სიახლეები

დაუმტკიცებელი ისტორიული ზონის განყოფილებაში ბათუმის მერიამ ორი სპეციალისტი დაასაქმა

30.10.2019 • 1693
დაუმტკიცებელი ისტორიული ზონის განყოფილებაში ბათუმის მერიამ  ორი სპეციალისტი დაასაქმა

„ისტორიული ზონა დამტკიცებული ჯერ არ  არის“ – ასე პასუხობს მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი ამ ზონის დაცვასთან დაკავშირებულ კითხვებს. ამის მიუხედავად, ბათუმის მერიამ დაუმტკიცებელი ისტორიული ზონის განაშენიანების განყოფილებაში ორი სპეციალისტი აიყვანა – თამთა გარუჩავა და სოფო სანიკიძე. ეს ანაზღაურებადი სამსახურია.

რამდენად გამართლებულია სპეციალისტების  დასაქმება  ამ განყოფილებაში, როცა  ზონა დამტკიცებული არ არის, რა სამუშაოს ასრულებენ ისინი?  – ეს კითხვები საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ წევრებმა  მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსს დაუსვეს. დისკუსია ამ საკითხზე მერის მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით შედგა. მირიან მეტრეველმა კითხვები უპასუხოდ დატოვა.

ბათუმის მერიის მიერ შემუშავებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, ისტორიული ზონის განყოფილებაში დასაქმებული პირების მოვალეობაა:

უზრუნველყონ ქალაქის ისტორიული ნაწილის, მასში არსებული ძეგლების, მათი ისტო­რი­ულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი და ხელოვნური გარემოს შენარჩუნების და ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების, სამშენებლო და სხვა საქმიანობის მარეგულირებელი რეჟიმების დამდგენი დოკუმენტაციის შემუშავება. უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვებას, ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგული­რების დაცვის ზონის დოკუმენტაციის განხილვა-დამუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და ასე შემდეგ. 

ბათუმის მერიაში ისევ ვერ ასახელებენ კონკრეტულ დროს, როდის განაახლებენ  ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების პროცედურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები კომპანია  „გეოგრაფიკს“ კონსულტაციების გავლის მიზნით ორჯერ შეხვდნენ და ისევ გეგმავენ შეხვედრას.

ბათუმის მერიის მიერ თვითნებურად დაკორექტირებული ეს დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2019 წლის 15 თებერვალს გაფართოებულ სხდომაზე განიხილა და დაიწუნა. ამის მიზეზად უკვე დადგენილი საზღვრებიდან ბათუმის კონცხისა და ბულვარის ტერიტორიის ამოღება დაასახელეს. მერიას კი მისცეს რეკომენდაცია სააგენტოსთვის „გეოგრაფიკის“ მიერ დადგენილი საზღვრების პირველადი დოკუმენტი წარედგინა.

სწორედ ამის შემდეგ მერიაში გადაწყვიტეს, რომ დოკუმენტების განახლებაზე უნდა იმუშაონ. მირიან მეტრეველი კი მუდმივად აცხადებს, რომ რადგან ზონა დამტკიცებული არ არის, ვერც ის შეზღუდვები გავრცელდება, რაც ამ ზონაში მისი დამტკიცების შემდეგ უნდა დადგინდეს. ზონაში მშენებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეჟიმის დაწესებას კანონი ითვალისწინებს.

ვიდრე მერია გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, ძეგლების დამცველები შიშობენ, რომ ბათუმის ისტორიულ ზონაში კიდევ ბევრი ქუჩა დაკარგავს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელ ინფრასტრუქტურას, რადგან მშენებლების ინტერესი სწორედ ამ ტერიტორიის მიმართ არის მაღალი და ისინი აქ ნებართვის მისაღებად კანონდარღვევასაც არ ერიდებიან. უნებართვო მშენებლობების თუ დემონტაჟის წინააღმდეგ ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების ძალისხმევა რომ არ არის საკმარისი, ეს ბათუმში ბევრჯერ გამოჩნდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: