მთავარი,სიახლეები

„შემაძლებინეთ ვალის გადახდა“ – მძღოლების აქცია ქობულეთში „ფინკასთან“

29.10.2019 • 1171
„შემაძლებინეთ ვალის გადახდა“ – მძღოლების აქცია ქობულეთში „ფინკასთან“

დღეს, 29 ოქტომბერს, ქობულეთში, „ფინკა ბანკის“ წინ აქცია გამართეს სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა. ისინი ჯიმშერ ბერიძეს უჭერენ მხარს, რომელსაც „ფინკაში“ სესხი აქვს და ითხოვს, ბანკმა ისე გადაუნაწილოს გადასახდელი თანხა, რომ მან გადახდა შეძლოს.

ჯიმშერი მძღოლია, ქობულეთი-დაგვის ხაზზე მუშაობს „მარშრუტკით“. ამ ხაზზე მგზავრობა 1 ლარი ღირს. წელიწად-ნახევრის წინ მან „ფინკადან“ სესხად გამოიტანა 17 000 ლარი, რამდენიმე თვის წინ კი, ავტომანქანით ავარიაში მოყვა და რამდენიმე თვე მუშაობა ვერ შეძლო გაუმართავი ავტომანქანის გამო. ამ პერიოდში ჯიმშერმა ვერც სესხი გადაიხადა.

„ავარია შემემთხვა და ამოვვარდი კალაპოტიდან, 5-6 თვეა არ გადამიხდია. ვთხოვდი, გადამინაწილეთ ეს თანხა, რომ გადახდა შევძლო-მეთქი, არ წამოვიდნენ თანხმობაზე. მითხრეს, 6 500 ლარი შემოიტანე და მერე გრაფიკს გადაგინაწილებთო. 6 500 ლარი ჩემთვის 600 000 ლარია. მე რომ ეს ფული მქონდეს, აქამდეც შევიტანდი და არ ვალაპარაკებდი. მერე ჩამოვიდნენ 3 000 ლარზე, ეს თანხა ჩამოიტანე და  1200 ლარი ყველა თვეში გადაიხადეო. ეს იგივე გამოდის, ვერ შევძლებ ამხელა თანხის შეტანას. მშვიდობიან აქციას ვმართავ თხოვნით, გამინაწილონ ეს თანხა ისე, რომ გადახდა შევძლო, ხომ არ ვამბობ, რომ თანხას არ გადავიხდი, ისე ქნან, რომ შემაძლებინონ გადახდა, რომ გადავიხადო ეს ვალი, თუნდაც სამი წელი რომ ვიხადო კიდევ,“ – გვიყვება ჯუმბერ ბერიძე.

მისი თქმით, „ფინკამ“ დააყადაღა მისი და კიდევ ორი მძღოლის ავტომანქანა, რომლებიც მისი თავდებნი არიან ბანკში. ერთ-ერთი მათგანია თამაზ ლომინაძე, დღეს ქობულეთში აქციას ისიც შეუერთდა.

„თავდები ვარ მძღოლის. იმხელა თანხა, რასაც ახლა ბანკი ითხოვს, „მარშუტკის“ მძღოლებს რომ გვქონდეს, მაშინ „მარშუტკაზე“ რა გვინდა. 640 ლარი შეჰქონდა თვეში და ახლაც რომ შეძლოს გადახდა, იმას ვითხოვთ. არავინ ამბობს, რომ ვალი უნდა გადაიხადოს, გადაიხდის, მაგრამ ამხელა თანხას ერთად – ვერა, ვითხოვთ, გადახდის რეალური გრაფიკი მისცენ,“ – ამბობს თამაზ ლომინაძე.

აპირებს თუ არა ბანკი განიხილოს ჯიმშერ ბერიძის შემთხვევა? „ბათუმელები“ „ფინკას“ დაუკავშირდა. აქ გვითხრეს, რომ ჯიმშერ ბერიძეს უკვე შესთავაზეს სესხის გრაფიკის ცვლილება, რასაც ის არ დასთანხმდა:

„ჩვენ ინიციატივით შევთავაზეთ მას დახმარება, რომ მომხდარიყო სესხის რესტრუქტურიზაცია, რაც გულისხმობს ახალი გრაფიკის შეთავაზებას. ის არ წამოვიდა მოლაპარაკებაზე, უარი განაცხადა და რა თქმა უნდა, მივმართეთ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. ახლა უკვე გადაეცა სავალდებულო წარმოებას ეს საქმე. რაც შესაძლებელი იქნება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ყოველთვის, ჩვენ არ გვაქვს სხვა ინტერესი,“ – გვითხრეს „ფინკაში“.

ჯიმშერ ბერიძე ამბობს, რომ მას შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს: „უარი არ მითქვამს, 515 ლარი მომთხოვეს წინასწარ, მე ვიშოვე 300 ლარი, ვუთხრი, ამ 300 ლარს შემოვიტან, 200-ლარიან გრაფიკს ხომ მიკეთებთ და 200-ის ნაცვლად 250 ლარს შემოვიტან და იმ ფულსაც დავფარავ, რომ მერე გავაგრძელებ ჩვეულებრივად 200 ლარის გადახდას, გრაფიკის მიხედვით. აღარ დაურეკავთ, ალბათ არ წამოვიდნენ ამაზე“.

ჯიმშერ ბერიძემ გვითხრა, რომ პარასკევს ბათუმში შეხვედრაა დაგეგმილი ბანკის წარმომადგენელთან, რათა კიდევ ერთხელ იქნას განხილული მისი შემთხვევა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: