლიკის დაარსების 96-ე წლისთავი აღინიშნება. თურქეთის ეს ეროვნული დღესასწაული ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, მაქბულე ქოჩაკის ინიციატივით აღინიშნა სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. საზეიმო მიღებაზე მიწვეულ ტუმრებს შორის იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სხვადასხვა ქვეყნების კონსულები, ბათუმის თურქული სკოლის მოწავლეები და საქართველში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები.

,,თურქეთის რესპულიკა პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს” – ასე დაიწყო საზეიმო მიღება გენერალურმა კონსულმა მაქბულე ქოჩაკმა, შემდეგ კი თურქეთის მოქალაქეებისადმი პრეზიდენტ ერდოღანის მიმართვს წერილით წაიკითხა.

„ჩვენი ქვეყნის 81 რეგიონისა და საზღვარგარეთ  მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მინდა მივულოცო 29 ოქტომბერი – რესპუბლიკის დაარსების დღე. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეგობარს ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს თურქეთის ისტორიაში ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნის სიხარულს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში, განმტკიცებაში და დამკვიდრებაში შეტანჯილი წვლილისთვის.

მადლიერებით ვისენებთ და პატივს მივაგებთ უპირველეს ყოვლისა ჩვენი რესპუბლიკის დამფუძნებელს, მუსტაფა ქემალ ათათურქს. ღვთის ნებით ჩვენი რესპუბლიკა მომავალში იქნება ბევრად უფრო ძლიერ და აყვავებული. თურქეთს თავისი ისტორიით, ღრმა სახელმწიფოებრივი ფუნდამენტებითა და თითქმის საუკუნეობრივი რესპუბლიკური გამოცდილებით შესწევს ძალა, რესურსი და სიმტკიცე, რომ ყველა ეს პრობლემა გადალახოს“- ნათქვამი იყო თურქეთის პრეზიდენტის თანამემამულეებისადმი მიმართვის წერილში.

მომავალ, 2020 წელს თურქეთის რესპუბლიკა  დიდი ეროვნული კრების დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

რესპუბლიკის დაარსების 96 – წლისთავი ქვეყნის მთავრობასა და თურქ ხალხს მიულოცა თორნიკე რიჟვაძემაც და  აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთვის არამხოლოდ გეოგრაფიული მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.

„96 წლის წინ რესპუბლიკის დაარსებით თურქეთმა თავისი სახელმწიფოებრიობა დაუკავშირა დემოკრატიულ და ცივილურ განვითარებას. ეს ჩვენთვის მისასალმებელი და ძვირფასია.

ქართველი ხალხი მადლიერია თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემის“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოფიციალურ მიღებაზე.

პოეზია, სკოლა და ნოსტალგია – შეხვედრა ქეთევან გიორგაძესთან საჯარო ბიბლიოთეკაში

პოეზია, მუსიკა და შეკითხვები – დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ბათუმელ პოეტთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ქეთევან გიორგაძესთან შეხვედრა ხალხით სავსე დარბაზში გაიმართა.

ქეთევან გიორგაძის საღამო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

ქეთევან გიორგაძე არის ავტორი ლექსების კრებულებისა: „ურიტმო ფიქრები“, „ეჰეი უპოვარნო“, მისი ლექსები შედის ასევე კრებულში – „ძოწისფერი გვირილები“. დღეს მან შეხვედრაზე მოსულ პუბლიკას საკუთარი ლექსები წაუკითხა და შეკითხვებსაც უპასუხა, ძირითადად – პოეზიასა და მასწავლებლის პროფესიაზე.

„ჩვენ ვიყავით თაობა, რომელიც ეძებდა სამშობლოს“ – აღნიშნა ქეთევენ გიორგაძემ გასული საუკუნის 90-იანი წლების გახსენებისას, როცა თავად ახალბედა მასწავლებელი იყო, მის მოსწავლეებს კი მიტინგებზე წასასვლელად მიუწევდათ გული. მაშინ ქეთევან გიორგაძე ბათუმის მე-6 სკოლაში ასწავლიდა, რუსთაველის ქუჩაზე.

„ის სკოლა დაანგრიეს. თავშეყრის ადგილი იყო, მწვანე სკოლა დავარქვი, რადგან ახლოს იყო ბათუმის ბულვარი და პარკი. ისე, სულ მიკვირდა, რატომ ღებავენ სკოლებს მუქად… იქ იყო თავისუფალი სივრცე… სამშობლო იყო ჩემთვის ის სკოლა რუსთაველის ქუჩაზე, ბავშვები, ჩემი მოსწავლეები, ოჯახი…“ 

ქეთევან გიორგაძე ახლაც მეექვსე საჯარო სკოლაში ასწავლის, თუმცა სკოლამ მისამართი უკვე დიდი ხანია შეიცვალა.

კითხვაზე, ჯერ პოეტია თუ მასწავლებელი, ქეთევან გიორგაძემ ასე უპასუხა:

„ამ ბოლო დროს უფრო მასწავლებელი, მაგრამ პოეტი მასწავლებელი. ზოგადად, მასწავლებლობა ითხოვს ძალიან დიდი ენერგიას ადამიანისგან, ბევრი რუტინა გაჩნდა და რასაც ვაკვირდები, უკვე ფორმა ჭამს შინაარსს ამ პროფესიაში“.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკის სივრცე გამოყენებული იქნას შეხვედრებისა და ახალგაზრდული ინიციატივებისთვის:

„თავის დროზე აქ ჩავატარეთ მერაბ კოსტავას საღამო, ზურაბ წერეთლის საღამო… აუცილებელია საჯარო ბიბლიოთეკაში ხდებოდეს ბევრი საინტერესო რამ, რომ ბიბლიოთეკა და წიგნები ცალკე არ იყოს და ეს ახალგაზრდები – ცალკე.

შეხვედრას ქეთევან გიორგაძის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მასწავლებლის რამდენიმე ლექსი წაიკითხეს.

ქეთევან გიორგაძის საღამო

შანელისა და დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკის კონკურსებში გამარჯვებული ქართველი კალიგრაფი

კალიგრაფიის ხელოვნებას საქართველოში საუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა ეს საქმე აქტუალური იყო მანამ, სანამ ტექსტების გავრცელების ერთადერთ ფორმად წიგნების გადაწერა მიიჩნეოდა. მნიშვნელოვან ტექსტებს, ფსალმუნებს, ოთხთავს, ზოგადად სახარებას, ვეფხისტყაოსანსა და სიგელ-გუჯრებს ხშირად საინტერესოდ აფორმებდნენ. გარდა ტექსტების მაღალმხატვრული კალიგრაფიული გაფორმებისა, ტექსტებს ამკობდნენ მინიატურებით, ყდებს კი – ძვირფასი თვლებით. ასეთი გამოცემების დათვალიერება ხელნაწერთა ინსტიტუტისა და ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენებზეა შესაძლებელი.

წიგნის ბეჭდვის ტექნიკის განვითარებასთან ერთად წარსულს ჩაჰბარდა სკრიპტორიუმები, სადაც მინიატურის, დეკორის, კალიგრაფიის ხელოვნებას ეუფლებოდნენ, ტექსტებს გადაწერდნენ და ამკობდნენ.

23 წლის გიორგი სისაური სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და ციფრულ ხანაში ამაყად უწოდებს თავს კალიგრაფს. იცის, რომ მისთვის ლამის პროფესიადქცეული ეს საქმე ჩვენს დროში ცოტა უცნაურად ჟღერს და აქტუალური არ არის, თუმცა ,,არააქტუალური“ საქმის წყალობით მას შანელის მოდის სახლმა ორი წლის წინ სამუშაო კონტრაქტი გაუფორმა, დედოფლის სამეფო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა დიდ კონკურსში გაიმარჯვა, შედეგად მისი ხელნაწერები მალე ამავე ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას.

„დახატული მაქვს ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო, ეს არის მოციმციმე, ელვარე ანბანი, საიდანაც ემოცია გადადის მნახველზე. ასე ვცდილობ გავაცნო მსოფლიოს ჩემი ენა, დამწერლობა და გადავდო ემოცია, რასაც თავად ვგრძნობ ჩემი ანბანისგან. თავიდან იყო რამდენიმე წლის წინ ,,ხელნაწერთა ინსტიტუტის“ მიერ გამოცხადებული კალიგრაფისტთა კონკურსი, სადაც ჩემმა ხელნაწერმა გაიმარჯვა და წლის კალიგრაფი გავხდი.

ორი წლის წინ შანელის მოდის სახლმა გამოაცხადა კალიგრაფების კონკურსი, იუბილე ჰქონდათ და კალიგრაფს უნდა დაემზადებინა ხელნაკეთი ღია ბარათები და მოსაწვევები საპატიო სტუმრების, ასევე, შანელის პარტნიორებისთვის. გავიმარჯვე ამ კონკურსში და სამუშაოს თავი გავართვი. ეს კონტრაქტი მუდმივად ჩემს უცხოეთში ყოფნას არ მოითხოვს, რადგან მსგავსი ღონისძიებები წელიწადში მხოლოდ რამდენიმეა და ყოველდღიური შრომა არ სჭირდება,“ – ამბობს გიორგი სისაური.

ინგლისის დედოფლის სამეფო ბიბლიოთეკაში გიორგის ორი ხელნაწერი დაიდებს ბინას  – მინიატურებით გაფორმებული, ნუსხურად შესრულებული იოანე ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ და მხედრულით შესრულებული, ილუმინირებული 90-ე ფსალმუნი.

„წიგნის ბეჭდვასა და ციფრულ სამყაროსთან ერთად მინიატურის ხელოვნება, კალიგრაფია, წიგნის გაფორმების ხელოვნება დაიკარგა. მე კი ყოველთვის მინდოდა აღმედგინა და მეჩვენებინა ყველასთვის ხელწერის მშვენიერება, ორიგინალურობა, მივბრუნებულიყავი სიძველეებთან, თუმცა ახლებურად, ამიტომ გადავწყვიტე ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. შედეგად გამოვიდა ნამუშევრები, რომლებიც ფეთქავს, სუნთქავს, ციმციმებს,“ – ამბობს გიორგი.

გიორგი სისაურის ხელნაწერი ქართული ანბანის გამოფენა ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მანამდე კი იგივე გამოფენა თბილისის ხელოვნების სასახლეში იყო წარმოდგენილი.

როგორც გიორგი ამბობს, იმ საქმეზე, რასაც აკეთებს, სურდა სრული, სიღრმისეული ცოდნა ჰქონოდა და სამხატვრო აკადემიის ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზეც ამ ნიშნით ჩააბარა. გიორგი ახლა სამხატვრო აკადემიის კულტუროლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი ღარიბი [ინფოგრაფიკა]

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 428.608 ადამიანი იღებს, რაც სრული მოსახლეობის (3 723.500) 11.5%-ია. 2018 წელს ეს მონაცემი 435.450 (11.7%), 2017-ში კი 455.813 (12.6%) ადამიანი იყო.

საქართველოს რეგიონებიდან, რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში ცხოვრობს, ანუ რეგიონებში, სადაც, ზოგადად, ყველაზე მეტი მოქალაქ ცხოვრობს. 

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროცენტულ წილს მთლიან მოსახლეობასთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლშია, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია. 

სოციალურად დაუცველი ადამიანების პროცენტული წილი, კონკრეტული რეგიონის მთლიან მოსახლეობასთან შედარებით:

ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს გააუპატიურეს, 4 წლის იყო – პედოფილიის სტატისტიკა

ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო. 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, სულ საქართველოში წელს 10 ბავშვი გააუპატიურეს: 4 ბიჭი და 6 გოგო. ოფიციალური სტატისტიკა „ბათუმელებს“ გენერალური პროკურატურიდან მოაწოდეს. ჩვენ სექსუალური ხასიათის დანაშაულების შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც დაზარალებულები არასრულწლოვნები არიან.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პედოფილიის ჩადენის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, გაუპატიურების მაჩვენებელი [სსკ-ის 137-ე მუხლი] შარშან სულ 8 იყო [სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება] გაუპატიურების საქმეზე დაზარალებული ბავშვები წელს არიან: 4 წლის, 5 წლის, 12 წლის, 14 წლის, 15 წლის, 16 წლის.

პროკურატურიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ასევე მინიშნებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი გულისხმობს როგორც არასრულწლოვნის, ასევე, ორსული ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულს.

წინა წელთან შედარებით, 24-დან 40-შემთხვევამდე გაიზარდა „გარყვნილი ქმედების“ მაჩვენებელი [სსკ-ის 141-ე მუხლი]. ამ მუხლზეც ყველაზე პატარა – 4 წლის ბავშვი იყო. წელს, 23 ოქტომბრის ჩათვლით, 7 ბიჭთან და 45 გოგოსთან ჩაიდინეს გარყვნილი ქმედება, 2018 წელს კი – 6 ბიჭთან და 32 გოგოსთან.

2018 წელს 6 შემთხვევა დაფიქსირებულა „სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებაზე“ [სსსკ-ის 138-ე მუხლი], წელს, 23 ოქტომბრის ჩათვლით კი, იმავე მუხლით 9 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ყველაზე უმცროსი ასაკის დაზარალებული წელს 6 წლისაა.

„სქესობრივი კავშირის ან სხვაგვარი ქმედების იძულება“ [სსკ-ის 139-ე მუხლი] – ამ მუხლით გასულ წელს არავინ გაუსამართლებიათ. წელს კი, სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მუხლით დაწყებულ საქმეებში ყველაზე მცირე ასაკის დაზარალებული 12 წლის მოზარდია. დაზარალებულებს შორის 4 გოგოა, 1 – ბიჭი.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სქესობრივ დანაშაულებს შორის ისევ „ნაადრევ ქორწინებას“ აქვს. კანონის მიხედვით, ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში იმას, ვინც არასრულწლოვანზე ქორწინდება, 140-ე მუხლის შესაბამისად ასამართლებენ – „სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან“. ამ მუხლის შესაბამისად წელს 62 ფაქტზე დაუწყია პროკურატურას სიხსლისსამართლებრივი დევნა [გასულ წელს – 86 შემთხვევაზე].

მთავარ სცენას და ნაძვის ხეს ევროპის მოედანზე აღარ დადგამენ – საახალწლო სამზადისი ბათუმში

ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრი ბაზარს იკვლევს. სავარაუდო ფასის დადგენის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე.

კულტურის ცენტრის განაცხადში აღნიშნულია, რომ მთავარი სცენა საახალწლოდ არა ევროპის მოედანზე, არამედ ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ მოეწყობა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავარი ნაძვის ხეც არა ევროპის მოედანზე, არამედ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, შადრევნებთან [შესაძლოა შადრევანზეც კი] დაიდგმება. ეს ინფორმაცია ბათუმის მერიაში ამ დრომდე არც უარყვეს და ვერც დაგვიდასტურეს.

რა ღონისძიებები იგეგმება ახალი წლის დღეებში ბათუმში, იხილეთ აქ:

[toggle title=”დააწკაპუნე და ნახე ღონისძიებების ჩამონათვალი”][/toggle]

 

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის 2018 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 273 500 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა გამოცხადებული ტენდერი კომისიამ შეწყვიტა. საბოლოოდ კი, მომსახურება კულტურის ცენტრმა ტენდერის გარეშე შეისყიდა, თანხა – 180 ათასი ლარი.

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმების სამუშაოებზე კი ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 428 423 ლარია. სად დაიდგმება მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, კონკრეტული ადგილი ტენდერის პირობებში მითითებული არ არის.

ამ თემაზე:

საახალწლოდ ბათუმის ქუჩების მოსართავად 428 423 ლარია გათვალისწინებული

„17 წლის ფეხმძიმე ისე მცემა, ბავშვი მომშორდა“ – სალომეს ნაადრევი ქორწინება დასრულდა

„ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მესამედ გამიტეხა ცხვირი, მცემა, ბავშვი მომშორდა… მაშინ გადავწვიტე, რომ ის აღარ გამოსწორდებოდა, პოლიციას მივმართე,“ – გვიყვება სალომე [სტატიაში სახელები შეცვლილია], რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა 18 წლის. სალომე ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. მისი მეუღლე ახლახან დააკავეს სამართალდამცველებმა. ბრალდებული 26 წლისაა და მას უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა.

„მამუკას 6 თვის წინ გავყევი ცოლად. დაქორწინებიდან ერთი კვირის თავზე დამარტყა პირველად სახეში, ცხვირი გამიტყდა… ყელზეც მეტყობოდა მისი თითების კვალი. მითხრა, რომ ეჭვიანობდა და ასე, მისი აზრით, ჭკუას ვისწავლიდი. არ მინდოდა ოჯახის დანგრევა. ამ ამბავს მამუკას ბებია შეესწრო. მითხრა, დროზე წადი, ბავშვი არ გააჩინოო… მამუკამ მეორე დღეს მომიბოდიშა. მითხრა, რომ ყოფილ ცოლზე ბრაზობდა, ვისთანაც შვილი ჰყავს, ასევე დედაზე, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ თურქეთში წავიდა სამუშაოდ და იქ გათხოვდა. ვაპატიე. მეგონა, გამოსწორდებოდა…“ – გვიყვება სალომე.

სალომე დაოჯახებამდე ოზურგეთში ცხოვრობდა. სკოლაში 9 კლასი დაასრულა და პროფესიულ სასწავლებელში გადავიდა. სალომე ბათუმში სილამაზის სალონში სტილისტად  მუშაობდა, როცა მამუკა გაიცნო:

„თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო… მერე ამიკრძალა მუშაობა, ვერ იმუშავებო. თვითონაც არ მუშაობდა, რით უნდა გვერჩინა თავი? თვიდან თვემდე ბებიას პენსიას ველოდით და ოზურგეთიდან ჩემი მშობლები გვიგზავნიდნენ საკვებს.

მეორეჯერ მეზობლებთან ურთიერთობის გამო მცემა. აკრძალული მქონდა მეზობლებთან საუბარი. თვალი მქონდა ჩაშავებული. მაგ დროს დედასთანაც მიკრძალავდა დარეკვას. არ უნდოდა, ვინმეს ვენახე. ვერ ვხდებოდი, რა უნდოდა, რატომ მცემდა. ყელში ხელებს მიჭერდა და მეუბნებოდა, რომ ეჭვიანობდა ჩემზე. მერე ბოდიშს მიხდიდა, ვნანობ და მეტს აღარ ვიზამო.

არ ვიცოდი, ვისთვის მეთქვა. მშობლების მრცხვენოდა. მათ იცოდნენ, რომ ეს ჩემი არჩევანი იყო. მიყვარდა და გავყევი.

ბოლოს, 26 ოქტომბერს როცა მცემა, ფეხმძიმედ ვიყავი. ეს თვითონაც იცოდა. მაგ დროს დავურეკე პოლიციას,“ – ყვება სალომე.

სალომეს თქმით, მან პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გაიგო, რომ მამუკა ისევ პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფილა.

„არავის შემოუთავაზებია ფსიქოლოგის დახმარება ან რამე… მერე მოვძებნე და მამუკას ყოფილ ცოლსაც ვესაუბრე. მასზეც ძალადობდა თურმე. მათ საერთო შვილს ახლა მამუკას დედა ზრდის თურქეთში.

კიდევ კარგი, რომ დროზე გავიაზრე ეს ყველაფერი და წამოვედი. ახლა მშობლებთან ვცხოვრობ და ვცდილობ, ამ ყველაფრის დავიწყებას,“ – ასრულებს სალომე.

მამუკა წინასწარპატიმრობაშია. ის 26 წლისაა.

„თავი კრიმინალები გვგონია“ – გარემოვაჭრეები სტარტზე

 

2019 წლის დასაწყისში მერიის გადაწყვეტილებით ბათუმში წერეთლის ქუჩიდან გარემოაჭრეები გაიყვანეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამი დღის მანძილზე ისინი მერიასთან იყვნენ შეკრებილნი და ითხოვდნენ უფლებას, ისევ ევაჭრათ წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. საბოლოოდ, შეთანხმების შედეგად, ისინი მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის შენობაში გადავიდნენ, სადაც მათ მერიამ  სავაჭრო დახლები გაუმზადა.

[gray_box]რა ვითარებაა ახლა?[/gray_box]

მოვაჭრეების უმეტესობამ ავტოსადგურის შენობა დატოვა.

მზია ქარცივაძე, გარემოვაჭრე: “10 ადამიანი დარჩა დაახლოებით ავტოსადგურის შენობაში, ვიყავით ასი. მთელი დღის მანძილზე იქ ასი მყიდველიც კი არ შემოდიოდა.”

ლელა დეკანაძე, გარემოვაჭრე: “თავიდან რომ გადაგვიყვანეს, მერიის თანამშრომლები მოვიდნენ და იყიდეს ჩვენგან რაღაცები იმის საჩვენებლად, რომ თითქოს იქ ხალხი დადიოდა, მაგრამ სინამდვილეში დაავალეს, რომ ჩვენგან ეყიდათ.”

გარემოვაჭრეები ამჟამად ისევ ქუჩაში ვაჭრობენ, ზედამხედველობის სამსახურმა კი მათ გაფრთხილების წერილები დაურიგა, სადაც წერია, რომ გარემოვაჭრეებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ დაკავებული ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ არსებული გასაყიდი საქონელი და დაჯარიმდებიან 500 ლარით.

ციცო მუშკუდიანი, გარემოვაჭრე: “მთელი დღე დაძაბულები ვართ. სულ ვიყურებით, ზედამხედველობის სამსახური არ გამოჩნდეს და არ წაგვართვას ყველაფერი. ერთ ქალს ჩვენთან 800 ლარის საქონელი წაართვეს და დღემდე არ ვიცით სად წაიღეს, არ დაუბრუნებიათ. გვესმის, რომ კანონით არ შეიძლება გარევაჭრობა, ჩვენც კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, მაგრამ ოჯახის რჩენა დანაშაულია? ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ხელის შეწყობის მაგივრად, გვიკრძალავენ რაღაცის გაკეთებას.

მე თუ შევძელი და აქ გამოვედი და დავდექი მთელი დღე ფეხზე, ესე იგი, სხვა გზა არ მაქვს. მრცხვენია, რომ მოდიან ზედამხედველობიდან, ვდგები და გავრბი, სხვა გზა არ დაგვიტოვეს.”

გაფრთხილება

ლელა დეკანაძე, გარემოვაჭრე: “თავი კრიმინალები გვგონია. გარევაჭრობის აკრძალვა ასეთი გაჭირვების ფონზე ნამდვილი უსამართლობაა. თან მოდიან და გვართმევენ ჩვენს კუთვნილ საქონელს. ახლა ვართ ზამბარებივით დაჭიმული, ვინმე რომ გამოჩნდეს, წავიდეთ“.

ციცო მუშკუდიანი, გარემოვაჭრე: “სადგურის შენობაში ვაჭრობა რომ ყოფილიყო, ხომ არ გამოვიდოდით, ქუჩაში დგომა არავის არ უხარია.”

[gray_box]მერიის პოზიცია[/gray_box]

„ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნოშრევან საგინაძემ თქვა, რომ გარემოვაჭრეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი იკავებენ საჯარო სივრცეებს, კეტავენ ქუჩას და აფერხებენ მოძრაობას. ასევე მან აღნიშნა, რომ წერეთლის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი სავაჭრო სივრცე შესთავაზეს:

“ჩვენ უკმაყოფილო არც ერთი გარემოვაჭრე არ დაგვიტოვებია, ყველას მივეცით ალტერნატიული ადგილი, თუმცა გარემოვაჭრეების უმეტესობა მიდრეკილია ქუჩაში გამოსვლისკენ, აუცილებლად ხელი უნდა შეუშალონ ხალხს და საზოგადოებრივი სივრცე შეზღუდონ”.

კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო გარემოვაჭრეების ავტოსადგურში გადაყვანა, ნოშრევან საგინაძე ამბობს:

„გარემოვაჭრეებს ეფექტური იმიტომ არ ჰგონიათ ავტოსადგურში ვაჭრობა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიდრეკილები არიან ქუჩაში გამოსვლისკენ. ეს ასე არ გამოვა, რადგან ალტერნატივა რომ მივეცით, არ გაჩერდნენ იქ. წერეთელზე როგორი ვაჭრობაც იყო, ავტოსადგურში არ იქნება ისეთი, მაგრამ წერეთელზე რომ არ იდგებიან ვაჭრები, ხალხიც ავტოსადგურში მივა საყიდლებზე.

ჩვენი ქალაქის გაცხადებული პოლიტიკა არის ის, რომ ქუჩები გაიწმინდოს გარევაჭრობისგან; ასე მოვიქეცით გოგებაშვილზე, ჭავჭავაძეზე, ბერიძის ქუჩაზე… ხალხს შევთავაზეთ ალტერნატიული სივრცეები. ჩვენ ვიმოქმედებთ აუცილებლად კანონის შესაბამისად. ოფიციალურად გავაფრთხილეთ პოლიციასთან ერთად გარემოვაჭრეები, დავურიგეთ გაფრთხილებები, ვიყავით ბევრჯერ, ვთხოვეთ დაკავებული ადგილების გათავისუფლება. უნდა იცოდნენ, რომ თუ ასე გააგრძელებენ, დაჯარიმდებიან.”

ნოშრევან საგინაძის თქმით, პოლიციას აქვს უფლება, ჩამოართვას საქონელი გარემოვაჭრეს სასამართლოს მეშვეობით, მერიის სამსახურს კი მხოლოდ გარემოვაჭრის გაფრთხილება შეუძლია.

სანამ მერია სანქციებზე ფიქრობს, გარემოვაჭრეები, სტრესის მიუხედავად, ქუჩაში ვაჭრობას აგრძელებენ.

გარევაჭრობა ბათუმში

დაზოგვის მსოფლიო დღე ფინკა ბანკში – დაიწყე დაზოგვა #თეთრიდღისთვის

31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა და მას 120-ზე მეტ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ. ფინკა ბანკი უკვე მეექვსე წელია ერთვება დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში.

დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წელს, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ფინკა ბანკის ფილიალებში გაიმართება შეხვედრები და ღია გაკვეთილები ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. ბავშვებს სახალისო ფორმით გავაცნობთ რა არის დაზოგვა, რატომ და როგორ უნდა დავზოგოთ ფული, ბავშვებს გადავცემთ სპეციალურ საგანმანათლებლო ბროშურებს და ასევე სერთიფიკატს, რომ მათ გაიარეს ერთდღიანი შეხვედრა-ტრენინგი ბანკში.

დაზოგვის ჩვევის გამოსამუშავებლად მთავარია სამომავლო დანახარჯების წარმოდგენა და ხელშესახებ მიზნად ქცევა. ადამიანებს გვჩვევია ე.წ „შავი დღისთვის“ ფულის შეგროვება, არადა ამასაც არასდროს ვაკეთებთ. დროა ეს დადებით კონტექსტში გადავიტანოთ და #თეთრიდღისთვის – ხელშესახები მიზნისათვის –  დავიწყოთ დაზოგვა.

მე ვაგროვებ #თეთრიდღისთვის არის საქართველოში 2019 წელს ფულის დაზოგვის დღის მთავარი გზავნილი. აიღეთ თეთრი ფურცელი, დაფიქრდით და ჩამოწერეთ რისთვის დაგჭირდებათ ფული სამომავლოდ, მობრძანდით ფინკა ბანკის ფილიალში, გახსენით დეპოზიტი, რომელსაც დაარქმევთ თქვენი მიზნის სახელს და დაიწყეთ დაზოგვა – ფინკა ბანკი კი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს შემოგთავაზებთ. დეპოზიტების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www. FINCA.ge

გახსოვდეთ, შენახული თითო თეთრიც გვაახლოვებს #თეთრიდღის მიზანთან!

 

 

 

 

„ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში“ – დირექტორი

„ექვსივე მეთორმეტეკლასელი დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა, მერე სად მიდიოდნენ მანქანით, არ ვიცი,“ – ამბობს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ნაირა მახარაძე. დღეს, 29 ოქტომბერს, სოფლის გზაზე ავტომანქანა, რომელშიც ამ სკოლის 6 მეთორმეტეკლასელი იჯდა, ხეს დაეჯახა. ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი, ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მათ შორის, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ყველა მოზარდი 17 წლისაა.

სკოლის დირექტორის თქმით, არასრულწლოვანს, რომელიც საჭესთან იჯდა, სავარაუდოდ, მართვის მოწმობა ჰქონდა.

„მე, როგორც ვიცი, ჰქონდა მართვის მოწმობა. ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში. უთქვამს, მეორეკლასელ დას უნდა მივაკითხო სკოლაშიო. ბავშვი სკოლიდან არ წაუყვანია, თანაკლასელები ჩაუსვამს მანქანაში და სადღაც წასულან… არც ერთი არ არის ჯერ გონზე მოსული, რომ დაველაპარაკო,“ – გვითხრა სოფელ ქობულეთის სკოლის დირექტორმა, ნაირა მახარაძემ.

მოზარდი, რომელიც მამის ავტომანქანას მართავდა, უგონო მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში.

ავარიის შედეგად ის არასრულწლოვნები დაიღუპნენ, რომლებიც მძღოლის მხარეს არ ისხდნენ.

მთავარი ფოტო: TV25

ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა

გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ ბათუმის ბულვარი უკვე ფონდის ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა. FEE–ს პარტნიორული წევრობა სსიპ ბათუმის ბულვარს საშუალებას მისცემს იყოს საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პასუხისმგებელი უწყება.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდა ბათუმში.

გარემოსდაცვით განათლების ფონდთან სსიპ ბათუმის ბულვარმა თანამშრომლობა მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. სწორი და ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, საჯარო უწყება სსიპ ბათუმის ბულვარი ფონდის პარტნიორ წევრად მიიღეს გამონაკლისის სახით, იმ პირობით, რომ 3 წლის ვადაში მართვა გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციას. როგორც წევრობის თანხმობის წერილშია აღნიშნული, „ FEE დირექტორთა საბჭოს სურს დაადასტუროს კარგად მომზადებული განაცხადი. განაცხადიდან გაირკვა, რომ სსიპ ბათუმის ბულვარი არის სწორი ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს FEE პროგრამების დამკვიდრებას და წევრობას საქართველოში“.

FEE- ს წევრობასთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარს თანხმობის ოფიციალურ წერილთან ერთად დაეგზავნა ფონდის წევრობის სახელმძღვანელო, პროგრამების განხორციელების ეტაპებთან დაკავშირებული მასალები და თანხმობა FEE-ს ერთიან მონაცემთა ბაზაში წვდომაზე.

სსიპ ბათუმის ბულვარი უკვე როგორც პარტნიორი-წევრი მოწვეულია FEE– ს გენერალურ ასამბლეებზე დასასწრებად. სსიპ ბათუმი ბულვარი პასუხისმგებელი იქნება საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პროცესზე, დაევალება ლურჯი დროშის რეგიონული კომიტეტის შექმნის უზრუნველყოფა ლურჯი დროშის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით, ასევე პროექტ „ლურჯი დროშის“ განხორციელების პროცესში სხვადასხვა მოთხოვნების შესრულება.

გარემოს საგანმანათლებლო ფონდი“ (FEE) მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით განათლების ხელშეწყობა გახლავთ.

გარემოს მაღალ ხარისხთან ასოცირებული „ლურჯი დროშის“ პროექტი საპლაჟო ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას ითვალისწინებს. „გარემოს დაცვის განათლების ფონდის“ (FEE) წევრი 73 ქვეყანა, ათეულობით საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაა. დღევანდელ მსოფლიოში იგი 5 საგანმანათლებლო პროექტითაა წარმოდგენილი (ეკო სკოლები – ECO-SCHOOLS, ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის – Young Reporters for the Environment, სწავლება ტყეების შესახებ – Learning About Forests, ლურჯი ალამი – BLUE FLAG, მწვანე გასაღები – GREEN KEY), რომლებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება.

„შემაძლებინეთ ვალის გადახდა“ – მძღოლების აქცია ქობულეთში „ფინკასთან“

დღეს, 29 ოქტომბერს, ქობულეთში, „ფინკა ბანკის“ წინ აქცია გამართეს სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა. ისინი ჯიმშერ ბერიძეს უჭერენ მხარს, რომელსაც „ფინკაში“ სესხი აქვს და ითხოვს, ბანკმა ისე გადაუნაწილოს გადასახდელი თანხა, რომ მან გადახდა შეძლოს.

ჯიმშერი მძღოლია, ქობულეთი-დაგვის ხაზზე მუშაობს „მარშრუტკით“. ამ ხაზზე მგზავრობა 1 ლარი ღირს. წელიწად-ნახევრის წინ მან „ფინკადან“ სესხად გამოიტანა 17 000 ლარი, რამდენიმე თვის წინ კი, ავტომანქანით ავარიაში მოყვა და რამდენიმე თვე მუშაობა ვერ შეძლო გაუმართავი ავტომანქანის გამო. ამ პერიოდში ჯიმშერმა ვერც სესხი გადაიხადა.

„ავარია შემემთხვა და ამოვვარდი კალაპოტიდან, 5-6 თვეა არ გადამიხდია. ვთხოვდი, გადამინაწილეთ ეს თანხა, რომ გადახდა შევძლო-მეთქი, არ წამოვიდნენ თანხმობაზე. მითხრეს, 6 500 ლარი შემოიტანე და მერე გრაფიკს გადაგინაწილებთო. 6 500 ლარი ჩემთვის 600 000 ლარია. მე რომ ეს ფული მქონდეს, აქამდეც შევიტანდი და არ ვალაპარაკებდი. მერე ჩამოვიდნენ 3 000 ლარზე, ეს თანხა ჩამოიტანე და  1200 ლარი ყველა თვეში გადაიხადეო. ეს იგივე გამოდის, ვერ შევძლებ ამხელა თანხის შეტანას. მშვიდობიან აქციას ვმართავ თხოვნით, გამინაწილონ ეს თანხა ისე, რომ გადახდა შევძლო, ხომ არ ვამბობ, რომ თანხას არ გადავიხდი, ისე ქნან, რომ შემაძლებინონ გადახდა, რომ გადავიხადო ეს ვალი, თუნდაც სამი წელი რომ ვიხადო კიდევ,“ – გვიყვება ჯუმბერ ბერიძე.

მისი თქმით, „ფინკამ“ დააყადაღა მისი და კიდევ ორი მძღოლის ავტომანქანა, რომლებიც მისი თავდებნი არიან ბანკში. ერთ-ერთი მათგანია თამაზ ლომინაძე, დღეს ქობულეთში აქციას ისიც შეუერთდა.

„თავდები ვარ მძღოლის. იმხელა თანხა, რასაც ახლა ბანკი ითხოვს, „მარშუტკის“ მძღოლებს რომ გვქონდეს, მაშინ „მარშუტკაზე“ რა გვინდა. 640 ლარი შეჰქონდა თვეში და ახლაც რომ შეძლოს გადახდა, იმას ვითხოვთ. არავინ ამბობს, რომ ვალი უნდა გადაიხადოს, გადაიხდის, მაგრამ ამხელა თანხას ერთად – ვერა, ვითხოვთ, გადახდის რეალური გრაფიკი მისცენ,“ – ამბობს თამაზ ლომინაძე.

აპირებს თუ არა ბანკი განიხილოს ჯიმშერ ბერიძის შემთხვევა? „ბათუმელები“ „ფინკას“ დაუკავშირდა. აქ გვითხრეს, რომ ჯიმშერ ბერიძეს უკვე შესთავაზეს სესხის გრაფიკის ცვლილება, რასაც ის არ დასთანხმდა:

„ჩვენ ინიციატივით შევთავაზეთ მას დახმარება, რომ მომხდარიყო სესხის რესტრუქტურიზაცია, რაც გულისხმობს ახალი გრაფიკის შეთავაზებას. ის არ წამოვიდა მოლაპარაკებაზე, უარი განაცხადა და რა თქმა უნდა, მივმართეთ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. ახლა უკვე გადაეცა სავალდებულო წარმოებას ეს საქმე. რაც შესაძლებელი იქნება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ყოველთვის, ჩვენ არ გვაქვს სხვა ინტერესი,“ – გვითხრეს „ფინკაში“.

ჯიმშერ ბერიძე ამბობს, რომ მას შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს: „უარი არ მითქვამს, 515 ლარი მომთხოვეს წინასწარ, მე ვიშოვე 300 ლარი, ვუთხრი, ამ 300 ლარს შემოვიტან, 200-ლარიან გრაფიკს ხომ მიკეთებთ და 200-ის ნაცვლად 250 ლარს შემოვიტან და იმ ფულსაც დავფარავ, რომ მერე გავაგრძელებ ჩვეულებრივად 200 ლარის გადახდას, გრაფიკის მიხედვით. აღარ დაურეკავთ, ალბათ არ წამოვიდნენ ამაზე“.

ჯიმშერ ბერიძემ გვითხრა, რომ პარასკევს ბათუმში შეხვედრაა დაგეგმილი ბანკის წარმომადგენელთან, რათა კიდევ ერთხელ იქნას განხილული მისი შემთხვევა.

 

ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული გოგო კომაშია

ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული გოგო კომაშია. შემთხვევა დღეს, 29 ოქტომბერს, სოფელ ქობულეთის გზაზე მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ერთი გოგო, ერთი – ბიჭი. სამი დაშავებული კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგო კომაშია და მას თავის ტრავმები აქვს, ბიჭს – მრავლობითი დაზიანებები. კლინიკას კიდევ ერთმა დაშავებულმა მოსწავლემ თავად მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მთავარი ფოტო: TV25

 

აჭარაში 763 მასწავლებელს ხელფასი 20%-ით გაეზრდება – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინეს. მთავრობის ინფორმაციით, მომავალ წელს განათლების ბიუჯეტი 30 მილიონ 619 600 ლარია, სადაც შედის როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს 20 პროცენტით გაეზრდება ხელფასი 763 პედაგოგს, რომლებიც სახელოვნებო, სასპორტო და სახელმწიფო სკოლა-პანსიონებში მუშაობენ.

ხელფასების 20-პროცენტიანი ზრდისთვის ბიუჯეტის პროექტში 200  ათასი ლარია გათვალისწინებული.

ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ორი მეთორმეტეკლასელი

სოფელ ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა კიდევ ოთხი მგზავრი. ისინი დაღუპულების თანაკლასელები არიან.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგო კომაშია და მას თავის ტრამვები აქვს, ბიჭს – მრავლობითი დაზიანებები. კლინიკას კიდევ ერთმა დაშავებულმა მოსწავლემ თვითდინებით მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

 

 

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

ქედის სოფლების: ქედის, ქვედა ზენდიდის, ზენდიდის, გულების, ხუნკუდას და ასევე დაბა ქედის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 786 056 ლარია. ამ სოფლების გაზით მომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.

ქობულეთის სოფელ გორგაძეების გაზიფიცირების სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც სამუშაოები 2020 წლის თებერვალში უნდა დაასრულოს. სახელშეკრულებო თანხა 1 194 184 ლარია.

ქობულეთის სოფელ ხალასა და ჩაქვში [აჭარის ქუჩაზე] გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და შესრულების ვადის დადგენის მიზნით კი, გაზის ტრანსპორტირების კომპანია ამ ეტაპზე ბაზრის კვლევას ახორციელებს.

სამი ტენდერია გამოცხადებული ხელვაჩაურის 10 სოფლის გაზიფიცირებისთვის, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 6 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაევალა ქვეყნის მასშტაბით სოფლების გაზიფიცირება [კვლევა, პროექტირება, მშენებლობა] 2019-2021 წლებში.

ამ გეგმით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ქვეყნის მასშტაბით, უნდა უზრუნველყოს 223 დასახლებულ პუნქტში არსებული 58 894 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 209 მილიონი ლარია.

წინადადებები, იმ მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რომლებიც ამ გეგმით არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მთავრობას 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.

აჭარის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები და შესასრულებელი სამუშაოები 2019-2020 წლებში /მთავრობის გეგმა

2019 წელს შესასრულებელი სამუშაოები:

2020 წელს შესასრულებელი სამუშაოები:

 

 

თბილისში შეაჩერეს საქმის განხილვა, რომელმაც ერმაკოვისა და სხვების ბედი უნდა გადაწყვიტოს 

„შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნული ჯერ არ არის,“ – გვითხრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში საქმეზე, სადაც ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. ეს ის საქმეა, რომელზეც მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეში“.

ბოლო პროცესი „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა იგი მოსამართლე ნინო მამულაიშვილის ბიულეტენზე გასვლის გამო გადაიდო. 6 სექტემბრის შემდეგ კი, სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „საქმეთა სიმრავლის გამო“ არ დანიშნულა მორიგი სასამართლო სხდომა. ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე კი ამბობს, რომ მას სასამართლოში სხვა მიზეზი უთხრეს.

„მიპასუხეს ცხელ ხაზზე, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე ისევ ბიულეტენზეა და მის დაბრუნებამდე სხდომა ვერ ჩაინიშნება,“ – ამბობს ვახტანგ გედენიძე.

პროკურატურა ბათუმის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ყოფილ მერს – გიორგი ერმაკოვს „იაფი სახლის“ პროექტზე 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. ეს ის სახლია, რომელიც ვერ აშენდა. ბათუმის სასამართლოში მიმდინარე ამ სისხლის სამართლის საქმის პარალელურად კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სამართლიანად გასცა თავის დროზე, ანუ 2016 წელს საბანკო გარანტიის დადასტურება „ბაზისბანკმა“. თუ გაირკვა, რომ „ბაზისბანკმა“ არასწორად დაადასტურა საბანკო გარანტიის ნამდვილობა, ზიანის ანაზღაურებაც მას მოუწევს, რასაც ახლა მაღალჩინოსნებს ედავებიან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მაღალჩინოსნების საქმის“ განხილვა გრძელდება. ამ ეტაპზე მოსამართლე დავით მამისეიშვილი ისევ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს კითხავს. მხარეები ამ საქმის განხილვის დასრულებას დაახლოებით წლის ბოლოს ელიან.

ამ თემაზე:

ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგების ხელფასები გაიზრდება – რიჟვაძე

დღეს, 29 ოქტომბერს, იმართება აჭარის მთავრობის სხდომა. სხდომაზე 2020 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, რაც თორნიკე რიჟვაძის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, მთავრობა სხდომას მედიის თანდასწრებით ატარებს. აქამდე ყველა სხდომა დახურული იყო.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც ახალ ბიუჯეტში იქნება. მისი თქმით, მომავალი წლიდან გაიზრდება სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგების ხელფასები.

მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე ასევე თქვა, რომ წელს „გადავდივართ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე“.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მისი თქმით, „გოდერძიზე იქნება გაზი“ და ხულო-ზარზმის მიმართულებითაც იქნება სიახლეები. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უწოდა გამოწვევა – ცნობილია, რომ ამ გზის მშენებლობის დაწყებას ხელისუფლება უკვე მესამე წელია ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ „ოცნების ქალაქში“ მშენებლობის დასაწყებად მომავალი წლის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, ხოლო 30-მდე სკოლის რეაბილიტაციაზე 9 მილიონი დაიხარჯება.

სხდომას ესწრებიან მთავრობის წევრები და ის ოჯახები, რომლებსაც მთავრობა თვითნებურად დაკავებულ ფართობებს დაუკანონებს.

 

სუნელები სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მთავარი მიზეზია – ახალი კვლევის შედეგები

უკვე ცნობილია შედეგები კვლევისა, რომელსაც უნდა შეესწავლა იმ ბავშვების საცხოვრებელი გარემო, რომლებსაც, 2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა დაუფიქსირდათ.

[gray_box]ამ თემაზე: აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა[/gray_box]

ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, ამბობს, რომ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკვლეულ ოჯახებში, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი არა ჰაერი, ნიადაგი ან წყალი, არამედ სუნელებია.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყვიის მთავარი წყარო არის სუნელები. ტყვიის მაღალი მაჩვენებლები არ დაფიქსირდა არც წყალში, არც ჰაერში, არც საღებავში, გარდა სუნელებისა. საუბარია სხვადასხვა, ბაზარში შეძენილ სუნელებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ურევენ ტყვიის შემცველ საღებავს, რომ უფრო მიმზიდველი, მკვეთრი ფერის იყოს. ეს არ ეხება სახლში დამზადებულ სუნელს, როცა ოჯახში მოჰყავთ მცენარე, ახმობენ და ამზადებენ სუნელს. 

შემოწმდა 25 ოჯახის სხვადასხვა ნივთები, კოსმეტიკა, ბავშვის სათამაშოები, საკვები, ნიადაგი და წყალი.  ეს ოჯახები ცხოვრობენ აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში და 1 ოჯახი – თბილისში. აჭარაში შემოწმდა 7 ოჯახი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“ – ამბობს ლელა სტურუა „ბათუმელებთან“.

კვლევა ჩაატარა ორგანიზაციამ Pure Earth, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გარემოს და მასთან დაკავშირებული ეფექტების კვლევების მიმართულებით. აღნიშნული ორგანიზაცია თანამშრომლობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან და მსგავს კვლევებს ატარებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ლელა სტურუა ამბობს, რომ ახალი კვლევის შედეგი, შესაძლოა, გარკვეულწილად ხსნიდეს იმ გარემოებას, თუ რატომ აღმოაჩნდათ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს სისხლში ტყვიის უფრო მაღალი შემცველობა, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებთან შედარებით. მისი აზრით, ამის მიზეზი კვებითი ჩვევაა:

„სუნელებს დასავლეთ საქართველოში უფრო ხშირად მოიხმარენ, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. ბავშვებიც იღებენ საკვებიდან სუნელს და გარდა ამისა, სუნელი თუ არსებობს, ის ჰაერშიც შეიძლება მოხვდეს და ბავშვმა შეიძლება შეისუნთქოს. შესაძლოა იყოს სხვა მექანიზმიც“. 

ლელა სტურუა ამბობს, რომ კიდევ მეტ კითხვას გასცემს პასუხს უფრო მასშტაბური კვლევა მთელ საქართველოში, რომელსაც ახლა გეგმავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იუნისეფთან  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ამჟამად სპეციალისტები მეთოდოლოგიაზე მუშაობენ.

„მათ, ვისაც სისხლში 5 და მეტი მიკროგრამი ტყვია აღმოაჩნდა დეცილიტრზე, ჩაუტარდებათ სხვადასხვა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არა მარტო მათ – მათი ოჯახის წევრებსაც, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო შეისწავლიან გარემოფაქტორებს და სურსათს იმ ოჯახებში, ვისაც სისხლში 10 და მეტი მიკროგრამი ტყვია აღმოაჩნდათ დეცილიტრზე“, – ამბობს ლელა სტურუა.

უნდა გამკაცრდეს თუ არა კონტროლი სუნელებზე? – ლელა სტურუა ამბობს, რომ ეს სხვა უწყებების გადასაწყვეტია: „ეს უკვე არის გარემოს დაცვის და სურსათის უვნებლობის საქმე. ისინი აწარმოებდნენ პერიოდულად სუნელების გამოკვლევას და ალბათ უფრო გაამკაცრებენ. როგორც იცით, სამოქმედო გეგმა მუშავდება და გეგმის დამტკიცების შემდეგ, ალბათ ყველა უწყებას შესაბამისი დავალება ექნება.

ჩემი, პირადი აზრით, ვთვლი, რომ გაგვიმართლა, რადგან სუნელების კონტროლი ბევრად უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ის, რომ ჰაერში ან წყალში ყოფილიყო ტყვიის მაღალი შემცველობა“.

[gray_box]ამავე თემაზე: ტყვია ქართულ სუნელებში – ერთი წლის შემდეგ[/gray_box]

საქართველოში  ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის [Unicef] დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა.

კვლევამ აჩვენა, რომ  საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, შემდეგ  მოდის გურია.

[gray_box]ამავე თემაზე: 10 რჩევა – როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიის ზემოქმედებისგან[/gray_box]

საახალწლოდ ბათუმის ქუჩების მოსართავად 428 423 ლარია გათვალისწინებული

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმების სამუშაოებზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 428 423 ლარია. ამ თანხაში შედის ქალაქის მთავარი ნაძვის ხისა და სხვადასხვა ქუჩასა და სკვერში მანათობელი კონსტრუქციების მონტაჟი და დემონტაჟი.

სამონტაჟო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

დემონტაჟის შემდეგ, შემდგომი გამოყენებისთვის ვარგისი, ასევე დაზიანებული [რომელიც ექვემდებარება შეკეთებას] და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალი უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველი მარტის ჩათვლით. ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისთვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით უნდა განხორციელდეს 2020 წლის 25 მარტის ჩათვლით.

საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების სპეციფიკაციები და განთავსების ადგილები იხილეთ ბმულზე.

„როცა ოჯახის შექმნაზე მიდგება საქმე, ყოველთვის ახსენდებათ ჩემი ნასამართლობა“

გიორგით მოვიხსენიოთ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა სახელი ჰქვია. აჭარის მაღალმთიანეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, 31 წლისაა და საპატიმროში ორი წელი გაატარა. ეს წლები მისთვის ხან დასაქმებისას იქცევა პრობლემად, ხანაც  წინაღობად, როცა საქმე ოჯახის შექმნას ეხება – ამიტომ პირობითად „გიორგი” გვთხოვს, მისი სახელი და გვარი არ გავთქვათ.

ციხიდან ახალგამოსული იყო, როცა ერთ-ერთმა ბენზინგასამართმა სადგურმა ვაკანსია გამოაცხადა და გასაუბრებისას ჰკითხეს, იყო თუ არა ნასამართლევი. მას შემდეგ, რაც გიორგიმ თქვა, რომ ციხიდან ახალგამოსული იყო, დამსაქმებლებს მისთვის აღარ დაურეკავთ.

178-ე მუხლის მეორე ნაწილით, ძარცვის მცდელობისთვის გაასამართლეს. საპატიმროში, სადაც სასჯელს იხდიდა, მისი თქმით, 2013-2016 წლებში რეფორმების კვალი უკვე იგრძნობოდა – გახშირდა სამედიცინო შემოწმებები, პატიმრებს ასწავლიდნენ ხელობას და კვებაც ნორმალური იყო.

„თუმცა უფლებებშეზღუდული, ჩაკეტილი როცა ხარ, ამაზე ცუდი არაფერია, ეს არის პერიოდი საკუთარი შეცდომების გასაცნობიერებლად. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია. დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობ, დაპატიმრებამდე მხოლოდ მე ვმუშაობდი ოჯახში, ჩემი ციხეში ყოფნისას მშობლებს ხელიდან გამოვეცალე”, – ამბობს გიორგი.

ციხეში მოხვედრამდე მდინარეზე ქვებს აგროვებდა და საბუხრეებს, სამწვადეებს ამზადებდა. გათავისუფლების შემდეგ მიხვდა, რომ რამე კიდევ უნდა ესწავლა და გაუმართლა: ნათესავმა ავეჯის საამქროში დასაქმება შესთავაზა, ხისა და ლამინატის ავეჯის დამზადება შეასწავლა, ისწავლა რკინის კარკასების, ტყავისა და ღრუბლის მასალაზე მუშაობაც და ახლა ამბობს, რომ საკუთარი საქმით კმაყოფილია.

,,ავეჯის საამქროში მხოლოდ ერთ მასალაზე ვერ იმუშავებ, ბევრი სხვადასხვა უნარი გჭირდება. სხვადასხვა მასალის დასამუშავებლად კი სხვადასხვა ხელსაწყო ნაკრები გამოიყენება. დემოკრატიის ინსტიტუტი ამ მხრივ ძალიან დამეხმარა და ხელსაწყოები მათი დახმარებით შევიძინე, გავიარე ასევე ბიზნესადმინისტრირებისა და სოციალური მედიის ტრენინგები”, – ამბობს ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის” ბენეფიციარი. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს.

გიორგი მიიჩნევს, რომ ბათუმში ხელოსნისთვის უამრავი საქმის გამოძებნაა შესაძლებელი, თუკი დასაქმების რეალური სურვილი არსებობს.

,,ყოველთვის ვცდილობ ყველას სტიმული მივცე, 16 წლიდან ვმუშაობ და ჯერ არ მქონია შემთხვევა მუშაობა მინდოდეს და საქმე ვერ მეპოვოს. ბათუმში იმდენი საქმეა, ერთი რომ მიიხედ-მოიხედო აუცილებლად იპოვე რამეს, დღეში 20-30 ლარი მაინც რომ გამოიმუშავო. მთავარია, ხელობა იცოდე”, – ამბობს გიორგი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რისი ეშინია რუსეთს – დისკუსია ნეიტრალიტეტზე ბათუმში

„სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესის ობიექტი და უნდა მდებარეობდეს გეოგრაფიულად „უმნიშვნელო ზონაში“… ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო,“ – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, კორნელი კაკაჩიამ. რა არის ნეიტრალიტეტი და რას მიიღებს ქვეყანა, თუკი იგი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს? – ეს იყო დღეს, 28 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული დისკუსიის თემა. შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ მოაწყო.

ნეიტრალიტეტის თემა ბოლოს „პატრიოტთა ალიანსმა“ გაააქტიურა. ამ პარტიამ ბათუმში სამხედრო მიუმხრობლობის საკითხზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის დროს პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი აქცენტს აკეთებდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებსაც სამხედრო მიუმხრობლობა აქვთ გამოცხადებული.

„ნეიტრალიტეტი ძვირი სიამოვნებაა, მაგალითად, შვეიცარია ყოველწლიურად 4 მილიარდზე მეტს ხარჯავს თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. მეორეც არის, ვინ უნდა დაესხას თავს შვეიცარიას?“ – იკითხა კორნელი კაკაჩიამ. ის შეხვედრის მონაწილეებს ასევე ესაუბრა ისტორიულ მოცემულობაზე, როცა ქვეყნებს ნეიტრალიტეტი გამოცხადებული ჰქონდათ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის, მორიგი თავდასხმის განსახორციელებლად.

„ვინ დაგვიცავს ნეიტრალიტეტის შემთხვევაში?“ – ეს შეკითხვა  ალექსანდრე მილორავამ [მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“] მერაბ ბლადაძეს დაუსვა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“.

„ასეთი ლოზუნგი იყო ჩემს ბავშვობაში, რომ ჩვენი მიზანი არის კომუნიზმი. ეს არის მიუღწევადი. უნდა შევეგუოთ იმას, რომ გამოვაცხადოთ მიუმხრობლობა და დავიწყოთ მოლაპარაკებები, ჩვენ ნაცვლად დასავლელი ქვეყნები ვერ ისაუბრებენ რუსეთთან…“- უპასუხა შეკითხვას დეპუტატმა.

„ვერავინაც ვერ დაგიცავს, თუკი ნეიტრალური იქნები,“ – მიმართა დეპუტატს დარბაზში მყოფმა მოქალაქე ირაკლი გობაძემ და „სლაიდისკენ“ გაიშვირა ხელი, სადაც დეტალურად იყო ჩამოწერილი ნეიტრალური სახელმწიფოს პირობების შესახებ.

პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ ამ კითხვის პასუხად თქვა: „მიხეილ სააკაშვილსაც იმედი ჰქონდა, რომ დაალაგებდა სიტუაციას, მაგრამ მაშინ და ახლაც საქართველოს და რუსეთის ეროვნული ინტერესები არის წინააღმდეგობაში. ეს არ არის პერსონალიების პრობლემა. შეიცვალა სააკაშვილი, მაგრამ შეიცვალა რამე? ოცნებამ დაიწყო „ნორმალიზების პოლიტიკა“, რომელმაც მოიტანა გარკვეული შედეგი, მაგალითად, მიმოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ წინ ვერ წავიდა და ჩიხში შევიდა. პრობლემა ის არის, რომ რასაც დღეს რუსი პოლიტიკოსები გვთავაზობენ, არის მიუღებელი. ჯერ ერთი, მე არ გამიგია, პირდაპირ რამე მკაფიოდ ეთქვათ რუსეთში, ჩურჩულით გეუბნებიან და შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა უნდათ… ბუნებრივია, ყველა ქართველი დაინტერესებულია, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.

რაც უფრო თმობ, რუსეთს ეს მიაჩნია სისუსტედ და უფრო მეტს აკეთებს. შევარდნაძის დროსაც იგივე არ იყო? შევარდნაძე გამოხატავდა აბსოლუტურ მზაობას, რომ დათმობებზე წასულიყო. საქართველო კრასნოდარის მხარესავით ხომ არ შეუერთდებოდა რუსეთს? თანაც, გაითვალისწინეთ, რომ შევარდნაძეს ესმოდა მათი ენა, ის იყოს საბჭოთა პოლიტიკოსი. პირველად სწორედ შევარდნაძემ დაიწყო ევროინტეგრაციაზე ფიქრი და ნაბიჯებიც გადადგა. დაჩოქილი მოდი და მემთხვიეო, ასე არ გამოვა, მით უმეტეს, კავკასიაში. მე მაინც მგონია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი შიდა სამზარეულო უნდა მოვაწესრიგოთ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მეტი დემოკრატია და მეტი ევროპეიზაცია…“

ირაკლი გობაძე, მოქალაქე: „ნეიტრალიტეტი არის რუსული ხაფანგი, რომელსაც „მეხუთე კოლონა“ ავრცელებს, ამ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსი“. თუ ამას მიიღებ, მერე მიიღებ სხვა ხაფანგებს.

გიორგი მასალკინი, „შენების მოძრაობა“, ბსუ-ს პროფესორი: „ვუშვებ იმას, რომ შესაძლოა ეს თემა გააქტიურდეს, თუკი ხელისუფლებაში არ იქნება რადიკალური ძალა, ასე ვთქვათ, ექსპერტების წრეებიდან იქნებიან და შეიცვლება საზოგადოებრივი აზრიც… მე, პირადად, ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ ნეიტრალიტეტი არ გამოდგება, მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ დავრწმუნდე… ვთქვათ, რუსეთმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი, წამოვიდა დათმობაზე იმ პირობით, თუ ჩვენც წავალთ დათმობაზე. ეს ცალსახა ხაფანგია, თუ შეიძლება მოიძებნოს ამაში საღი აზრი?“

„საგარეო პოლიტიკა ისეთია, რომ მუდმივი სიტუაცია არ არსებობს, ცვალებადია, ახლაც ერეკლე მეორეს პოლიტიკას ვერ გაატარებ. ვინმე იფიქრებდა დავუშვათ 5 წლის წინ, რომ ამერიკას და ევროპის ქვეყნებს შორის იქნებოდა დაძაბულობა, ან რუსეთი შეიყვანდა საკუთარ ჯარებს სირიაში? წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავთ. ჰიპოთეტურად თუ დავუშვებთ, ნეიტრალური პოლიტიკა ცუდი არ არის, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ჩვენ ნეიტრალურობას ვიცავთ, მაგრამ მე მაქვს პრობლემა კონკრეტული მოცემულობასთან, თუ რას მკარნახობს სახელმწიფო ინტერესი.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი რუსეთთან, განსხვავებაც ბევრია, მაგალითად, სტუდენტების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობს, მათთვის დემოკრატია არ არის ლიტონი სიტყვა… პრობლემა მდგომარეობს უკვე არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობიდან დანახული პერსპექტივით, არამედ ევროპულ ღირებულებებს და იმას შორის, რასაც რუსეთი გვთავაზობს. მე რასაც ვხედავ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი არა მგონია თანახმა იყოს იცხოვროს ისეთ გარემოში, როგორშიც რუსეთის დიდი ნაწილი. ადამიანის უფლებები და ღირებულებები მნიშვნელოვანი გახდა ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად ეს აღიზიანებს რუსეთს,“ – უპასუხა შეკითხვას კორნელი კაკაჩიამ.

„ჩვენ არ ვამბობთ უარს ნატოზე, მაგრამ ნატო არ გვიღებს… ამიტომაც, ამ მწარე ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე შევთავაზეთ ჩვენ საზოგადოებას სამხედრო მიუმხრობლობა…“ – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ მერაბ ბლადაძემ.

დეპუტატის ამ შეხედულებას კორნელი კაკაჩიამ ასე უპასუხა: „ბალტიისპირელთა ლიდერებსაც ეუბნებოდნენ დასავლეთში, ვერ გახდებით ნატოს წევრიო, კარს უკეტავდნენ პრაქტიკულად, მაგრამ ფანჯრიდან შედიოდნენ და საბოლოოდ, მათ ეს შეძლეს. მე მაინც ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. გახსოვთ, ალბათ, ანგელა მერკელთან თბილისში შეხვედრა. ის საუბრობდა ჩვეული დიპლომატიური ენით, თუმცა ბოლოში ჩემმა სტუდენტმა უთხრა, პირდაპირ გვითხარით, კონკრეტულად როდის ვიქნებით ნატოშიო. ანგელა მერკელმა თქვა ის, რასაც სხვა დროს არ იტყოდა… დღეს რომ უარს გეუბნებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია შენსკენ არ შემოტრიალდება, როგორც ჭადრაკშია. გააჩნია, როგორ მოიქცევი, შენ უნდა იყო მზად.

თანაც, რუსეთი ამბობს, რომ არ დაუშვებს, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს ჯარები იყოსო, მაგრამ დაშვებული აქვს უკვე: ავიღოთ ნორვეგია ან ბალტიისპირეთის ქვეყნები. მას ეშინია, რომ საქართველოს არ მიჰყვნენ სხვა სახელმწიფოები ამ რეგიონში“.

 

6,1 მილიონი ლარი ხელვაჩაურის 10 სოფლის გაზიფიცირებისთვის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საჭირო ქსელის მოსაწყობად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერები გამოაცხადა. ამ სოფლებში გაზმომარაგების ქსელის მოსაწყობად სამი ტენდერია გამოცხადებული და სატენდერო თანხა ჯამში 6 114 377 ლარია.

საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, ათივე სოფელში ჯამში 1743 აბონენტია, რომელთა ბუნებრივი აირით მომარაგება ამ ქსელის საშუალებით განხორციელდება [აჭარისწყალი – 71 აბონენტი, კაპნისთავი – 62, კიბე – 73, ხერთვისი – 44 აბონენტი, ერგე – 76, ზედა ერგე – 385, ზედა ჯოჭო – 204, ქვედა ჯოჭო – 350, აგარა – 204 და  ყოროლისთავი – 274 აბონენტი].

[checklist]

  • სოფლებში: კიბე [ოფე-დერე], კაპნისთავი, აჭარისწყალი და ხერთვისი – გაზგაყვანილობის ქსელის მოსაწყობად 1 451 212 ლარია გათვალისწინებული და სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს
  • ერგეს, ზედა ერგეს, ზედა ჯოჭოსა და ქვედა ჯოჭოს გაზიფიცირებისთვის სატენდერო თანხა 3 087 778 ლარია. ამ სოფლებში სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს
  • სოფლების: აგარისა და ყოროლისთავის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე კი 1 575 387 ლარია გათვალისწინებული და სამუშაოები 180 დღეში უნდა დასრულდეს

[/checklist]

ამასთან, „აღნიშნულ ვადებში, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა (დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს)“.

სამივე ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 20 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბერს დასრულდება.

Exit mobile version