მთავარი,სიახლეები

დედა: „სასამართლო მოვიგე, მაგრამ შვილი მაინც ვერ დავიბრუნე“

30.10.2019 • 2730
დედა: „სასამართლო მოვიგე, მაგრამ შვილი მაინც ვერ დავიბრუნე“

„ბოლოს ორი კვირის წინ ვნახე, გაკვეთილების შემდეგ. ის კლასიდან გამოდიოდა, მე დიდხანს ველოდი გარეთ… მან თვალებში შემხედა და გაჩერდა, არაფერი თქვა, ვეღარ ამოვაღებინე ხმა…“ – ამას ხულოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მანანა [სტატიაში სახელები შეცვლილია] ამბობს. მანანამ ყოფილ მეუღლეს სასამართლო დავა ამ წლის დასაწყისში მოუგო.

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა დაადგინა, რომ შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, ვერ სრულდება.

მანანა 4 წლის წინ დაშორდა ირაკლის. საერთო შვილი – ლიკა დედასთან დარჩა. გასული წლის ზაფხულში, ვიდრე ხელვაჩაურის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბავშვი მამამ წაიყვანა იმ პირობით, რომ ორ დღეში ისევ დედას დაუბრუნებდა, მაგრამ ასე აღარ მოხდა.

„ჯერ კიდევ ქორწინებაში ვიყავი მასთან, როცა სხვა ქალზე დაიწერა ჯვარი, არ მიყვარხარო“, – გვიყვება მანანა, რომელიც ახლა ხულოს ერთ-ერთი სოფლის ბიბლიოთეკაში მუშაობს. – „ჩვენ ქედაში ვცხოვრობდით და კონფლიქტის შემდეგ ხულოში დავბრუნდი, მშობლებთან. ბავშვსაც იქ ვზრდიდი. მამამისი პერიოდულად ნახულობდა ბავშვს და პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა გაიგეს, რომ გავთხოვდი. ბავშვიც თან წავიყვანე“.

7 წლის ლიკას მამა კი ამბობს, რომ ბავშვის საკუთარ ოჯახში დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა გაიგო, რომ მანანას ახალი მამამთილი ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა.

„მე, საერთოდ, ვფიქრობ, რომ ბავშვი დედასთან უნდა იზრდებოდეს… ტრანსპორტში მითხრეს, ის ქალი კი გათხოვდა, მაგრამ იქ შენი ბავშვი არავის უნდაო. წამოვიყვანე ბავშვი და ვნახეთ, ფეხებზე ჩალურჯებები ჰქონდა. ბავშვმა თქვა და გამოძიებასაც მისცა ჩვენება, ვინ სცემდა. 18 საათი ბავშვი დაკითხვაზე იყო. ხომ გაგიგიათ, ხოჯას სიმართლეს ვერ ათქმევინებ და ბავშვს – ტყუილსო,“ – გვითხრა ირაკლიმ.

ბავშვზე ფიზიკური ძალადობის კუთხით გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ არის დადგენილი, ვინ იძალადა ბავშვზე. არც პასუხისმგებლობა დაუკისრებიათ ვინმესთვის. განქორწინებულ წყვილს შორის კონფლიქტის შემდეგ ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ ლიკა მასთან დარჩება. 7 წლის ლიკა ამ დრომდე მამის ოჯახში იზრდება.

რას დაეყრდნო სასამართლო, როცა ბავშვის დედასთან დატოვების გადაწყვეტილება მიიღო? – საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე სოციალური მომსახურების სააგენტო ფსიქოლოგი იყო, რომელიც ირაკლის ოჯახს არაერთხელ ესტუმრა, როცა იქ გადავიდა 7 წლის ლიკა საცხოვრებლად. ფსიქოლოგის დასკვნაში წერია, რომ ბავშვი მძიმე ემოციურ ზეწოლას განიცდის და მისი ქცევა შეცვლილია.

„…როცა დედა მოვიდა, ის კარგად გრძნობდა დედასთან თავს, თამაშობდა, იყო თვალებით კონტაქტი, უღიმოდა დედას, საუბრობდნენ, შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა…. შეხვედრის დასაწყისში ბავშვი დედას არ იღებს, თუმცა შეხვედრის ძირითად ნაწილში ბავშვის გამომეტყველება იცვლება, თამაშობს დედასთან ერთად, აფერადებენ, აწყობენ ერთად ფაზლს, ის მამის გარეშე დარჩა დედასთან ხანგრძლივად ოჯახში… ბავშვი დედას უზიარებდა თავის აზრებს, კომუნიკაციას გამოხატავდა კარგად, იყო თვალებით კონტაქტიც. დედის მიერ მოტანილი საჩუქარიც ჩვეულებრივად მიიღო,“ – წერს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით, თანდათან ბავშვის ქცევა დედასთან შეიცვალა და  მორიგ შეხვედრებზე აგრესიული გახდა.

„სავარაუდოდ, უფროსების კონფლიქტი ქმნის ბარიერს დედა-შვილის ურთიერთობის დროს…. ბავშვს აქვს შესამჩნევად შეცვლილი და რთული ქცევა, აღენიშნება შემოჭრითი ემოციური შფოთვა, ბავშვს აქვს აფექტური განწყობა,“ – ვკითხულობთ ფსიქოლოგის დასკვნაში.

„ეს ფსიქოლოგი მიკერძოებულია. მოსამართლეც საერთოდ არ იყო საქმეს გაცნობილი, ისე მიიღო გადაწყვეტილება. გაწირეს 6 წლის ბავშვი. მე არ დავთმობ ჩემს შვილს, ევროპის სასამართლოშიც წავალ და იქ ვიდავებ,“ – ამბობს ირაკლი. მან ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ჯერ ამ საქმეზე არ უმსჯელია.

„კიდევ კარგი, მოსამართლემ ბავშვსაც მოუსმინა. ხელვაჩაურის სასამართლოში ბავშვის დაკითხვას არც მე ვესწრებოდი და არც მამა. იქ მხოლოდ სოციალური მუშაკი იყო. მოსამართლემ სიმართლე დაინახა,“ – ირწმუნება მანანა. ის ახლა წუხს იმაზეც, რომ სკოლაში ლიკას სხვებთან ურთიერთობა უჭირს.

„მასწავლებელმა მითხრა, ყოველთვის მომზადებული მოდის ბავშვი, მაგრამ არ ლაპარაკობს, თავისთვის არისო… რატომ არ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება? რატომ არ დაადგინა გამოძიებამ, ვინ იძალადა ჩემს შვილზე, საიდან ჰქონდა სისხლჩაქცევები? რატომ უნდა იზრდებოდეს ჩემი შვილი მოძალადის ოჯახში?“ – კითხულობს მანანა. მანანა „მოძალადეში“ ყოფილ მეუღლეს – ირაკლის გულისხმობს, რომლის წინააღმდეგაც დაახლოებით ერთი თვის წინ პოლიციელებს შემაკავებელი ორდენი გამოუციათ – ცოლზე ძალადობისთვის, რომელთანაც მეორედ იქორწინა.

„მე მხოლოდ კამათი მქონდა ცოლთან და ცხელ გულზე დაურეკა პოლიციას… სხვასთან ვთქვი, თუ ჩემი შვილი ჩემს ცოლს არ ენდომება და ცუდი დედინაცვალი იქნება, უცოლო ვიქნები მთელი ცხოვრება-მეთქი… ჩემი ცოლი პოლიციის სისტემაში მუშაობს, ვინ მაპატიებდა, მართლა რამე რომ დამეშავებია“, – გვითხრა ირაკლიმ.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს 500 ლარით დაუჯარიმებია ირაკლი სასამართლოს განკარგულების შეუსრულებლობისთვის.

„მიზეზი იყო ის, რომ ირღვეოდა სასამართლოს განკარგულება. ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, სასამართლოს განკარგულებით განსაზღვრული იყო ბავშვის ნახვის საათები და ზუსტი დრო. ამ უფლებით ბავშვის დედა ვერ სარგებლობდა…. ჯარიმა გაასაჩივრეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის იურისტმა, გულო დილავერიძემ.

„ეს სოციალური მუშაკი და სააგენტოც მიკერძოებულია… თვითონ ბავშვს აღარ უნდოდა დედის ნახვა და მე ხომ ვერ დავაძალებდი?“ – ამბობს ირაკლი.

„ბოლოს, როცა ჩემგან წაიყვანეს, ზუსტად 6 წლის და ორი დღის იყო,“ – იხსენებს მანანა. – „დაბადების დღე გადავუხადეთ და ორი დღის შემდეგ წაიყვანეს… მას შემდეგ ჩემი გოგო პირისპირ, მარტო აღარ მინახავს. თავიდან, როცა ტელეფონზე დავურეკე, მითხრა, იცი, მე შენ აღარ მიყვარხარო. გამეცინა და ვკითხე, ეს ვინ გითხრა-მეთქი და მამიკომო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: