მთავარი,სიახლეები

„17 წლის ფეხმძიმე ისე მცემა, ბავშვი მომშორდა“ – სალომეს ნაადრევი ქორწინება დასრულდა

29.10.2019 • 2725
„17 წლის ფეხმძიმე ისე მცემა, ბავშვი მომშორდა“ – სალომეს ნაადრევი ქორწინება დასრულდა

„ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მესამედ გამიტეხა ცხვირი, მცემა, ბავშვი მომშორდა… მაშინ გადავწვიტე, რომ ის აღარ გამოსწორდებოდა, პოლიციას მივმართე,“ – გვიყვება სალომე [სტატიაში სახელები შეცვლილია], რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა 18 წლის. სალომე ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. მისი მეუღლე ახლახან დააკავეს სამართალდამცველებმა. ბრალდებული 26 წლისაა და მას უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა.

„მამუკას 6 თვის წინ გავყევი ცოლად. დაქორწინებიდან ერთი კვირის თავზე დამარტყა პირველად სახეში, ცხვირი გამიტყდა… ყელზეც მეტყობოდა მისი თითების კვალი. მითხრა, რომ ეჭვიანობდა და ასე, მისი აზრით, ჭკუას ვისწავლიდი. არ მინდოდა ოჯახის დანგრევა. ამ ამბავს მამუკას ბებია შეესწრო. მითხრა, დროზე წადი, ბავშვი არ გააჩინოო… მამუკამ მეორე დღეს მომიბოდიშა. მითხრა, რომ ყოფილ ცოლზე ბრაზობდა, ვისთანაც შვილი ჰყავს, ასევე დედაზე, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ თურქეთში წავიდა სამუშაოდ და იქ გათხოვდა. ვაპატიე. მეგონა, გამოსწორდებოდა…“ – გვიყვება სალომე.

სალომე დაოჯახებამდე ოზურგეთში ცხოვრობდა. სკოლაში 9 კლასი დაასრულა და პროფესიულ სასწავლებელში გადავიდა. სალომე ბათუმში სილამაზის სალონში სტილისტად  მუშაობდა, როცა მამუკა გაიცნო:

„თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო… მერე ამიკრძალა მუშაობა, ვერ იმუშავებო. თვითონაც არ მუშაობდა, რით უნდა გვერჩინა თავი? თვიდან თვემდე ბებიას პენსიას ველოდით და ოზურგეთიდან ჩემი მშობლები გვიგზავნიდნენ საკვებს.

მეორეჯერ მეზობლებთან ურთიერთობის გამო მცემა. აკრძალული მქონდა მეზობლებთან საუბარი. თვალი მქონდა ჩაშავებული. მაგ დროს დედასთანაც მიკრძალავდა დარეკვას. არ უნდოდა, ვინმეს ვენახე. ვერ ვხდებოდი, რა უნდოდა, რატომ მცემდა. ყელში ხელებს მიჭერდა და მეუბნებოდა, რომ ეჭვიანობდა ჩემზე. მერე ბოდიშს მიხდიდა, ვნანობ და მეტს აღარ ვიზამო.

არ ვიცოდი, ვისთვის მეთქვა. მშობლების მრცხვენოდა. მათ იცოდნენ, რომ ეს ჩემი არჩევანი იყო. მიყვარდა და გავყევი.

ბოლოს, 26 ოქტომბერს როცა მცემა, ფეხმძიმედ ვიყავი. ეს თვითონაც იცოდა. მაგ დროს დავურეკე პოლიციას,“ – ყვება სალომე.

სალომეს თქმით, მან პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გაიგო, რომ მამუკა ისევ პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფილა.

„არავის შემოუთავაზებია ფსიქოლოგის დახმარება ან რამე… მერე მოვძებნე და მამუკას ყოფილ ცოლსაც ვესაუბრე. მასზეც ძალადობდა თურმე. მათ საერთო შვილს ახლა მამუკას დედა ზრდის თურქეთში.

კიდევ კარგი, რომ დროზე გავიაზრე ეს ყველაფერი და წამოვედი. ახლა მშობლებთან ვცხოვრობ და ვცდილობ, ამ ყველაფრის დავიწყებას,“ – ასრულებს სალომე.

მამუკა წინასწარპატიმრობაშია. ის 26 წლისაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: